"ტაქსის მძღოლს ვერაფრით ავუხსენი, რომ ვინმე მირკინის "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა"

"ტაქსის მძღოლს ვერაფრით ავუხსენი, რომ ვინმე მირკინის "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა"

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტავს, თუ როგორი საშინაო და საგარეო სტრატეგია უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში:

დღეს ტაქსით რამდენიმეჯერ ვიმგზავრე და - დავიტანჯე... აი, ისე მომინდა ჩემი ავტოს, თუნდაც გაფუჭებულ-შეუკეთებელის დაბრუნება, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში.

სულ გაგიჟებულმა, ბოლო მძღოლს, ცოტა "შევუღრინე" კიდეც - გაიკვირვა - ვერაფრით ავუხსენი, რომ ჩაციკლული "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა, ქაჯობა და არაფერი ქაჯობის გარდა.

- რას მერჩი, ძმაო - აგე, ახლა იყო რადიოში - სალომე ზურაბიშვილიც კი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა... ეს დიპლომატი ქალი...

***

"ლიბერთი ბანკის" სწრაფი გადახდის ტერმინალში გადასახადი გადავიხადე - Выпечатать чек? - ეს წარწერა გაჩნდა ბოლოს აქამდე ქართულით "მოლაპარაკე" ტერმინალის ეკრანზე - დავეთანხმე და შემომაგება - Спасибо!

***

სახლში დაბრუნებულმა საგულდაგულოდ მოვძებნე საგარეო ყოფილი მინისტრის განცხადება და ჩავუჯექი... და აი, რას ვამბობ:

რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო!

თავის მოკატუნება და ყალბი ილუზიის შექმნაა, თუ შემოგვეფიქრება, რომ მოლაპარების შემთხვევაში, ის ოკუპანტი აღარ იქნება - რეალურად, შარლ მორის დე ტალეირანობა არ სჭირდება იმას, რომ ვიცოდეთ - პირდაპირი თუ მოკავშირეების თანდასწრებით გამართული მოლაპარაკებების შედეგი შეიძლება იყოს ქინძისა და ნიახურის სარეალიზაციო ბაზრების გაფართოება და არა უმეტეს - რუსეთი ამ ქვეყნიდან მანამ არ გავა, ვიდრე ისე არ დასუსტდება, რომ მისი კუდამოძუებულობა თვალხილული და თვალსაჩინო იყოს.

ჩვენი საგარეო სტრატეგია უნდა იყოს არა მოლაპარაკებები, არამედ, რუსეთისათვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე, აგრეთვე, დასავლეთის დავალდებულება, რომ მან გაამკაცროს, გაა-ა-სმაგოს სანქციები, რისი საფუძველიც მას - დასავლეთს, აქვს.

ჩვენი საშინაო სტრატეგია უნდა იყოს საზოგადოებისათვის იმის განმარტება, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა, ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო ვინმე მირკინის Я Готов Целовать Песок-ს ათასზე მეტად სჯობს ჯაზი, ბლუზი, როკი... და თვით სელინ დიონიც კი.

ლიბერთიბანკელებს და მათ მესვეურებს კი რა ვუთხრა - დაიქირავეთ ვინმე და გადააკეთეთ ეს პროგრამა... ბოლოს კი - Спасибо - ს ნაცვლად დაწერეთ თუნდაც grazie ... ან თუნდაც - ధన్యవాదాలు".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს