ომის შემდგომი სინდრომი

ომის შემდგომი სინდრომი

ომის საშინელება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტით არ მთავრდება და ადამიანების ცნობიერებაში ის წლების მანძილზე დაღად რჩება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო ბრძოლის ქარ-ცეცხლში რამდენჯერმე აღმოჩნდა.  ორი წლის წინანდელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის აჩრდილი საზოგადოებაზე დღესაც დამთრგუნველად მოქმედებს.

როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ომის კოშმარისგან? ომის შემდგომ სინდრომთან დაკავშირებით მკითხველთა შეკითხვებს საქართველოს ფსიქოლოგიური დახმარების ასოციაცია "ნდობის" ფსიქოლოგი-ფსიქოტრავმატოლოგი ნანა აღაპიშვილი პასუხობს.

მკითხველი: ნოდარი

იქნებ კონკრეტულად განგვიმარტოდ, რას ნიშნავს ომის შემდგომი სინდრომი, როგორ მოქმედებს ის ადამიანზე, რამდენ ხანს გრძელდება და დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად არის ის ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი.

ომის შემდგომ პერიოდში მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ ან ომის შედეგად დევნილობაში აღმოჩნდნენ დამახასიათებელია: სირცხვილის, ბრაზის, სინანულის და ბრალეულობის განცდა, ისინი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ და აქვთ მათი ღვაწლის დაუფასებლობის განცდა. მათ უჩნდებათ რევანშის სურვილი და მტრული განწყობები, რომლების განზოგადოებასაც ახდენენ. ხშირად ისინი პასიურები და აპათიურები ხდებიან. რამდენ ხანს გრძელდება ეს ძნელი სათქმელია, რადგანაც დამოკიდებულია ზოგად კონტექსტზე და სიტუაციაზე.

მკითხველი: კახა

ცნობილია, რომ ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული ამერიკელი სამხედროები სამშობლოში პრობლემებს წააწყდნენ – საზოგადოებამ ისინი არ მიიღო და ეს აშშ-ისთვის პრობლემა გახდა. საქართველოს თუ ემუქრება მსგავსი რამ ომგამოვლილ სამხედროებთან დაკავშირებით.

აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციიაა და განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი სამხედროების მიმართ, რომლებმაც აგვისტოში იომეს. საქართველოში ომგამოვლილ სამხედროებს ეს პრობლემა არ ემუქრება.

მკითხველი: სოფო

თუ იცით, საქართველოში ზრუნავს ვინმე იმ დევნილებსა და სამხედროთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა.

ომის შემდეგ ომისგან დაზრალებულების ფსიქოსოციალური დახმარების მიზნით, პირველ ხანებში, ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობდა. ახლა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ძალიან ცოტა ორგანიზაცია შემორჩა, რომელიც აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ძირითადად ამას დაფინანსების სიმწირე განაპირობებს. სამუშაო კი ძალიან დიდია, როგორც დევნილთა ახალ დასახლებებში (თემის განვითარებაზე მიმართული მუშაობა), ასევე ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში. რა თქმა უნდა განსაკუთრებული ფსიქოსოციალური ინტერვენციებია საჭირო სამხედროებისა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის.

მკითხველი: მანუჩარი

როგორ შეაფასებდით "იმედის" ტელევიზიით, ამ გაზაფხულზე გასული "მოდელირებული ქრონიკის" ეფექტს ქართულ საზოგადოებაზე. აქედან გამომდინარე, როგორც ფსიქოლოგი, როგორ დასკვნებს გააკეთებდით ჩვენი ერის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე?

ასეთი მასშტაბური და ძლიერი მატრავმირებელი შემთხვევის შემდეგ, როგორიც 2008 წლის ომი იყო, ბუნებრივია, რომ წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას მოშუშებული არ ჰქონდა "ჭრილობა". " მოდელირებულმა ქრონიკამ" მოსახლეობაში გამოიწვია ისეთი ემოციური რეაქცია, რასაც რეალური შემთხვევა გამოიწვევდა (შედეგები ცნობილია, მათ შორის ლეტალურიც და საკუთარ თავზე განვიცადეთ - შიში, უმწეობა და ა.შ.)

როდესაც გაირკვა, რომ ეს "მოდელირებული ქრონიკაა" - საზოგადოება შეურაცხყოფილი დარჩა ორი რამის გამო: ერთი რომ მათ გაუცოცხლეს ტრავმული შემთხვევა და ხელმეორედ განაცდევინეს ის, რაც წელიწადნახევრის წინ განიცადეს (დამეთანხმებით ამის ხელმეორედ განცდა საშინელებაა) და მეორე - ადამიანებმა თავი მანიპულაციის ობიექტებად იგრძნეს.

მკითხველი: ნანა

როგორია იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ომის ქარ-ცეცხლის მონაწილენი გახდნენ. საინტერესოა, მათ ფსიქიკაზე როგორ გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი და თუ გამოვლინდება მომავალში.

ბავშვები ძალიან მოწყლვადები არიან ტრავმული შემთხვევის მიმართ. ომის შემდგომ უახლოეს პერიოდში მათზე საკმაოდ მძიმედ აისახა ომის შედეგები, საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბევრი ბავშვი, საკმაოდ სერიოზული პოსტ ტრავმული რეაქციები ჰქონდათ. გარკვეული დროის შემდეგ ეს რეაქციები თავისით, ყოველგვარი ჩარევის გარეშეც გაივლის ხოლმე.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს მათი სოციალური ადაპტაციის და ინტეგრაციის საკითხს. რადგანაც დევნილი ბავშვების და მოზარდების დიდი ნაწილი კომუნალური განსახლების ცენტრებში და ახალ დასახლებებში ცხოვრობენ. ბევრი ახალი დასახლება კი მოწყვეტილია და იზოლირებულია. და შესაბამისად მათთვის ხელმისაწვდომი არ არის მათი ფსიქოსოციალური განვითარებისთვის საჭირო რესურსი.

მკითხველი: გიორგი

ცნობილია, რომ პანიკურ სიტუაციაში მყოფი ადამიანები მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებენ და ხშირად სავალალო შეცდომებსაც უშვებენ. ფსიქოლოგებისთვის რა საშუალებებია ცნობილი იმისთვის, რომ კრიტიკულ ვითარებაში (საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურებების დროს) მასობრივი პანიკა არ შეიქმნას (იმედის "მოდელირებული ქრონიკაც" ამის მაგალითი იყო) და საზოგადეობა საფრთხეს მობილიზიბული შეხვდეს? თქვენ თუ იცით, საქართველოში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები თუ მუშაობენ ასეთ საკითხებზე?

არსებობს პრე კრიზისული მზაობის ცნება. ბევრ ასპექტთან ერთად აქ ფსიქოგანათლებაც იგულისხმება. პრე კრიზისული მზაობა მოსახლეობის განათლებასა და მომზადებას გულისხმობს. ასევე ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, კრიზისოლოგების, დამხმარეების, პედაგოგების, ექიმების, მაშველების და ა.შ. მომზადებას გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების მობილიზებას საფრთხის დროს. მაგრამ როდესაც ადამიანი ტრავმული შემთხვევის მომსწრეა ან პირისპირ დგება, ძალიან ძნელია ვილაპაროკოთ იმაზე, ის შეძლებს თუ არა მობილიზებას და სხვების დახმარებას.

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა უწყება, რომელიც პასუხისმგებელია კრიზისულ სიტუაციებზე (პრეკრიზისულ მომზადებაც იგულისხმება).

მკითხველი: ნინო

პირადად ვიცნობ ოჯახს, სადაც აფხაზეთის ომში ნამყოფი ადამიანი ცხოვრობს. ომიდან დაბრუნების შემდეგ ის სმას (მგონი ნარკოტიკებსაც) მიეძალა და აგრესიული გახდა. ერთი სიტყვით, აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი როგორც ოჯახის წევრებთან, ისე მეზობლებთან. მიუხედავად ამისა, მის მდგომარეობას ყველა გამართლებას უძებნის – ნაომარია და ეპატიებაო. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ადამიანებს ოჯახის წევრები და მთლიანად საზოგადოება?

თქვენს მიერ აღწერილი შემთხვევა ტიპიურია. ძალიან ხშირად ტრავმის შემდეგ ადამიანები მიმართავენ დაძლევის არაადაპტურ სტრატეგიებს, როგორიც არის ალკოჰოლის ჭარბად მიღება და წამლის მოხმარება. თავისი პოსტტრავმული მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი გაღიზიანებულები და აგრესიულები ხდებიან - რასაც კონფლიქტები მოსდევს.

გასაგებია, რომ ეს ადამიანი ნაომარია, მაგრამ მხოლოდ გამართლების მოძებნა ამ ადამიანს არ დაეხმარება, და რა თქმა უნდა, არც მის ოჯახის წევრებს მოგვრის შვებას. ამ დროს პროფესიული დახმარების გამოყენებაა საჭირო - ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებში მიმართვა, რომლებიც ტრავმის საკითხებზე მუშაობენ.

მკითხველი: გიორგი

ფსიქოლოგებისგან მსმენია, რომ როცა ადამიანს ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული კოშმარები აწუხებს, თავს ძალა უნდა დაატანოს და იმ კოშმარული სცენის გონებაში მრავალჯერ წარმოსახვა შეძლოს. საშინელი სურათისა თუ მოვლენის ცნობიერებაში "გადახარშვის" შედეგად ადამიანი კოშმარისგან თავისუფლდება. რამდენად მართელბულია ასეთი მიდგომა?

კოშმარული სიზმრები ტრავმის შემდეგ დამახასიათებელია ბევრი ადამიანისთვის და ეს ძალიან შემაწუხებელია. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ეს სიზმრები უკვალოდ ქრებიან. მაგრამ თუ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჩამოუყალიბდა (მაგალითად, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა), ტრავმის შემდეგ ეს სიზმრები მას რჩება სიმპტომის სახით სხვა სიმპტომებთან ერთად. აქ უკვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩარევაა საჭირო. ფსიქო-ტრავმატოლოგი მუშაობს მთლიანად ტრავმის დაძლევაზე, რის შემდეგაც ადამიანს ეს სიმპტომიც გაუქრება.

არსებობს სხვა და სტრუქტურირებული მეთოდები, რომლითაც ფსიქო-ტრავმატოლოგები მუშაობენ ტრავმული სიზმრების მქონე ადამიანებთან. ტრავმული სიზმრების გადამუშავება და გაანალიზება ხდება სპეციალისტის დახმარებით.

მკითხველი: გიგა

მოგესალმებით, აგვისტოს ომში მარცხის გამო ხომ არ ჩამოუყალიბდა ქართულ საზოგადოებას დამარცხებულის ფსიქიკა? ჩვენი ხალხი დღეს მზადაა, რუსეთს მორალური წინააღმდეგობა გაუწიოს? დღეს ჩვენი მშობლები შვილებს შედარებით მშვიდად აგზავნიან ერაყსა თუ ავთანეთში, მაგრამ საქართველოს რომ დასჭირდეს მათი გამოყენება, მათი დიდი უმრავლესობა პანიკაში ჩავარდება (შეიძლება ვცდები). რა ფენომენია ეს? ომის შემდგომი გართულებების გადატანას ადამიანი ეკლესიაში რწმენით უფრო ადვილად ხომ არ შეძლებს?

ომის შედეგად ერმა დიდი დანაკარგი განიცადა (ტერიტორილი, ადამიანური, მატერიალური, ფსიქოლოგიური) და ბუნებრივია, რომ დამარცხებულის განცდა აქვს, რაც კომპლექსურია. ვერ ვიტყოდი, რომ მშობლები შვილებს მშვიდად აგზავნიან ერაყსა და ავღანეთში.

რაც შეეხება საქართველოს, გეთანხმებით, რომ მშობლისთვის ძალიან ძნელია შვილის ომში გაგზავნა და ეს ბუნებრივიც არის. ომის შემდეგი გართულებების გადასატანად ადამიანს ეკლესია ძალიან ეხმარება, რა თქმა უნდა თუ სერიოზულ ფსიქიკურ გართულებაზე არ არის საუბარი.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

nana

rogoria im bavSvebis mdgomareoba, romlebic omis qar-cecxlis monawileni gaxdnen. sainteresoa, maT fsiqikaze rogor gavlenas moaxdens es yvelaferi da Tu gamovlindeba momavalSi.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"