"ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს" - სალომე ასათიანი "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

"ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს" - სალომე ასათიანი "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

ჟურნალისტი სალომე ასათიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი ამომრჩეველს გააზრებული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და უახლოესი ისტორიიდან რამდენიმე ფაქტს იხსენებს:

"მე მესმის იმ ხალხის, ვინც ხედავს საფრთხეს ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივაში, მაგრამ მაინც თავს იკავებს მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისგან და გაძლიერებისგან. კარგად მესმის და არ მიმაჩნია, რომ მათ რაღაც ირაციონალური შიშები ან ზიზღი ამოძრავებს. ამომრჩევლის ბრალი არ არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში ნაცმოსგან პრაქტიკულად ვერც ერთ კითხვაზე ვერ მოისმინა მკაფიო პასუხი. პირველ რიგში კი კითხვებზე, ვინ არის - ან ვინ რჩება - პარტიის წარმმართველ ძალად და ლიდერად; მაინც რა თვისებრივი განსხვავებაა "ძველ", ძალადობრივ და ძალისმიერ და "ახალ" ნაცმოძრაობას შორის; რომელი იდეოლოგიური კონფიგურაციებია უარყოფილი ან გადაფასებული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისიც მესმის, რომ ბოლო ოთხი წლის გამოცდილების შემხედვარე ბევრს შესაძლოა ნაცმოძრაობა არც ახალ პარლამენტში ესახებოდეს ქართული ოცნების დამაბალანსებელ ძალად, მითუმეტეს ვერ ხედავდეს "კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმად" წოდებული დინამიკის ვერანაირ პერსპექტივას. ან უბრალოდ მის რაიონში მაჟორიტარობის კონკრეტული კანდიდატი იყოს პრინციპულად მიუღებელი ფიგურა, მისი წარსულიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია, ლეგიტიმურია და მთრგუნავს და მაღიზიანებს ამ პოზიციაზე მყოფი ხალხის ჯგუფურად "ქოცისტანად" და მსგავსებად მოხსენიება.

აი რაც არ მესმის არის ოპტიმისტური შეძახილები - რომ ქართული ოცნების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა ძალიანაც კარგი რამ იყოს, რადგან ასეთ პირობებში ეს ძალა თურმე "პროგრესულ რეფორმებს" მიიყვანს ბოლომდე. რა პროგრესზეა ლაპარაკი, როცა მივდივართ სისტემისკენ, რომელშიც ძალაუფლების ცენტრი იქნება ერთი ამორფული, ეკლექტური, დამოუკიდებელი პარტიული გამოცდილების არმქონე, ფაქტობრივად სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი და თავად გაუმჭვირვალედ მართული პარტია, რომლის გამოცდილი წევრებიც ამ მმართველს "ილია ჭავჭავაძეს" ადარებენ - და ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს.

მიკვირს, როგორ შეიძლება ასე მარტივად ვივიწყებდეთ უახლეს წარსულს - მაგალითად იმას, როგორ იქცეოდა თბილისის საკრებულო 2014 წლის დეკემბერში, როცა ივანიშვილის საყვარელი პროექტის, "პანორამის" გამო თბილისის ტერიტორიას ჩქარ-ჩქარა მოუხსნა სარეკრეაციო სტატუსი; რა მოიმოქმედა ამავე პერიოდში კულტურის სამინისტრომ - როცა სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ (!!) ერთ დღეში, 17 მოქმედების და 4 გადაწყვეტილების შედეგად არემჯის გზა გაუხსნა შესაძლოა მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს, საყდრისის აფეთქებისკენ; ან რა "მოსმენების კანონი" მიიღეს ქართული ოცნების ინიციატივით, კოალიციაში წინააღმდეგობის მიუხედავად. არ ვიმჩნევდეთ ბოლო პერიოდში მოსმენილ ფაქტებს - მაგ. კულისებში, არაოფიციალური მმართველის, ივანიშვილის და კიდევ "რამდენიმე კაცის" მიერ როგორ წყდებოდა პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი; არ გვახსოვდეს როგორი სისწრაფით აითვალწუნა მთელმა მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაღაცაში ივანიშვილის ნებას არ დამორჩილდა.

ამგვარი ნაბიჯები რომ აქვს უახლეს წარსულში გადადგმული, ის ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში რას იზამს, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი. სიმპტომებს უკვე ვხედავთ - რაც უნდა უარყონ, შემთხვევითი არ იყო ის, რომ არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყეს ლაპარაკი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე. წინ მთელი ოთხი წელია. წარმოუდგენელია ამ ძალამ ასეთი მასშტაბის ძალაუფლების ფლობას გაუძლოს ისე, რომ მისით ბოროტად არ ისარგებლოს.

განსაკუთრებით მემარცხენე ფრენდების ნაწილის გამკვირვებია - რომლებმაც ჩემზე კარგად იციან რეალური სურათი და მაინც პროგრესული რეფორმების შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ. რას ელიან, მაგალითად, გადასახადების პოლიტიკაში - როცა სწორედ ამ მთავრობის ინიციატივით ბიუჯეტს მომავალი წლიდან 600 მილიონი აკლდება, ბიზნესებისთვის და აშ. მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად? შრომის პირობების გაუმჯობესების პოლიტიკაში - როცა 2011-2015 წლებში სამუშაო ადგილებზე 200-ზე მეტი დაღუპული და 700-მდე დასახიჩრებული ადამიანის შემხედვარე ქართული ოცნების წარმომადგენლები მშრალად ამბობენ, რომ ინსპექციის შემოღება საფრთხილო საკითხია, რადგან ერთ მხარეს დამქირავებლის, მეორე მხარეს კი დაქირავებულის "ინტერესებთან" გვაქვს საქმე? (სიცოცხლე და ჯანმრთელობა "ინტერესია" თურმე). ზოგადად ხარჯვით პოლიტიკაში - როცა შოუბიზნესის პროექტი "ჩექინ ჯორჯია" 29 მილიონი ლარი ჯდება ბიუჯეტიდან, სახელმწიფო 2013-2015 წლებში 147 მილიონ ლარს მარტო ავტომობილებზე ხარჯავს - მაშინ, როცა 50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში აგრძელებს ცხოვრებას (დღეში 2 ლარზე ნაკლებ თანხაზე), 225 ათასი ბავშვი - სიღარიბის ზღვარს მიღმა (4,5 ლარზე დღეში)?

არჩევნებზე, ზოგადად, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს რას იზამს და ვის დაუჭერს მხარს. სიტუაცია ნამდვილად მძიმეა, ყველა შესაძლო ალტერნატიული სცენარით. "სწორი" და მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს, თუმცა გააზრებული და პრობლემური არჩევანი მაინც გასაკეთებელია. პირადად მე ვერანაირ მოწოდებაში ვერ ვხედავ პრაგმატულ და მითუმეტეს მორალურ საფუძველს. მაგრამ რეალობას და სიმართლეს თვალი ახლა მაინც რომ გავუსწოროთ, ყველამ ერთად, და მეტი დისტანციით თუ სკეფსისით მოვეკიდოთ ყველა - ყველა ! - პოლიტიკურ ძალას თუ ძალაუფლების ცენტრის ახალ პერსპექტივას - ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი ამბავი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს