კორკოტა ვასაძეს: "ლევან, ჯიგარი ხარ"

კორკოტა ვასაძეს: "ლევან, ჯიგარი ხარ"

მსახიობი გია კორკოტაშვილი ჭაბუა ამირეჯიბთან დაკავშირებით ლევან ვასაძის განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ლევან, ჯიგარი ხარ, გასვენების დროსაც სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინა ქართველმა ერმა, ხალხზე მაქვს აქცენტი (ხელისუფალმა ივარგა, ვერ დავუკარგავ). ღირებულებები გადაფასდა, ეგააა მთელი უბედურება!

1000 კაცი იყო... ისე, უნდა აღვნიშნო, ბიძინა მეუღლესთან ერთად სამების ტაძრიდან მამადავითამდე პროცესიას ფეხით მიუძღოდა, გამეხარდა", - წერს კორკოტა.

გუშინ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში, სადაც მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სამოქლაქო პანაშვიდი იმართებოდა, განუცხადა, რომ ჭაბუა ამირეჯიბი ერმა ამ ქვეყნიდან სრულიად უყურადღებოდ მიტოვებული გააცილა.

"ნელსონ მანდელასგან განსხვავებით, რომელიც ისეთივე პერიოდი ციხეში იჯდა და რომელიც მადლიერმა სამხრეთ აფრიკელმა ერმა ერის მამად აღიარა, ხელის გულზე ატარა და ბოლო წლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლოცულობდა, ჩვენ ამ უდიდეს ქართველს სიცოცხლე გავუმწარეთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ "კაგებეს" დაყრილი ჭორები დავიჯერეთ და სრულიად უყურადღებოდ მიტოვებული გავაცილეთ ამ ქვეყნიდან. იმედი მაქვს, ჩვენი ერი მას საკადრის პატივს მიაგებს. დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვით და მომავალი თაობები ჭაბუა ამირეჯიბის მაგალითზე გაიზრდებიან. მადლობა ღმერთს, რომ ამ ეპოქალური მასშტაბის ადამიანის დროს ვცხოვრობდი ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში 12 დეკემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა. ჭაბუა ამირეჯიბი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.