როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი ზრდასრულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას და განვითარებას, კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თამაზ გაბუნია პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ნანა:

რა სახის დაავადებები უშლის მოზარდს სიმაღლეში ზრდას?

-პირველ რიგში გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორი, ასევე მამა და დედა. თუ არის მათთან დაკავშირებული სიმაღლის პრობლემები, რა თქმა უნდა ის შთამომავლობაზეც აისახება. თუმცა, ამ ბოლო დროს სიმაღლეში ზრდის ტენდეცია შეჩერებულია. ამის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია. საერთოდ მსგავსი პრობლემები, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას იწყება. ფეხმძიმე ქალბატონები არ ღებულობენ იმ ძირითად ინგრედიენტებს, რაც ნაყოფს სჭირდება. რაც შეეხება სიტყვა "დისპლაზიას" , ეს დაავადება არაა, ეს არის ძვლების განუვითარებლობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ მუცლადყოფნის დროს დარღვეული ნორმებით, კალცისა და კვების დეფიციტით, გარემო ფაქტორებით და ა.შ. გარდა ამისა მომრავლდა საკეისრო კვეთები . ამ დროს ბავშვი ვერ ასწრებს ფიზიოლოგიურ განვითარებას. რატომღაც ქალბატონები, შიშის გამო თუ დისკომფორტის გამო, საკეისრო კვეთას არჩევენ, ეს კი პირდაპირ აისახება ბავშვის ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე. საუბედუროთ, როდესაც ასეთი ბავშვები მოჰყავთ ჩვენთან და გვაქვს სახეზე დისპლაზია, ანუ ძვლების განვითარების ჩამორჩენა, იძულებულები ვართ ჩავრთოთ მკურნალობაში კალცის გარკვეული პრეპარატები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 70-80% ბავშვებისა ძუძუთა კვებაზე არ იმყოფებიან. შესაბამისად, როცა ეს ფაქტორები ერთად იყრის თავს, ბავშვის ძვლებს აკლდება ის კომპონენტები, კალცი თუ ელექტროლიტები, რომელიც ძვლის ზრდას უწყობს ხელს. როდესაც ასეთი ბავშვები მოდიან ჩემთან და ვხედავ, რომ სახასარი განუვითარებელია, იძულებული ვარ ჩავრთო კალცი, მაგრამ ბავშვთა ასაკი ისეთია, რომ არის ძალიან ბევრი საზრდელი ძვლები, ხრტილები, რომლებიც ხელს უწყობს ნულოვანი ძვლების ზრდას, კალცის ზედმეტი დოზის გამო, კი ნაადრევად იხურება საზრდელი ძვლები და ბავშვი სიმაღლეში ზრდას აჩერებს. ანუ, ჭარბად მიღებული კალცის პრეპარატები, გამომდინარე მისი აუცილებლობიდან, აფერხებს მოზარდის სიმაღლეში ზრდას.

თეონა:

მაინტერესებს გლანდები როცა აწუხებს ბავშვს, ამ შემთხვევაში უშლის თუ არა ბავშვს სიმაღლეში ზრდას? რა ვიტამინი შეიძლება მივცე ბავშვს, მყავს 5 წლის გოგო და თავისი ასაკის ბავშვებს დაახლოებით მაქსიმუმ 5სმ–ით ჩამორჩება.

-არავითარი კავშირი არა აქვს ტონზილექტომიას და ნუშურა ჯირკვლების ანთებას სიმაღლეში ზრდასთან. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არავითარი ვიტამინები და საკვები დანამატები, მითუმეტეს თუ გოგონაა, არაა სასურველი. ესაა კვებითი დანამატები და არავინ იცის რა მეორად გართულებებს გამოიწვევს ის მომავალში. მე გთავაზობთ სხვა, მარტივ მეთოდს: ესაა ცურვა და ღერძზე დაჭიმვა.

თეონა:

ვისთან შეიძლება მივიყვანო ბავშვი სიმაღლესთან დაკავშირებით?

-რა თქმა უნდა, ორთოპედთან. სპეციალისტმა აუცილებლად უნდა ნახოს რა მდგომარეობაშია ხერხემალი, ტერფები და შესაბამისად დაინიშნოს მკურნალობა. მე მესმის, რომ მშობელი დაინტერესებულია შვილი ატაროს სპორტზე, ცეკვაზე, თუმცა არ ფიქრობენ იმას, არის თუ არა ეს ბავშვი ცეკვაზე მისაყვანი. როდესაც ბავშვი იბადება გარკვეული პრობლემებით, მისი ძვლოვანი სტრუქტურა არაა მზად ორთოსტატიული დატვირთვისთვის. ყალიბდება ბრტყელი ტერფი, ირღვევა ტანდეგობა, მრუდდება ხერხემალი და ბავშვიც სიმაღლეში სხვანაირად მიდის. 10-12 წლის მერე, თუ ზრდის პრობლემაა, აუცილებელია ჩავეძიოთ ანამნეზს, გენოფონს და გავარკვიოთ გვაქვს თუ არა საქმე გიპოკალცემიასთან.

მარინა:

ბავშვი დაიბადა 3,300 კგ, ახლა არის 10 წლის, სიმაღლე 134 სმ, წონა 29 კგ, არის თუ არა დარღვევა ზრდაში. მშობლები ორივე მაღლები ვართ.

-რა თქმა უნდა დარღვევაა. აუცილებელია ნახოს ორთოპედმა. გაკეთდეს ანალიზები, სისხლზე, კალციუმზე, ფერმენტზე. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაც კი, რომელიც ფარულად მიმდინარეობს და ცვლის ჰორმონალურ ფონს, აუცილებლად მოქმედებს ზრდის პროცესზე.

მკითხველი:

9 წლის გოგონა მყავს, თანატოლებს ჩამორჩება სიმაღლეში და მაინტერესებს რამე ვიტამინები ხომ არ უნდა მივცე ამ დროს? ან სპორტის რაიმე სახეობას ხომ არ მირჩევდით?

-არავითარი ვიტამინები. 9 წლის გოგონაა და წინ ელოდება მენსტრუაციული ციკლის დაწყება და ამ ვიტამინებმა შეიძლება საერთოდ წაშალოს ჰორმონალური ფონი. ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ ცურვას.

ნათია:

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ბავშვის ზრდის პრობლემის შემთხვევაში?

-მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჰორმონალური დანამატების, რადგან მან შეიძლება ხელი შეუწყოს ზრდას, მაგრამ შეცვალოს ჰორმონალური ფონი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ სპორტი, - ცურვა და კალათბურთი.

ელზა:

ოთხი ხუთი თვის ასაკის ბავშვისთვის თუ შეიძლება ისეთი ვიტამინების მიღება, რაც შემდგომში მის ზრდას შეუწყობს ხელს?

-კატეგორიულად გამორიცხულია.ძუძუ თუ აქვს დედას, ჯობია ის მისცეს ცხრა თვემდე.

მარი:

შეიძლება სწორი მიდგომით ბავშვი იმაზე მაღალი გაიზარდოს, ვიდრე გენეტიკაში აქვს? რა არის ამისთვის საჭირო?

-რატომაც არა, კი ბატონო. თუ სწორ რეჟიმს შეურჩევთ, იქნება ეს სპორტი თუ სხვა ფიზიკური აქტივობა, ცურვა, ღერძი, კალათბურთი, რა თქმა უნდა შესაძლებელია.

ნინო:

6 წლის ბიჭი ჭამს ბევრს, კარგად, მაგრამ ძალიან ცუდად იმატებს წონაში. რა შეიძლება იყოს მიზეზი, ან რომელ სპეციალისტს მივუყვანოთ?

-ამ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა ნახოს დიეტოლოგმა. გამოიკვლიონ ფერმენტები და ჰორმონალური ფონი. ალბათ ხდება რაღაც ისეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ვერ ითვისებს იმ საკვებს, რომელიც მან უნდა მიიღოს.

ნიკოლოზი:

9 წლის ბავშვი რა სიმაღლის უნდა იყოს?

-ნორმა არ არსებობს. ეს წიგნებში წერია, რომ გარკვეული ნორმა არსებობს, მაგრამ ასე არაა. ზოგისთვის რა არის, ნორმა, ზოგისთვის რა.

მკითხველი ნინი:

ჩემს 2,5 წლის ბიჭს ვერ ვაძლევ რძის პროდუქტებს ალერგიის გამო. ალბათ ამ მიზეზით, სიმაღლეში ჩამორჩება, არის 88 სმ. იქნებ მირჩიოთ როგორ შევუწყო ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ?(გენეტიკურად, დაბალი არავინ გვყავს).

-აუცილებლად უნდა გყავდეთ ერთი ალერგოლოგი, რომელიც ამ ბავშვს გაყვება ბოლომდე, გარდა ამის, აუცილებელია ცურვა და ღერძი, რომელიც გექნებად სახლში და დღის განმავლობაში 3-4 ჯერ დაეკიდება ბავშვი. ეს ხელს უწყობს ხერხემლის გაჭიმვას. რაც შეეხება კვებით დანამატებსა და ვიტამინებს, გირჩევთ თავი შეიკავოთ.

მაიკო:

სპორტის რა სახეობა უწყობს ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის სპორტის კონკრეტულ სახეობაზე მიყვანა?

-ეს არის ძალიან კარგი კითხვა. თუ მშობელი ღელავს ბავშვის სიმაღლეზე, 4 წლიდან უკვე შეუძლია ატაროს ცურვაზე. 5-6 წლიდან კალათბურთზე. რაც შეეხება განტელებს და შტანგებს, ეს კატეგორიულად იკრძალება.

ეკა:

თუკი დედა და მამა არიან საშუალო სიმაღლის, სავარაუდოდ არც ბავშვები გაიზრდებიან მაღლები. ( არიან 4-5 წლისანი). უკვე უნდა ვიზრუნოთ ბავშვების სიმაღლეში მომატებაზე?

-არავითარ შემთხვევაში. დაანებეთ ბავშვებს თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ბავშვი 10 წლამდე არ იზრდება, ეს კატასტროფა არაა. შეიძლება ჰორმონალური მომწიფების ასაკში, მან უცებ აიყაროს ტანი და 4, 5, 7 სანტიმეტრით მოიმატოს.

ნიცა:

ცხრამეტი წლის ბიჭისთვის დაგვიანებული ხომ არ არის სიმაღლეში ზრდისთვის რაიმე საშუალების გამოყენება?

-არა, დაგვიანებული არაა. ისევ და ისევ ცურვა და ღერძზე დაჭიმვები. თვითონაც გადაზომოს და ნახოს, ღერძზე დაჭიმვებით 2-3 სანტიმეტრს აუცილებლად მოიმატებს. 19 წლის ბიჭია, თუმცა შესაძლოა ზრდა არ იყოს დასრულებული. ჩვენ ასეთებს ვეძახით ინფანტილურ ბავშვებს. არის მეორე კატეგორია, როცა 14 წლისაა და უკვე წვერიც აქვს და დამთავრებული აქვს ზრდა.

ანა

უშლის თუ არა ხელს ხერხემლის მსუბუქი გამრუდება მოზარდის სიმაღლეში ზრდას?

-რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეჩერებისა არის ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც გვხვდება სამი სახით. ესენია: სქოლიოზი, კიფოზი და ლორდოზი.

ანა:

მყავს 14 წლის შვილი, ასაკთან შედარებით დაბალია. რა საშუალებას უნდა მივმართო?

-14 წლისაა? საინტერესოა დედა და მამა რა სიმაღლისაა. თუ ძალიან ღელავთ ბავშვის სიმაღლეზე, აუცილებელია გამოიკვლიოთ ჰორმონალური ფონი.

ნატალია:

ჩემი ვაჟი 12 წლისაა. არ ჭამს. კალცის ნაკლებობა გვაქვს და ჰემოგლობინი დაბალი. ზრდა შეაჩერა. რომელ ვიტამინს მირჩევთ ზრდისათვის?

-კალცის ნაკლებობა საიდან დადგინდა, გამოკვლეულია ბავშვი? მე არ ვარ მომხრე ამ დანამატებისა და ვიტამინების. საუკეთესო და ბუნებრივი საშუალებაა სტაფილო. სტაფილოს წვენი იდეალურია, რადგან მასში შედის კაროტინი, (K) ვიტამინი და აუცილებელიცაა მოზარდისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მოზარდებში და მითუმეტეს გოგონებში, ბიოსტიმულატორების დამატების.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას