ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ გაზაფხულზე ალერგია გიმწვავდებათ - ალერგოლოგის რეკომენდაციები

რა უნდა იცოდეთ, თუ გაზაფხულზე ალერგია გიმწვავდებათ - ალერგოლოგის რეკომენდაციები

გაზაფხული ალერგიული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო, უსიამოვნო სიურპრიზების პერიოდია. მცენარეთა მტვერი ზოგს - მსუბუქ, ზოგს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მათ ისღა დარჩენიათ, მოთმინება მოიკრიბონ და დაელოდონ დროს, როცა ყვავილობა დასრულდება და პრობლემებიც გაივლის.

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალეგიას - კითხვებს ალერგოლოგი მაია მაკალათია პასუხობს.

- სეზონურ ალერგიაში იგულისხმება პოლინოზი, რომელიც გამოწვეულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ალარგენებით. ჩვენ პოლინოზს ვუკავშირებთ ყვავილობას და გამოვყოფთ სამი ტიპის მცენარეებს: ხე-მცენარეები, მარცლოვნები და სარეველა მცენარეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ყვავილობენ და აქედან გამომდინარე, მათი მტვერი სხვადასხვა დროს წარმოიშობა.

ხე-მცენარეები იწყებენ ყველაზე ადრე ყვავილობას - იანვრიდან მაისამდე. აპრილში იწყება მარცვლეულის ყვავილობა და დამტვერვა და ცოტა უფრო მოგვიანებით, ივლისის ბოლოდან იწყება სარეველა მცენარეები.

ხე-მცენარეების მტვერი უფრო მძიმეა. ამიტომ ისინი იშვიათად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, თუმცა შემთხვევები გვაქვს. ყვავილობა და დამტვერვა განსაკუთრებით გამოიხატება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, რომელიც გრძელდება ხშირად ივლისამდე და ეს იწვევს ყველაზე შემაწუხებელ სიპტომატიკას, რაც ხშირად გარშემომყოფებში შეიმჩნევა (თვალების ქავილი, ცრემლდენა, ალერგიული კონიქტივიტი, რინიტი, ცემინება, სურდო, კანის ქავილი).

- შეიძლება ალერგია ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცეს?

- ალერგიული წინასწარგანწყობა არსებობს და ეს არის დამოკიდებული მშობლებზე. შეიძლება 30%-ში, როცა ერთი მშობელი არის ალერგიული - შვილიც იყოს ალერგიული. ორმაგდება პროცენტი, როცა ორივე მშობელი ალერგიულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაალერგიული ადამიანი არ გახდეს ალერგიული და პირიქით, შეიძლება მშობელი იყო ალერგიული, მაგრამ შთამომავალი არა. შეიძლება თაობა გამოტოვოს, ან შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. პირადად მე ვარ ამის მაგალითი.

ყველა ადამიანი არ არის ალერგიული. მხოლოდ ალერგიულ ადამიანებში იწვევს გარკვეული მცენარეები ალერგიული სიპტომატიკის გამოვლენას. გამამწვავებელი მიზეზი შეიძლება იყოს საკვები, მცენარე, გარემო პირობები, დამტვერვა, მტვრიანი გარემო, ცხოველები, მათი ბეწვი, თევზები, ჩიტები და ა.შ.

- რას ურჩევთ ალერგიულ ადამიანებს, როგორ დაიცვან თავი გაზაფხულზე, ყვავილობის დროს?

- თუ ადამიანმა იცის, რომ გაზაფხულზე მას ეს სიპტომატიკა ექნება, პირველ რიგში მიაკითხოს ალერგოლოგს და გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაატაროს იმისთვის, რომ ეს არ გამოვლინდეს. მაგრამ თუ ეს არ შეასრულა და მოვიდა გაზაფხული, დაიწყო ყვავილობა - პირველი, რაც უნდა გააკეთოს, მოერიდოს კონტაქტს იმ ალერგენებთან, რომელიც მასში ამ სიპტომატიკას იწვევს.

ნაკლებად იაროს პიკნიკზე, არ გააღოს ფანჯრები, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. თუ ჩვენ ვიცით, როდის რა ყვავილობს და ის ჩვენ გვაზიანებს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ დილის საათებში განსაკუთრებით მეტი მტვერი წარმოიქმნება. ნუ ვეცდებით გავანიავოთ ოთახები დილის საათებში. მანქანით მგზავრობისას ფანჯრები იყოს აწეული. პროდუქტებთან და გარემოსთან ნაკლები შეხება გვქონდეს, რაც ალერგიაზე მოქმედებს.

ალერგია არ იკურნება იმ გაგებით, რომ ჩვენ მას მემკვიდრეობას ვერ შევუცვლით. ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ალერგია ყველა მისი გამოვლინების შემთხვევაში. ყველა დაავადება მართვადია და ამიტომ ჭკვიანი ექიმის და კარგად შესრულებული დანიშნულების შემთხვევაში ჩვენ ვაღწევთ კარგ შედეგს.

- რა ჩვენებით ტარდება ალერგიული გამოკვლევები?

- პირველ რიგში, გასარკვევია, რა ჩივილით მიდის პაციენტი ექიმთან. აქედან გამომდინარე ექიმი ადგენს კვლევის გეგმას. ჩვენ გვაქვს კვლევის ბევრი საშუალება, რომ სახელი დავარქვათ იმ მდგომარეობას და ვუმკურნალოთ სწორად. საუკეთესო ვარიანტია როდესაც პროფილაქტიკა გვჭირდება, მაგრამ თუ მკურნალობა გვჭირდება - მკურნალობას ვატარებთ.

ჩამონათვალი დიდი გვაქვს. ხდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე სპეციფიური დიაგნოსტიკა, ანუ დიაგნოზი დგინდება ჩივილებიდან გამომდინარე. შეიძლება ეს იყოს კონინქტივიტი, რინიტი, ჭინჭრის ციება, რომელიც გამოხატულია გამონაყარით, შეშუპებით. შესაძლებელია იყოს ბრონქული ასთმის შეტევაც კი, (ბრონქოსპაზმი).

არსებობს კვლევა, რომელიც ზოგად ალერგიულ ფონს გვიჩვენებს, არსებობს სინჯები კონკრეტულ ალერგენზე. ბევრი ალერგენის გამოკვლევის საშუალება გვაქვს: როგორც კვებითი, ასევე მცენარეული, გარემოში ბევრია ასეთი ჩამონათვალი. ასევე არის სასუნთქი სისტემის გამოკვლევის საშუალება - სპირომეტრია, რომელიც გვაჩვენებს ფილტვების ფუნქციურ მდგომარეობას. ამიტომ არის საჭირო ალერგოლოგი, რომ ზუსტად დაარქვას სახელი, თუ რა ჭირდება იმ მომენტისთვის და იმაზე მეტი არ ჩაუტაროს კველავა, რაც საჭიროა.

- რომელი პროდუქტი იწვევს ბავშვებში ალერგიას ყველაზე ხშირად?

-ალერგიული წინასწარგანწყობა ვლინდება ექვსი თვის ასაკში და ძირითადად წარმოდგენილია რძის პროდუქტებში. ბავშვის ცხოვრებაში შემოდის ბევრი ახალი ალერგენი. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის ცილამ, გულმა, თევზეულმა, ხილმა, მაგრამ ორი-ოთხი წლის ასაკში ამ პროდუქტებზე ალერგია თანდათანობით მცირდება.

არიან ადამიანები, რომლებიც მოზრდილ ასაკშიც არიან ალერგიულები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, რადგან ამით ვახერხებთ ძალიან დიდი ინფორმაციის მიღებას პაციენტისგან.

- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ალერგიული პრობლემები ორსულობისას და უქმნის თუ არა დედის მდგომარეობა საფრთხეს ნაყოფს?

- თუ ორსულობა დაგეგმილია და ამ ადამიანმა იცის, რომ არის ალერგიული, მან ყველაფერი წინასწარ უნდა შეათანხმოს მკურნალ ექიმთან. (კონკრეტულად ალერგოლოგთან). მოემზადოს იმისთვის, რომ ალერგიული ფონი იყოს დაწეული და ამის ფონზე მოხდეს ორსულობა. ორსულობის პერიოდში მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტიურად სასურველი არ არის. გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მდგომარეობით, თუ ორსულის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ნაყოფს - თუ მას აქვს ბრონქოსპაზმი - ასეთ შემთხვევაში იძულებული ვხდებით მედიკამენტოზურად ჩავერიოთ.

თუ არის ორსულობა და ამ დროს მოხდა განვითარება ალერგიული მოვლენების, აუცილებელია აქ მოხდეს ალერგოლოგის ჩარევა. ორსულს ვურჩევ, მოერიდოს ყველა იმ გარემოს, რომელშიც შეიძლება ალერგიული სიპტომები განუვითარდეს. თუ ის გათვითცნობიერებულია იმ ალერგენებთან დაკავშირებით, რომელიც მისი მდგომარეობის გამწვავებას იწვევენ, სასურველია მოერიდოს ორსულობის დროს.

- როგორია სეზონური ალერგიის ეტაპები და როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი, რომ მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ?

- დავამატებ იმას, რომ თუ ადამიანმა იცის, რომ მას ყოველ გაზაფხულზე ეწყება კონუნქტივიტი, რინიტი, ან რაიმე მსგავსი მოვლენები - არ თქვას, რომ მე ეს ისედაც მემართება, რადგან ცოტა ადრე, მთელი მარტის განმავლობაში (აპრილში გვაქვს პიკი ყვავილობის და ალერგიული ფონის გამწვავებების) ერთი თვე საკმაო დროა იმისთვის, რომ პროფილაქტიკურად მოვემზადოთ.

გირჩევთ მიმართოთ თქვენი ოჯახის ექიმებს. ან პირდაპირ მიბრძანდეთ ალერგოლოგთან. დღეს ნამდვილად ბევრი კარგი საშუალება არსებობს. არიან კარგი ალერგოლოგები, კარგი კლინიკები, სადაც კვალიფიციური ექიმები დახმარებას აღმოგიჩენენ იმ მხრივ, რომ სანამ თქვენი ალერგიული სიპტომები ჩამოყალიბდება, მანამ შევამზადოთ ორგანიზმი იმისთვის, რომ ამან ნაკლებად შეგაწუხოთ გაზაფხულზე. პირობას გაძლევთ, რომ ან საერთოდ არ შეგაწუხებთ, ან ბევრად ნაკლებად შეგაწუხებთ.

იხილეთ ვიდეო