"ყველა ამჩნევდა რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა..." - სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ლიდერია

"ყველა ამჩნევდა რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა..." - სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ლიდერია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 24 წლის მარიამ ავაქოვის ისტორიას. გოგონა იხსენებს, როგორ ჩაგრავდნენ მას კლასელები და როგორია განათლების სისტემა, რომელიც არაფერს აკეთებს სკოლებში ბულინგის აღმოსაფხვრელად:

"მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ორი პარალელური კლასი გაგვაერთიანეს. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, აქტიური მოსწავლე ვიყავი. მუდმივად კითხვებს ვსვამდი, კარგ ქულებს ვიღებდი და ძალიან კარგად ვსწავალობდი. სწორედ ამიტომ და კიდევ, ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ისინი, ვისაც სწავლა არ უნდოდა და მასწავლებლის მოსმენა, გაკვეთილის ჩაშლა ერჩივნათ, ამიტომ მე მეჩხუბებოდნენ.

ვიჯექი ხოლმე გაკვეთილზე, როგორც ყოველთვის ვაქტიურობდი, ამ დროს კი კლასელები კალმებით პატარა ქაღალდის ბურთულებს მესროდნენ. რა თქმა უნდა, გავღიზიანდი და უკან მივუბრუნე ეს ბურთულები. ამ დროს მასწავლებელმა შემამჩნია და მე დავისაჯე, თუმცა უდანაშაულო ვიყავი. შემდეგ ამას დიდი გარჩევა მოყვა. ერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა, როდესაც ჩემი დაპირისპირება კლასელებთან ფიზიკურ შეხებაში გადაიზარდა: რვეულების ჩარტყმა, ქაღალდის ბურთულები, დაცინვა და ცინიკური დამოკიდებულება. ფიზიკური შეხების კადრები ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო და ჩემს გასამწარებლად სოციალურ ქსელში ატვირთა.

ვიდეო მალე გავრცელდა, რადგან რუსთავი 2-მა აღმოაჩინა ის, როდესაც გადაცემას ამზადებდნენ ბულინგზე. ჟურნალისტი მოვიდა ჩემს ჩასაწერად, მაგრამ კლასის დამრიგებლის ტონითა და გამომეტყველებით მივხვდი, რომ არ ღირდა. ახლა რომ ვუფიქრდები, უნდა მელაპარაკა, მაგრამ მაშინ არავინ მყავდა, ვინც გამამხნევებდა და გვერდში დამიდგებოდა.

სკოლაში ვიდეოსთან დაკავშირებით ხმაური ატყდა. გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ ატვირთა ეს ვიდეო ინტერნეტში. მე წარმოდგენა არ მქონდა, ვისი გადაღებული და დადებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, ისევ მე დამაბრალეს, თითქოს, ჩემი ატვირთული იყო, არადა, მე თვითონ არ მსიამოვნებდა ამ კადრების არსებობა. შემდეგ, კლასში მაბულინგებელი ბავშვების დასაცავად იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ გავერიცხე სკოლიდან, მაგრამ მაინც ვერ შეძლებდნენ, რადგან კარგი მოსწავლე და სკოლის სახე ვიყავი ოლიმპიადებში. მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი კონფლიქტის მიზეზი იმის გამო, რომ ხუმრობა არ მესმის.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლა, რომ ამ ყველაფრის კონტროლი უნდა მოხდეს. სხვა რამეში არ ჩარეულან. ძალიან დასტრესილი ვიყავი. იყო პერიოდი, სიცოცხლის ხალისი მქონდა წართმეული. სკოლის შეცვლაზეც მიფიქრია, მაგრამ სხვა რუსული სკოლა შორს იყო ჩემგან და რთული იყო იქ სიარული.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, იმის გამო, რომ დაბალი ვიყავი. დაფასთან ყოველი გასვლისას, რომელიც ჩემთვის მაღალი იყო, ერთი ბიჭი გამუდმებით "ქუსლებს" მეძახდა... მასთანაც მომივიდა დაპირისპირება, ამაზე დავცხეთ ერთმანეთს. ამ შემთხვევაშიც მე დამადანაშაულეს, მეუბნებოდნენ, რომ ხუმრობა არ მესმოდა. მასწავლებლები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ყველა ამჩნევდა როგორ მექცეოდნენ, რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელი იყო, რომელსაც კლასში სიტუაციის მართვა შეეძლო. რამდენიმე კლასელიც მხარს მიჭერდა, მაგრამ ერთადერთი კლასელი იყო, აზერბაიჯანელი გოგო, რომელიც გვერდში აქტიურად მედგა, მაგრამ მასაც მაგრად მოხვდა ამის გამო. ახლაც რომ ვუფიქრდები, კლასელებისთვის ჩემი დაცინვა გასართობი იყო იმისთვის, რომ გაკვეთილი ჩაეშალათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან მეგობრული ვიყავი და თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ყოველთვის ვეხმარებოდი. როგორც ამბობენ, ბოროტებას სიკეთით ვპასუხობდი.

სანამ მანდატურები გამოჩნდებოდნენ, ჩემ გვერდით არ იყო ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობდა და დამარიგებდა, თუ როგორ მოვქცეულიყავი ამ სიტუაციაში, თუმცა ეს ყველაფერი გადავლახე, რადგან, პირველ რიგში, სტიმული მქონდა, რომ მესწავლა. უხეშად რომ ვთქვათ, "დავიკიდე" ყველა ბავშვი კლასში. მხოლოდ განათლების მისაღებად დავდიოდი სკოლაში. ვცდილობდი, რომ გავრიდებოდი და აღარ მქონოდა კლასელებთან ურთიერთობა.

ერთხელ, მანდატური შემხვდა შემთხვევით სკოლის კორიდორში და მითხრა, შენ მშვიდად იყავი, დაამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში რომ ჩააბარებ, ყველაფერს მიაღწევ იმიტომ, რომ გაქვს ამისი უნარიო. მე ვიცი, რაც ხდება, მაგრამ შენ პასუხი შენი სწავლით შეგიძლია გასცეო. ამ ბიჭის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

სკოლა ორი სექტორისგან შედგებოდა, სომხური და რუსული, სომხური სექტორის მასწავლებელმა იცოდა ჩემი დონე და შემომთავაზა, რომ მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო ოლიმპიადაში, ამისთვის გავიარე ნაციონალური, ლოკალური ტური, სადაც გავიმარჯვე. შემდეგ უკვე საერთაშორისო ლიტერატურისა და კულტურის ოლიმპიადაში სომხეთში წამიყვანეს, საიდანაც წარმატებული შედეგებით დავბრუნდი, ბედნიერი იმით, რომ იქ სულ სხვა ღირებულებების ბავშვები იყვნენ. ესეც იყო ძალაინ დიდი სტიმული და სამაგალითოც, რადგან ჩემი თავის მეტად შეცნობაში დამეხმარა.

ყველა ბავშვი ჩემსავით არ არის ბუნებით მებრძოლი და არ შეუძლია საკუთარ თავში მარტომ გადალახოს პრობლემა, ამიტომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს არ გაჩუმდნენ, ხმამაღლა ისაუბრონ. ვინაიდან მე მაშინ არ მქონდა იმდენი ცოდნა და ინფორმაცია, გამოსავალი გაჩუმებაში ვიპოვე, სხვა გამოსავალი ვერ მოვიფიქრე. ასე დავამთავრე სკოლა. ექსკურსია ან რამე სხვა აქტივობა თუ ხდებოდა, არაფერში ვერთვებოდი. მათთან ერთად ექსკურსიებზე არ დავდიოდი. სკოლის ბანკეტზეც არ ვყოფილვარ. ვცადე, მინდოდა, მაგრამ ბანკეტისთვის მზადების დროსაც დამცინოდნენ, ჩემ წამოსაყვანად ვინ მოვიდოდა საერთოდ. ამიტომ გადავწყვიტე, სულ არ წავსულიყავი. ეს ჩემი პროტესტი იყო.

დღეს რომ ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევები გარემოს შესაცვლელად უნდა გამოიყენო და იმასაც მივხვდი, რომ ვინც ბულინგს სჩადის, პრობლემა მათშია და არა დაჩაგრულში, პირიქით ეს იმის მანიშნებელია, რომ ხარ ძლიერი, ყოჩაღი და ეს რესურსი, ნიჭი უნდა გამოიყენო წარმატების მისაღწევად, ხომ ამბობენ "კარგებს ერჩიანო".

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან ჩემი საკუთარი რესურსებით და სკოლაში მიღებული განათლების ნიადაგზე ჩავაბარე და გრანტიც მოვიპოვე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრის გაკეთებას შევძლებდი.

ამჟამად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებში ვერთვები. ვარ ახალგაზრდა ლიდერი, ტრენერი ახალგაზრდულ ბანაკებში და ხშირად, ჩემს გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს ვუზიარებ. ამ ყველაფერს საკუთარი შრომით და მონდომებით მივაღწიე. ყოველთვის მინდოდა ჩემი ენერგია სხვა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან გამომეყენებინა, ამისთვის ოთხი წლის წინ საინიციატივო ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც გავხდი. "ერასმუს +" ახალგაზრდული დელეგაციის მონაწილეც ვარ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ამ მოკლე დროში ბევრი რამე ვისწავლე და ბევრს მივაღწიე. დრო დადგა, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მივმართო იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღ, მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებისთვის, დადგა სიტყვის ამაღლების, თამამად საუბარის და მოქმედების დრო."

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

კახა კალაძის შარვალი, რომელმაც "ფეისბუქზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - "დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ