როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან

აგვისტოს თაკარა მზე ჯანმრთელობისთვის მრავალი პრობლემის მომტანი შეიძლება გახდეს. როგორ დავიცვათ თავი პაპანაქება სიცხისგან და რა საშუალებებს მივმართოთ ორგანიზმის გადახურების დროს? მკითხველთა შეკითხვებს ექიმი-თერაპევტი, სამედიცინო ჟურნალ "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამრიკო მამაცაშვილი პასუხობს.

მკითხველი: თამთა

მოგესალმებით, 3 წლის ბავშვი მყავს. სამწუხაროდ, თბილისიდან გასვლას ვერ ვახერხებთ და ბავშვს ნასიცხი ხშირად აყრის. რამდენად საშიშია ეს და რა საშუალებებით ვუმკურნალო? მომავალში როგორ დავიზღვიოთ თავი, რომ აღარ დააყაროს ნასიცხმა?

ნასიცხის მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და, ზოგჯერ, ბავშვის კანის არასწორი მოვლაა. დასიცხვისას კისერზე, ზურგზე, დუნდულებსა და სხვა არეებზე ჩნდება ღია წითელი ფერის წვრილწინწკლოვანი გამონაყარი. გამონაყარი კანის საფარს ოდნავ სცილდება და ხელის გადასმისას შეიგრძნობა. ნასიცხი კანი შესაძლოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციების კარიბჭედ იქცეს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

გირჩევთ, ბავშვი ყოველდღიურად ბანოთ თბილი წყლით, ძალიან კარგია ზღვის მარილის აბაზანები (ზღვის მარილი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში), აგრეთვე – მცენარეების: ორკბილასა და გვირილის ნაყენის აბაზანები. დაბანის შემდეგ კანი კარგად შეუმშრალეთ და მოაფრქვიეთ საბავშვო ტალკი. ბავშვს მაქსიმალურად მსუბუქად ჩააცვით და გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის (ჩითის, ბამბის) ტანსაცმელი. ღამით ნუ ჩაათბუნებთ პატარას. დღის განმავლობაში კი დიდი რაოდენობით ასვით სითხეები. კარგი იქნება, თუ პეპსისა და კოკა-კოლას ნაცვლად, მინერალურ წყალს მისცემთ – ასეთი წყალი ორგანიზმს საჭირო მინერალებითაც ავსებს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პატარასთვის კი კალციუმი გახლავთ, რადგან ეს მინერალი დადებითად მოქმედებს კანის ანთებით-ალერგიული დაზიანებების დროს.

ნასიცხის ინფიცირებისგან თავდასაცავად, შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ ბავშვს კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი გადაავლოთ.

მკითხველი: სოფო

როგორ უნდა მოვიქცეთ "მზის დარტყმის" დროს? რა გართულებები შეიძლება ამან გამოიწვიოს, აუცილებელია თუ არა ექიმს მივმართოთ და სახლის პირობებში მკურნალობა როგორ შეიძლება?

ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით ჭარბ სითბოს გასცემს. თუ ეს მექანიზმი რაიმე მიზეზით შეფერხდა, ორგანიზმი გადახურდება და სითბურ დაკვრას იღებს: იმატებს სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და ძლიერდება ოფლის გამოყოფა; ძლიერი ოფლდენის გამო ორგანიზმი დიდი ოდენობით წყალს კარგავს, რაც ზრდის სისხლის სიბლანტეს; სქელი სისხლის გადაქაჩვა ადვილად ღლის გულის კუნთს და იწვევს არტერიული წნევის დაცემას; პარალელურად იშვიათდება სუნთქვა.

თუ დახმარებამ დაიგვიანა, სუნთქვის ცენტრის დამბლის გამო ადამიანი იღუპება. მზის დაკვრა კლინიკური ნიშნებით სითბურს წააგავს, მაგრამ ამ დროს პათოლოგიური ცვლილებების წამყვანი ფაქტორი ცხელ, მზიან ამინდში თავის ქალას სარქვლის ინფრაწითელი სხივებით ძლიერი გაღიზიანებაა, რაც თავის ტვინის გარსების სისხლსავსეობას, ანთებასა და წერტილოვან სისხლჩაქცევებს იწვევს.

მზისა და სითბური დაკვრის დროს არ არის აუცილებელი, ორგანიზმის საერთო გადახურება მოხდეს. თერმორეგულაციის დარღვევას იწვევს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება თავსა (თუ ის დაფარული არ არის) და სხეულის გაშიშვლებულ ადგილებზე. სხვადასხვა სიმპტომის (თავბრუ, სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა) მიუხედავად, სხეულის ტემპერატურა, წესისამებრ, არ იმატებს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში, როცა აღინიშნება აღგზნება, ბოდვა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, სხეულის ტემპერატურაც მაღალ ციფრებს აღწევს.

პირველ რიგში საჭიროა პაციენტის გაგრილება და დაკარგული სითხის აღდგენა, თავზე ყინულოვანი ბუშტის დადება, სიგრილეში გადაყვანა და შეძლებისამებრ გრილი აბაზანის გაკეთება, სველ ზეწარში გახვევა ან გრილი წყლის (20-25 გრადუსამდე) გადავლება, სუნთქვის მოშლისას - ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, საგულე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მიცემა... თუ ადამიანი გონზეა, ასმევენ ცივ წყალს ხილის წვენთან ერთად. უგონო მდგომარეობისას ხდება ვენაში ელექტროლიტებისა და 5%-იანი გლუკოზის ხსნარების წვეთოვანი გადასხმა. თუ მდგომარეობა მძიმეა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მკითხველი: ლაშა

მაინტერესებს, რამდენად უწყობს ორგანიზმის გადახურებისგან დაცვას ხელს ცივი ლუდი და მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღებისას გაგრილების შეგრძნება გვეუფლება, საპირისპირო შედეგს ხომ არ ვიღებთ? თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია სიცხეში ცივი ლუდის და სხვა გამაგრილებელი სასმლების მიღების ზომიერი, სასარგებლო რაოდენობა?

ცხელ ამინდში ლუდის სმა ორგანიზმის გასაგრილებლად სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვისაც კი საკმაოდ დიდი დატვირთვაა და საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ლუდი არ გახლავთ გამაგრილებელი სასმელი, არ კლავს წყურვილს, არის შარდმდენი ეფექტის მქონე და ზრდის გულის კუნთის დატვირთვას. გულის კუნთს კი ზაფხულის სიცხეში ისედაც დიდი დატვირთვა აქვს სისხლის სიბლანტის მატების გამო.

თუ გსურთ ისე გაგრილდეთ, რომ ჯანმრელობაც შეინარჩუნოთ, უმჯობესია მიირთვათ მინერალური წყლები, კომპოტის წვენები (სხვათა შორის, არც ტკბილი გაზიანი სასმელია იდეალური გამაგრილებელი საშუალება). ზოგადად, სიცხეში ადამიანმა დღის განმავლობაში 3 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. თუ სითხის ამ რაოდენობის ნახევარი მაინც მინერალური წყალი იქნება, თქვენს ორგანიზმში შენარჩუნდება მინერალების ბალანსი. ლუდი კი მცირე რაოდენობით - დღეში 300 მლ-მდე (და არა 2-3 ლიტრამდე, როგორც ხშირად მიირთმევენ მამაკაცები, შედარებით ნაკლებს კი - ქალბატონები და თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებიც კი) შეგიძლიათ მიირთვათ.

აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ ფაქტსაც, რომ ლუდის ჭარბად და რეგულარულად სმა ისევე იწვევს ალკოჰოლისადმი შეჩვევას, როგორც ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელი. ეს საშიშროება განსაკუთრებულად ემუქრებათ მოზარდებს და ქალებს ლუდის თუნდ შედარებით მცირე რაოდენობის რეგულარულად მიღებისას. მამაკაცების საყურადღებოდ კი ვიტყვი, რომ 2 ლიტრი ლუდი იმდენსავე ალკოჰოლს შეიცავს, რასაც 1 ლიტრი ღვინო ან 300-400 გრამი არაყი. შედეგად კი თქვენს ორგანიზმში აუცილებლად განვითარდება ის უარყოფითი ცვლილებები, რაც ზოგადად ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ვითარდება ხოლმე.

მკითხელი: ნანა

ოთახში, სადაც პატარები იმყოფებიან, კონდიციონერისა ან ვენტილიატორის გამოყენება რამდენად მიზანშეწონილია. გვაინტერესებს ასევე, უფროსები როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისგან არ გავცივდეთ. სიცხიდან სიგრილეში და პირიქით გადასვლა ადამიანის ორგანიზმზე როგორ მოქმედებს?

კონდიციონერმა, ისევე როგორც სხვა რთულმა ტექნიკურმა მოწყობილობამ, თუ არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება გავნოთ. კონდიციონერიდან მომდინარე ცივი ჰაერის ნაკადის ქვეშ ჯდომამ, ისევე როგორც, ვენტილატორთან ახლოს ჯდომამ, ღია ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა ან ორპირმა ქარმა, შეიძლება გაგაციოთ.

კონდიციონერში კიდევ ერთი საშიშროება იმალება: ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში საუცხოოდ მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა. ეს ბაქტერია ვრცელდება წყლის აეროზოლში, გაციებული ჰაერით ხვდება გარემოში და იწვევს სერიოზულ დაავადებას - ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა - ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას.

გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე ახურებს მას 30-35 C-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება. ამ საშიშროებათა თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა აარჩიოთ კონდიციონერის დასადგამი ადგილი ან არ დაჯდეთ მის ახლოს. დაავადების კიდევ ერთი მიზეზია კონდიციონერის პულტზე ძალიან დაბალი ტემპერატურის დაყენება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპე-რატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 C-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 28 C-ია, ოთახში 24-21 C უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი. თუ დარწმუნებული არა ხართ, როგორი ტემპერატურაა ოპტიმალური, შეიძლება გამოიყენოთ რეჟიმი I FEEL. ამ რეჟიმში კონდიციონერი აირჩევს მიზნობრივ ტემპერატურას. ცივ სეზონზეც არ ღირს კონდიციონერის რეჟიმის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დაყენება, რათა არ დააქვეითოთ ორგანიზმის დაცვითი უნარი.

ბუნებრივია, ასევე არასასურველია იჯდეთ კონდიციონერის გვერდით (კონდიციონერის მიერ გამოსროლილი ცივი ჰაერის ნაკადის წინ). ზოგიერთი ოფისის კონდიციონერი კონდენსატს სწრაფად იშორებს. თან ასეთ სისტემებში წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისაა და მასში ლეგიონელები ვერ მრავლდებიან. თანამედროვე გამწმენდ და დამატენიანებელ სისტემებში დაყენებულია სპეციალური ბაქტერიოციდული ფილტრები. გარდა ამისა, კონდიციონერები საგანგებოდ მოწმდება მიწოდებული ჰაერის სისუფთავეზე, მიკროორგანიზმებზე. ლეგიონელებისა და მათგან გამოწვეული ლეგი-ნელოზისგან თავდასაცავად ამოირჩიეთ კონდიციონერები, რომლებსაც აქვს ბაქტერიის საწინააღმდეგო ფილტრები და თანამედროვე დაცვის სხვა საშუალებები.

რაც შეეხება ბავშვებს, ბოლო დრომდე არსებობდა მოსაზრება, რომ ოთახში, სადაც პატარაა, დაუშვებელია კონდიციონერის ჩართვა, რადგან ბავშვი აუცილებლად გაცივდება. მაგრამ ეს მოსაზრება სადავო გახადა ახალი თაობის კონდიციონერების შექმნამ, რომლებსაც გამაგრილებელთან ერთად ოთახის ნორმალური ტენიანობის შემანარჩუნებელი, ჰაერის მტვრის ნაწილაკებისა და ალერგენებისგან გამწმენდი თვისებებიც გააჩნია. თუ ტემპერატურის ზომიერებას დაიცავთ, არ დასვამთ ბავშვს ჰაერის ცივი ნაკადის ქვეშ, კონდიციონერი მას ზიანს არ მიაყენებს. იგივე შეიძლება ითქვას ვენტილატორზე.

მკითხველი: ელენე

რამდენადაც ვიცი, აზიის ქვეყნებში, სადაც ძალზე მაღალი ტემპერატურაა, სიცხის დაძლევის საკმაოდ პოპულარული მეთოდი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იღოს, ცხელი ჩაის მიღებაა. იქნებ უფრო დეტალურად განგვიმარტოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში და რამდენად გამართლებულია სიცხეში გასაგრილებლად ქაფქაფა ჩაის, ან თუნდაც ყავის მიღება?

ამ ტრადიციას ფიზიოლოგიური მექანიზმი უდევს საფუძვლად: მოგეხსენებათ ცხელი ჩაი ოფლმდენი საშუალებაა. ოფლდენისას კი ორგანიზმიდან წყალი ორთქლდება და შედეგად ორგანიზმის ტემპერატურა ქვეითდება (ორგანიზმი კარგავს წყლის აორთქლებისთვის საჭირო სითბურ ენერგიას). ცხელი ჩაის მიღების მომენტში სიცხის შეგრძნება მძაფრდება, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ორგანიზმი გრძნობს შვებას და საკმაოდ ხანგრძლივად ინარჩუნებს სიგრილეს აუტანელ სიცხეშიც კი. გამაგრილებელი ცივი სასმელები კი მხოლოდ მომენტალურად აგრილებს ორგანიზმს, მაგრამ ეს ეფექტი მალევე გაივლის ხოლმე. აზიაში ყველაზე პოპულარული მწვანე ჩაი გახლავთ, რომელიც იდეალურ გამაგრილებელ საშუალებად ითვლება.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი