"ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით"

"ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით"

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სიამაყით იხსენებს თავის პირველ საჯარო გამოსვლას, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში შედგა.

"ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებაზე გამახსენდა.

ესე იგი, 1976 წელია თუ 77, ყოველ შემთხვევაში 78 წლის 14 აპრილის აქციამდე

რომ იყო, წყალი არ გაუვა.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში შეხვედრა მოუწყვეს ჭაბუა ამირეჯიბს. ეს ის პერიოდია, როცა "დათა თუთაშხია" (წიგნი) ჯერაც ახალი გამოსულია და ჭაბუას პოპულარობა ზენიტშია. თან უბრალო შეხვედრა კი არ იყო, მთელი პერფორმანსი მოეწყო ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით - ზოგი რომანიდან კითხულობდა ფრაგმენტებს, ზოგი ლექსებს ამბობდა და ა.შ.

მე რანაირად მოვხვდი ამ ამბავში, არ მახსოვს, მაგრამ მოვხვდი. დაახლოებით წუთნახევრიანი მონოლოგი მქონდა ნაწარმოების თემაზე, რაღაც მინირეცენზიასავით, თან ნელი მუსიკის თანხლებით. ჰოდა, საშინლად ვინერვიულე და ჩემი რიგი რომ მოვიდა, მუსიკა რომ ჩაირთო, მიკროფონი რომ მომცეს ხელში და ჩემსკენ ინტერესით მომზირალი მწერალიც რომ დავინახე, ერთი სიკვდილი კი გავათავე, მაგრამ რა გზა მქონდა? ხეირიანად არც მახსოვს რა ვილაპარაკე, მაგრამ რომ დავასრულე გამოსვლა, იგრიალა აპლოდისმენტებმა და თვით ჭაბუა ამირეჯიბმაც ტაში დამიკრა, აი მაშინ რომ შვება ვიგრძენი და ამაყი ვიყავი, იმისთანა უნდა.

მას შემდეგ სად არ მომიწია სიტყვით გამოსვლამ, რამდენნაირ ტრიბუნიდან და რამდენნაირ აუდიტორიაში, მაგრამ ის, სულ პირველი სულ სხვა იყო. ისეთი მძაფრი ემოცია მერე არასდროს მქონია და ცხადია, არც მექნება.

უცნაურია, მაგრამ ეს ამბავი არასდროს არსად მომიყოლია, თითქმის მიმავიწყდა კიდეც და მხოლოდ ახლა გამახსენდა, ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე.

და რა მინდა ვთქვა: ზემოთ კი ვამბობდი, არ მახსოვს რა ვილაპარაკე-თქო, მაგრამ პირველი ფრაზის შინაარსი მაინც დამამახსოვრდა. კერძოდ, ის, რომ იშვიათია ნაწარმოები, რომელსაც ისეთი საყოველთაო პოპულარობა მოეხვეჭოს, როგორიც "დათა თუთაშხიას" - ამ წიგნს ინტერესით კითხულობს ინტელექტუალიც და არაინტელექტუალიც, მოხუციც და ახალგაზრდაც, კონსერვატორიც და ლიბერალიც, მოკლედ, ყველა. ცხადია, სიტყვები მაშინ სხვა იყო, მაგრამ აზრის სიზუსტეზე პასუხს ვაგებ.

და გავა კიდევ დიდი დრო და ეს წიგნი სულ ასეთი იქნება. ანუ ეს იქნება წიგნი, რომელსაც სულ წაიკითხავენ, მე კი ის მაინც მექნება სიბერეში შვილიშვილებთან სათქმელი, რომ ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა "დათა თუთაშხიას" თემაზე შედგა და თან ჭაბუა ამირეჯიბის თანდასწრებით.

არ მაქვს სატრაბახო თუ რა?", - წერს ზურაბიშვილი.

სამი დღის წინ 92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: ირაკლი კაკაბაძე ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებას შეესწრო - "დავინახე რას ნიშნავს ნამდვილი გარდა-ცვალება"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს