"ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება" - ზაზა ფირალიშვილი

"ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება" - ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში მათხოვრების პრობლემის შესახებ წერს:

"ერთ უხერხულ თემას უნდა შევეხო. ქალაქში ათასობით მათხოვარია. ამდენ მათხოვარს ჩვენზე გაჭირვებულ ქვეყნებშიც კი ძნელად ნახავ. მითუმეტეს, ძნელი შესათავსებელია ათიათასობით მანქანა და მათხოვრები ყოველ ნაბიჯზე. ცხადია, მთავარი მიზეზი უმუშევრობა და ქვეყნის მესვეურთა გულგრილობაა. აქ სხვა რამეს მინდა შევეხო. მათხოვრებს შორის ახალგაზრდების მომრავლება ადასტურებს, რომ ბევრისთვის ეს საქმე უკვე საგრძნობი შემოსავლის წყაროა და არა უკიდურესი გაჭირვების გამო გადადგმული ნაბიჯი. ზოგჯერ არაჩვეულებრივ პროფესიონალებსაც წააწყდები. ორიოდეჯერ ვცადე, სამათხოვროდ გამოსული ახალგაზრდა ადამიანისათვის სამუშაო შემეთავაზებინა და პასუხად მზერაში ირონიული ნაპერწკალი მივიღე. ბიზნესის თვალსაზრისით ისინი მართლებიც არიან: მათი დღიური შემოსავალი ჩემს მიერ შეთავაზებულს ბევრად აღემატება. არა მგონია, მეჩვენებოდეს: ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება. ბევრისთვის ის უკვე ეკონომიკური მოღვაწეობის იოლად დასაშვებ სფეროდ იქცა.

რაღაც აუცილებლად არის მოსაფიქრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად გარყვნილ და დაბეჩავებულ ათასეულებს მივიღებთ. გაჭირვებულის დახმარება ჩვენი ვალია, მაგრამ როდესაც გაჭირვებულის ნიღაბის გაკეთება და ხელის გაწვდენა ასეთი იოლი ხდება, ეს უკვე კარგს არაფერს მეტყველებს. უკიდურესად გაჭირვებულის სახელით არ უნდა სარგებლობდეს ის, ვისთვისაც მათხოვრობა შემოსავლიანი ბიზნესია.

გულახდილად რომ ვთქვა, თავადაც მიჭირს გარჩევა, როდის მაქვს საქმე გაჭირვებულთან და როდის - ბიზნესმენთან", - წერს ფირალიშვილი.

თემა მართლაც აქტუალურია... ფილოსოფოსის პოსტს კომენტარებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:.

გიორგი ზესაშვილი:

"... ქვეყნის მესვეურთა გულგრილობაში" ვერ გეთანხმები, უფრო საზოგადოების გაუთვიცნობიერებასთან უნდა გვქონდეს საქმე, პლიუს მათხოვრობა სირცხვილი აღარ არის.

ზაზა ფირალიშვილი:

არა, გია. ქვეყნის მესვეურებმა უნდა იზრუნონ, რომ დახმარება მხოლოდ სიმბოლური არ იყოს - თუნდაც თავისი სახელფასო დანამატების ხარჯზე. ქვეყნის მესვეურებმა უნდა შექმნან ეფექტური სამსახური, რომელიც მათხოვარ ბიზნესმენებს გამოავლენს და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ამ ფენომენის მიუღებლობის შემუშავება შეგვიძლია.

უჩა ბლუაშვილი:

აზერბაიჯანში მათხოვრობა კანონით არის აკრძალული, თურქეთში და სომხეთში მათხოვარი არ ჰყავთ, ისინი ვერაფერს შოულობენ - არავინ არაფერს აძლევს. ამიტომაც რეგიონის მათხოვრებმა ჩვენთან მოიყარეს თავი. ზუსტად ვიცი, დღის განმავლობაში მათხოვარი 100-150 ლარს შოულობს. ყოველდღე მეტროთი ვმგზავრობ და მათხოვრების უმრავლესობას სახეზე ვცნობ. ზოგი მათგანი პატარა ბავშვი იყო და ჩემს თვალწინ „დავაჟკაცდა". მეტროს ვაგონებში ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მათვის არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ღირსება, თავმოყვარეობა. მათხოვრები სარგებლობენ ჩვენი ხალხის სიბრიყვეზე დამყნობილი გულმოწყალებით და კარგ ფულს შოულობენ. ხელისუფლებას ეს პრობლემა არ აწუხებს, რადგან მას ვერც ამჩნევს (ჯიპებიდან მათხოვრები, უბრალოდ, არ ჩანან). არადა, ეს უკვე ეროვნულ პრობლემად იქცა. ჩვენს ქუჩებში უცხოელებიც დადიან, რომლებსაც ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნახევარი საქართველო მათხოვარია, ნახევარი კი მოწყალების გამღები. პრობლემა აუცილებლად მისახედია, მაგრამ ვინ არის პატრონი!?

ზაზა ფირალიშვილი:

უნდა დაგეთანხმოთ. ძალიან სერიოზული პრობლემაა. მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ გაცილებით უარესი ეკონომიკური პირობები იყო, მაგრამ, როგორც გამიგია, დასახიჩრებული რუსი ჯარისკაცები თუ მათხოვრობდნენ. ქართველი მათხოვარი მაშინაც იშვიათობა იყო. მათხოვრობა ფსიქო-კულტურულად იყო მიუღებელი. მას შემდეგ რაღაც გატყდა, როგორც ჩანს, ჩვენს სულში.

მამუკა ჭკუასელი:

მივეჩვიეთ ფუქსავატობას, ადვილს, მუქთას... კომუნისტების დროს, სტალინის შემდეგ განსაკუთრებით უზარმაზარ რესურსებზე მიგვიწვდებოდა ხელი. თან არ იყო აუცილებელი ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია. ჯერ მოდაში შემოვიდა ქურდობა. ახლა "დახმარების" თხოვნაც დაემატა. ფიზიკური მუშაობა, მითუმეტეს დაბალ ხელფასზე "გოიმობად" იქცა. ხომ გვახსოვს ვის უწოდებდნენ "კომუნისტს" ირონიით კომუნისტების დროს?...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს