ნადირობის სეზონი

ნადირობის სეზონი

რამდენიმე დღის წინ, დამწყებ და პროფესიონალ მონადირეთა გულის გასახარად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა. ამ უძველესი მამაკაცური პროფესიის წეს-ჩვეულებებზე, კანონმდებლობაზე, სანადირო იარაღსა და მონადირე ძაღლებზე მკითხველთა შეკითხვებს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის პრეზიდენტი დათო ბოკუჩავა პასუხობს.

მკითხველი ლაშა:

მოგესალმებით. იქნებ გვიამბოთ თქვენი ასოციაციის საქმიანობის შესახებ. რამდენადაც ვიცი, ის ფუნქციები, რომელიც კომუნისტების დროს "მონკავშირს" ჰქონდა, ახლა შეცვლილია. უფრო კონკრეტულად კი გვაინტერესებს, ნადირობაში სრულიად გამოუცდელებს თუ უწევთ რაიმე სახის მხარდაჭერას და ამ მხრივ "მონკავშირში" გაწევრიანება რამდენად აზრიანი იქნებოდა?

გეთანხმებით, ბატონო ლაშა! ბოლო 10-15 წლის მანძილზე მოქმედი კანონმდებლობით საგრძნობლად შეიზღუდა "მონკავშირის" ფუნქციები. უფრო კონკრეტულად: გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისამდე, "მონკავშირს" დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული 1.900.000 ჰა ტყის სავარგული, სადაც მოწყობილი იყო სანადირო მეურნეობები, აღკვეთილები, რეზერვატები. ხდებოდა რუსეთიდან და სხვა რესპუბლიკებიდან გარეული ნადირ-ფრინველის შემოყვანა და განთავსება სანადირო სავარგულებში, მათი გამრავლება და გეგმაზომიერი ნადირობის ორგანიზება. მაშინდელი მთავრობის მიერ, სამოყვარულო თევზჭერის განვითარებისათვის გადმოცემული გვქონდა რამდენიმე ათეული ტბა და წყალსატევი, სადაც ჩვენ ყოველ წელს ვუშვებდით ლიფსიტს. ყველა ამ სათევზაო და სამონადირეო მეურნეობებს მთელ საქართველოში დაახლოებით ორასამდე კვალიფიციური ეგერი ემსახურებოდა. ჩვენი ნადირობის სპეციალისტები ხშირად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებში და ახალ გამოცდილებებს ნერგავდნენ სანადირო და სათევზაო მეურნეობებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაწილობრივ შეიზღუდა ჩვენი საქმიანობა, მაგრამ არა მთლიანად. "მონკავშირი" ფლობს "კვერეთის" სანადირო მეურნეობას საჩხერეში, წილობრივად - თეთრი წყარის რაიონში, აგრეთვე სათევზაო მეურნეობას თერჯოლაში მდინარე ყვირილაზე. არის პერსპექტივა სხვა მეურნეობების და საშენების მოწყობისა.

"მონკავშირი" ათეული წლების მანძილზე ზრუნავდა ახალგაზრდა, გამოუცდელი მონადირეების მომზადებაზე. დამწყები ერთი წლის მანძილზე ნადირობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სავალდებულო მინიმუმს ეუფლებოდა და მხოლოდ ამის შემდგომ ხდებოდა "მონკავშირის" წევრი და ეძლეოდა თოფის შეძენის უფლება. ახალგაზრდების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი სპეციალისტები, ეგერები, დამსახურებული

მონადირეები. დამწყები მონადირეები მონაწილეობდნენ სანადირო და სათევზაო მეურნეობების მოწყობაში, ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარებაში, სწავლობდნენ კოლექტიური ნადირობის პრინციპებს და რაც მთავარია, სანადირო იარაღს და მათთან მოქცევის წესებს, რაც მინიმუმამდე ამცირებდა ნადირობის დროს უბედურ შემთხვევებს.

დღეისათვის, კანონმდებლობით, ეს ყველაფერი გაუქმებულია. მონადირეს 18 წლის ასაკში შეუძლია აიღოს ჯნმრთელობის ცნობა, შეიძინოს სანადირო თოფი და ინადიროს. სამწუხაროდ ასეთი მიდგომით ზარალდება არამარტო ჩვენი ბუნება, არამედ დამწყები მონადირეც. სტსტისტიკით 1970-1990 წლებში, სანადირო თოფით ნადირობის დროს მოხდა მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა. ბოლო წლებში კი უკვე ათეული უბედური შემთხვევაა აღრიცხული.

"მონკავშირმა" საბედნიეროდ შეინარჩუნა ყველა კვალიფიციური სპეციალისტი, რომლის ბაზაზეც ჩვენ უკვე შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომელიც სავარაუდოდ 2011 წლის იანვრიდან შეუდგება მუშაობას. აქ, დამწყები მონადირეები 10 დღის მანძილზე შეისწავლიან ნადირობის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ჩვევებს: ნადირობის ეთიკას, უსაფრთხოების წესებს, მოკლე ბიოლოგიურ კურსს ნადირ-ფრინველზე, პრაქტიკულად იმეცადინებენ სასროლეთზე, გაეცნობიან სანადირო თოფებს, ისწავლიან მათთან მოქცევას და გამოიმუშავებენ ნადირობისათვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მსურველებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კოლექტიურ ნადირობასა და თევზაობაში გამოცდილ მონადირეებთან და მეთევზეებთან ერთად. ამასთან, მსურველებს, ცნობილ კინოლოგებთან ერთად შეუძლით საკუთარი მონადირე ძაღლებისა და დამჭერ ფრინველთა დაგეშვის ხელოვნებას დაეუფლონ. ასე, რომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რამდენად სასარგებლო იქნება თქვენთვის "მონკავშირის" წევრად გახდომა?!

მკითხველი გიორგი:

სახლში მაქვს მამა-პაპისეული სანადირო თოფი, რომელიც, თუ არ ვცდები, გაუფორმებელია. თუ შეგიძლიათ მითხრათ, როგორ და სად უნდა მოხდეს მისი აღრიცხვაზე დაყენება და სანადიროდ მისი გამოყენება ისე, რომ კანონი არ დავარღვიო?

თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ ამ საკითხზე მიმართოთ საპატრულოს სანებართვო სააგენტოს რეგიონალურ სამსახურს, სადაც მიიღებთ ამომწურავ პასუხს.

მკითხველი ზაზა:

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა შემთხვევაში ითვლება თევზაობა ბრაკონიერობად და კანონმდებლობით როგორ ისჯება? რამდენად მართალია ხალხური გამონათქვამი, რომ იმ თვეში, რომლის სახელწოდებაში ასო "რ" არ ურევია, თევზაობა არ შეიძლება, რადგან ამ დროს ქვიროთობის პერიოდია?

თევზაობის დროს ბრაკონიერობად ითვლება აკრძალული წესებით და მეთოდებით ჭერა. კერძოდ: საწამლავით, დენის აპარატით, თარფით, გოდრის ყურით, წყლის დაწყვეტით, მდინარის კალაპოტის შცვლით და სხვა. ასევე,ისეთი სასროლი ან მოსასმელი ბადით თევზაობა, რომლის უჯრედი არ შეეფარდება დაშვებულ ნორმებს.

რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში თევზჭერას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ერთი ან ორი ნემსკავით თევზაობა დაშვებულია წლის ნებისმიერ დროს ყველა ბუნებრივ წყლებსა და წყალსატევებზე.

მკითხველი ზვიადი:

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, მსოფლიოში სამონადირეო ბიზნესი რამდენად მნიშვნელოვანი და შემოსავლიანია. მისი განვითარებისთვის საქართველოში რა ვითარება და პერსპექტივა არსებობს და რამდენად მიზანშეწონილია როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული და გარემოს დაცვის თვალსაზრისით? თავად სახელმწიფო თუ უთმობს ამ საკითხს ჯეროვან ყურადღებას?

ბატონო ზვიად, აშშ-ი ყოველ წელს, სანადირო და სათევზაო ტურიზმიდან ამონაგები თანხა მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. სანადირო ტურიზმი არანაკლებ არის განვითარებული ევროპაში. ამ ბიზნესიდან შემოსავალი ასეულობით მილიონ ევროს აჭარბებს.

საქართველო იდეალური ქვეყანაა სანადირო ტურიზმის განვითარებისათვის. ჩვენთან ყველა კლიმატური პირობებია, დაწყებული სუბტროპიკულიდან დამთავრებული ალპური და სუბალპური ზონით.

დღეისათვის, ჩვენთან უკვე შექმნილია ოცდაათზე მეტი სანადირო მეურნეობა. აქედან აბორიგენ ნადირ-ფრინველის მოპოვებაზე კვოტა მხოლოდ რამდენიმემ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნადირობიდან მიღებული მოგება მიზერულია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მცირეა კაპიტალდაბანდება და უცხოური ინვესტიციები. რაც შეეხება სახელმწიფოს ზრუნვას, კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ ზრუნავს ჩვენი პრეზიდენტი ტურიზმის განვითარებაზე და ბოლო დროს რამდენ დროს უთმობს ამ საკითხს. ჩემი აზრით, საქართველოში სანადირო და სათევზაო ტურიზმის განვითარება არანაკლბ შემოსავლიანი იქნება, ვიდრე სამთო და სხვა სახის ტურიზმი. ამისათვის აუცილებლად მიმაჩნია შეიქმნას კანინმდებლობა ნადირობის შესახებ. კერძოდ -"კანონი ნადირობის შესახებ".

მკითხველი გია:

გამოუცდელ მონადირეს პირველად რა იარაღით და რაზე ნადირობას ურჩევთ? ასევე გვაინტერესებს, რა თავისებურება აქვს დათვსა და ტახზე ნადირობას საქართველოს ტყეებსა და მთებში.

გამოუცდელი მონადირისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი თოფით დაიწყებს ნადირობას. ჩემი აზრით, თოფის შეძენა უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური მონაცემებით. ამისათვის თოფის შეძენის დროს საჭიროა კვალიფიციური ოსტატის რჩევა, რაც სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლით მიიღოთ "მონკავშირში".

რაც შეეხება დათვზე ნადირობას, იგი საქართველოში აკრძალულია და კანონით ისჯება ჯარიმით. საქართველოში ტახზე ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სანადირო მეურნეობებში. ტახი მოიპოვება როგორც ბარში, ასევე მთიან რეგიონებში. ამიტომ მათზე ნადირობის მეთოდები განსხვავებულია. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში თითქმის ყველგან ტახზე ნადირობა ექსტრემია,

რაც დიდ ხიბლს აძლევს მას.

მკითხველი ლაშა:

გამარჯობა. მე პირადად გამოუცდელი მონადირე გახლავართ - სულ ერთი-ორჯერ ვარ ნამყოფი გარეულ იხვზე სანადიროდ. ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც ვიყავი, იხვის ”მოზიდვას” სპეციალური საჭყვიტინებელი სასტვენით ცდილობდნენ, რომელიც იხვის ხმას გამოსცემს. ამაზე თავიდან ბევრი ვიცინე. მაინტერესებს, მართლა თუ შეუძლია ამ საჭყვიტინოს იხვის შეცდომაში შეყვანა და იმ ადგილებში მოფრენა, სადაც მონადირეა ჩასაფრებული?

ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იხვზე ნადირობის დროს იყენებდნენ სატყუარებს, თავდაპირველად ხისგან ამზადებდნენ გარეული იხვის მოდელებს, შემდეგ მოგვიანებით რეზინისაგან, თვითონ სახუნდარებში იმალებოდნენ და ხისგან დამზადებული სასტვენით

ბაძავდნენ იხვის ყიყინს. ბევრ შემთხვევაში, იხვის გადაფრენის დროს, ასეთი ნადირობა წარმატებულია.

იმასაც გეტყვით, რომ ტექნიკა ისე წავიდა წინ, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, იტალიელებმა და გერმანელებმა შექმნეს ჩანაწერები სხვადასხვა ფრინველების ხმის, რისი საშუალებითაც შეუძლიათ ნადირობის მოყვარულებმა ერთ მცირე მინდორზე ან საგუბარზე მოიზიდონ ასეულობით სანადირო დანიშნულების ფრინველი. პირადად მე, ნადირობის ასეთი მეთოდი არასპორტულად მიმაჩნია. ვთვლი, რომ ნადირობისას მონადირეს და სანადირო ობიექტს თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ.

მკითხველი დათო:

გამარჯობა. მაინტერესებს, ძაღლის დასაგეშად უკეთესია მწყერზე ნადირობა თუ ბეკასზე. ძველი მონადირეები ბეკასს მირჩევენ, უფრო ცოცხალი და  ძნელად სანადირო არისო. ძაღლი უფრო აგრესიული ხდება და მაგრად განუვუთარდება ”სტოკაო”. თქვენ როგორ გვირჩევთ? ჩემი ძაღლი სუფთა სისხლის კურცხალია, 5 თვის.

კონტინენტალური მდევრები, მათ შორის კურცჰაარი, შედარებით ადრე იგეშება, თუმცა მე ვთვლი, რომ ხუთი თვის ჯერ პატარაა. ჩემი აზრით, სასურველია დაიწყოთ იმით, რომ ის ატაროთ მინდორში, მიაჩვიოთ გარეული ფრინველის სუნს, მოუკლათ და აჩვენოთ მწყერი. რაც შეეხება სერიოზულ გეშვას, სასურველია დაიწყოთ 10-11 თვის ასაკიდან იმ პერიოდის მიხედვით, რომელ სანადირო ფრინველზეც იქნება მაშინ ნადირობა დაშვებული.

მკითხველი დათო:

როგორ გადავაჩვიოთ მონადირე ძაღლი ქათმების დევნას? ახრჩობს, მოაქვს და დებს...

სასურველია, რომ შინაური ფრინველი იზოლირებული იყოს მონადირე ძაღლებისგან, რადგან მონადირე ძაღლებს აქვთ ინსტიქტი მოიხელთონ ფრინველი და პატრონს მიუტანონ.

პირველი შემთხვევის დროს, მონადირე ძაღლი (ლეკვი) პატრონმა მკაცრად უნდა დატუქსოს, შემდეგ დასაჯოს, წმინდა ჯიშის ძაღლები ადვილად იგებენ ყველა შენიშვნას. ასე ძირითადად იქცევიან ლეკვები, რომლებიც ჯერ დაგეშილები არ არიან. მოზრდილი მონადირე ძაღლები, რომლებიც ინტენსიურად ნადირობენ და ასხვავებენ ფრინველთა სუნს, შინაურ ფრინველებს ნაკლებად ერჩიან.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"