როგორ ჩავიცვათ, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ

როგორ ჩავიცვათ, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ

გაზაფხულის დადგომისთანავე მოდის სეზონური ტენდენციები აქტუალური ხდება. რას გვთავაზობენ წამყვანი დიზაინერები წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის, რა იქნება აქტუალური და რა სიახლეებია ამ სფეროში, როგორ ჩავიცვათ, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ? თქვენს შეკითხვებს დიზაინერი მანანა მანია პასუხობს.

მაკა:

როგორ ჩავიცვათ ახალგაზრდა საქმიანმა ქალბატონებმა სამსახურში, ისე, რომ მოდურადაც გამოვიყურებოდეთ? (ვგულისხმობ 25-30 წლის, საშუალო სიმაღლის და ნორმალური წონის გოგონებს).

-მოდურად, რომ ჩავიცვათ ამისთვის ასაკს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მე ვთვლი, რომ მოდურად ყველამ უნდა ჩავიცვათ. რაც შეეხება სამსახურის სტილს, გააჩნია სად ვმუშაობთ. თუ ბანკია ეს სამსახური, (რაც თბილისში ძალიან მოდურია) შესაბამისად იქ აცვიათ ძირითადად პერანგები და მათ ვიცნობთ ყველგან თავისებური სტილით, სადაც არ უნდა ვნახოთ. აქედან გამომდინარე, სტილის შერჩევისას მთავარია ის, თუ სად ვმუშაობთ.

სალი:

რა ფერები შგვიძლია წელს შევახამოთ ერთმანეთთან ისე, რომ ვულგარულადაც არ გამოვიყურებოდეთ?

-წელს, ფერების შეხამებას არანაირი კავშირი არა აქვს. მოდური ყველა ფერია ყოველთვის, მე ძალიან არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ წელს "ეს არის" მოდაში, მე ამაზე მეცინება, სიმართლე რომ გითხრათ, რადგან ფერი ისეთი რამეა, რომ მოდიდან არასდრის გადადის. მე პირადად პატივს ვცემ ყველა ფერს. გარდა ამისა, გააჩნია ვის აცვია, როგორ აცვია, და შეხამებაც ინდივიდუალურია. მე ძალიან მომწონს შაბიამნისფერისა და ყავისფერის კონტრასტი, მალინა და ნაცრისფერი, ყავისფერი ბეჟთან და წითელი და შავი თავისთავად. ასევე, არაჩვეულებრივია თეთრი წითელთან. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია ვინ იცვამს სამოსს.

ნანა:

ვარ ოცი წლის. მაქვს ღია კანი, რიჟა და ხვეული თმები, მომწვანო თვალები. საშუალო სიმაღლე და წონა. მინდა მოხდენილად, ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდე. მაინტერესებს რა სტილის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებაზე?

-თქვენ, ისე როგორც დაახასიათეთ საკუთარი თავი, სიმაღლე და წონა ნორმალურიგაქვთ, ის რომ წითური თმა გაქვთ, ესეც დიდი პლუსია, ჩემგან პირადად დიდი კომპლიმენტი თქვენ. რაც შეეხება სამოსს, თქვენ შეგიძლიათ მოირგოთ თითქმის ყველა სტილი, ხოლო თუ დავკონკრეტდებით, წითურს ძალიან უხდება ყავისფერი, ტერაკოტი, ხაკი, ეს ჩემთვისაც ძალიან გამორჩეული ფერია.

ლალიკო:

ვარ 165 სმ. 50 კგ. ქერა. (მაპატიეთ უნდა დავკონკრეტდე, აღნაგობის ფონზე მაქვს დიდი მკერდი, რაც დისკომფორტს მიქმნის). გთხოვთ მირჩიოთ, როგორი სამოსის ჩაცმით შევძლებ კომპლექსის დაძლევას?

-საერთოდ მკერდი რომ დაიმალოს, არ უნდა მივცეთ გაჭრა მკერდის ქვეშ. დიდი მკერდის  შემთხვევაში, აუცილებელი პირობაა, სამოსი არ იყოს გადაჭრილი მკერდთანს. აუცილებელია კაბა იყოს დავარდნილი მკერდიდანვე და არ იყოს დაკონკრეტებული სხეულის ეს ნაწილი. მქონია შემთხვევა, როცა გამიკეთებია გამოყვანილი სტილი დიდი მკერდის მქონე შემკვეთისთვის, თუმცა პრობლემურ ადგილში, მაინც ფრთხილად ხდება დამუშავება და სწორედ ამაში მდგომარეობს დიზაინერის პლუსი. გათვალისწინებული უნდა იყოს ისე ყველა პრობლემური წერტილი, რომ შემკვეთი არ დარჩეს უკმაყოფილო.

სალომე:

არსებობს თუ არა დღეს ჩვენ ქვეყანაში გემოვნების დეფიციტი, თუ ეს უფრო ფინანსებთანაა დაკავშირებული?

-რა თქმა უნდა ყველას არა აქვს იმის საშუალება, რომ დიზაინერთან იაროს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს დიდად არცაა საჭირო. მთავარია გემოვნება. შეიძლება ადამიანმა იყიდოს ბაზრობაზე 50 ლარიანი, ან 100 ლარიანი და მოირგოს ძალიან გემოვნებიანად. შეიძლება გამოიყენოს სათვალე, ჩანთა, თუნდაც ბეჭედი და უკვე რაღაც გვაქვს.

2) არსებობს თუ არა ისეთი კომბინაცია, რომლის მორგებაც უგემოვნოდ შეიძლება ჩაითვალოს?

-ხშირად დავდივარ წვეულებებზე, კონცერტებზე, ვნახე გოგონა, რომელსაც ჰქონდა ტანის არაჩვეულებრივი პროპორციები და ვიზუალური მონაცემი, თუმცა, ისე შეუსაბამო იყო სამოსიც და ვარცხნილობაც, რომ გული დამწყდა. მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც მართლა ძალიან უჭირთ, მაგრამ ორი კაბა ისე აცვიათ, რომ გეგონებათ იმოსებიან მოდის სახლებში. ეს უკვე გემოვნების ამბავია და ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან.

საერთოდ გემოვნება ყალიბდება შიგნიდან და ამას ვერ შეიძენ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემოყალიბებულები არიან ასე თუ ისე, უყურებენ ფილმებს, დაფრინავენ საზღვარგარეთ, მაგრამ გემოვნება მაინც დაბალ ზღვარზე აქვთ. მიჭირს ასეთ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ითქვას.

სესილია:

მაინტერესებს მკერდს ქვემოთ გადაჭრილი კაბა ვიზუალურად ამცირებს თუ არა ქალბატონის სიმაღლეს?

-საერთოდ მკერდს ქვემოთ გადაჭრილი კაბა სიმაღლეზე მუშაობს. თუმცა, არის შემთხვევა, რომ ეს მაღალ ქალს სჭირდება და პირიქით, აუცილებელია ეს სტილი მოირგოს. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს დიდად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, ამ დროს გათვალისწინებული იქნეს მკერდის ზომა, რაზეც ვისაუბრეთ კიდეც ზემოთ.

ბექა:

მხიარული ფერები თუ იქნება ზაფხულში მოდაში და რას ეძახით თქვენ მხიარულ ფერებს?

-მხიარული ფერები ყოველთვის მოდაშია. ზაფხულია და ეს ფერები უხდება. წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები ზაფხულს და ზღვას ძალიან უხდება. ასევე უხდება თბილისსაც. როცა გვაცვია ლამაზი სანდლები, არ უნდა გვეცვას  შავი კაბა (თუმცა შავი შეიძლება, გარკვეული მასალის გათვალისწინებით) არამედ, მხიარული ფერები ამ შემთხვევაში. მთავარია გვიხდებოდეს ის ფერი, რაც გვაცვია. კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ სტილი უნდა გვიხდებოდეს. ზოგს აქვს ისეთი სახე, რომ ვერ ჩაიცვამს წითელს, ატმისფერს. ამიტომაა, რომ ჩვენ, დიზაინერები ვმუშაობთ ინდივიდუალურად და არა მასიურად.

ინგა:

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ დაბალწელიანი შარვალი აფუჭებს თეძოს და წარმოშობს ზედმეტ ფენას თეძოზე, მაინტერესებს რა შეიძლება გავაკეთო, რომ თავიდან ავიცილო მსგავსი პრობლემა, რომელიც უკვე მაწუხებს?

-აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დაბალი წელი ტანს ძალიან აფუჭებს, ვიზუალურადაც და ფიზიკურადაც. დაბალი წელი ძალიან ადაბლებს ფეხის სიგრძესაც. მაღალი წელი უფრო დახვეწილ ტანს აჩენს. ასე, რომ დაბალ წელს ძალიან ბევრი მინუსი აქვს.

ტასო:

როგორ ჩაცმულობას მიიჩნევთ გემოვნებიანად და რისი მიხედვით ხდება შეფასება?

-გემოვნებიანი ჩაცმა არის ისევ და ისევ ინდივიდუალობა. თუ ვიღაცა თვლის, რომ გემოვნებით აცვია, შეიძლება სხვამ, საერთოდ არ ჩათვალოს ეს გემოვნებიანად. ძირითადად მაინც უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანი მხვდება და ეს ყველაფერი დეტალების გამო. ზოგს ჩანთა აქვს უგემოვნოდ შერჩეული, ზოგს სამკაული. ხშირად საჩუქრად ვატან კლიენტს აქსესუარს, რადგან ის მოდელი, რომელიც მე შევკერე, სხვა აქსესუარით არ გააფუჭოს. არის შემთხვევა, რომ ზოგს სტილიდან ამოვარდნა უხდება, ისე როგორც სხვას დავუშვათ სტილში ყოფნა. ამიტომ გააჩნია ადამიანის ტიპაჟს. გარდა ამისა, ძალიან არ მომწონს დავარცხნილი ადამიანი. ვთვლი, რომ ბუნებრიობა ბევრად უფრო მოდურია. დღეს თბილისელების 60% დაბერილი ტუჩებით დადის. ეს არაა მოდა. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

მაიკო:

მაინტერესებს ე.წ. "ლიპეები" თუ არის ახლა მოდაში, ან როგორი სტილის ტანსაცმელთან შეიძლება გამოვიყენო ის?

-"ლიპა", როგორც ასეთი, რომ ვთქვა ისტერიულად, არაა მოდაში. იყო, მოდაში ადრე, დღეს ვიყენებთ იქ, სადაც მხარია დაბალი. თუ მოდაშია და არ გიხდება, ეს არაა უკვე მოდური. მე ვხმარობ დღეს ძირითადად პალტოებში, პიჯაკებში და ისიც დაბალ "ლიპას"

თაკო:

როგორ უნდა ჩავიცვათ, რომ ვიზუალურად დიდი მკერდი ცოტა დაპატარავდეს და ტანთან ჰარმონიაში იყოს?

-მკერდი, რომ ვიზუალურად დაპატარავდეს, მკერდის ხაზი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში უნდა ჩაიცვათ უფრო მოშვებული, დავარდნილი კაბა. მკერდთან გადაჭრილი მოდელი, კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს.

თათია:

გამხდარმა დაბალმა გოგოებმა, რომლებსაც ცოტა დიდი გვერდები და მოკლე ფეხები აქვთ და მაღალქუსლიანის ჩაცმა არ შეუძლიათ (რიგი მიზეზების გამო). როგორი სტილის ტანსაცმელი უნდა ატარონ რომ ფეხები ვიზუალურად ცოტა გრძელი გამოჩნდეს?

-ამ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს მუხლი. სამაგიეროდ უნდა გამოჩნდეს აუცილებლად წვივი. რაც შეეხება დიდ გვერდებს, როცა დიდი გვერდი გვაქვს, უნდა ვეცადოთ გამოყვანილი სილუეტი, ე.წ. "ფანქარი", არ უნდა იყოს გამოყენებული. თუ საშუალო გვერდია, კი ბატონო, თუ ზომა ძალიან დიდია, არავითარ შემთხვევაში გამოყვანილი მოდელი და მუხლების გამოჩენა.

თათია:

ძალიან დიდი ვარ წელს ზემოთ, ფეხები წვრილი მაქვს. ვერნაირ ტანსაცმელს ვერ ვიხდენ. იქნებ ჩაცმის მოხერხებული სტილი მირჩიოთ (მუცელი მაქვს ძალიან დიდი, მკერდი 4 ზომა. სიმაღლეში 167 სმ).

-სიმაღლე ნორმალურია ამ შემთხვევაში და თუ დიდი მკერდია და მუცელი, უნდა დაიფაროს, სამაგიეროდ უნდა გამოჩნდეს აუცილებლად წვივი. ასეთ შემთხვევაში კარგია ჩაშვებული მოდელები.

ლელა:

ვარ 161 სმ, 50 კგ. შავგრემანი. ძალიან მინდა გაზაფხულზე და ზაფხულში ჩავიცვა კაბები და სარაფნები. გთხოვთ მირჩიოთ, როგორი სტილი შევარჩიო?

-თქვენ ნორმალური ტანის გოგონა ხართ და აუცილებლად უნდა ჩაიცვათ თითქმის ყველა ტიპი. მე მყავს ადამიანები, რომლებიც არ არიან იდეალური სილუეტის მქონენი, თუმცა კარგად ირგებენ სტილს. მყავს გამხდრები, ნორმალური აღნაგობის შემკვეთები, თუმცა ვერ მოაქვთ მოდელი მნახველამდე. ამიტომ ვთვლი, რომ მთავარია ვიხდენდეთ იმას, რაც გვაცვია. მინახავს ადამიანი, რომელიც არაფერია, თუმცა ეფექტს ახდენს. ზემოთ ვისაუბრე გოგონაზე, რომელიც არაჩვეულებრივი იყო, თუმცა ისე უგენოვნოდ ეცვა, ვფიქრობ ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას