"ალბათ ეფერებიან შვილებს, აკეთებენ საჭმელს, ან რაღაცის მენეჯერები არიან, მერე შედიან "ფეისბუკზე" და ღმერთს თხოვენ დაჭრილი ტრანსგენდერი მოკვდეს"

"ალბათ ეფერებიან შვილებს, აკეთებენ საჭმელს, ან რაღაცის მენეჯერები არიან, მერე შედიან "ფეისბუკზე" და ღმერთს თხოვენ დაჭრილი ტრანსგენდერი მოკვდეს"

14 ოქტომბერს ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულს დაზიანებები ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. იგი ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია. 16 ოქტომბერს, შსს-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, გიორგი მურჯიკნელი დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამბავს საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოყვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. 14 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა სოციალურ ქსელებშიც. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად საპირისპირო მოსაზრებებს წერენ:

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

"დახოცეთ ეს ადამიანები", "ესროლეთ ტყვია შუბლში", "მოკალით ყველა" - აი, ასე იხვეწებიან ადამიანები ტრანსგენდერი ქალების აქციის ქვეშ კომენტარებად; თან ბავშვების ფოტოები უყენიათ პროფილად; არ დამეზარა, შევედი მათ გვერდებზე. სისხლიან თოჯინებს კი არ აშეარებენ, დანებს, ჩონჩხებს, მანიაკალურ ნიუსებს. ჩვეულებრივი დედები არიან, მამები, დეიდები და ბიძები; უდევთ კულინარიულ რეცეპტები, მეზობლებს გულებს უწერენ, ყვავილებს აშეარებენ, თბილი სტატუსები აქვთ (ჩემი კედელი უფრო აგრესიულია), ალბათ უყურებენ ინდურ სერიალებს, ან აგინებენ "ამის გადამღებისო"; დაყავთ სკოლებში და ბაღებში შვილები. საღამოობით ალბათ ეფერებიან შვილებს, აკეთებენ საჭმელს, უყურებენ ფეხბურთს, ან რაღაცის მენეჯრები არიან, მოკლედ არაფერი განსაკუთრებული. მერე ცოტა დრო რომ რჩებათ, შედიან ფეისბუკზე და ღმერთს თხოვენ დაჭრილი ტრანსგენდერი მოკვდეს.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ტრანსგენდერი საბი რომ მოკლეს, ერთმა გოგომ, ვინც დაკრძალვას ესწრებოდა, მოყვა, - კაცის ტანსაცმლით, როგორც ბიჭი ისე დაკრძალესო. ახალშობილს რა მოლოდინითაც შეხვდნენ, აქედანაც იმ სახით გააცილეს. დაკრძალეს სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ერთ სოფლის ქალს ტირილით უთქვამს, - ის უნდა ჩაგეცმიათ, რის ჩაცმაც მოსწონდაო. ამ სიფაქიზემ, ემოციური ინტელექტის ასეთმა გამოვლინებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს თითქოსდა ჩვეულებრივმა, უბრალო სოფლის ქალმა თქვა და არც იცის, რა დიდია, რა ნათელია. ეს არ უთქვამს დიდ ქალაქში მცხოვრებ ევროპელ ქალს, რომელსაც შეიძლება შინაგანად არც უგრძვნია, მაგრამ დაასწავლეს, რომ ადამიანი, თავისი ნებისმიერი ფორმით, გამოვლინებით, ადამიანია და რომ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, ჩვენი ტანჯვა გვაქვს, საკმარისი იმისთვის, რომ არავის შურდეს ჩვენი არსებობა, და საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ არავის ვძულდეთ, მითუმეტეს არ ვძულდეთ ჩვენი წილი ტანჯვის გამო. ამ კვირაში კიდევ ერთი ტრანსგენდერი გაუმეტებიათ სასიკვდილოდ. ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ, გაიღვიძეთ ერთ დღეს და აღმოაჩინეთ, სხვა სხეულში ხართ დამწყვდეული, პატიმარი ხართ და ვერ გამოგირღვევიათ ხორცის მტანჯველი კედლები. დამწყვდეულია თქვენი სული უცხო სხეულში. იქნებ ოდნავ მაინც გამქრალიყო ზიზღი და ოდნავ მაინც გაგვჩენოდა თანაგრძნობა სხვის მიმართ.

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე