ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - დაუსვით კითხვები ორთოპედ-ვერტებროლოგს

ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - დაუსვით კითხვები ორთოპედ-ვერტებროლოგს

როგორ დავაფიქსიროთ ხერხემლის გამრუდების მოსალოდნელი საფრთხე, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ როგორც მოზარდებში, ასევე უფროსებში? - კითხვებს ქირურგი ორთოპედ-ვერტებროლოგი ზაზა აზმაიფარაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მედეა:

8 წელია ხერხემალი მაწუხებს. გამრუდება მაქვს თან მარჯვენა მკერდში საკმაოდ დიდი სიმაგრე ისინჯება ხელით და ტკივილებს გადასცემს ხერხემლიდან მკერდში.  ვიყავი მამოლოგთან, გავიკეთე მამოგრაფია. არაფერი დაფიქსირებულა, ვარაუდი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ეს გამრუდებული ხერხემლის ძვალი იყოს.... რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ და რა არის გამოსავალი?

- ზოგადად მინდა მოგახსენოთ, რომ გამრუდებული ხერხემალი ეს აუცილებლად ტკივილს იწვევს. რადგან პაციენტი ამბობს, რომ მამოლოგთანაც იყო და ისინჯება მკერდში სიმაგრე, ალბათ სჭირდება გამოკვლევა და ექიმის კონსულტაცია. მე ასეთ დისტანციაზე ბუნებრივია კონსულტაციას ვერ ჩავატარებ. თუ კითხვის ავტორი მამოლოგთან ნამყოფია და ამბობს, რომ არანაირი პათოლოგია მკერდში არ არის, ამ შემთხვევაში შემიძლია ვივარაუდო, რომ შესაძლებელია დეფორმაცია იყოს, თუმცა აქვე ვუტყვი, რომ სარძევე ჯირკვალში ცოტა ძნელი წარმოსადგენია. დავამატებ, რომ თუ გამრუდება დიდია, პაციენტს აუცილებლად შეაწუხებს ტკივილი. ტკივილი რომ ძლიერი არ იყოს, ამისთვის კი საჭიროა, რომ პაციენტი მუდმივად იყოს რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროა ფიზიკური დატვირთვების შეზღუდვა და ვარჯიში.

სალომე:

როგორი ვარჯიშები უნდა გავაკეთო ლორდოზის და კისრის წინ წაწევის დროს? საჭიროა კორსეტის ტარება?

-კორსეტის ტარება საჭირო არ არის, რადგან მას აქვს თავისი დანიშნულება. კორსეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამკურნალო მეთოდი ხერხემლის პათოლოგიებში, მაგრამ მას აქვს ძალიან მკაცრი და მკვეთრი დანიშნულება. ბევრ დადებით თვისებასთან ერთად მას აქვს ერთი უარყოფითი რამ, ადუნებს კუნთს, ასე რომ კორსეტი ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ იხმაროს. ეს შემიძლია ვუთხრა სალომეს. რაც შეეხება ვარჯიშს, აუცილებლად მიმართე რეაბილიტოლოგს.

ქეთევანი:

გოგონა ხმარობს სუპინატორებს, რადგან ფეხი შეაქვს შიგნით და როგორც კოჭლი ისე დადის, მირჩიეთ ვისთან მივიყვანო, რომ შედეგი მივიღოთ.

-კოჭლობით პაციენტმა არ უნდა იაროს. თუ ფეხის ფუნქციურ დამოკლებას აქვს ადგილი, სანტიმეტრზე მეტზე, მაშინ სჭირდება ქუსლის ამაღლება, მაგრამ წესით ბავშვმა მით უმეტეს სუპინატორებში კოჭლობით არ უნდა იაროს. რაც შეეხება ექიმს, უნდა მიმართოთ ბავშვთა ორთოპედს.

რუსიკო:

ჩემს შვილს ავტოავარიის შემდეგ 5 წელია თურმე აწუხებს ოსტეომიელიტი. ექიმები ვერ ხვდებოდნენ სანამ არ დაუჩირქდა ფეხი. ოპერაციისას ამოუფხიკეს ძვლები და აქვს სამი ხვრელი. რამდენად სასიშია სამომავლოდ ეს ხვრელები? - ექიმმა გვითხრა რომ არ ამოივსება.

-ზოგადად შეკითხვა ჩემთან არ არის. ჯობია რომ თქვენ მკურნალ ექიმს მიმართოთ. მაგრამ გეტყვით რომ თუ გამონადენი არ არის, ეს არის ძალიან კარგი, რაც შეეხება ხვრელებს, რომელიც რენდგენზე ჩანს, საშიში არ არის. ეს ხვრელები არ ამოივსება, მაგრამ კიდური შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

თამუნა:

მყავს 15 წლის გოგონა, რომელსაც ფეხის ტერფი ქუსლთან შეაქვს შიგნით. ფეხსაცმელსაც ბრიცავს, მყავდა ექიმთან, დაუნიშნეს სუპინატორი, მაგრამ არაფერს შველის, გთხოვთ მირჩიოთ ვისთან მივიყვანო, ხომ არ არსებობს მასაჟი რაც უშველის და ვინ აკეთებს?

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის სუპინატორის მიზანი, სუპინატორი ტერფს ვერ გამოასწორებს . იგი ხელოვნურად მისცემს ტერფს ჯანმრთელ ფორმას, ასე რომ სუპინატორი მუდმივად უნდა გვეკეთოს. ჩვენ თუ იმის იმედი გვაქვს, რომ ტერფს სუპინატორს გამოვაცლით და იგი ჯანმრთელ ფორმას შეინარჩუნებს, ეს ესე არ არის, იგი მუდმივად უნდა გვქონდეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში როდესაც ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციაა, კეთდება ქირურგიული მკურნალობა.

ქეთი:

წელის არეში მაქვს სულ დაჭიმულობა და ტკივილი. შეიძლება ამის გამო მუცლის შებერილობა და დაჭიმულობა მქონდეს?

-მუცლის შებერილობა ეს ცალკე პრობლემაა და გასტროენტეროლოგს მიმართეთ. რაც შეეხება წელის პრობლემას, გირჩევთ რომ წონა გააკონტროლეთ სიმძიმეებს მოერიდეთ, კომპიუტერთან არ დაჯდეთ ხანგრძლივად და რაც მთავარია, ივარჯიშეთ. შებერილობა ამისგან არ უნდა იყოს გამოწვეული.

ლია:

მყავს 11 და 9 წლის შვილები, გოგონები. ორივეს აქვს 1 ხარისხის სქოლიოზის დასაწყისი და ბრტყელტერფიანობა, მანუალისტ-მასაჟისტმა გვირჩია კორსეტისა და სუპინატორების ტარება, პლუს მანუალური თერაპია და გაჭიმვები სპეციალური მოწყობილობით. თქვენ რას მირჩევთ?

-ჩემთვის რამის თქმა და დანიშნულების შეცვლა მით უმეტეს ძალიან ძნელია.კორსეტი ინიშნება მაშინ როცა გამრუდების დონე არის 30 გრადუსზე.ეს არის საკმაოდ შორს წასული ფორმა და მიტომაც კორსეტი ინიშნება. მე გირჩევთ რომ დანიშნიულება უნდა დაწეროს ექიმმა. მასაჟისტმა კი უნდა შეასრულოს ექიმის მიერ დაწერილი დანიშნულება. სქოლიოზი ეს რთული თემაა და გირჩევთ რომ ექიმს მიმართეთ.

გიო:

მაქვს სქოლიოზი მეორე ხარისხის, მარცხენა მხარეს. რა პროცედურები უნდა ჩავიტარო იმისთვის, რომ ცოტათი მაინც გამისწორდეს ხერხემალი?

-ხერხემლის გასწორება ოპერაციის გარეშე სამწუხაროდ არ ხდება. ზოგადად ხარისხი ძალიან განზოგადებული თემაა აქ უფრო მნიშვნელოვანია გრადუსი. აქ უკეთესია გრადუსი ვიცოდეთ. რა გრადუსიც არ უნდა იყოს სამწუხაროდ დეფორმაციის გასწორება არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ივარჯიშოს, რომ ტკივილები არ ჰქონდეს.

მკითხველი:

ბატონო ზაზა, იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ პრეპარატ რუმანოლზე ან თუ არსებობს პრეპარატი, რომელიც მას შეცვლის?

-რუმანოლი იყო ძალიან პოპულარული პრეპარატი საბჭოთა კავშირის პერიოდში. როგორც მე მახსოვს, მზადდებოდა საქონლის სისხლიდან. ჰქონდა ძალიან კარგი ტკივილ გამაყუჩებელის და ხონდროპროტექტორის დანიშნულება. სამწუხაროდ ბოლო 10-15 წელია ეს პრეპარატი საქართველოში აღარ შემოდის. რაც შეეხება პრეპარატებს რომელსაც ხონდროპროტექციის დანიშნულება აქვს უამრავია და ნებისმიერ მსურველს აფთიაქებში ფართო არჩევანი დახვდება.

მადონა:

მტკივა წელი, მარცხენა ფეხში გამუდმებით ვგძნობ ტკივილს, განსაკუთრებით მენჯის და მუხლის სახსარში. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ტკივილი რომ გაქრეს. ვარ 40 წლის.

-რადგან პაციენტი აღნიშნავს რომ ტკივილი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დიაგნოზი დაისვას. იმისათვის, რომ გაირკვეს პრობლემის არსი, ძალიან კარგი იქნება თუ პაციენტი შეძლებს მაგნიტორეზონანსული კვლევების გაკეთებას.

მამუკა:

2- ჯერ გავიკეთე ხერხემლის თიაქარის ოპერაცია,ეხლა ისევ ისე მაწუხებს და ტკივილები მაქვს. შეიძლება მისგან განკურნება?

-მინდა მოგახსენოთ რომ ოპერაცია ეს არის ტკივილის მოხსნის ყველაზე ეფექტური და მოკლე გზა. პაციენტმა უნდა გაიგოს, რომ ოპერაცია ეს არ არის მკურნალობა, რადგან ის დეგენერაციული პროცესები, რის გამოც ოპერაცია გაკეთდა, ორგანიზმში გრძელდება. საქართველოში ძალიან ხშირია ამ ოპერაციის რეციდივი, ეს არ არის მედიცინის და ექიმის ბრალი, ეს არის იმის ბრალი რომ პაციენტი ვერ აცნობიერებს რომ ოპერაციის შემდეგ მას მუდმივად სჭირდება რეჟიმის დაცვა. ეს რეჟიმის დაცვა არის ფიზიკური დატვირთვის შემცირება , წონის კორექცია და სამკურნალო ფიზკულტურა, ასევე ვარჯიში და ცურვა.

დალი:

რა რჩევები შეგიძლიათ მოგვცეთ, რომ თავი ავარიდოთ ხერხემლის მეტად გამრუდებას.

-საზრდელი ზონების ჩაკეტვის შემდეგ ეს ბიჭებში 18-19 წლებშია, ხოლო გოგონებში 16-17 წლებში. ამ ასაკის შემდეგ ხერხემლის დეფორმაცია აღარ პროგრესირებს. თუ ეს არის ამ ასაკამდე რისკი განსაკუთრებით მაღალია გარდატეხის პერიოდში.გოგონებში ეს არის 12-13 წელი, ბიჭებში 13-14 წელი. ძალიან მნიშვნელოვანია ექვს თვეში ერთხელ რენდგენოლოგიური გაკონტროლება და იმისდა მიხედვით თუ გამრუდების რა გრადუსია, სხვადასხვა მკურნალობის მეთოდია საჭირო.

ანა:

მყავს 7 წლის გოგო, დაუდგინეს დისპლაზია და 1 ხარისხის ხერხემლის გამრუდება. ვუკეთებ მასაჟებს. მაინტერესებს რაიდთერაპია რამდენად კარგი იქნება მისთვის.

-ზოგადად ნებისმიერი მკურნალობა მაშინ არის შედეგიანი, როცა ეს არის მუდმივი. რაიდთერაპია ეს არის მკურნალობა ცხენებით, რომელიც ძალიან კარგია კუნთოვანი სისტემის ტონუსის გასამაგრებლად, მაგრამ ეს თუ იქნება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შედეგს ვერ გამოიღებს. ნებისმიერი მკურნალობა მაშინ არის შედეგიანი, თუ ეს არის სტაბილური. ისე ზოგადად ძალიან პოპულარული მეთოდია მკურნალობისთვის.

ნანა:

S-ის ფორმის სქოლიოზი თუ ექვემდებარება გასწორებას უკვე ზრდასრული (25-დან 30 წლის ასაკში) ადამიანის შემთხვევაში. მე რამდენადაც მითხრეს, შესაძლებელია გასწორებაო, კერძოდ: მინიმუმ ერთ წლის ინტენსიური და მუდმივი ცურვის საშუალებითო. რამდენად სწორია? და რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით?

-სამწუხაროდ ხერხემლის გამრუდების გასწორება კონსერვატიული გზით არ ხდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით. ცურვა და ვარჯში აუცილებელია ტკივილის მართვისთვის და მის შესამცირებლად. რაც შეეხება გასწორებას, მისი იმედი ნუ გექნებათ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას