"ზვიადს ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩაეცი ზურგში მახვილი" - რა "ცოდვებს" უხსენებს გოგა ხაინდრავას კოკო გამსახურდია

"ზვიადს ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩაეცი ზურგში მახვილი" - რა "ცოდვებს" უხსენებს გოგა ხაინდრავას კოკო გამსახურდია

კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და რეჟისორის, გოგა ხაინდრავას შესახებ პოსტს აქვეყნებს. გამსახურდია საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხაინდრავას განცხადებას პასუხობს:

"იცით, არ მიყვარს მორალისტობა და მძაგს ციციკორეობა. მაგრამ ვერც ასეთ ლოგიკურ უნამუსობას და უსინდისობას შევეგუები - ლოგიკასაც თავისი სინდისიერება გააჩნია თურმე. აი, წაიკითხეთ რას წერს ეს კაცი:

გოგა ხაინდრავას არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი: "ჟორდანიას თუ პირველ პრეზიდენტად ჩავთვლით, მან პრაქტიკულად უბრძოლველად მისცა შესაძლებლობა რუსულ არმიას დაეპყრო საქართველო. შემდეგმა პრეზიდენტმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რომელშიც საკუთარი საქმიანობა დაასრულა." (გ.ხ. მერეც აგრძელებს, თუმცა ამაზე აღარ შევჩერდები)

სიცრუე პირველი: ქართულმა არმიამ 1921 წელს თავგანწირულად იბრძოლა მცხეთასთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან და სოღანლუღთან. იბრძოლა მტერთან, რომელიც თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა მას და ხუთი მხრიდან შემოვიდა ქვეყანაში. ებრძოლა იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი საერთოდ არ ჩაერია და ვერბალურ პროტესტებზე შორს არ წასულა. თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკა დაეცა, მაგრამ მის ხელისუფალთ ბრძოლაზე მაინც არ აუღიათ ხელი. 1924 წლის აჯანყებაც ამაზე მეტყველებს, თავისი 10 000-მდე დახვრეტილი გმირით.

სიცრუე მეორე: საქმე "სამოქალაქო ომამდე" პრეზიდენტმა კი არ მიიყვანა გოგა, შენ და შენმა შეიარაღებულმა მეგობრებმა მიიყვანეს, "ზაკვოს" სარდლობასთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან მოთანამშრომლეებმა. მაშინდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა დაეჭირე, ეს შეცდომა მოუვიდათ, მაგრამ არც სინდისის პატიმარი ხარ, როგორც თავს წარმოაჩენ. ეს "სინდისი" რა არის, საერთოდ იცი? თუ გაქვს ამაზე წარმოდგენა, არც იმ სამაჩაბლოელი ქართველების წამებას რუსეთიდან შემოთესლილი აგენტების და მკვლელების მიერ გაასაღებდი ქართველთაგან ოსების წამებად და მთელს ევროპას მოსდებდი, აქაოდა საქართველოში არაქართველებს პირდაპირ კოცონებზე ხრაკავენ და ჭამენო. სინდისიერი კაცი არ გაავრცელებდა მონაჩმახს საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტის დიქტატორობასა და ფაშისტობაზე. პრეზიდენტმა თურმე "დაასრულა საქმიანობა" - კი, სულ თავისით დაასრულა აბა, ესესაა დაგიჯერეთ. სამაგიეროდ საერთო ენა მონახე შევარდნაძესთანაც და სააკაშვილთანაც. თანამდებობებიც გეკავა. ზვიად გამსახურდიასთან კი ვერ მონახე. მონახე კი არა, ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩაეცი ზურგში მახვილი - ესეც ეტყობა შენს განსაკუთრებულ სინდისიერებაზე და ზნეობაზე მიუთითებს.

ისტორიის გამყალბებლებს კი მივმართავ: სახელი თქვენი ლეგიონია და რამდენჯერაც არ უნდა დაწეროთ სიცრუე საქართველოს უახლეს ისტორიაზე, გინდაც 1000-ჯერ იყოს, იმდენჯერ არ დავიღლები პასუხით. მე რომ აღარ ვიქნები, სხვები გიპასუხებენ და ამითი იტყვიან, რომ ჩვენ ვართ!".

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით