"სიჩუმეა ჩვენს სახლში... წავიდა დიდი ხულიგანი" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი ვახტანგ რჩეულიშვილზე

"სიჩუმეა ჩვენს სახლში... წავიდა დიდი ხულიგანი" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი ვახტანგ რჩეულიშვილზე

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. 63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ჟურნალისტმა ნინო დარასელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე საინტერესო ისტორია გაიხსენა გარდაცვლილ ბიძაზე, ვახტანგ რჩეულიშვილზე. დარასელი ბიძის უცნობ ფოტოსაც ავრცელებს - ფოტოზე ვახტანგ რჩეულიშვილი ციხესთან დგას, მაისურზე კი გუკა რჩეულიშვილის სურათი აქვს...

"ტუი იცით რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა. ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა, ჰოდა არასდროს სკოლაში კარიდან არ შესულა, სულ მესერზე გადახტომით პირდაპირ ფანჯრიდან ძვრებოდა კლასში. მერეც არასდროს აურჩევია იოლი გზა. მის "არანორმალურ საქციელებზე" კიდევ ბევრი რამე ახსენდებათ. არასდროს ყოფილა " ყველასავით ნორმალური", ორდინალური, ჰოდა ტუი შეარქვეს.

ძალიან უშიშარი და ერთგული იყო. არასდროს ყოფილა მთავრობაში, სულ ოპოზიციაში იყო, მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც იყო. თავის დროზე შევარდნაძემაც ვახოსთან ყოფნას მოქალაქეთა კავშირი არჩია. თუმცა, გავიდა დრო და ალმოკიდებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა და ვარდების რევოლუციის დროსაც, ორი კაცი რომ დარჩა პრეზიდენტთან, ერთი ვახო იყო.

მე სულ ვეკამათებოდი, მის გამოსვლებზე ვდარდობდი. მე წესიერი გოგოს კომპლექსი მქონდა, ის კი მშვენივრად ამართლებდა თავის ბავშვობის ზედმეტსახელს. არასდროს იყო ჩემზე ნაწყენი. ვუყვარდი და მე რას ვგრძნობდი მის მიმართ სულაც არ ანაღვლებდა. ის უბრალოდ გასცემდა. ამის გამო ვერ ვამარცხებდი და თავს ვანებებდი.

მარტო ერთი სუსტი წერტილი ქონდა. ბავშვები. აი, მხოლოდ მათ შეეძლოთ მისი მორევა. ერთხელ ვიღაცა ქალმა საშინლად ლანძღა, ეგ კიდევ მშვიდად აიტანა, მაგრამ როგორც კი ის ქალბატონი მაიაზე გადავიდა, მივხვდი ეხლა რაღაც დატრიალდებოდა. შორს ვიდექი და სასწრაფოდ გავძახე ჩემს მეგობარს, ბავშვი დაანახეთქო. იმ წამს დამშვიდდა, მოლბა და გაიღიმა. ბავშვებს ძალიან დააკლდებათ დიდი ვახო.

დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა. ტკიოდა ყველაფერი, მაგრამ თავის თავისთვის სად ეცალა, სანამ პირდაპირი მნიშვნელობით არ დაეცა. ნერვიულობამ წააქცია.

დიდი სიჩუმეა ეხლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს. წავიდა დიდი ხულიგანი. დიდი ბოდიში ვახო და მშვიდობით ტუი!" - წერს ნინო დარასელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს