რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შემთხვევაში

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შემთხვევაში

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შემთხვევაში, როგორ მოვაგვაროთ მხარეებს შორის არსებული დავა. ქორწინების ბათილად ცნობის სამართლებრივ მხარეზე, თქვენს შეკითხვებს იურისტი, თათია კაჭარავა პასუხობს.

(მკითხველი 222):

ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზად, მამა ასახელებს უმუშევრობას, მას არ აქვს ფიქსირებული სამსახური (ბანკში არ ერიცხება ხელფასი), მაგრამ შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ მივმართეთ აღმასრულებელს და ავუხსენით, რომ მას არანაირი ქონება მის სახელზე არ აქვს გაფორმებული, მაგრამ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მივმართეთ აღმასრულებელს, ალიმენტი ჯერაც არ გადაუხდია.

-შვილების წარმოშობის ფაქტი უშუალოდ წარმოშობს მშობლების უფლება-მოვალეობებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი შვილის სოციალური, სამართლებრივი, მატერიალური დაცვა. ამასთან ერთად მშობლის ერთერთი მოვალეობა არის ბავშვის რჩენა. (რაც კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა).

იმ შემთხვევაში, როცა მშობლები ვერ თანხმდებიან როგორ გადაინაწილონ მშობლის უფლება-მოვალეობები, რომელიც აბსოლიტურად თანაბარ წილად აკისრიათ კანონით, ასეთ შემთხვევაში წამოიშობა დავა. დავის არსებობის შემთხვევაში თუ რჩენის ვალდებულებას ვეხებით, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მშობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო განაცხადი, თუმცა აღსრულების ეტაპზე რეალურად ვერ ხდება თანხის ამოღება იმიტომ, რომ არ არსებობს ქონება, ობიექტი, რომელზეც შეიძლება იძულებითი მიქცევა განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში სამწუხაროდ აღმასრულებელი შემოიფარგლება იმით, რომ მოვალეთა რეესტრში არეგისტრირებს კონკრეტულ პიროვნებას (მოცემულ შემთხვევაში მამას) რომელსაც ეკისრება ვალდებულება სასამართლო გადაწყვეტილებით გადაიხადოს ყოველთვიურად სარჩო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ის ნებაყოფლობით არ იხდის და ფიქსირებუილი შემოსავალი არ აქვს, თანხის ამოღება რეალურად ვერ ხდება.

ნანა:

რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთავს მშობელს მამობა და დედას დედის უფლება?

-კანონმდებელი ადგენს ზოგად პრინციპებს, იმ იდეებს, რომლის საფუძველზე მშობელმა თავისი უფლებამოსილება უნდა განახორციელოს. ამასთანავე ის ადგენს პრინციპებს და საზღვრებს, რასაც არ უნდა გასცდეს ყოველი კონკრეტული პირი.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდება ამ უფლებამოსილების განხორციელება, ან არაჯეროვანი შესრულება, შემდეგ უკვე სანქციის სახით გამოვიყენებთ კანონში გათვალიწინებულ კონკრეტულ ღონისძიებებს. ერთ-ერთი და ყველაზე უკიდურესი არის მშობლის უფლების ჩამორთმევა.

მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ინიციატორი, ანუ განმცხადებელი სასამართლოში შესაძლებელია იყო კანონში მითითებული კონკრეტული სუბიექტი. ეს არის 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი და მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო. ერთერთი მშობელი ამ კონკრეტული მოთხოვნით სასამართლოს ვერ მიმართავს. ასევე საფუძველი მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწიინებული შემთხვევა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევბში კანონში პირდაპირ არის გაწერილი (მშობელი სისტემატიურად თავს არიდებს თავის უფლებამოვალეობების შესრულებას, ან თავისი ამორალური ქცევით ცუდ გავლენას ახდენს ბავშვზე. ან შვილი არის მიტოვებულად აღიარებული. ამ კონკრეტული ფაქტების შემთხვევაში, სასარჩელო განაცხადით შეასძლებელია მშობლის უფლების ჩამორთმევა. რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ შემდეგ შვილთან მიმართებაში, როგორც ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მშობლის უფლება მოვალეობებს აბსოლიტურად კარგავს. თუმცა ბავშვს უნარჩუნდება მშობლის მემკვიდრეობაზე უფლებები.

გიორგი: საკუთარი განცხადების საფუძველზე განქორწინების შემდეგ, რომელიმე მხარეს თუ აქვს უფლება პრეტენზია წარმოადგინოს ქონებაზე, ალიმენტზე, და ა.შ.?

-ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მეუღლეობრივი უფლება მოვალეობები წარმოიშვება - მათ შორის ქონებრივი უფლება მოვალეობები. გასათვალისწინებელია ის, რომ ურთიერთობა ზოგად მოწესრიგებას სცდება, მაშინ როდესაც ხელშეკრულება გვაქვს სახეზე.

თუ მეუღლეები თავიანთ ქონებრივ უფლება მოვალეობებს შემოსაზღვრავენ ხელშეკრულებით, ამ შემთხვევაში ამ საკითხის მოწესრიგება შეიძლება იყოს განსხვავებული.

მაშინ, როცა ხელშეკრულება არ არსებობს, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეძენილი ქონება მიიჩნევა საერთო ქონებად, თუმცა არის საგამონაკლისი შემთხვევა, რომელსაც პირდაპირ უთითებს კანონმდებელი, ეს არის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი, რომელიც, ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს, ან მემკვიდრეობით მიიღო. ასევე მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. ნივთები, რომელიც მის ინდივიდუალურ მოხმარებაშია. შესაბამისად, სერთო საკუთრების პრინციპი ამ შემთხვევაში არ გავრცელდება. სხვა დანარჩენი ქონება, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე შეიძენს ნებისმიერი ფორმით, არის საერთო ქონება, მიუხედავად იმისა, ჩარეული იყო თუ არა მეორე მეუღლე ამ ქონების შეძენაში. რეგისტრაციის ფაქტი არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოიშვას.

ამ ქონების გაყოფა შესაძლებელია როგორც რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში, ასევე განქორწინების შემდეგ სამი წლის განმავლობაში. კანონმდებელი ადგენს კონკრეტულ ვადას, რომელის განმავლობაშიც ერთ-ერთმა მეუღლემ, რომელსაც აქვს ესა თუ ის ქონებრივი მოთხოვნა, თავისი მოთხოვნის რეალიზება შეძლოს. შესაბამისად განქორწინების შემდეგ, თუ ქორწინების დროს შეძენილი აქვთ რაიმე ქონება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით.

გიორგი:

ვის უნდა მივმართოთ განქორწინების რეგისტრაციისთვის და რა საბუთებია საჭირო? რა დროში სჭირდება ამ პროცედურებს?

-პირველ რიგში პროცედურის განმახორციელებლი სუბიექტი ეს არის სამოქალაქო რეესტრი, სამოქალაქო რეგისტრაციის ორგანო. ის განქორწინების რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება რეგისტრირებული იყო საქართველოში, ან ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი. ამასთან ერთად, ოფიციალური იურიდიული გაფორმება ქორწინების შეწყვეტისა აუცილებლად ხდება, როცა განქორწინება დარეგისტრირდება სამოქალაქო რეესტრში.

მაია:

რა პროცედურების გავლა მომიწევს განქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად?

-სამოქალაქო რეესტრში განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი შეიძლება იყოს ერთობლივი განცხადება. პროცედურა ამ შემთხვევაში არის მარტივი. განცხადების შეტანიდან ხუთ სამუშაო დღის განმავლობაში გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო რეესტრი, ამასთან ერთად კანონმდებელი უშვებს ერთ-ერთი მეუღლის მიერ განაცხადის შეტანას იმავე მოთხოვნით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მეორე მეუღლე არის უგზოუკვლოდ დაკარგული, ქმედუუნარო, ან თუ არსებობს მათ განქორწინებაზე სასამართლო გადაწყვეტილება, ან იმ შემთხვევაში თუ მეუღლე მსჯავრდებულია არანაკლებ სამ წლამდე ვადით.

ასეთ შემთხვევაში თანდართული დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ, ამასთან ერთად ვადა იგივე რჩება, უბრალოდ გასათვალისწინებელია ერთი შემთხვევა - როდესაც მეუღლე არის მსჯავდებული ასეთი პროცედურა ხანგრძლივდება. კერძოდ, მას ეგზავნება ეს ინფორმაცია და თუ აღმოჩნდება რომ არსებობს დავა მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ საკითხებზე სამოქალაქო რეესტრი განქორწინების რეგისტრაციაზე ამბობს უარს და შესაბამისად მიუთითებს მხარეებს, რომ მიმართონ სასამართლოს. ამასთან, თუ პოზიცია არის ისეთი, რომ დავა არ არსებობს, პროცედურა გრძელდება. პასუხის წარმოსდგენად მსჯავრდებულ მეუღლეს ეძლევა ვადა არაუმეტეს ერთი თვე და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ და პასუხის წარმოდგენის შემდეგ ორ დღეში მიიღებს სამოქალაქო რეესტრი გადაწყვეტილებას.

ხათუნა:

როგორ ხდება სავალდებულო მამობის აღიარება. პროცედურა რას მოიცავს?

-იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იბადება რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, პროცედურა არის მარტივი. ერთერთი მშობლის განაცხადი, ქორწინების მოწმობასთან ერთად სამოქალაქო რეესტრში არის საკმარისი, იმისთვის, რომ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფა შეივსოს. შესაბამისად მშობლის უფლება-მოვალეობები იურიდიულად დასტურდება და წარმოიშვება.

თუ რეგისტრირებულ ქორწინებასთან არ გვაქვს საქმე, ან მამა თანახმა არ არის აღიაროს მამობა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ სასამართლოს, სასამართლოს მიმართვის შესაძლებლობა აქვს ბავშვის მეურვეს, ერთერთ მშობელს, ან პირს, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი.

სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს გენეტიკური ექსპერტიზის საფუძველზე, თუმცა არის შემთხვევბი როცა ამგვარი დასკვნის წარდგენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია იხელმძღვანელოს სხვა სახის მტკიცებულებებით. მთავარი არის ის, რომ დადასტურდეს ფაქტი მამობის აღიარების. თუ სასამართლო დარწმუნდება რომ რეალურად ნათესაურ კავშირს ადგილი აქვს, ასეთ შემთხვევაში სასარჩელო განაცხადი დაკმაყოფილდება.

აღსანიშნავია მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფიქსირებულ, დაბადების სააქტო ჩანაწერბში არის მითითებული პიროვნება, რომელიც არ არის ბავშვის ბიოლოგიური მამა. გვყავს სახეზე მოდავე სუბიექტი, ბიოლოგიური მშობელი, რომელსაც სურს, რომ შესაბამისი ცვლილება იურიდიულ დოკუმენტში შევიდეს. ასეთ შემთხვევაში მას შესაძლებელობა აქვს სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერი სადაო გახადოს და იდავოს იმის წინააღმდეგ რომ იგი რეალურად არის ბავშვის ბიოლოგიური მამა. შესაბამისად იურიდიული დაკავშირება მისი მონაცამების შეტანით მოხდეს.

რუსუდანი:

თუ წყვილს ჰყავს საერთო შვილი, მაგრამ არ არიან კანონიერ ქორწინებაში, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება შვილისთვის მემკვიდრეობის გადანაწილება?

-რეგისტრირებული ქორწინების პირობებში და რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრეობითი უფლებები დაკავშირებულია მშობლის და შვილის ნათესაურ კავშირზე. შესაბამისად, მთავარია დადგენილი იქნეს ფაქტი, რომ ეს კონკრეტული პიროვნება არის მშობელი და კანონმდებლობით დადგენილი წესით ეს იურიდიულ დოკუმნეტში იყოს მოცემული. ასეთ შემთხვევაში ბავშვს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს აქვს უფლება მიიღოს სამკვიდრო ქონება, რომელიც მშობლის საკუთრებად აღირიცხებოდა. შესაბამისად რეგიტრირებულ ქორწინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

კანონით მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა სახეზე არ გვაქვს ანდერძი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას