"ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებული უნდა იყოს კულტურა და მისი სამინისტრო?!" - ვის აკრიტიკებს ნიკოლოზ რაჭველი

"ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებული უნდა იყოს კულტურა და მისი სამინისტრო?!" - ვის აკრიტიკებს ნიკოლოზ რაჭველი

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ ქართველი ხელოვანების შესახებ, წერს, რომლებმაც მსლფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვეს და ხელისუფლებას ქართული კულტურისა და კულტურის სამინისტროს მიმართ უყურადღებობის გამო საყვედურობს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალო სტატისტიკური მონაცემებით 305 მილიონზე მეტი მოქალაქე ყავს, აქედან მხოლოდ ნიუ იორკში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საქმიანობს, მოღვაწეობს. ნიუ იორკში ქუჩებს მეტწილად ნომრები აქვთ და არა სახელები, თუმცა ქალაქის შუაგულში, ბროდვეის კვეთაზე, 63 მესამე ქუჩის წარწერებს, აბრებსა და ნიშნულებს, რომელსაც ლინკოლნ-ცენტრთან მივყავართ, ქვეშ აწერია: George Balanchine's Way - ჯორჯ ბალანჩინის გზა. გზა, რომელსაც ის ყოველ დილით გადიოდა, რათა მის მიერ დაარსებულ "ნიუ იორკ სითი ბალეტის" თეატრში მისულიყო. თეატრში, რომელიც "მეტროპოლიტენ ოპერასა" და "ნიუ იორკ ფილარმონიკთან" ერთად დღეს ლინკოლნ ცენტრის შემადგენლობაშია. ლინკოლნ ცენტრის დიდი სიმფონიური დარბაზის -"ევერი ფიშერ ჰოლის" ფოიეში დაკიდებული ფერადი პოსტერი გვეუბნება, რომ ნიუ იორკის ყველაზე დიდი ისტორიისა და საერთაშორისო სახელის მქონე ფილარმონიული ორკესტრის რეზიდენტ-სოლისტი მომდევნო სეზონზე მთელს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი იქნება და ისევე როგორც აქამდე, მომდევნო სეზონის განმავლობაშიც, ოდნავ უფრო ხშირად, საშუალოდ თვეში ერთხელ, მის კონცერტებს სადირიჟორო პულტთან დიდი მაესტროები წარუძღვებიან, ხოლო მეორე სართულზე, სადაც უშუალოდ დარბაზში უნდა შეაბიჯო, ცენტრალურ კედელზე XX საუკუნის უდიდეს, ლეგენდარულ კომპოზიტორთა შორის ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ფოტოსურათი კიდია, იგორ სტრავინკის, სერგეი რახმანინოვის, ჯონ კეიჯის, ოლივიერ მესიანის გვერდით. ამ დარბაზის შუშებიანი ფასადიდან დედამიწის ერთერთი წამყვანი თეატრის "მეტროპოლიტენ ოპერის" ცენტრალური შესასვლელი მოჩანს და წინ გადმოკიდებულ უზარმაზარ პოსტერზე დიდი ასოებით გვაუწყებენ ქართველი წარმოშობის რუსი კომპოზიტორის ალექსანდრე ბოროდინის (გედევანიშვილის) ოპერის "თავადი იგორის" პრემიერას ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით. შემოდგომაზე კი ნიუ იორკელები მოუთმენლად ელიან ჟორჟ ბიზეს უკვდავ "კარმენს" ქართველი კარმენით. ანიტა რაჭველიშვილი უკვე მესამედ უბრუნდება "მეტროპოლიტენს", სადაც მისი "კარმენი"-ს ფასი იციან, უყვართ და ელოდებიან! "მეტროპოლიტენის" მუსიკალურ მაღაზიაში შევდივარ და ნინო მაჩაიძის "Sony-Records"-ის მიერ ახლახანს გამოსული მეორე ალბომია გამოფენილი და ჩემს წინ საშუალო ასაკის წყვილი ყიდულობს, ალბათ ისინიც დაესწრნენ მის არაერთ ტრიუმფს აღნიშნულ თეატრში. გამყიდველს ვეუბნები, რომ მეც ქართველი ვარ და გაბადრული მპასუხობს - ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ძალიან გვიყვარს და ნიუ იორკს უსაზღვროდ ენატრება ნინო ანანიაშვილი! ის აქ ლეგენდაა... ამავე მაღაზიაში პლაჩიდო დომინგო ავტოგრაფებს არიგებს, გრძელ რიგში ვდგები და როდესაც ვეუბნები ჩემს ვინაობას გულითადად და სიყვარულით მესაუბრება პაატა ბურჭულაძეზე, რომელთან ერთად ვინ მოთვლის რამდენი სპექტაკლი მაქვს ამ სცენაზე ნამღერიო. ვსაუბრობთ აგრეთვე ახალი თაობის ქართველ მომღერლებზეც. გია გაგნიძე რომ "რიგოლეტოს" მღერის აქ სხვებს კი არა ლადო ათანელის "რიგოლეტოს" ადარებენ და ორივეთი აღფრთოვანებულები კვლავ ელიან მათ გამოჩენას... ცოტა ოდნავ მოშორებით კარნეგი ჰოლის აპრილის თვის კონცერტების სარეკლამო ფლაიერებს არიგებენ, მასში აქცენტით ხატია ბუნიათიშვილის სოლო კონცერტს აანონსებენ, იჩქარეთ, თორემ ვეღარ მოხვდებოთო... წუხელ ლიკა ევგენიძე საოცარ საბალეტო სპექტაკლზე იყო ეთერ ჭკადუასთან ერთად, რომლის ნამუშევრები უდიდესი მხატვრების ნამუშევრების გვერდითაა სნობურ გალერეებში და საოცარი ფასი აქვს, იქ ანდრო ვეკუაზე გამომელაპარაკნენ და თამარ კვესიტაძის ნამუშევრებზეც მკითხეს, მას მერე რაც გაიგეს რომ ქართველი ვარ... ხო და თანამედროვე ბალეტის ერთერთი გამოჩეული ქორეოგრაფი, რომლის წარმოდგენაზეც ზემოთ მოგახსენებდით, ბოლოს ლიკამ და ეთერიმ გაიცნეს და მან მყისვე სუხიშვილებზე დაუწყო აღტაცებით საუბარი. მანჰეტენზე ქართველი დიზაინერის ნინი ქეის ქუდებსაც წავაწყდი და ჯულიარდის აკადემიაში ახალგაზრდა პიანისტის დათო ალადაშვილის მიმართ პროფესორ-მასწავლებლების აღმატებული დამოკიდებულებაც დავინახე, ჩვენი კონსერვატორიის და რადიო "მუზას" ნინო ჟვანიას შევხვდი, სტიპენდია მოიპოვა და არა მხოლოდ სწავლობს, ლექციებსაც კითულობს თანამედროვე აკადემიური მუსიკის შესახებ... ბექა გოჩიაშვილის დაბადების დღეზე ვერ წავედი, რადგან ჩვენს კონცერტს დაემთხვა, სამაგიეროდ მისი ალბომი შევიძინე და ჩიკ კორეას ინტერვიუც წავიკითხე, საოცრებებს წერს ქართველ პიანისტზე, აღტაცებას ვერ ფარავს... კიდევ რამდენი რამ მოგითხროთ?

ამასწინათ "გრძელი ნათელი დღეები" უჩვენებიათ ნიუ იორკის კინო თეატრებში და ოთარ იოსელიანის, მიშა კობახიძის, ნანა ჯორჯაძის შემდეგ ქართულ კინოს დღევანდელი დღე რომ აქვს ამაშიც დარწმუნებულან, ჩემ მეგობარს ალექს ბოლდვინი შეხვდა სასტუმროს ლობი-ში, გამოელაპარაკა და მან რობერტ სტურუასა და რამაზ ჩხიკვაძეზე არ დაიშურა განმადიდებელი ეპითეტები...

ალბათ კიდევ ბევრი წარმატებული ხელოვანი გამომრჩა ნიუ-იორკის გადმოსახედიდან...

და ყოველივე ამის შემდეგ ვსვავ კითხვას: ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტული, ნაკლებ დაფინანსებული და ნაკლებ ყურადღება მიქცეული უნდა იყოს კულტურა და მისი სამინისტრო?! აქვს ამას რაიმე სახის ახსნა?! კიდევ უფრო მძაფრი კითხვაც მაქვს: დარწმუნებულები ვართ, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქართველი ხელოვანების ვინაობა და მიღწევები იციან სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებსაც საკმაოდ მაღალი უფლებები აქვთ და გადაწყვეტილებების მიღებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ ან თავად წყვეტენ სხვა ხელოვანების პროექტებისა და შემოქმედებითი იდეების ბედს?! ნუთუ არასოდეს არ გავაცნობიერებთ, რომ მხოლოდ მაღალი კულტურა (რაც განათლებიდან მომდინარეობს) და ხელოვნებაა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო თუ ლოკალური წარმატების ერთადერთი საწინდარი და მტრებზე გამარჯვების უალტერნატივო იარაღი?!

ეგებ გამაგებინოთ ასე ძნელია ამის დანახვა?!

P.S. უდიდესი პატივისცემით ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ხელოვანს, ვინც კონტექსტის ან არცოდნის გამო აღნიშნულ ტექსტში გამომრჩა. ნ.რ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს