ცნობილი ქართველები ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

ცნობილი ქართველები ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

სოციალურ ქსელში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ცნობილი ქართველები ეხმაურებიან:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

იმდენად გამორჩეული იყო, იმდენად სინათლის მფრქვეველი, ყველას შეყვარებული იყო, მთელი საქართველოსი, განურჩევლად ქალის თუ კაცის.

ვერ ვიტყვით, რომ ვერ რეალიზდა, - ხელოვანს ერთი საკულტო როლი, ერთი შედევრი, ერთი სიმღერა, ერთი გენიალური ლექსი, ერთი ბრწყინვალე გაელვება სრულიად ყოფნის, რომ უკვდავი გახდეს და თავი დაიმკვიდროს საუკეთესოთა შორის და ლიკამ ეს შეძლო, მაგრამ მაყურებლისთვის სამწუხაროა, რომ ისე ჩაკვდა ქართული კინო, ბოლო ათეულ წლებში მის და არამარტო მის პოტენციალს გასაქანი ვეღარ მიეცა. სამწუხაროა, როცა გამორჩეული ნიჭის ადამიანებს ქვეყნის ყირამალობის გამო საკუთარი პროფესიის შიმშილი აწუხებთ.

ქალი ლაჟვარდოვანი ღიმილით...

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

გასულ კვირას მაია ასთიანთან, "პროფილის" ჩაწერაზე ვნახე ლიკა ქავჟარაძე. ცოტა წავიჭორავეთ საგრიმიოროში. რა ლამაზი ხართქო და შემედავა, წონაზე მელაპარაკებოდა, ნახე, როგორ გავსუქდიო. ძალიან დარდიანი და დეპრესიული მომეჩვენა.

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი:

ლიკა ქავჟარაძე და მისი მარიტა მთელი საქართველოს სიმბოლოა. ულამაზესი, უსათნოესი, საოცრად მგრძნობიარე - უმშვენიერესი - და ამავე დროს უსამართლოდ მიტოვებული, დავიწყებული და შურით ჩაქოლილი. დღეს ჩვენ ყველანი ვტირით და მივტირით ჩვენს მარიტას - ჩვენგან არდაფასებულს, არდანახულს. ამით ჩვენ აგრეთვე მთელი საქართველოს ბედს მივტირით.

კოკო გამსახურდია, ისტორიკოსი:

ლიკა ქავჟარაძის ამქვეყნიდან წასვლის ამბავი რომ გავიგე, მაშინვე გამახსენდა ბავშვობა, როდესაც ის პირველად მოიყვანეს "კოლხურ კოშკში" - ის ხომ ფალავანდიშვილების მხრიდან ჩვენი ახლო ნათესავი იყო. მაშინ ყველანი ცოცხლები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც ცხოვრება დააფუძნეს იმ სახლში: დაახლოებით ეს პერიოდი იყო, ბაღში ფუტკრები, დახუნძლული ხეხილი და მახსოვს, ბებია მირანდა გვიკითხავდა იტალიურ საბავშვო ნოველებს.

ლიკა ჩემზე ცოტა უფროსი იყო და ასეთად დარჩა ჩემს აღქმაში - არამიწიერი ფერები და იერი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მერეც ბევრჯერ მინახავს და შევხვედრივართ. ალბათ დაახლოებით ასეთია დედამიწა თავის ქალწულებრივ თაურფენომენში და ასეთია ზეცა, როდესაც დედამიწას თავის თავს სრულად მისცემს, როგორც შემოქმედი.

ყვებიან, როდესაც ნატო ვაჩნაძეს მოასვენებდნენ თბილისის ქუჩებში, ვიღაცამ იკითხა, ვის კრძალავენო. სილამაზესო, უპასუხეს. იგივე ახლაც გვეთქმის. ნეტავ საიდან მოდის სილამაზე და საით მიდისო, იკითხა პოეტმა, მარიტას ხვედრზე ფიქრისას. აქ ალბათ უპრიანია ადამიანის სული გავიხსენოთ: როგორც თვით ადამიანი სული იყო დაბადებამდე, სიკვდილის კარიბჭის გავლით ისევ სულად იქცევა. სილამაზეც ეს სულია, ოღონდ "ასეთნაირად" გამოხატული ნივთიერში.

გია მაისაშვილი, ეკონომისტი:

დიდი გულისტკივილით ვემშვიდობები, რატომ გვავიწყდება სიცოცხლეში რომ გამოვუტყდეთ ხოლმე ერთმანეთს სიყვარულში? ლიკა, მადლობა ჩემი ყმაწვილობის შთაგონებისთვის! მარადისობაში კვლავ შეხვედრამდე!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

მგონი ერთადერთი ქალი იყო, ვიზეც ყველა გემოვნების, ფერის, სქესის, ნამუსის და მორალის მქონე ადამიანი ვთანხმდებოდით რომ ლამაზი იყო. ჟურნალისტები სულ ვეფერებოდით და ძალიან ვუფრთხილდებოდით. ამიტომაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვრება სხვებივით.

გაუგებარია როცა ვამბობთ, რომ მარიტასავით იცხოვრა ქალმა, რომელსაც საბედნიეროდ არცერთი ტალახი არ მოხვედრია რეალურ ცხოვრებაში.

მარიტასავით კი არ იცხოვრა, მარიტამ შეცვალა მისი ცხოვრება იმდენად, რომ დაღმა განარიდა ის საზოგადოებას, აქტიურ ცხოვრებას. თუმცა ესეც არ ვიცით ბოლომდე. ჩვენ ხომ გვიყვარს მითების შექმნა.რეალობა თან წაიღო. ისე, რომ ბოლომდე არავის გაანდო. არ უყვარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და ჩვენც არ ვაძალებდით.

მარიტა კი არა, ლიკა გარდაიცვალა, ქავჟარაძე. უბრალოდ გარდაიცვალა, თორემ წლების შემდეგაც, ასე დადებენ ჩვენი შვილი-შვილები მის ფოტოს, საკუთარ კედლებზე და იტყვიან, რომ ყველაზე ლამაზი ქალი იყო. ესაა უკვდავების ხიბლი.

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

დავიფიცე ნეკროლოგიურ სტატუსებს აღარ დავწერ მეთქი. და არც გარდაცლილი ადამიანის გარშემო ატეხილ დისკუსიაში შემოვალ. რადგან ასეთ დროს ყველანაირი პოზიციას თან სდევს ან სიყალბე ან ძალიან გამაღიზიანებელი ტონი, რომელიც ყოველთვის აქვთ ცოცხლებს, როდესაც მკვდრების ამბებს განიხილავენ. მაგრამ გარემოება არ მასვენებს. ყველას გძინავთ თან. მალე მეც დავიძინებ, სახლისკენ მივბოდიალობ. მარტო ვარ და ყველგან ლიკა ქავჟარაძის ფოტოებია. ეს არაა სტატუსი ლიკაზე. სტატუსია სიკვდილზე. ჩემთვის სიკვდილი ძალიან ინტიმური თემაა. თუმცა ვიცი, რომ ეს მხოლოდ თეორიაა სიკვდილზე. პრაქტიკულად კი ასეა - სიკვდილი ყველაზე განხილვადი საკითხია. იმდენად რომ ყველაზე მიტოვებულ ადამიანებსაც შემოასევს ათასობით ადამიანს. რასაკვირველია, დღეს ყველა ლიკა ქავჟარაძის ფოტოებს დებდა. თავიდან ვტკბებოდი მისი გასაგიჟებელი სილამაზით. მერე მივხვდი, რომ ყველა ფოტო ახალგაზრდობისაა. და დავინახე (კიდევ უფრო მეტად), საზოგადოების სასტიკი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ ვინც ოდესღაც კაშკაშებდა. მეც "გუგლში" მარტო მის ლამაზ ფოტოებს ვეძებდი და ვამოწმებდი კიდევ უფრო ლამაზი ფოტო ხომ არ გამომრჩა შემთხვევით.

ვინმემ შეიძლება მკითხოს, რა არის ამაში უცნაური?! სილამაზეს ყოველთვის აღტაცებაში მოყავდა ადამიანები. არც არაფერი. უბრალოდ, ლიკა ქავჟარაძის სევდიანმა ცხოვრებამ დამაფიქრა იმაზე, რაზეც აქამდე არასდროს მიფიქრია სხვების სილამაზით დამუნჯებულს. აწი ხბოს აღტაცება რომ გადამივლის ვიღაცით მოხიბლულს ყოველთვის გავიფიქრებ, რომ იშვიათი სილამაზე არამხოლოდ საჩუქარია ადამიანისთვის, არამედ - სასჯელიც. მიზეზია მუდმივად გაგახსენონ, გისაყვედურონ (თუნდაც თვალის ჩაკვრით და არა პირდაპირ) რომ ისეთი აღარ ხარ, როგორიც ადრე იყავი. იმათ კი ისეთი არ მოსწონხარ, როგორიც ხარ, ან როგორიც გახდი. რჩები ასე სრულიად მარტო სტიგმების და ძველი ფოტოების პირისპირ. რა ცუდია.

სანდრო თარხან-მოურავი, ბლოგერი:

არ ვიცი ლიკა ქავჟარაძე სინამდვილეში "რამ დაღუპა", თუმცა ბევრს ჯანსაღი იმპულსი გაუჩნდა, გაეკრიტიკებინა სილამაზის ვიწრო გაგება და ამ გაგების ფეტიშიზაცია: ჯერ ავიყვანეთო ცაში და მერე დაცემა მტკივნეული იყოო - დაახლოებით ამ აზრით.

თუმცა, პარალელურად გრძელდება იგივე, რასაც აკრიტიკებენ - "ყველაზე ლამაზი", "უნიკალურად ლამაზი", "ნაღდად ლამაზი" და ა.შ.

შეიძლება ძალიან უტოპიურია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როდესაც გვაქვს ინტერნეტი, ფეისბუკი და შეგვიძლია თავისუფლად მოგზაურობა, კაი იქნება ბოლოს და ბოლოს მასობრივად გავაცნობიეროთ, რომ სილამაზე და მიმზიდველობა არის: 1. სუბიექტური; 2. მრავალრიცხოვანი; 3. მრავალფეროვანი; 4. კონტექსტური.

უნიკალურად აღმატებული სილამაზე არ არსებობს. ვიღაცეების სილამაზეზე რომ მეტი გვსმენია, მხოლოდ გარემოებების დამთხვევის ამბავია. თორემ შეიძლება შენი ოთხმოცი ფრენდი მოგწონდეს ანჯელინა ჯოლიზე მეტად.

აქვე, ცხადია, დასათანხმებელია, რომ ადამიანის და კერძოდ ქალის აღქმა არ უნდა დაიყვანებოდეს გარეგნობაზე. თუმცა, ქალებმაც უნდა შეუწყონ ამას ხელი იმით, რომ საკუთარი ფოტოების გარდა სხვა რამეებითაც პოზიციონირდნენ, და შინაარსის დამფასებლებიც მოიძებნებიან. ყველას ალბათ იმდენად სჭირდება შინაარსი, რამდენადაც თვითონ აქვს.

ისიც ვაღიაროთ, რომ ქალის "ჭკუის კარგვა", ვთქვათ, ფეხბურთელებზე, არაფრითაა უფრო "შინაარსიანი", ვიდრე კაცის - მსახიობ ქალებზე. თუ ფულშია საქმე, ამას ალბათ ისევ გარეგნობაზე გადარევა ჯობია. მოკლედ, "შინაარსის დაკიდება" არაა ცალმხრივი და შეიძლება ვაკრიტიკოთ - მომხრე ვარ, კულტურა შინაარსს აფასებდეს - მაგრამ ბოლოს მაინც ინდივიდუალური არჩევანის და მოთხოვნილებების საქმეა...

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

სილამაზე გარდაიცვალა ...

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:

საოცარი სილამაზე! ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი! გული ჩამწყდა

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს