სად მოგზაურობს და რას საქმიანობს სანდრა რულოვსი?

სად მოგზაურობს და რას საქმიანობს სანდრა რულოვსი?

სად იმყოფება ამჟამად საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი? პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ,  სანდრა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის ამსახველ ფოტოებსა და პოსტებს აქვეყნებს.

"ბებიაჩემის 4 და (იოანეტა, ნეპომუსენა, თეოდულა და აპელონია) იყვნენ კათოლიკური ეკლესიის მისიონერები და როგორც ექთნები მუშაობდნენ 1929-1972 წწ. ტუბერკულოზის და მალარიის საავადმყოფოში ქალაქ სამბასში - ინდონეზიაში (გემით გადმოვიდნენ ჰოლანდიიდან!!). მეორე მსოფლიოს ომის დროს იაპონელების საკონცენტრაციო ლაგერშიც კი წაყვანილები ჰყავდათ. მათი 43 წლის მოღვაწეობის სამახსოვრო სურათები და დღიური ვაჩვენე აქაურ ჯანდაცვის სამინისტროს კოლეგებს", - წერდა 8 მარტს ინდონეზიაში მყოფი ყოფილი პირველი ლედი.

სანდრას ბოლო პოსტი 14 მარტით თარიღდება და ის ლონდონში ვიზიტის შესახებ გვიამბობს.

"გუშინწინ, ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ გოგონების სკოლაში (James Allen's Girls' School, JAGS) პრეზენტაცია მქონდა საქართველოს შესახებ", - წერს რულოვსი.

უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში მან ოქსფორდის უნივერსიტეტი მოინახულა: "ოქსფორდის უნივერსიტეტში ვიზიტი:"რედკლიფის შენობა" და საინტერესო ფრაზა ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის კედელზე", - აღნიშნულია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოების აღწერაში.

ყოფილი პირველი ლედი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ.

"ვლოცულობთ უკრაინისათვის, სადაც ათეულობით უკრაინელი და ერთი ქართველიც დაიღუპა პროტესტების დროს...", - წერს სანდრა.

რამდენიმე თვის წინ (დეკემბერში) სანდრამ ყაზბეგის მთა დალაშქრა: "ყაზბეგის მთა (5047 მ.) დღეს იყო ულამაზესი! ვერ ავედი, როგორც ჩემი მეუღლე ორი თვის წინ, მაგრამ გერგეთის სამებაზე - კი!";

"სტეფანწმინდის ხედი - მთელი ყაზბეგის რაიონი დიდთოვლობის მოლოდინშია!".

იანვარში კი ექს-პრეზიდენტის მეუღლემ წყალტუბოში პრომეთეს მღვიმე მოინახულა: "პრომეთეს მღვიმები წყალტუბოში ნამდვილი აღმოჩენაა!".

ძველით ახალ წელს სანდრამ თბილისში საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა:

"ახალი სკოლა" ვაკეში უკვე მე-3 წელია, რაც ჩართულია ფონდ SOCO-სთან ერთად მრავალშვილიანი ოჯახების საახალწლო აქციაში (სურსათი და საჩუქრები). მადლობა ბავშვებო, ასე გააგრძელეთ!", - წერს სანდრა.

მარტის დასაწყისში სანდრა ჯაკარტაში (ინდონეზია) გაემგზავრა, სადაც გლობალური ფონდის გამგეობის 31-ე სესიაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 22 ქვეყნის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

8 მარტს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში სააკაშვილის მეუღლე რევაზ ადამიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

"რეზო ადამია ამ კვირაში გარდაიცვალა ავსტრიაში მკურნალობის დროს.

რეზო, პოლიტიკოსი, დიპლომატი და მეცნიერი, იყო ჩვენი მეგობარი, თანაგუნდელი და დიდი სპორტსმენი.

2012 წ. პრესტიჟულ Ted talks-ში საუბრობდა ბაქტერიოფაგებზე, როგორც ელიავას ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორი".

ცოტა ხნის წინ სანდრა რამდენიმე კვირით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და დღემდე იქ იმყოფება. როგორც თავად წერს, ლონდონში მისი ვიზიტი სწავლას უკავშირდება - ექს-პრეზიდენტის მეუღლე გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამას ეუფლება.

რაც შეეხება, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისი ამჟამინდელი კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს ის უკრაინაში გამოჩნდა. ვრცელდება ასევე სხვადასხვა უცხოური გამოცემისთვის მიცემული მისი ინტერვიუები. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სანდრა რულოვსის "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნებულ ფოტოებზე ან ღონისძიებებზე, რომელთა შესახებაც ყოფილი პირველი ლედი პოსტებში წერდა, მეუღლეები ერთად არსად გამოჩენილან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს