90 წლის ნაზი ბებო, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა, უკვე იცინის: "...აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა"

90 წლის ნაზი ბებო, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა, უკვე იცინის: "...აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა"

90 წლის ნაზი სეფიაშვილის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა. მოხუცი ქალბატონის შესახებ მასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. როგორც გაირკვა, ნაზი სეფიაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი 5 წელია ლოგინად არის ჩავარდნილი და მისი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ოჯახი ფაქტობრივად შიმშილობის ზღვარზეა და არც სოციალურ შემწეობას იღებს სახელმწიფოსგან.

"ხან სამი დღე ვარ მშიერი. მრცხვენია, რომ ვთქვა, მაგრამ მოხარშული კვერცხი მინდა, ისიც არ მაქვს... არც ძროხა მყავს, არც ქათამი, არც იხვი, არაფერი. ერთი ინვალიდი ბიჭი მყავს მაგანაც როგორ უნდა მომიაროს, თვითონ არის მოსავლელი", - ამბობს ნაზი სეფიაშვილი "კახეთის საინფორმაციოს ცენტრთან" საუბრისას.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებმა ნაზი სეფიაშვილის ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვეს. მათი ნაწილის და ზოგიერთი კომპანიის დახმარებით სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა სეფიაშვილების ოჯახს საკვები პროდუქტები და აუცილებელი ნივთები ჩაუტანა გავაზში:

"ყვარელში ნაზი ბებო უკვე იცინის! აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. ვუყიდეთ ქათმები, გოჭები, სარეცხის მანქანა და დავეხმარეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში ♥ ამის გარდა - კომპანია "ნიკორამ" ბებოს აჩუქა ერთწლიანი ბარათი, ყოველთვე 100 ლარის გამოყენების პირობით და კომპანია "ლიტვური საცხობი" კვირაში სამჯერ პურს მოიტანს ბებოსთან.

მის მეზობლად მეორე ბებოს ვუგვარებთ პრობლემებს და იმასაც მალე გეტყვით. ყველაფერი კარგად დასრულდა აქაც და რაც მთავარია სიკეთე მარტო გადამდები კი არა, დასწრებაზე გახდა, ხალხი არ ილევა ბებოს ეზოში!" - წერს სინჯიკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს