"შენ ყველას ემახსოვრები..." - რას წერენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდაცვლილ ოპერატორზე კოლეგები და მეგობრები

"შენ ყველას ემახსოვრები..." - რას წერენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდაცვლილ ოპერატორზე კოლეგები და მეგობრები

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი სოფო ბობოხიძე გუშინ ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა და არაერთი რეპორტაჟი აქვს მომზადებული.

იხილეთ ვიდეო

ფეისბუქზე სოფო ბობოხიძეს კოლეგები და მეგობრები იხსენებენ. ჟურნალისტები, ოპერატორები და ადამიანები, რომლებსაც მასთან პროფესიული ურთიერთობა აკავშირებდათ, მასთან მუშაობის პერიოდზე ისტორიებს იხსენებენ და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობებიან...

ლაშა მესხი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი

გაუგონარი და საზარელი ამბავია. გუშინს აქეთ მინდა უამრავი რამის დაწერა, თქმა, ყვირილი... არ გამოდის... მიჭირს და ყოველთვის გამიჭირდება შენზე წარსულში საუბარი. დიდი დანაკარგია, ქუთაისისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ახლობლებისთვის და პირველ რიგში მეგობრებისთვის. ყველასთვის ვისაც თავი შეაყვარე და შენს გულში იტევდი...

ირაკლი მანაგაძე, ჟურნალისტი

ოქროს გოგო, რომელმაც სრულიად ქართულ ჟურნალისტიკას გული დაგვწყვიტა..... ძალიან ვწუხვარ (((((

ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარი

ჟურნალისტებს გისამძიმრებთ უპირველესად. მის ოჯახს ვუსამძიმრებ გულით... ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი გოგო დააკლდა ყველას, ვინც მას იცნობდა. კეთილი, წესიერი, ფუშფუშა, ოდნავ სევდიანი... ყურადღებიანი, კარგი პროფესიონალი. ქუთაისში აშკარად ვიგრძნობთ ამას. რა საცოდაობაა ასეთ ასაკში წასვლა.... გაანათლოს უფალმა და სასუფეველი დაუმკვიდროს.... ძალიან, ძალიან მეწყინა...

ნინო ბერაძე, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

ამ პატარა გოგოს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ რაღაცნაირად განსაკუთრებული იყო - "გოგონა კამერით" - ბევრ ხალხშიც ხედავდი და ათას ჟურნალისტში გამოარჩევდი. მან არ იცოდა, რომ მე მას ყოველთვის ვამჩნევდი... უზომოდ გული მწყდება, რომ ასე უცებ გაქრა და უამრავი ფიქრი და ოცნება დარჩა აუხდენელი... წარმოუდგენელია, რომ 2016 წლის საშემოდგომო სესიის ბოლო სამუშაო კვირას ეს კეთილი ადამიანი იქ აღარ დაგვხვდება... ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და პარლამენტის პრესცენტრს, რომლისთვისაც სოფო იყო ძალიან ახლობელი, თბილი და მზიანი, როგორც მასზე ხშირად ამბობენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, სოფო!

ვიკა ბუკია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი

მე სოფოსთან შეხება არ მქონია. ერთხელ სამტრედიაში ვნახე, გადაღებაზე. მოვუყევი წინა ღამით ქუთაისში შემთხვევით ბორდელში რომ აღმოვჩნდით მე და ალექსანდრე და გასკდა სიცილით. ხომ იცით ჩემი ამბავი? "ქალი ოპერატორი" ძალიან მომწონდა ეს ამბავი, თან 1 არხზე. ჰოდა, არ ვიკვეთებოდით, საერთოდ.

და აი, ახლა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძე ჩავწერეთ, არასამუშაო დღე იყო, მე შაბათ-კვირაობით ვმუშაობ, ან საღამოს, ყველა ქუთაისში იყო და ძლივს გამოჭერილი ხუნდაძე წაიშალა. ჰოდა, მაშინ ირმას დავატყდი თავზე. ქუთაისში ჩამიწერე ხუნდაძე-მეთქი, უკვე იქ იყო. და სოფოს პირველად ველაპარაკე ტელეფონზე. ყველაფერი ჩამომირაკრაკა: ზაზა სოფრომაძეც ჩაგიწერეთ და დიმიტრი ხუნდაძეცო. რაღაცნაირი იყო, თითქოს: ქალო, ნუ შეგვჭამეს სტილში. ჰოდა, აი, ასე იყო...

ქეთი ქარდავა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი: უდიდესი დანაკლისი :(( ჩვენი სოფო

მიშა ფეიქრიშვილი, 2030-ის ჟურნალისტი:

სამძიმრის ადრესატი რომ არ გყავს... უბრალოდ, ყველას რომ უსამძიმრებ... ყველას თავისი წილი სოფო რომ ჰყავს...

მარიამ გაფრინდაშვილი, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი: უსამართლობაა ეს!!! სოფო!!

ანა ბროლაძე, 2030-ის ჟურნალისტი

არ ვიცი, ბავშვებო, რა გითხრათ... რით განუგეშოთ... ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ

დავით ქაშიაშვილი, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი:

მასთან გადაღებული ფოტო არ მაქვს, მისი ობიექტივით გადაღებული უამრავი კადრით კი ამიკინძავს რეპორტაჟები, რომელიც რეპორტიორს არასდროს დაავიწყდება.

მიყვარხარ ჩემი პროფესიის 75 -ო პროცენტო. მიყვარხარ ქუთაისის თაკარა მზის ქვეშ გატარებული ბევრი და ხასხასა დღისთვის, შენი საოცარი ინდივიდუალიზმისთვის, სიმართლისთვის, შენი უცნაურად საინტერესო სამოსელი რომ დაატარებდა. ალბათ გვ-მაპატიებს აუდიტორია, რომ მათ შენს ახალ - შავთეთრი ობიექტივიდან დანახულ სამყაროს ვეღარ დავანახებ -თ.

ქეთი ბოჯგუა, "იმედის" ჟურნალისტი

არ მაქვს სიტყვები. ყველას ვუსამძიმრებ, ვისაც ამ უთბილეს და უკარგეს გოგოსთან უმუშავია, უმეგობრია, ან უბრალოდ იცნობდა. სოფო, მე სულ მემახსოვრები. შენ ყველას ემახსოვრები.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს