რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი

რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი

გადაცემის "საქმიანი დილა" წამყვანი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ წერს. ტელეწამყვანი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო:

"რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? იმიტომ, რომ საქართველოში ტელევიზია არ არის მოგებიანი ბიზნესი. რუსთავი 2-ის შემოსავალი წელს იყო დაახლოებით 41.5 მილიონი. ტელეიმედის გაცილებით ნაკლები - დაახლოებით 26 მლნ. ამ შემოსავლების პირობებშიც უდიდეს არხებს უჭირთ ე.წ. ბრეიქ-ივენზე, ანუ შემოსავალი-ხარჯის ნულოვან წერტილზე გასვლა. რას ნიშნავს ეს? რომ საქართველოს ტელესივრცე გაჯერებულია დოტაციური არხებით. ფულის არა "ბიზნესურად", არამედ დამფუძნებლისგან, მფლობელისგან თუ ინვესტორისგან მიღება შეკითხვებს აჩენს მედიისთვის უმთავრესი, სიტყვის თავისუფლების მიმართულებით, რადგან დონორებს (მით უმეტეს ქართველ დონორებს) აქვთ შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სოციალურ მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, საკუთარი მიზნები და გეგმები. დონორებზე ტელევიზიების დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, იზრდება ალბათობა, რომ მათ მოთხოვნილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ტელევიზიების მუშაობაზე. მით უმეტეს საქართველოს, ანუ დაბალი პოლიტიკური კულტურისა და მყიფე პარტიული პლატფორმების ქვეყანაში. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს პლურალისტური, დაბალანსებული ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კერძო პოლიტიკურ ინტერესზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეპტი ამის საშუალებას იძლევა. მეორე საკითხია, როგორ ხდება ამ შესაძლებლობის გამოყენება. საზმაუს და რუსთავი 2-ის შემოსავლები დაახლოებით ერთნაირია, კონტენტის ხარისხი კი რადიკალურად განსხვავებული.

ყველაზე მეტად დოგმატური აზროვნება მაღიზიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ამ დოგმებს რომელიმე რელიგიურ-სექტანტური მრწამსი შობს თუ დიდი ტრადიციების მქონე იდეოლოგია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა იდეოლოგიურ ჩარჩოებში დატყვევებული აზრები, არამედ კონტექსტური, პრაქტიკული აზრები და მოქმედება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არა "კერძო საზოგადოებრივი მაუწყებელი" (რომელიც პრაქტიკულად განწირულია, კერძო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახუროს), არამედ უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი. რომ ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომლის მედიაბაზარიც ნიშურად დაყოფილია, სადაც "ობიექტურობა" ცალკე შემოსავლიანი ბიზნესნიშა იქნებოდა, მეც ვიტყოდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებული მოდელი უსამართლოა, თუ 3% სარგებლობს იმით, რისთვისაც იხდის 100%. მაგრამ დის ის სპარტაა! საქართველოს სარეკლამო ბაზარი, რეგიონთან შედარებით ისედაც ალოგიკურად დიდია თუ მშპ-ის პროცენტებში გადავიყვანთ მის მოცულობას. ანუ ბაზარზე ახალი შემოსავლიანი ნიშის გაჩენა, შეუძლებელია. რომ ვიქნებით მდიდარი ქვეყანა, მერე შეგვიძლია ვიფიქროთ, გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ეს პლატფორმა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჯობია დრო იმაზე ფიქრსა და დავაში დავხარჯოთ, როგორ დაიხარჯოს ჩვენი ფული უფრო ეფექტურად და როგორ უზრუნველვყოთ მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს