რუჯი, კანის აქერცვლა, პიგმენტური ლაქები და სოკო - დერმატოლოგის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც ზაფხულში გაწუხებთ

რუჯი, კანის აქერცვლა, პიგმენტური ლაქები და სოკო - დერმატოლოგის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც ზაფხულში გაწუხებთ

ზაფხული რუჯის მოყვარულთა სეზონია. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელი კანიც შევინარჩუნოთ? - მკითხველის კითხვებს დერმატოლოგი ცირა ლეონიძე პასუხობს.

თეონა:

როგორც კი ზღვიდან დავბრუნდები, მაშინვე მექერცლება კანი, თუნდაც არ ვიყო დამწვარი... როგორ უნდა დავიტენიანო, ან როგორ მივიღო ნამზეური ისე, რომ მაქსიმალურად შევამცირო კანის აქერცვლა?

- როდესაც აქერცვლის პროცესი მიდის, ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა გარუჯვის შემდეგ. ქერცლი ეს არის მკვდარი დაზიანებული უჯრედები. აუცილებელია, გარუჯვის შემდეგ დამატენიანებელის გამოყენება. ეს დამოკიდებულია მატერიალურ მდგომარეობაზე - არის ძვირადღირებული, ასევე უბრალო დამატენიანებელი კრემები, რომლის გამოყენებაც შეიძლება კრემის, ან ემულსიის სახით. ეს უკვე ადამიანის არჩევანია. ეს არ არის რთული პროცედურა და არის მარტივად გამოსაყენებელი.

ლიკა:

როცა სახე წითელი გაქვს, როგორ შეიძლება გავირუჯოთ ისე, რომ დავფაროთ სიწითლე?

- როდესაც სახის კანი არის წითელი, გარუჯვა არ არის სასურველი, იმიტომ, რომ გარუჯვის პროცესი კიდევ უფრო ზემოქმედებს კანის კაპილარებზე. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც კანქვეშა კაპილარები კარგად აქვთ განვითარებული და გამოხატული, აუცილებლად მზის დამცველი კრემი უნდა გამოიყენონ, რომელსაც აქვს მაღალი მზის დამცველობა. ეს არის 50+FPF - ანუ მზის დამცველი ფაქტორი 50+ -ით.

აუცილებელია, თუნდაც მზის დამცველს იყენებდეს, პირდაპირი მზის სხივებისგან თავის დაცვა. ქოლგის ქვეშ უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები მზეზე, რადგან თავიდან აიცილონ გართულებები, რომელიც შეიძლება გარუჯვას მოჰყვეს. კაპილარების ჭარბი არსებობა სახეზე ეს არის წინაპირობა კანის გარკვეული დაავადებისა.

კოკა:

ძალიან მაინტერესებს ნამზეურის მიღებიდან რადენ ხანში შეიძლება კანის გაწმენდა, ან ეპილაცია?

- კანის გაწმენდა და ეპილაცია გარუჯვის შემდეგ შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიწითლე აღარ იქნება. კანის სიწითლე, ეს არის პირველი ხარისხის დამწვრობა და ამ პერიოდში ნებისმიერი პროცედურა არის დაუშვებელი, რადგან შესაძლებელია გარკვეული გართულებები მოჰყვეს. როდესაც სიწითლე გადაივლის და კანზე აქერცვლითი პროცესი აღარ იქნება, მერე უკვე შესაძლებელი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

კატო:

თეთრი კანი მაქვს და აუზზე ისე დავიწვი, კანი წითელი მაქვს და შეხებისას მტკივა. რას მირჩევთ?

- გარუჯვის მიხედვით კანი არის ექვსი სახეობის: პირველი ტიპი არის თეთრი კანი, რომელიც არასოდეს არ ირუჯება და ყოველთვის იწვება. მეორე ტიპის კანი ძალიან ძნელად ირუჯება და ყოველთვის იწვება. მესამე ტიპის კანი - ეს არის როდესაც გარუჯვასთან ერთად დამწვრობაც ხდება. მეოთხე ტიპის კანი - ყავისფერი კანი, რომელიც მარტივად იღებს ნამზეურს. მეხუთე ტიპის კანი თავისუფლად ირუჯება და დამწვრობის თავიდან აცილება შეიძლება. მეექვსე ტიპის კანი არასოდეს არ იწვება და ძალიან სწრაფად ხდება გარუჯვა. ამ შემთხვევაში შეიძლება პაციენტს აქვს პირველი, ან მეორე ტიპის კანი, რომელიც არ ირუჯება.

გარუჯვა ეს არის მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კანზე პიგმენტაციის წარმოქმნა. ამ პიგმენტაციის წარმოქმნა არის შეფერხებული და ეს გარკვეულწილად არის ფიზიოლოგიური პროცესი. კანის პიგმენტის წარმოქმნა ეს არის დამცველობითი ფუნქცია მზის სხივებზე.

ნანა:

ზაფხულობით სახეზე მიჩნდება პიგმენტური ლაქები, რა უნდა იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და რას მირჩევთ?

- არის პიგმენტური ლაქები, რომელიც შეიძლება ტანზე გაჩნდეს. ეს შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადება, რომელიც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გამოვლინდება და არის ასევე ჰორმონალური დარღვევების ფონზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები. ასევე შეიძლება გარკვევულ პრეპარატებს ღებულობდეს: ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ან ანტიბიოტიკს, რომელიც მზეზე პიგმენტაციის გაჩენას იწვევს. დასადგენია რა პიგმენტაციაზეა საუბარი. პიგმენტური ლაქა შეიძლება იყოს თეთრი, ან ყავისფერი. თუ ახალგაზრდა ასაკში ხდება, მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატების გამოყენება, თუ 40 წლის ზემოთ ასაკშია, მაშინ უკვე ხდება ასეთი პიგმენტური ლაქების გაჩენა. არის ასევე გარკვეული დაავადებები, რომელიც პიგმენტაციის გაჩენას უწყობს ხელს.

სალომე:

ზღვაზე დასვენების შემდგომ ყოველთვის არის სოკოვანი დაავადების გაჩენის რისკი. ამასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ?

- არსებობს მრავალი სახეობის სოკო. მათი გამრავლების ხელშემწყობი პირობები და ინფიცირების წყარო არის სისველე. ნოტიო ადგილში სოკო კარგად მრავლდება. ზღვაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას. უამრავი თავშეყრის ადგილებია, სადაც ფეხშიშველი დადის ადამიანი, კანის კონტაქტი უფრო მეტი არის გარემოსთან და რაც მთავარია სისველე უფრო მეტია. ფეხის გამშრალება არ ხდება: ადამიანი ზღვაში ჩადის-ამოდის და სველი რჩება თითებს შორის ადგილი. ამიტომ ეს არის სოკოს გამრავლების და ინფიცირების საუკეთესო საშუალება.

მაია:

ვის ეკრძალება სოლარიუმში გარუჯვა?

- ევროპაში 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის აკრძალულია სოლარიუმში გარუჯვა. პირველ რიგში ეკრძალებათ მათ, ვისაც აქვთ ხალები! ხალი ეს არის განწყობა იმისა, რომ ტრამვირების, ან მზეზე ხანგრძლივი ყოფნის დროს, მოხდეს გადაგვარება. ასე რომ ვისაც აქვს ხალები, კატეგორიულად ეკრძალება სოლარიუმი. არის ასევე გარკვეული დაავადებები, რომლის დროსაც სოლარიუმი არ შეიძლება. ეს არის კანის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, სიმსივნე, მზისადმი ალერგია... რეკომენდაციაა, რომ კვირაში ორჯერ მეტად არ მოხდეს სოლარიუმში ვიზიტი.

ქეთი:

რუჯი კანს აბერებს. როგორია თქვენი რეკომენდაცია ზღვაზე დამსვენებლებისთვის და რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ გარუჯვის მიზნით სოლარიუმებს?

- მზის სხივები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე - წარმოიქმება D ვიტამინი, მაგრამ არ არის სასურველი ჭარბი რაოდენობით.

ხელოვნური გარუჯვა და მზის სხივების ზემოქმედება, რაც სოლარიუმის სახით შემოვიდა, არის უპირატესად ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის გათვლილი. თვითონ მზის სხივები, იგივე სოლარიუმის სხივები, სამი გზით ახდენენ ზემოქმედებას ორგანიზმზე: 1) ეს არის კანის კაპილარებზე ზემოქმედება, რაც იწვევს სიწითლეს 2) ეს არის ელასტიურ ბოჭკოებზე ზემოქმედება, რომელიც კანში არსებობს. სწორედ ელასტიური ბოჭკოების დაზიანება ხდება მზის ზემოქმედებით და ეს იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას 3) ეს არის კანის უჯრედების ”დნმ”-ზე მოქმედება. ”დნმ”-ის დარღვევა იწვევს კანის სიმსივნის განვითარებას. ყველაზე მძიმე ზემოქმედება ჭარბი ინსულაციისა, ეს არის კანზე სიმსივნის განვითარება. კანის სიმსივნეები 12 წელიწადში ორმაგდება. კანზე გამოვლენას ის უპირატესობა აქვს, რომ ვხედავთ თუ რა პროცესი მიმდინარეობს და შედარებით უფრო დროულად მიმართავენ ექიმს.

ნანა:

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი?

- ჯანმრთელი კანის შენარჩუნება ეს არის ჯანმრთელი ორგანიზმი. კანი არის ორგანიზმის საფარველი და კანზე აისახება ყველაფერი ის, რაც შინაგან ორგანოებში ხდება. ჯანმრთელი ორგანიზმი ეს თავისთვად არის ჯანმრთელი კანი!

ლია:

რამდენადაც ვიცი სტრიები არ ირუჯება, რას უნდა მივმართოთ რომ გავირუჯოთ თანაბრად?

- სტრიები არ გაირუჯება, იმიტომ, რომ სტრია ეს არის კანის ატროფია. უბანში სადაც სტრიაა განვითარებული, პიგმენტი არ გამომუშავდება. გააჩნია სტრიები რისგან არის გამოწვეული. სტრიების გასარუჯად შეიძლება გამოვიყენოთ ავტორუჯი. კრემი, რომ ის ადგილები დაიფაროს და არ იყოს კონტრასტი დანარჩენ ჯანმრთელ, ნორმალურ კანთან.

ლია:

როგორ გავაყუჩოთ მზის დამწვრობისგან მიღებული ტკივილი?

- ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელით. არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება შეიძლება ამ დროს.

მარი:

მთაში მიღებული რუჯი უფრო სასარგებლო და ხანგრძლივია, თუ ზღვაზე?

- მზის სხივების ზემოქმედება მთაში უფრო ინტენსიურია, ვიდრე ზღვაზე. მანძილი, რომელსაც გადის სხივები, უფრო მოკლეა და რაც უფრო მაღლა ვართ, უფრო ინტენსიურია. მთაში მზის სხივების ზემოქმედება არის ორმაგი. ეს არის პირდაპირი მზის სხივები და თოვლიდან ანარეკლი. ამ შემთხვევაში სახეს სჭირდება დაცვა. რადგან ცივა, სითბური ეფექტი ნაკლებია და აუცილებლია მაღალი მზის დამცველობა დავიხმაროთ. თუ ზაფხულის პერიოდია, ანარეკლი ამ დროს ნაკლებია. მნიშვნელობა აქვს მთაში რა ადგილას ვიმყოფებით.

რაც შეეხება ზაფხულში ზღვაზე რუჯის მიღებას, ამ შემთხვევაში რამდენიმე სახით ხდება რუჯის მიღება - პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება; ანარეკლი ზღვიდან; ანარეკლი ქვიშიდან და შენობებიდან.

რაც შეეხება ღრუბლიან ამინდში რუჯის მიღებას - ღრუბელი ეს არის წყალი. ის გადის გარკვეულ ფილტრს და დიდი ინტენსივობით აღარ ზემოქმედებს, მაგრამ გარეთ ყოფნის ხანგრძლივობა უფრო მეტია.

თბილისის რომელ ქუჩებზე და რა დროით შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა