"ნუ ჩამოხვალთ დანაშაულის ჩასადენად...არ დამთავრდება ეს საქმე კარგად" - გერმანიაში მყოფი დეკანოზის მიმართვა ქართველებს

"ნუ ჩამოხვალთ დანაშაულის ჩასადენად...არ დამთავრდება ეს საქმე კარგად" - გერმანიაში მყოფი დეკანოზის მიმართვა ქართველებს

გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ქართველებს "ნუ ჩავლენ გერმანიაში დანაშაულის ჩასადენად". დეკანოზი გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს გერმანული მართლმსაჯულების ზუსტ მუშაობაზე, ასევე საუბრობს ციხეებში არსებულ არაადამიანურ პირობებზე.

"ნუ ჩამოხვალთ გერმანიაში დანაშაულის ჩასადენად

გწერთ და სიმართლეს გეუბნებით მღვდელი, ვინც 17 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ბევრი ქართველი პატიმარი მინახავს აქაურ ციხეებში. რაც თითონ არ მინახავს, მსმენია და დანამდვილებით ვიცი. ხომ გინახავთ გერმანული მანქანა და მისი სახელგანთქმული სიზუსტე? აი, ასეთი უმკაცრესი და არაადამიანური სიზუსტით მუშაობს გერმანული პოლიცია და უმკაცრესია მათი ციხეები. ბევრ პატიმარს უთქვამს ჩემთვის, რა არ გამომივლია საქართველოს ციხეში, ცემაც, წამებაც, მაგრამ აქ თუ ასეთი სისტემა და ასეთი "არაადამიანური მანქანა" დამიხვდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, ამან გამტეხაო. თითქმის სამხედრო სიმკაცრეა გერმანულ ციხეებში და ამას არ ელოდება და ვერ უძლებს ჩვენი სამყაროს ადამიანი. არიან პატიმრებიც, რომელთა დაკავებისას მათი მეუღლეებიც დააკავეს, რადგან უბრალოდ, თანამზრახველად ჩათვალეს და უდანაშაულობის დამტკიცებამდე პატარა ბავშვები ჩამოართვეს. თვეობით ვერ ნახეს პატარა შვილები და ლამის ჭკუიდან შეცდნენ დარდისგან. მაგრამ თვით შვილების გამოც არ არსებობს აქ დანდობა. გინდა შვილებთან? არ გაეკრო დანაშაულს - ასე ფიქრობს გერმანული მათლმსაჯულება.

უმრავლესობა ვინც აქ სასჯელს იხდის, ტყუილის მსხვერპლია, რადგან ვიღაცის ნაამბობი დაიჯერა, რომ გერმანიაში ადვილია დანაშაულის ჩადენა და დაუსჯელად დარჩენა. ასე არ არის! არ დაიჯეროთ!

მეორე და მთავარი პრობლემაა, რომ ზოგიერთი ამაყი ქართველი პატიმარი, როგორც იტყვიან ისევ "ჩვენს მატორზეა" და გერმანულ ციხეშიც თავისი წესების დაყარებას ცდილობს, უპირისპირდება და ებრძვის აქაურ წესს და სამართალს. გერმანელისთვის კი ეს წითელი ხაზია, მათთვის ეს ნიშნავს ერთადერთს: რომ პატიმარმა ვერაფერი ვერ შეიგნო, არ უნდა გამოსწორება და საშიშია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, თუ შეიძლება გამოვიდეს 2 წელში, ტოვებენ 4 წელს. გერმანულ კანონთან და მენტალიტეტთან ბრძოლა და ჭიდაობა არ ჭრის, ეს დიდი შეცდომაა, გერმანელს ეს "ვაჟკაცობა" უბრალოდ არ ესმის. პატიმრისთვის ერთადერთი სასიკეთო შედეგი მოაქვს, როცა გერმანელები ხედავენ, რომ პატიმარი აღიარებს დანაშაულს, ნამდვილად ნანობს, ცდილობს შეიცვალოს და ამას გამოხატავს კიდევაც. ეს აღიარება კი უკიდურესად უჭირს ჩვენს ქართველს.

ნუ ჩამოხვალთ გერმანიაში დანაშაულის ჩასადენად, არ დამთავრდება ეს საქმე კარგად", - წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი გახმაურებული და შემზარავი ამბავი, რომელიც გერმანიაში ქართველის მიერ არის ჩადენილი, 2013 წელს ქალაქ ნიურნბერგში მოხდა. კერძოდ, 31 წლის ქართველმა მამაკაცმა, გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, "როლექსის" მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გ.ჩ. ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა იგი 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გ.ჩ.-ს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს