კლიენტთა მომსახურება

კლიენტთა მომსახურება

ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბანკის მიმართ ნდობა მომსახურების დონით განისაზღვრება. საბანკო მომსახურებას სრულყოფილს სწორედ კლიენტისთვის მიწოდების ფორმა და ოპერატიული მომსახურება ხდის. რა მოიაზრება კლიენტთა მომსახურების სფეროში და რა უნდა იცოდნენ ბანკის კლიენტებმა. თქვენს კითხვებს პროკრედიტბანკის ცენტრალური ფილიალის კლიენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, ანა სამანიშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი თამარი:  თქვენს ბანკში ანგარიშის გახსნისას უამრავი კითხვა დამისვეს. მაინტერესებს რა საჭიროა ეს და რა მიზნით დამისვეს კითხვები.

ბანკში პროფესიონალურ და მაღალხარისხიან მომსახურებას უნდა იღებდეთ, პროდუქტი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს და მიესადაგოს კლიენტს მისი საჭიროებისა და ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით. ჩვენი ბანკის მიზანია, ვიცნობდეთ ჩვენს კლიენტებს. ბანკში კლიენტის პირველივე ვიზიტისას ვცდილობთ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ კლიენტის შესახებ, რათა პროდუქტის შერჩევაც სწორად მოვახდინოთ. ჩვენი ბანკის მიზანი არ არის გავყიდოთ რაც შეიძლება მეტი საბანკო პროდუქტი; ჩვენ ვცდილობთ, გავყიდოთ სწორად და ხარისხიანად. შესაბამისად, რაც უფრო მეტი გვეცოდინება კლიენტის შესახებ, მით უკეთ მოვახერხებთ მისთვის საჭირო მომსახურების შერჩევას.

მკითხველი ზაზა:  ამას წინათ თქვენს ბანკში ზედმეტი დრო დაუთმეს ჩემი პირადობის მოწმობის შემოწმებას. მე ახალი კლიენტი არ ვარ და ამით ცოტა გაკვირვებული დავრჩი. რისთვისაა საჭირო პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის რამდენიმე ადამიანის მიერ შემოწმება?

საქართველოს კანონმდებლობის და ბანკის შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საბანკო ოპერაციების წარმოება და მომსახურება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება პირის სრული იდენტიფიკაცია. ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია არ ხორციელდება იმ საბუთის საფუძველზე რომლის ნამდვილობა იწვევს ეჭვს, ან არის დაზიანებული, რის შედეგადაც საბუთზე არ ჩანს ან არ იკითხება საბუთის რეკვიზიტები;

ბანკის კლიენტის იდენტიფიკაციის შემადგენელ ნაწილს ასევე წარმოადგენს მისი ხელმოწერის ნიმუშის შემოწმება.

თუ ბანკის კლიენტმა წარმოადგინა დაზიანებული პირადობის მოწმობა, ხდება მისი გადამოწმება დამატებითი პასუხისმგებელი პირის მიერ, ისევე როგორც ხელმოწერის ნიმუშისა.

რა თქმა უნდა, კლიენტთა დროული მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება და დაცულობა. ბანკის თანამშრომლის ვალდებულებაა, ზუსტად მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდგე გაუწიოს მას მომსახურება. იდენტობის დადგენას და გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება, რაც კლიენტისავე ინტერესებს ემსახურება.

მკითხველი რუსუდანი:  თქვენს ბუკლეტში წავიკითხე, რომ თუ ოპერაციებს ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით განვახორციელებთ, საკომისიო გადასახდელები ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ბანკში მიღებული მომსახურების დროს? შეგიძლიათ ამიხსნათ ამ განსხვავების მიზეზი?

პროკრედიტ ბანკი ცდილობს წაახალისოს კლიენტები დისტანციური მომსახურებით სარგებლობისკენ და ტარიფებში განსხვავებაც სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. თავის მხრივ ინტერნეტ ბანკინგს ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, კლიენტებს შეუძლიათ ბანკში მოუსვლელად განახორციელონ ოპერაციები, დაზოგონ დრო და საბანკო მომსახურებით ისარგებლონ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან; კლიენტებს შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი ანგარიშები დამოუკიდებლად, ბანკის თანამშრომლის დახმარების გარეშე. თუმცა, ეს კლიენტის არჩევანია და ჩვენი ბანკის კლიენტთა მრჩევლები ბანკის ფილიალებში ნებისმიერ დროს სიხარულით მოემსახურებიან ჩვენს კლიენტებს, აუხსნიან მათთვის საინტერესო პროცედურებსა თუ საკითხებს და მათთვის სასარგებლო რჩევებს მისცემენ.

მკითხველი ლევანი: თქვენს ბანკში ახლახან ავიღე პლასტიკური ბარათი ონლაინ შოპინგისთვის. შემავსებინეს დამატებითი განაცხადი CVV2 კოდის გათიშვისათვის. რამდენადაც ვიცი, სხვა ბანკებში ამას არ ითხოვენ. გთხოვთ განმიმარტოთ რატომაა ეს კოდი ასეთი მნიშვნელოვანი.

პლასტიკური ბარათის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სხვადასხვა მექანიზმი. მაგალითისათვის: ბანკომატით თანხის განაღდებისას ან პოს–ტერმინალით თანხის გადახდისას საჭიროა პინ–კოდი. ასევე, ინტერნეტ–შესყიდვისათვის არსებობს უსაფრთხოების კოდი, (ე.წ. CVV2) რომელიც ბარათის უკანა მხარესაა დატანილი. ამ კოდით ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციები დასტურდება. ამ კოდის გააქტიურება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ინტერნეტის საშუალებით დღეს ნებისმიერი პროდუქტის ონლაინ შესყიდვაა შესაძლებელი. შესაბამისად, მრავლადაა ონლაინ შესყიდვის საიტებიც. მათთან ერთად მრავლდება თაღლითური ფსევდოსაიტებიც. შესაბამისად, კლიენტის თანხების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროკრედიტ ბანკი ინტენსიურად მუშაობს ბარათების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას