"ევროპელი სანტა კარგია და ქართველი ბაბუ მკვლელი?!" - ქართული "საახალწლო" რეკლამა, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ევროპელი სანტა კარგია და ქართველი ბაბუ მკვლელი?!" - ქართული "საახალწლო" რეკლამა, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა "საახალწლო" რეკლამამ ფეისბუქ-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. რეჟისორ დავით ჯიბლაძის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი "Papa vs. Santa" ახალი წლის ღამეს აღწერს, როცა ბუხრიდან ჩამოსულ "ამერიკელ" სანტას სახლში ქართველი "თოვლის პაპა" დახვდება. სცენარის მიხედვით, თოვლის პაპა ჩიჩილაკით კლავს "გადამთიელს" და აბაზანაში მჟავის დასხმით წვავს. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება - სანტას "მკვლელობას" პატარა ბიჭუნა შეესწრება... კლიპის ბოლოს სარკეზე ვკითხულობთ წარწერას: "New Studio გილოცავთ ქართულ ახალ წელს". სარეკლამო რგოლი, სწორედ New Studio-ს დაკვეთითაა გადაღებული.

იხილეთ ვიდეო

კლიპის შინაარსმა საზოგადოების ცხარე კრიტიკა დაიმსახურა. ფეისბუქმომხმარებლები სამართალდამცველ უწყებებსაც კი მიმართავენ, დაინტერესდნენ კლიპის ავტორების ვინაობით:

ზვიად კირტავა, ანალიტიკოსი, ბლოგერი

ჩემი მოუკრძალებელი აზრით, ეს ძალადობის და სიძულვილის რეკლამაა

ვასილ მაღლაფერიძე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობის კანდიდატი

რიტუალური მკვლელობისკენ წაქეზება, სიძულვილის გაღვივება, ბავშვების მონაწილეობა, კიდევ სხვა მძიმე რაღაცეები - ყოველი შემთხვევისთვის პროკურატურა რომ დაინტერესდეს, რა არის ეს Papa vs. Santa, ურიგო არ იქნება.

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი

პრობლემა არა იმდენად "ჰორორი", არამედ ღრმა და უკიდეგანო უნიჭობაა. ჯიგიტურ-ნაციონალისტური იუმორი (თოვლის პაპა კლავს "სანტას"), მდორე რიტმი (ძალიან მომწყინდა სანამ ორწუთიან კლიპს დავამთავრებდი) და ტარანტინო-ბრეიქინგ ბედის ვულგარული გადამღერება (თავისი მჟავის დასხმით გვამზე). როცა ასეთ სარისკო ამბავს შეეჭიდებით - დამკვიდრებული, ტრადიციული ჟანრის "დეკონსტრუქციას" და თბილი, ტკბილი, საოჯახო, საახალწლო-საშობაო ვიდეოკლიპების საშინელებათა ფილმად გადაქცევას, საინტერესოები მაინც უნდა იყოთ და, როგორც მინიმუმ, სათქმელი მაინც უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში, სამონტაჟო ტექნიკით მოთამაშე ძვირფასო ბავშვებო, ყოველთვის ისეთ უბადრუკობას მივიღებთ, როგორიც ეს თქვენი ძვირფასი "რეკლამა" გამოვიდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველი

დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება თუ ვის მიერ იქნა დაფინანსებული ამ კლიპის გადაღება. ეს ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი და მეტად საგანგაშო. დარწმუნებული ვარ დამკვეთის მოძებნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ხელისუფლებაში გყავთ ის ხალხი ვინც თოვლის ბაბუას, ქართულ ზღაპრებს და ჩვენს ტრადიციებს ებრძვის.

ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარი

ვინც დაუკვეთეთ, ვინც გადაიღეთ და ვინც სიხარულით გაავრცელეთ ეს მარაზმატიკული კლიპი სანტას მკვლელობაზე ყველანი იდიოტები და მოძალადეები ხართ. კიდევ რა ხართ და რას ვფიქრობ თქვენზე ამას საჯაროდ არ დავწერ....

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი

ქართულ რეკლამები სულ ასეთი საძაგლობებით (სექსიზმი, მკვლელობა, იდიოტური "იუმორი") როგორ უნდა ცდილობდეს ხედვადობის გაზრდას.

მანანა კობახიძე, პარლამენტარი

მართლა მარაზმია!!! და ამით რა თქვეს?! ევროპელი სანტა კარგია, კეთილია და ქართველი ბაბუ მკვლელი, ბოროტი მოძალადეა?! და ვის ჭირდება ასეთი დისკურსი?! რას აღვივებენ?! სამარცხვინო და პროვოკაციული კლიპია, ავტორიც, შემსრულებელიც, დამკვეთიც, გამავრცელებელიც არამგონია ჯანსაღად იყვნენ. როგორც მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მქონე და ძალადობრივი შინაარსის კლიპი, კანონით შესაძლებელია ეთერიდან მოიხსნას.

წაიკითხეთ: რას ამბობს რეჟისორი, რომლის "საახალწლო" რეკლამამ მაყურებელი აღაშფოთა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს