რამდენად უსაფრთხოა ავტომობილში ბუნებრივი აირის ავზის დამონტაჟება

რამდენად უსაფრთხოა ავტომობილში ბუნებრივი აირის ავზის დამონტაჟება

საწვავის ხარჯების ეკონომიის მიზნით ავტომანქანები მფლობელებს ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ. ეს ტენდენცია ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია. რამდენად უსაფრთხოა ავტომობილში ბუნებრივი აირის ავზის დამონტაჟება და რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა, რომელსაც ბენზინის შეცვლა ალტერნატიული საწვავით სურს. თქვენს კითხვებს, საქარტველო სატრანსპორტო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე პასუხობს.

გიორგი:

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო მეტალობალონი, ავტომობილში ჩასამონტაჟებლად?

-ავტომობილში აირ ბალონიანი სისტემის ჩანერგვა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობას წარმოადგენს. პირველ რიგში ადამიანი უნდა დაინტერესდეს თუ რამდენად სანდოა ის ფირმა, რომელიც ავტომობილის გაზზე გადაყვანას უზრუნველყოფს, ეს იქნება თხევად თუ ბუნებრივ აირზე მომუშავე. ანუ ავტომობილის კონსტრუქციაში ჩარევა ეს მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ამას დავუმატოთ ის რისკები, რაც ახლავს თან აირ ბალონიანი სისტემის მოხმარებას. ამ შემთხვევაში დაგვეხატება სრული სურათი იმ პოტენციური საფრთხის, რაც შეიძლება დაემუქროს თითოეულ ჩვენთაგანს თუკი არასწორად, არაკომპეტენტურად და უსაფრთხოების სტანდარტების შეუსაბამოდ დავამონტაჟებთ აირ ბალონს. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა ჩვენ მოვითხოვოთ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომ ეს ორგანიზაცია აკრედიტებულია და ის კომპეტენტურია, რომ უსაფრთხოდ დაამონტაჟოს აირ ბალონიანი სისტემა ავტომობილზე.

გიორგი:

რა დროში უნდა მოხდეს ავტომობილში ჩამონტაჟებული ბალონების შემოწმება?

-ამ საკითხს არეგულირებს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ გამოცდილებასთან. ეს არა მარტო აირ ბალონიან სისტემას ეხება, ეს ყველა პროდუქციას ეხება, რომლის ექსპლოატაცია შეიცავს საფრთხეს და რისკს ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის. ნებისმიერ ქარხანა - დამამზადებელს გააჩნია გარკვეული ვადა მისი შემოწმების. აირ ბალონიან სისტემას, როგორც წესი ხუთ წელიწადში ერთხელ ამოწმებენ, მაგრამ ეს არ არის რეცეპტი. ეს ქარხანა - დამამზადებლის მიერ დადგენილი ვადა ჰარმონიზებული უნდა იყოს ეროვნულ კანონმდებლობასთან და მას უნდა ქონდეს სპეციალური კომპეტენტური ორგანოს მიერ გაკეთებული ნიშანდება, რომ ეს აირ ბალონი დაჭირხვნით არის შემოწმებული წნევაზე. ასევე მითითებული უნდა ქონდეს ვადა შემდეგი შემოწმების. როგორც წესი ეს ნიშანდება ბალონს უკეთია.

ლაშა:

არსებობს უსაფრთხოების გარანტია, რომელსაც ტექნიკოსი გადასცემს მძღოლს ავტომობილში ბუნებრივი აირის ავზის ჩამონტაჟების დროს. მაგრამ აკადემიკოსები ამ საკითხს მაინც სკეპტიკურად უდგებით. რატომ?

-ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მივდივართ ევროპისკენ. მოდი ვნახოთ როგორ არის ეს ყველაფერი ევროპაში, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ის რომ ძალიან მკაცრად ხდება რეგლამენტირება ავტომობილის გაზზე გადაყვანის, ეს არის ერთი თემა, ამის გარდა სახელმწიფო მოითხოვს, რომ მძღოლს გააჩნდეს გარკვეული უნდარ-ჩვევები, ასევე ქონდეს ჩატარებული ინსტრუქტაჟი ასეთი ტიპის ავტომობილით ექსპლოატაციის. მას უნდა ქონდეს მოსმენილი კურსი, უნდა დასტურდებოდეს ეს ხელმოწერით, რომ ის გარკვეულია და საქმის კურსშია ავტომობილის გადაკეთების. შემდგომ მთელი პასუხისმგებლობა ნაწილდება მძღოლზე, რომელიც მართავს ამ ავტომობილს. ამიტომ სწორია, რომ აირ ბალონიანი სისტემის ჩამონტაჟების შემდგომ მძღოლმა აუცილებლად მინიმალური ცოდნა მაინც უნდა მიიღოს უსაფრთხოების ნორმების შესახებ- თუ როგორ უნდა "გააზაპრავკოს" გაზით თავისი აირ ბალონი, როგორ უნდა გაუწიოს ექსპლოატაცია, რა უნდა მოიმოქმედოს თუკი შეამჩნევს სუნს. ამიტომ აუცილებელია მძღოლმა ეს ყველაფერი იცოდეს.

სალომე:

ძალიან ეკონომიურია ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ავტომობილები, მაგრამ დღემდე მაქვს შიში, როცა გაზგასამართ სადგურზე შევდივართ. გთხოვთ განმარტოთ რა არის უსაფრთხოების ნორმები და რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ის.

-საერთოს შიში მომეტებული საფრთხის არსებობის გამო კარგია, ეს ადამიანის უსაფრთხო ცხოვრების მეკავშირე ხდება, რაც შემდგომ მის სიფრთხილეს განაპირობების. საერთოდ აირ ბალონიანი სისტემის  გაწყობის დროს თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია თუ როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი. იქ წერია, რომ მძღოლი უნდა გადმოვიდეს, ძრავი ჩააქროს, ლაპარაკი ზედმეტია სიგარეტის მოწევაზე და სანთებელას ანთებაზე. თუ მძღოლი ამას არღვევს ოპერატორი ღებულობს შესაბამის უსაფრთხოების ზომებს. ასე რომ სალომე დავამშვოდოთ. თუ ამ ნორმებს დაიცავს, არაფერი საშიში არ არის.

ნანა:

ავარიულ სიტუაციებში რომელი უფრო საშიშია, გაზზე თუ ბენზიზე მომუშავე ავტომობილები?

-როდესაც ბენზინის ავზიანი ავტომობილი ფეთქდება, ის ანგრევს ორ სართულიან სახლს, ხოლო როდესაც აირ ბალონიანი ფეთქდება ის ოთხ სართულიანს ანგრევს, მაგრამ ორივე ანგრევს, ამიტომ ორივე საშიშია. ორივე შემთხვევაში მთავარი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. ისევე როგორც ბენზინის სუნის შეგრძნების შემთხვევაში უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი და სასწრაფოდ აღმოვფხვრათ, ასევე უნდა მოვიქცეთ გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაშიც.აირ ბალონიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის სწორი ექსპლოატაცია არის გარანტი იმის, რომ მას არაფერი არ მოუვა.

გელა:

ხშირია შემთხვევბი, როცა თანხის დაზოგვის მიზნით მეორადი ბალონების შეძენა ხდება. რამდენად წარმოადგენს საფრთხეს, სხვა მანქანაში დამონტაჟებული ბალონის მეორე მანქანაში დამონტაჟება?

-ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროსაც ევროპულ გამოცდილებას დავესესხები, რომელიც ყველაზე მკაცრი და შემოწმებულია, ჩვენთან სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ელიავას ბაზრობაზე შეუძლია ადამიანს მთლიანად დააკომპლექტოს თავისი დაზიანებული ავტომობილი ასევე აირ ბალონიანი მეორად სისტემების იყიდება, როგორც ელიავაზე ისე ინტერნეტით, სხვადასხვა განცხადებებით. არავითარ შემთხვევაში შემოწმების გარეშე ამ სისტემის დაყენება არ შეიძლება, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მეორად აირ ბალონიანი სისტემის შეძენა შეიძლება თუკი ბალონი შემოწმდება დაჭირხვნით, შემოწმდება ჰერმეტულობაზე და ექნება კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ ეს სისტემა აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს.

გაგა:

ბუნებრივ აირზე ავტომანქანები ძირითადად იმათ გადაჰყავთ ვინც მთებში, ქალაქგარეთ და შორეულ გზებზე დადის, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ მძღოლები ძირითადად ორმოებს უნდა ერიდოს. ამ შემთხვევაში რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

-ამ შეკითხვის ავტორ მხედველობაში აქვს ის რისკი, რაც შეიძლება მექანიკური დაზიანებით, ანუ ორმოში ჩარტყმით ლითონის ან თანამედროვე მინა-ბოჩკოიანი არმირებული ბალონის ძირი დაზიანდეს. ნებისმიერი ასეთი დარტყმა არ არის სასიამოვნო და საფრთხის შემცველია მით უმეტეს, როცა ლითონი ასფალტზე გახახუნების დროს ნაპერწკლიანობს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ავტომობილის სწორი მართვის, სწორი ექსპლოატაციის წესები. ჩვენ უნდა ვერიდოთ ორმოებს და არ უნდა ჩავარტყათ ორმოში. უნდა ვერიდოთ ისეთ გზებზე სიარულს, სადაც რისკია, რომ ავტომობილის ძირი წამოედება ასფალტს. ასე რომ, მთავარი ამის წამალიც უსაფრთხოების ნორმების დაცვაა.

ლალი:

რა მეტალისგან მზადდება ბუნებრივი არის ბალონები და რა განსაზღვარავს მის სიმტკიცეს და უსაფრთხოებას?

-მაღალ წნევაზე მომუშავე აირ ბალონის ლითონის კაზმის შემადგენლობის ზუსტი ცოდნა რა თქმა უნდა არაფერს არ მისცემს ლალის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის განსაკუთრებული ხარისხის ფოლადი. ლითონის შემადგენლობის გარდა, ასევე ასევე განსაკუთრებულია თვითონ დამზადების ტექნოლოგიაც.თუ რა კომპონენტებს შეიცავს ბალონი ამ ყველაფრის ზუსტი ცოდნა ლალის არაფერს მისცემს, თუმცა თუ აინტერესებს თავისუფლად შეუძლია შევიდეს და ნახოს ინტერნეტში.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას