"თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ..." - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი

"თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ..." - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი პატრიარქის მრავალმხრივი ნიჭებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი, სხვისი ნიჭის დაფასების ნიჭს. დიახ, ეს ყველაზე დასაფასებელია, რადგან დღევანდელი ადამიანი, იშვიათად შეიძლება სხვისი დადებითით დაინტერესდეს, მეტიც, სხვებიც დააინტერესოს...

საკუთარ თავზე გამომიცდია, მრავალი წლის წინ, ისიც არ ვიცოდი, უწმინდესის წირვაზე როგორ უნდა დავმდგარიყავი, სიახლოვეზე საუბარი ზედმეტია. მეუფე ეფრემმა მიმიყვანა, დამლოცა და მადლიერების ნიშნად, ჩემი წიგნი ვუსახსოვრე... ჩემნაირი უამრავი იდგა რიგში, ამიტომ, დიდი იმედი არ მქონია, ჩემი ნაცოდვილარით თუ დაინტერესდებოდა. ისიც მყოფნიდა, წიგნს ხელი რომ გადაუსვა, ამ ფოტოში სუხიშვილების მოცეკვავეს გავხარო... უკონტროლოდ გადავიხარხარე, თავადაც ეღიმებოდა... ოღონდ ეს არ იყო ყველაფერი, მთავარი წინ მელოდა, დამირეკეს, უწმინდესი საპატრიარქოში გიბარებსო. გავრბოდი, მისი ჩვეული სითბოთი დამხვდა და ლექსები წამაკითხა. მერე იყო სნო, გერგეტი, ყაზბეგის შემოქმედებითი საღამო და მერე სამება, ყოველკვირეული წირვა-ლოცვები... (ახლა უფრო ვაფასებ, მომავალში კიდევ უფრო დავაფასებ) ზოგი "ბრძენი" იტყვის, დაწინაურება უნდა, თორემ რატომ უწერს ამ ისტორიებსო... "ბრძნადმეტყველნო", დაწინაურებული ვარ, მიყვარს, ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი. კეთილი, მზრუნველი, ნიჭიერი, გონიერი, მოსიყვარულე, მორწმუნე, მიმტევებელი...

არასდროს მქონია ინტერესში, საპატრიარქოს კარზე დაწინაურება, არც თანამდებობა, არც ტაძრის წინამძღვრობა... ვინც ობიექტურად შემაფასებს, ამ ტიპის ამბიციის ერთი მარცვალიც არ გამაჩნია... უბრალოდ, გული მწყდება, თანაც ძალიან, ვისაც ყველანაირი პრივილეგიები მიეცა, სწორედ ისინი ხმაურობენ, სწორედ ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას...

რაღაც არასწორად წარიმართა, სადღაც ბალანსი დაირღა და დაიწყო შემზარავი სერიები...

მთელი გულით მოვედი, იმედით და რწმენით შევაღე ეკლესიის კარები, არც იერარქია მესმოდა, არც სხვა საეკლესიო თანამდებობები... სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას ვეძებდი... მხოლოდ ეს იყო ჩემი მიზანი...

ამ ბოლო დროს ხშირად ვარ დაბნეული... მაწუხებს გაურკვეველი მომავალი, ამდენი აგრესია, უნდობლობა, უპატიებლობა, სარკაზმი, ცინიზმი, განუკითხაობა, ანარქია, ქაოსი, უსამართლობა, ჩაგვრა, უპატრონობის შეგრძნება... ღმერთი ისევ შორეულ სინათლეს დაემსგავსა, რომელიც უფრო და უფრო გშორდება... ამ დროს პირიქით ვფიქრობდი, განივთებულად ვეძებდი მღვდლებში, მრევლში, მორწმუნეებში... იმ სივრცეში, სადაც ყოველდღიურობა მიწევს, ვერ ვპოულობ, ვერ ვგრძნობ... გარეთ, გლახაკებში, "ბომჟებში", უსახლკაროებში უფრო იგრძნობა... სული კბილებით მიჭირავს. მიჭირს, ძალიან მიჭირს შემზარავი რეალობა...

ყველაზე მეტად ისინი მთრგუნავენ, ვინც ამბიონიდან ქრისტეს სარწმუნოების დაცვისთვის იბრძვიან, მაგრამ საქმით ბოღმას აფრქვევენ... ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა, სად არიან ის აპოლოგეტები, ჩემი 13 წლის შვილის გამჭირვალე ტუნიკის გამო სასამართლო რომ მომიწყვეს, ჩემს გარიყვას და განკვეთას რომ ითხოვდნენ... ისე, უბრალოდ, მოვიკითხე, რაიმე ხომ არ უჭირთ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კრინტი არ დაუძრავთ...

ნურავის ავიწყდება, ღმერთის სამართალი არ არის შერჩევითი, არც არავინ ვართ შეუცვლელი...

იყო დრო, 90-იანებში სიონში შევიპარებოდი და ჯვარცმასთან მდგარ ღუმელთან ვთბებოდი... ახლა კი, ეკლესიაში ყველაზე მეტად შემცივდა... ისე შემცივდა, ლამისაა საკუთარ თავთან დადებული პირობა დავარღვიო და პატრიარქის ნაჩუქარი სვიტერი ჩავიცვა, რომელიც რელიქვიად უნდა შემენახა... თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ, ოღონდ არც ეს იქნება მარტივი" - წერს პეტრე კოლხი.

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა