საქართველო და ”ევროვიზია”

საქართველო და ”ევროვიზია”

ევროვიზიაზე ფინალისტთა შორის საქართველოს წარმომადგენელი მაყურებელმა ვერა და ვერ იხილა. დიდი იმედების მიუხედავად, შედეგი ვერც წელს გავაუმჯობესეთ. ამჯერად რა გახდა მარცხის მიზეზი და როგორია კონკურსის შიდა სამზარეულო. თქვენს კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი mi lenium: შიდაშესარჩევი კონკურსი  ძალიან დაბალი ხარისხის გვაქვს. რატომ არ ტარდება ეს კონკურსები დიდ დარბაზებში, თუნდაც  სპორტის სასახლეში, სადაც ხალხი დაესწრება და შემდეგ სწორ არჩევანს გააკეთებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-6 წელია მონაწილეობას იღებს ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე და ამ დროის მანძილზე არაერთი შიდაშესარჩევი კონცერტი ჩატარდა, როგორც სპორტის სასახლეში ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ა.შ. თუ ვსაუბრობთ არჩევანზე, ის ვერასოდეს იქნება სწორი ან არასწორი, არჩევანი ყოველთვის სუბიექტურია, რადგან გემოვნებაზე არ დაობენ. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ყოველი გამოსვლა ამ კონკურსზე და თავად კონკურსანტი იყო ღირსეული და მეტ-ნაკლებად წარმატებული. დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის.

მკითველი მარიამი: კონკურსის შემდეგ, როცა შედეგი უკვე ცნობილია, ხდება თუ არა განხილვა იმ მიზეზებისა, რატომ ვერ მივიღეთ სასურველი ეფექტი? სად დავუშვით შეცდომა და რამ განაპირობა კიდევ ერთი მარცხი? ეს შედეგები როდესმე ხომ უნდა შეჯამდეს?

უპირველესად, ჩვენ არ ვთვლით, რომ წლევანდელი გამოსვლა იყო მარცხი... რა თქმა უნდა, ჩვენ ვმსჯელობთ და დეტალურად განვიხილავთ ყველა ნიუანს რის გამოც არ მივიღეთ სასურველი შედეგი, თუმცა თუ გადავავლებთ თვალს საქართველოს მონაწილეობის ისტორიას ევროვიზიაზე , დავინახავთ რომ ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო შედეგებს ვაღწევთ. არიან ძალიან ძლიერი ქვეყნები, რომლებიც წლებია იღებენ მონაწილეობას კონკურსზე და საერთოდ ფინალშიც კი ვერ გადადიან, საქართველომ კი 5 წლის მანძილზე გაანებივრა მაყურებელი თავისი შედეგებით და ამიტომაც აღმოჩნდა ანრის ნახევარფინალი ასეთი მტკივნეული. ვფიქრობ ეს საჭიროც იყო, იქნებ ახლა მეტად გააქტიურდეს ქართველი გულშემატკივარი.

მკითხველი ზურა: ბავშვები თუ ახერხებენ ამ კონკურსზე წარმატებების მიღწევას, უფროსებისთვის სხვა კრიტერიუმებია?

რა თქმა უნდა, საბავშვო ევროვიზია რადიკალურად განსხვავდება "დიდების" ევროვიზიისაგან. აბსოლუტურად სხვა მასშტაბებზე და წესებზეა საუბარი. საბავშო ევროვიზიაზე სულ 15 ქვეყანა მონაწილეობს, მას არ ყავს 300 000 მაყურებელი და თითოეული ადამიანი ასე არ იბრძვის საკუთარი ქვეყნის გამარჯვებისათვის.

მკითხველი სოფო: ბოლო-ბოლო ეს კონკურსი მართლა მუსიკალურია თუ პოლიტიკური? განმიმარტეთ, რა შუაშია სიმღერასთან პოლიტიკა და შედეგებზე რა გავლენას ახდენს?

სოფო ეს სიმღერის კონკურსია და რა თქმა უნდა, პოლიტიკასთან კავშირი არ უნდა ქონდეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნებმა ხმები ობიექტურად გადაანაწილონ და მხოლოდ მეზობლებს არ დაუჭირონ მხარი, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია და ნელ-ნელა პროგრესირებს. ამისათვის არსებობს მაყურებლის sms-ები, რომ დააბალანსოს ჟიურის გადაწყვეტილება, სწორედ ამისთვისაა საჭირო აქტიურობა და ყველა ქართველი გულშემატკივარის მობილიზება. სხვა ქვეყნები ამას მეტად სერიოზულად უდგებიან და უკეთეს შედეგებსაც აღწევენ. კონკურსი ძალიან საინტერესოა, მასშტაბური და მნიშვნელოვანი, უბრალოდ სპეციფიკაა თავისებური და ერთის მხრივ უნიკალურიც, ამიტომ მხოლოდ ამ ჭრილში განხილვა, რომ ის პოლიტიკურია ან არა, შეუძლებელია. დიდი მადლობა

მკითხველი ლალიკო: მას შემდეგ რაც ”ევროვიზიაში" ვმონაწილეობთ, საუკეთესო შედეგი რომელმა მომღერალმა მოგვიტანა?

ვმონაწილეობთ მე- 6 წელია და საუკეთესო შედეგი იყო მე-9 ადგილი. 2010 წელი -სოფო ნიჟარაძე და 2011 წელს - ჯგუფი - Eldrine-ი.

მკითხველი თემო: როდესმე შევძლებთ ვიყოთ ”ევროვიზიის” მასპინძელი ქვეყანა. რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ საამისოდ?

რა თქმა უნდა შევძლებთ! უბრალოდ მეტი მონდომება, აქტიურობა და მუშაობაა საჭირო.

მკითხველი სალი: როგორ ხდება შიდაკონკურსისთვის ჟიურის შერჩევა? რა არის მათზე დამოკიდებული და რა მაყურებლის  ხმებზე?

შიდაშესარჩევ კონკურსზე ჟიურის წევრები (5-7 ადამიანი) მაყურებელთან ერთად არჩევენ და აფასებენ კონკურსანტს. 50% პროცენტი ჟიური და 50% მაყურებელი, ანუ SMS-ები.

მკითხველი გიორგი: ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შოუა ევროპაში, რომლის მოგებაც პრესტიჟის საკითხია. არ გეჩვენებათ რომ ძალიან მცირე სცენაზე ჩატარებული შიდაშესარჩევი კონკურსის შემდეგ, სადაც მომღერლები ან ჯგუფები სრული შემადგენლობით ვერ ეტევიან, ქვეყნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდებათ? რატომ არ იწყებთ ევროვიზიის პოპულარიზაციას, სამარცხვინოა, რომ შიდაშესარჩევ ტურზე განაცხადი 14 მონაწილეს ჰქონდა შემოტანილი,რატომ არ ცდილობთ მზადება თვეებით ადრე დაიწყოთ და არა შიდაშესარჩევი ტურის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე?

გეტყვით, რომ ევროვიზიისათვის მზადება უკვე დაწყებულია. ერთი თვეით ადრე ცხადია არვავინ იწყებს ფიქრს. ზოგადად, ევროვიზიის კონკურსის წესების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, უფლება აქვს თავად წარადგინოს კონკურსანტი ყოველგვარი შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე. თუმცა, სწორედ პროექტის პოპულარიზაციისა და მაყურებლის ჩართულობის მიზნით, ყოველწლიურად ტარდება ზემოთაღნიშნული ნაციონალური ფინალი. თუ რატომ შემოვიდა სულ 14 განაცხადი, ეს საუბარის სულ სხვა თემაა და უფრო შორს წაგვიყვანს, ფაქტია და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ევროვიზიის კონკურსს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, რაც ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა გაკეთდეს და იმედი გვაქვს ასეც იქნება. დიდი მადლობა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება