რთული სასკოლო ასაკი

რთული სასკოლო ასაკი

მოსწავლისთვის სათანადო ცოდნის მიცემა და უსაფრთხო გარემოს შექმნა დღემდე განათლების სისტემის პრობლემად რჩება. როგორია მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში, მკითხველთა შეკითხვებს "ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის" პრეზიდენტი სოფიო ვერულაშვილი პასუხობს.

მკითხველი თამილა:

როგორ უნდა მოიქცეს პირველკლასელი ბავშვის მშობელი, რათა ბავშვისთვის სწავლის პროცესი საინტერესო იყოს და არა - მოსაბეზრებელი. ამ შემთხვევაში მშობლისგან სიმკაცრე რა დოზით და რა დროს არის გამართლებული. საინტერესო იქნებოდა ასევე თქვენი რჩევა ბავშვისთვის სამეცადინო კუთხის სწორად მოწყობის შესახებ.

ბავშვისთვის მშობელია პირადი მაგალითი და მას ხშირად უნდა ხედავდეს "წიგნით ხელში". შვილი ბაძავს მშობლებს, მისთვის საინტერესოა ის, რასაც მშობლები აკეთებენ და როდესაც ეძლევა ამის საშუალება, დიდი ინტერესით ეკიდება მსგავს საქმიანობას.

რაც შეეხება მოსწავლის მიმართ სიმკაცრეს ანუ კონტროლს, ის უნდა იყოს ზომიერად მაღალი და თან ახლდეს უზომოდ თბილი ურთიერთობები. მშობელმა ბავშვს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი განრიგის (მეცადინეობის დრო, თამაშის დრო, დაძინების დრო, საკვების მიღების დრო, კომპიუტერთან თუ ტელევიზორთან "ყოფნის" დრო და ა.შ.) დაცვა უნდა მოსთხოვოს.

მშობელი ყოველთვის უნდა აქებდეს შვილს. მოსწავლის ყოველი წარმატება მან დღესასწაულად უნდა აქციოს. მშობელმა უნდა აღიაროს ბავშვი, ხელი შეუწყოს მას დამოუკიდებლობაში, დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებებზე. მშობლის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს თვითნებური და უსამართლო. მშობელი მზად უნდა იყოს მოუსმინოს ბავშვს და თუ საჭიროა, წავიდეს გარკვეულ დათმობაზე. ამასთან, შენიშვნა კორექტულად უნდა მისცეს, შეაფასოს ქცევა და არა თავად ბავშვი. ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით ბავშვის აღზრდა შედეგად მოგვიტანს სწავლისადმი მის დადებით დამოკიდებულებას.

ბავშვს აუცილებლად უნდა ქონდეს თავისი სამეცადინო სივრცე. ძალიან კარგია თუ მას აქვს თავისი ოთახი, თუ არადა, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს საცხოვრებელში მოვძებნოთ მეტ-ნაკლებად იზოლირებული ადგილი და იქ მოვუწყოთ სამეცადინო კუთხე. ეს უნდა იყოს განათებული ადგილი, ფანჯარასთან ახლოს და კარგად უნდა ნიავდებოდეს. აუცილებელია დამატებითი ხელოვნური განათებაც. მოსწავლის სამეცადინო კუთხე და ოთახი სასურველია იყოს  მწვანე შეფერილობის (უნდა მოვერიდოთ "პასტელის" ფერებს, ყვითელ და წითელ შეფერილობას).

ბავშვის სამეცადინო კუთხის ძირითადი ატრიბუტებია საწერი, უჯრებიანი მაგიდა, მაგიდის სანათი, ფანქრების, საშლელის, საწერკალმის მოსათავსებელი მაგიდის აქსესუარი და კომფორტული სკამი, სადაც ბავშვი გამართულად ჯდომას შეძლებს. მაგიდაზე უნდა იყოს მხოლოდ იმ დღის გაკვეთილებისთვის საჭირო წიგნები და რვეულები, სასმელი წყალი, გაკვეთილების ცხრილი და დღის რეჟიმი.

მკითხველი ლელა:

ზოგი მშობელი ბავშვს გაკვეთილების მომზადებას სკოლიდან მოსვლისთანავე აიძულებს, ხოლო გართობა-დასვენებისთვის დროს მხოლოდ მეცადინეობის შემდეგ უდგენს. მოზარდის გონების გადატვირთვის თავიდან აცილებისა და ნასწავლის უკეთ დამახსოვრების მიზნით, რა უფრო უმჯობესია, სკოლის შემდეგ გართობა და შემდეგ მეცადინეობა, თუ პირიქით?

სკოლიდან მოსვლისთანავე ბავშვმა ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოს (შეიმოსოს კომფორტულად), ისადილოს, დაისვენოს 25-20 წუთი (შესაძლოა წამოწვეს კიდეც) და შემდგომ შეუდგეს მეცადინეობას. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოდ ბავშვის გონებრივი გადაღლა და ნასწავლიც კარგად დაამახსოვრდეს, კარგი იქნება, თუ ჯერ იმ გაკვეთილებს მოამზადებს, რომლებიც იმ დღეს ჰქონდა. ბავშვი მხოლოდ მეცადინეობის დასრულების შემდეგ უნდა გაერთოს. ბავშვმა დაძინების წინ უნდა გადაიმეოროს შემდეგი დღის გაკვეთილები, ჩაალაგოს ჩანთა და დილისთვის გაიმზადოს სასკოლო სამოსი.

მკითხველი თეონა:

ჩვენი შეკითხვა საბავშვო ბაღს ეხება - 3 წლის ბიჭუნა წელს ბაღში პირველად მიგვყავს და მშობლები ვშიშობთ, რომ დედასთან განშორება და უცხო გარემოსთან შეჩვევა პირველ დღეებში ძალიან გაუჭირდება. თანაც, ჩვენდა სამწუხაროდ, აქამდე ისე გავზარდეთ, რომ დედის გარდა დიდხანს არავისთან ჩერდება. რას გვირჩევთ, თავიდანვე მთელი დღით დავტოვოთ ბაღში, თუ ნელ-ნელა გავზარდოთ მისი მშობელთან განშორების პერიოდი?

მნიშვნელოვანია, პატარა ბაღისთვის წინასწარ შევამზადოთ და მასზე დადებითი მხრიდან ბევრი ვესაუბროთ. საწყის ეტაპზე შეიძლება ცოტა ხნით დედაც დარჩეს მასთან ერთად, შემდგომ კი აღმზრდელებთან ტელეფონით გადაამოწმოს, რამდენად ადაპტირდა ბავშვი ბაღში და როგორ ერთობა თავის თანატოლებთან. თუ ბაღის აღმზრდელი დააასტურებს, რომ ბავში უპრობლემოდაა და ჩართულია საერთო რეჟიმში, თამამად შეიძლება ბავშვი ბაღში მთელი დღით დავტოვოთ. იმ შემთხვევაში, თუ უჭირს იქ ყოფნა, სჯობს ნელ-ნელა შევაჩვიოთ და საწყის ეტაპზე მხოლოდ მცირე დროით დავტოვოთ ხოლმე და ეს დრო ნელ-ნელა გავუზარდოთ. პროფესიონალი ბაღის აღმზრედლ-მასწავლებლები იზრუნებენ, რომ თქვენი შვილი შეეგუოს ბაღს და უფრო მეტიც, მოსწონდეს იქ ყოფნა. თქვენ კი გააგრძელეთ ბავშვთან დადებითი კუთხით ბაღზე საუბარი, აღნიშნეთ თქვენი ბავშვის შეძენილ ქცევაში თუ უნარებში დადებითი მხარეები და ხაზი გაუსვით, რომ ეს ბაღის დამსახურებაა. ხშირად შეაქეთ თქვენი შვილი და წაახალისეთ. მისი თანდასრებით არასდროს გააკრიტიკოთ ბაღის აღმზრდელები ან პედაგოგები.

მკითხველი ნანა:

მე თუ მკითხავთ, ქართული სკოლის ერთერთ პრობლემად მასწავლებლებისა და მშობლების არანორმალური ურთიერთობა რჩება. ვგულისხმობ იმ "თავგამოდებულ დედიკოებს", თავიანთი შვილების დამრიგებლებს საჩუქრებით რომ დაჰფოფინებენ თავს. ჩემთვის ეს, გარდა ეკონომიური თვალსაზრისისა, ძალიან შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელიცაა. არადა, კონფლიქტს გავურბივარ - არ მინდა ამით საბოლოო ჯამში ისევ ჩემი შვილი დაზარალდეს. რას მირჩევთ?

ვფიქრობ, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეფორმები მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს ამ საკითხს. მანამდე კი, თუ იმ ღირებულების საჩუქრებზეა საუბარი, რომელიც ეკონომიურად გაზარალებთ, საკუთარი აზრი და დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, გაღიზიანებისა და შეურაცხყოფის გარეშე, აუცილებლად უნდა გამოხატოთ და გაუზიაროთ დანარჩენ მშობლებს. ეცადეთ, მათზე თქვენ იქონიოთ გავლენა. თუკი  არ შეურაცხყოფთ სხვას და მხოლოდ თქვენს დამოკიდებულებას დააფიქსირებთ, ისაუბრებთ საკუთარ შეხედულებებზე, მოერიდებით "თავგამოდებული დედიკოების" და მსგავსი შედარებების გამოყენებას, კონფლიქტს თავიდან იაცილებთ, მასწავლებელთა "დასაჩუქრების" ინიციატორებს კი საკუთარ ქცევაზე დააფიქრებთ.

მთავარია თქვენი შვილი იყოს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და გამოირჩეოდეს კარგი ყოფაქცევით, მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში პედაგოგების სიმპათიას დაიმსახურებს და თქვენ არას გავნებთ ზოგიერთი მშობლის არასაჭირო, გადაჭარბებული ქცევა. თბილი, ემოციური, პატივისცემაზე დაფუძნებული პიროვნებათშორისი ურთიერთობები მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს შორის ძალზე მნიშვნელოვანია. საჭიროა, კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვქონდეს შვილის თანაკლასელების მშობლებთანაც, რადგან თანაკლასელებსა და მათ შორის მეგობრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი შვილის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, სოციალური თუ ფსიქოლოგიური უნარჩვევების ფორმირებაში. მშობლებმა თავიანთ შვილებს აუცილებლად ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობების მაგალითი უნდა მისცენ.

მკითხველი ნინო:

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო შვილებისთვის სკოლის შეცვლაც გვიხდება. უფროსი ბიჭი 10 წლისაა და ძალიან ვნერვიულობთ, როგორ შეხვდებიან და მიიღებენ ახალი თანაკლასელები. რა შეგვიძლია მშობლებს გავაკეთოთ, რომ ბავშვს თანატოლებთან კონფლიქტური გარემო არ შეექმნას და ამავდროულად, ზედმეტადაც არ ჩავერიოთ მის და მისი თანატოლების ურთიერთობაში?

რა თქმა უნდა, არ უნდა ჩაერიოთ თქვენი შვილისა და ახალი თანაკლასელების ურთიერთობებში. რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ პოზიტიური, ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთოებები დაამყაროთ პედაგოგ-მასწავლებლებთან და თქვენი შვილის თანაკლასელთა მშობლებთან.

სითბო, ზრუნვა და ყურადღება არ მოაკლოთ თქვენს შვილს. შეაქეთ ის იმ თვისებებისა თუ ქცევის გამო, რომელიც ამას იმსახურებს. ურჩიეთ მას, იყოს ის, რაც არის და მოიქცეს ბუნებრივად და თავისუფლად. თუ თქვენს შვილს ძველ თანაკლასელებთან არ ქონდა პრობლემები, დიდი ალბათობაა, რომ ახალ თანაკლასელებთანაც არ ექნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უწინ იყო მსგავსი პრობლემები, ბავშვი ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ.

მკითხველი ელენე:

სკოლა ისე დავამთავრე, მშობლებისთვის გაკვეთილები არასდროს ჩამიბარებია. ახლა სხვა ვითარებაა - მშობლები მთელ დღეს შვილებთან მეცადინეობაში ატარებენ. ჩემი გოგონა სკოლაში წელს პირველად მიდის და რას მირჩევთ, ყოველდღე მოვთხოვო ნასწავლის ჩემთვის ჩაბარება, თუ მთელი პასუხისმგებლობა მას მივანდო?

საწყის ეტაპზე ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში უნდა მოეხმაროთ. უნდა აუხსნათ, როგორ იმეცადინოს და როგორ გაართვას თავი ამა თუ იმ დავალებას. არასდროს შეასრულოთ მისი საშინაო დავალება და არ მისცეთ მზა პასუხები! შეგიძლიათ გაკვეთილები საღამოს მამას ერთად “ჩააბაროთ“ და სასურველია ამას თავის მოწონების დატვირთვა ჰქონდეს და არა შემოწმების. კარგია, როდესაც მამა შეაქებს შვილს, მოეფერება და ეტყვის, თუ როგორ უყვარს და ამაყობს მისით.

მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი მიეჩვევა დამოუკიდებლად მეცადინეობას და თქვენი და სკოლის პედაგოგის დახმარებით, სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდება, სწავლის პროცესსა და დღის რეჟიმის ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულებაზე მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრეთ. თავდაპირველად ყოველდღე შეუმოწმეთ გაკვეთილები და ის, თუ რამდენად კარგად იცავს დღის რეჟიმს. ამავდროულად, აუცილებლად შეაქეთ, მოეფერეთ და დაუყვავეთ მაშინ, როდესაც  ნასწავლი გაკვეთიელებისა და კარგი ქცევის გამო ის შექებას  იმსახურებს. თუ რაიმე ისე არაა, როგორც თქვენ გინდათ, მკაცრი შენიშვნისგან თავი შეიკავეთ. უბრალოდ, მიუთითედ და დაარიგეთ, აუხსენით, შემდგომში როგორ უნდა მოიქცეს.

გარკვეული დროის შემდგეგ უკვე აღარაა საჭირო ყოველდღე შეუმოწმოთ გაკვეთილები და ეს მხოლოდ პერიოდულად გააკეთეთ, ისიც მხოლოდ შექების მიზნით. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია, რომ  წაახალისოთ თქვენი შვილის მზარდი დამოუკიდებლობა, დააკისროთ მას გარკვეული ვალდებულებები და მოვალეობები და თან აუხსნათ ამ მოქმედებების აზრი და მნიშვნელობა. ამასთან აუცილებელია, მოუსმინოთ ბავშვს, რათა ის  თავისუფალ, მაღალი თვითშეფასების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

მკითხველი ლამარა:

რამდენად გამართლებულია სწავლაში ბავშვის წახალისება ფულით?

ბავშვის ფულით წახალისება არათუ გაუმართლებელი, დაუშვებელია. ბავშვის წახალისება აუცილებელია სითბოთი, სიყვარულით, შექებით და მისთვის სასიამოვნო და სასარგებლო ნივთების ჩუქებით. კარგია, თუ ბავშვს კარგი ყოფაქცევისათვის და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მისთვის სასიამოვნო გასართობ ღონისძიებებზე (თეატრი, კინო, ბუნებაში გასვლა, ექსკურსიები, მუზეუმების დათვალიერება, "არტაქციონები" და სხვა) დასწრების შესაძლებლობით დავაჯილდოვებთ.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"