ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა

ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა

ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი მაისა პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია დღეს თბილისში მომხდარი ინციდენტი. თვითმხილველი ვრცელ კომენტარსაც ურთავს ვიდეოს:

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

"დღეს, დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ.

საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის.

პატრულის თანამშრომლები თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას.

ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ" - წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ასფალტზე ჰყავთ დაწვენილი და მას ექვსამდე პოლიციელი აკავებს. რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილს ადებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაკავების მომენტში მიიღო.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა, რომელიც ვაკეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ დააკავა, გათავისუფლებულია. დაკავებულის გათავისუფლება რამდენიმე საათში მოხდა. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული.

"მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას, ამაზე გენერალურ ინსპექციას შესწავლა დაწყებული აქვს", - აცხადებენ შსს-ში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს