"ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი

"ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი

ქობულეთის მოსახლეობა წყლის ხარისხის გამო ჩივის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე დღეა სასმელ წყალს მძაფრი სუნი აქვს, რის გამოც მისი დალევა და მოხმარება შეუძლებელია.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლალი ჯიბლაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, წყლის დაბინძურების სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ჭარბი ქლორია, მეორე ვერსიით კი წყლის გასუფთავების უხარისხო საშუალებებია:

"მოგვეწოდება ჭაობის სუნის და გემოს მქონე წყალი, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ეს წყალი იმდენად მძაფრი და სასტიკი სუნის მქონეა, რომ დალევას ვინ ამბობს, უბრალო გამოყენებაც შეუძლებელია. პირველი შემთხვევის დროს, როცა ვიკითხეთ თუ რატომ ჰქონდა ცუდი გემო და სუნი წყალს, გვითხრეს რომ ქლორის ზედმეტი რაოდენობა მოუვიდა წყალკანალს და იმან გამოიწვია ეს უსიამოვნო მძაფრი სუნი და გემო. გავხდით იძულებული, ჩვენივე ძალებით გაგვერკვია სიმართლე. ერთ-ერთი ვერსია ისევ ჭარბი ქლორია, ხოლო მეორე ვერსიად ქობულეთის ბიუჯეტის არასწორი გამოყენება სახელდება, რომლის საფუძველზეც ქობულეთს არ გააჩნია სახსრები უზრუნველყოს წყლის ქლორით გასუფთავება და იძულებული არიან გამოიყენონ უფრო დაბალფასიანი საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია წყლის გასუფთავება. ონკანის მოშვებაც საკმარისია, რომ მთელ სახლში საშინელი ჭაობის სუნი გავრცელდეს, წყლის გამოყენებაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია!" - ამბობს ქობულეთის მცხოვრები.

"წყალს უსიამოვნო სუნი და გემო აქვს. გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც დაფიქსირდა. სასმელ წყალს მარკეტში ვყიდულობთ, იმიტომ, რომ დასალევად ონკანის წყალი უვარგისია. შეტყობინება ტელეფონში გუშინ საღამოს მოგვივიდა. პრობლემა ორი დღეა გვაქვს", - აცხადებს ქობულეთის კიდევ ერთი მცხოვრები ლევან ურიდია ჩვენთან საუბარში.

საკითხთან დაკავშირებით, ქობულეთის გამგებელმა განაცხადა, რომ წყლის ხარისხის ცვლილება რეზერვუარებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

"ჩვენ მოსახლეობა სმს-ის სახით გუშინ გავაფრთხილეთ, ასევე ტელევიზიითა და სოციალური ქსელით ინფორმაცია მივაწოდეთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

შპს "ქობულეთის წყალის" დირექტორი ოთარ ზოიძე წლის უსიამოვნო სუნსა და გემოს ქლორის მომატებულ რაოდენობას უკავშირებს. მისი თქმით, ქობულეთის მცხოვრებლებს სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ, არსებული პრობლემა კი დაახლოებით სამ დღეში აღმოიფხვრება და დადგინდება, რა გახდა კონკრეტულად წყლის უსიამოვნო გემოსა და სუნის მიზეზი.

"სუნი მომატებული ქლორის რაოდენობამ გამოიწვია. ქლორს სისტემაში დოზირებულად ვაწვდით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ აუცილებელი გახდა წყლის 5000-ტონიანი რეზერვუარის სადეზიფექციო და გაწენდითი სამუშაოების ჩატარება. 22-24 თებერვლამდე გაგრძელდება სამუშაოები. წყლის მიწოდება არ შეგვიწყვეტია, ქობულეთის მოსახლეობას აღნიშნული რეზერვუარის გვერდის ავლით ვაწვდით. ორ-სამ დღეში ზუსტად დავადგენთ, თუ რის გამო ჰქონდა წყალს უსიამოვნო სუნი და გემო. იმ დასკვნამდე მივედით, რომ სადეზიფექციო სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა ოთარ ზოიძემ.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა