რა ფერებია მოდაში და როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილობა ზამთრის სამოსში

რა ფერებია მოდაში და როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილობა ზამთრის სამოსში

შემოდგომა-ზამთრისთვის სამზადისი უკვე დავიწყეთ. ბევრს გვაქვს კითხვა, როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილობა ზამთრის თბილ სამოსში. როგორ ჩავიცვათ ასაკის, წონის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ისე, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ და მოდას არ ჩამოვრჩეთ - კითხვებს დიზაინერი მაკა ციცხვაია პასუხობს.

23 წლის ახალგაზრდა დიზაინერი როგორც ტანსაცმლის, ისე ფეხსაცმლის განხრით მუშაობს. მონაწილეობდა საქართველოში გამართულ სხვადასხვა კონკურსში, თუმცა, მისთვის ყველაზე იღბლიანი ფესტივალი - World Model Festival Georgia აღმოჩნდა. თბილისში გამართულ ამ ღონისძიებაზე გაიმარჯვა და ერთ-ერთი პრიზი European Fashion Union-ზე მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცა. მაკა, ბუდაპეშტში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, სადაც European Fashion Union-ზე კოლექცია სახელწოდებით Never Too Old წარადგინა. კოლექცია იმ ასაკოვანი ქალბატონებისთვისაა შექმნილი, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდული ხიბლი შეინარჩუნონ. ნამუშევრებისთვის 50-იანი წლების სილუეტი, ასევე დაძველების ეფექტი გამოიყენა, ხოლო ფეხსაცმელი ტყავზე დაპრინტვის ტექნოლოგიით შექმნა. ამჯერად, ახალ კოლექციაზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ ეს ნამუშევრებიც წარმატებული იქნება.

მარი:

როგორია წელს შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები?

- სეზონის ტენდენცია 70-იანი წლების სილუეტია, განახლებული ხედვითა და სტილით. აქტუალურია: უხეში ქსოვილები, ტყავითა და ბეწვით გაფორმებული ქურთუკები, პრინტები, ბრჭყვიალა ფაქტურები, გრძელი პალტოები. რაც შეეხება ფერებს, წელსაც აქტუალურობას არ კარგავს შავი, ასევე დომინირებს თეთრი, შავ-თეთრი, მუქი მოლურჯო-მომწვანო ფერები. უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომა-ზამთრის ტენდენციებმა, არაერთი საინტერესო ტრენდი შემოგვთავაზა - მთავარია, სწორად მოიძებნოს ის სტილი და სილუეტი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ნანა:

ვარ 42 წლის ტანდაბალი ქალბატონი, 52 კილოგრამი წონის. გთხოვთ, ამიხსნათ როგორი სტილის კაბები და ქვედაბოლოები მომიხდება უფრო მეტად?

- როგორც თქვენ აღწერთ, ბრძანდებით ტანდაბალი ქალბატონი, ამის გათვალისწინებით, შემიძლია გირჩიოთ, რომ გამოიყენოთ ერთ ფერში კომბინირებული ტანსაცმელი და ისეთი ქსოვილი შეარჩიოთ, რომელსაც ზოლები ვერტიკალურად აქვს დატანილი, რადგანაც მსგავსი სილუეტი უფრო მაღალს გამოგაჩენთ. წონიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მოირგოთ ნებისმიერი სტილის ქვედაბოლო, თქვემი გემოვნების გათვალისწინებით.

მარი:

არის თუ არა წელს მოდაში ბეწვი?

- სხვადასხვა მოდის სახლები აქტიურად იყენებენ ბეწვით გაფორმებულ ქურთუკებს, შესაბამისად, სეზონის ერთ-ერთი ტენდენცია ბეწვით გაწყობილი სამოსია.

ნინი:

მგონი ამ კომენტარს არ უნდა ვწერდე მაგრამ ვარ 53 კილო და მაინტერესებს როგორი ტანისამოსი ვატარო ?? 16 წლის ვარ.

-მშვენიერი წონა გაქვთ, რომელიც ხელს გიწყობთ მოირგოთ, როგორც კლასიკური, ასევე სპორტული სტილის სამოსი - კლასიკური მაღალწელიანი შარვალი, მოკლე ქვედაბოლოები, ასევე უნივერსალური სამოსი - ჯინსი, რომელსაც მარტივად შეუხამებთ ტყავისა და კლასიკურ ქურთუკს.

თამთა:

ვარ 49 კილო და რას მირჩევთ როგორი კაბები ჩავიცვა?

-თქვენი წონის გათვალისწინებით, უმჯობესია, შეარჩიოთ მუხლს ზემოთ, გამოყვანილი ფორმის კაბები, რომელიც სილუეტს გაუსვამს ხაზს.

თიკო:

ვარ 50 წლის, სიმაღლე 1.63. წონა 93 კგ. გთხოვთ მირჩიოთ როგორი სტილის სამოსი შევიძინო ზამთრისათვის, პალტო, ქურთუკი, კაბა...

-შეგიძლიათ შეიმოსოთ გრძელი, მაღალწლელიანი კაბით, რომელიც ვიზუალურად ზრდის სიმაღლეს და ამასთან, მეტად გამხდარი გამოჩნდებით. გირჩევთ, გარდერობში არ გამოიყენოთ ტრიკოტაჟის ქსოვილისგან დამზადებული სამოსი. პალტოცა და ქურთუკიც სჯობს იყოს მუხლზე - აქცენტი თეძოზე არ გააკეთოთ.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას