რა ფორმით მოხდება გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარება

რა ფორმით მოხდება გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარება

გამოსაშვები და მისაღები გამოცდებისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის, სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საზოგადოებაში კითხვები დაგროვდა.

რა ფორმით მოხდება გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარება, კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს.

მკითხველი ლიკა:

მაინტერესებს ის 14 ფაკულტეტი, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან უფასო გახდება იქნება მხოლოდ მათთვის ვინც წელს ჩააბარებს თუ შეეხება მათაც ვინც უკვე ვსწავლობთ ამ ფაკულტეტებზე.

--შეეხება მხოლოდ მათ ვინც წელს ჩააბარებს და ჩამონათვალი ამ 14 ფაკულტეტის განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზეა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს.

მშობელი:

ისევ ექსპერიმენტთან ხომ არ გვაქვს საქმე? როგორი საგამოცდო მოდელია შემუშავებული დირექტორებმა არ იციან, იქნებ თვენ განმარტოთ.

-რომელ საგამოცდო მოდელზეა საუბარი საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ტიპის გამოცდებს ვატარებთ. თუ გამოსაშვებ გამოცდებზეა საუბარი წელს ეს პასუხისმგებლობა თავად სკოლებს აქვთ აღებული და მე დარწმუნებული ვარ სკოლის დირექტორები მაქსიმალურად ინფორმირებულები არიან ამის თაობაზე. საუბარია იმაზე რომ წელს გარდამავალი პერიოდია და სკოლები იღებენ პასუხისმგებლობას იმის შესახებ ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ატესტატი. ასევე თვითონ ატარებენ გამოცდებს, გამოცდის ფორმატთან დაკავშირებით თავად იღებენ გადაწყვეტილებას, იქნება ეს ზეპირი გამოცდა, წერითი თუ ა.შ

მშობელი:

აქვს თუ არა სკოლას უფლება, არ დაუშვას მოსწავლე გამოცდაზე და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასეთი ფაქტი? (ვგულისხმობ მოსწავლის მიერს გაკვეთილების გაცდენას, ყოფაქცევას).

-გამოსაშვებ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის მოსწავლე რომელიც სკოლის მიერ არის დადებითად შეფასებული. ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც სკოლა იღებს გადაწყვეტილებას შეაფასოს თუ არა დადებითად მოსწავლე. ეს ეხება საგნებს ბუნებრივია, ეხება გაცდენების რაოდენობასაც და ა.შ. ასე რომ გამოსაშვებ გამოცდაზე გამოდის მოსწავლე მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც სკოლის მიერ არის ის დადებითად შეფასებული.

ბექა ჯორბენაძე:

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გამოცდაზე ბარიერს ვერ გადალახავს, ამ შემთხვევაში,მიეცემა მას ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება?

-ბარიერს თუ ვერ გადალახავს ბუნებრივია ის ატესტატს ვერ მიიღებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი დაიშვებიან მხოლოდ და მხოლოდ ის მოსწავლეები რომელთაც აქვთ ატესტატი.

მშობელი:

რა ფორმით ჩატარდება კერძო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები?

-რა ფორმატით ჩატარდება სკოლაში გამოცდები იქნება ეს კერძო თუ საჯარო, გადაწყვეტილებას იღებს თავად სკოლა. 8 საგანში უნდა ჩატარდეს გამოცდა . სკოლებს აქვთ უფლება 4 გამოცდა ჩაატარონ უფრო ადრე თებერვლის ან მარტის თვეში, ხოლო 4 დანარჩენი გამოცდა მაისის ბოლოს . გამოცდის ფორმატზე თავად სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, სულერთია იქნება ეს კერძო თუ საჯარო. ასევე შეუძლიათ ზეპირი გამოცდა ჩაატარონ სკოლებმა კონკრეტულ საგნებში, ასევე შეუძლიათ წერითი გამოცდა ჩაატარონ და ა.შ.

მშობელი ნათია:

აბიტურიენტი, რომელსაც 2012 წელს დააკლდა ქულა და წელს აპირებს, გახდეს სტუდენტი, სად აიღებს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათს?

-რაც შეეხება საგამოცდო ბარათს რომელიც უნდა წარმოადგინოს საგამოცდო ცენტრში გამოცდის დაწყების წინ, ჩვენ ვარიგებთ სკოლებში 12 კლასელებისთვის. თავად დირექტორი უზრუნველყოფს მის დარიგებას მოსწავლეებისთვის. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს დასრულებული აქვს სკოლა ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიაკითხოს ადგილობრივ რესურს ცენტრს. -

მანანა ჯღარკავა:

ქალბატონო მაია, სტუდენტების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, (ვისაც სურს გაიუმჯობესოს გრანტი), როგორ იქნება ამ შემთხვევაში დაფინანსება.  50% - 70% -იანი დაფინანება შეეხებათ თუ არა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს?

-ამ საკითხთან დაკავშირებით რეგისტრაცია ოდნავ მოგვიანებით იწყება წელს, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ველოდებით კანონის ძალაში შესვლას. მე ვგულისხმობ უმაღლესი განათლების შესახებ კანონს , სადაც კონკრეტული ცვლილდებებია შესული და რამდენადაც ვიცი 19 თებერვალს არის ჩანიშნული პირველი მოსმენა. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება დანარჩენი ის წესი რაც შეეხება გრანტის გაცემას თუ გამოცდების ჩატარებას. თუმცა წინასწარ შემიძლია გითხრათ ჩატარებისმხრივ სიახლე არაფერია , გრანტის თვალსაზრისით ის სახელმწიფო საბაკავლო პროგრამები რომლებზეც სწავლა უფასოა ამ მიმართულებებზე ერთნაირი პრინციპი განხორციელდება. თუ შარშან და წინა წლებში იყო კონკრეტული მიმართულებები სადაც მხოლოდ 100 % დაფინანსება ხორციელდებოდა მაგ. სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და ეკონომიკა , წელს ყველგან იქნება ნაწილობრივი დაფინანსების პრინციპი 100%, 70% და 50-იანი. კითხვა ეხება იმ სტუდენტებს რომლებიც უკვე სწავლობენ და რომელთაც სურთ მიიღონ მონაწილეობა სტუდენტურ საგრანტო კონკურსში . შარშან მაგალითად არ ქონდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს 100%იანიას გარდა სხვა დაფინანსება მიეღო წელს კი თამაშის წესები სტუდენტებისთვის ერთიდაიგივე იქნება, ანუ ყველა მიმართულებით სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს როგორც 100% ასევე 70 და 50% დაფინანსება.

გეორგიოს ნესტორასი:

ვარ ბერძენი. საბერძნეთის მოქალაქე, სკოლას ვამთავრებ საქართველოში. მექნება თუ არა რაიმე შეღავათი ეროვნულ გამოცდებზე?

-თუ სკოლას ამთავრებს საქართველოში მაშინ შეღავათი არ ექნება. მან საერთო კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვა აბიტურიენტებთან ერთად.

მკითხველი ქეთევანი:

წლევანდელ მე-12 კლასელებმა შარშან 5 გამოცდა ჩააბარეს, (გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ინგლისური, ფიზიკა) რატომ უნდა ჩააბარონ გამოცდა წელს იგივე საგნებში?

-გამოსაშვები გამოცდები ეს არის ბოლო ეტაპი , რომლითაც გადაწყვეტილება მიიღება მოსწავლეს ეკუთვნის თუ არა ატესტატი. გამოსაშვებ გამოცდებზე დაიშვებიან ის მოსწავლეებიო რონმელიც სკოლის მიერ არიან დადებითად შეფასებულები. ასევე არის სკოლები სადაც კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები აქვთ მაგრამ ეს გამოსაშვებ გამოცდებთან არანაირ კავშირში არ არის. ყველა მოსწავლე ვალდებულია ჩააბაროს გამოსაშვები გამოცდები , ანუ ბოლო ეტაპი გაიაროს რათა ატესტატი მიიღოს. ბოლო ეტაპის წინ კი არის სკოლის მიერ მოსწავლის დადებითად შეფასებას.

მზია მეშველიანი:

ექსტერნად ჩავაბარე მეთერთმეტე კლასის მეორე და მეთორმეტე კლასის ორივე სემესტრი.მომიწევს თუ არა საატესტატო გამოცდების ჩაბარება?დირექცია გვაბარებინებს რვავე გამოცდას.

-ეს დაახლოებით იგივე კითხვაა. მოსწავლემ ექსტერნად ჩააბარა კონკრეტული საგანი ეს იმას ნიშნავს რომ სკოლამ მას შეფასება მისცა მაგრამ იმისათვის რომ ატესტატი მიიღოს მან გამოსაშვები გამოცდები უნდა ჩააბაროს.

მაკა ხარძიანი:

ჩემმა ქალიშვილმა დეკემბერ-იანვარში ექსტერნის ფორმით ჩააბარა მეთერთმეტე კლასის 12 და მეთორმეტე კლასის 8 გამოცდა, მათ შორის: ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია და ბიოლოგია, საგნები, რომლებიც მეთორმეტე კლასში აღარ ისწავლება. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, ჩაითვალოს ამ ოთხი საგნის ნიშნები საატესტატო ნიშნებად, თუ მოუწევს იგივე გამოცდების ხელმეორედ ჩაბარება თებერვალში?

-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის როდესაც სკოლა აფასებს მოსწავლეს გამოცდის სახით იქნება თუ სხვა. ამის შემდეგ ატესტატის ასაღებად აუცილებლად მოუწევს გამოცდების ჩაბარება.

მკითხველი მაკა:

არის თუ არა 14 უფასო ფაკულტეტს შორის ფსიქოლოგიური? თუ არა, არის თუ არა გათვალისწინებული რაიმე შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახისათვის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების თვალსაზრისით?

-ფსიქოლოგიური არ არის იმ ჩამონათვალში, თუმცა მე ნებისმიერ მსურველს მოვუწოდებ მაინც ეწვიოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდს, სადაც ზუსტად გაიგებენ რა პროგრამებზეა საუბარი. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს , არსებობს სოციალური პროგრამა რომლის კომისიაც შექმნილია განათლების და მეცნიერების სამინისტროში. ეს კომისია აქტიურად იწყებს მუშაობას მას შემდეგ როდესაც ჩარიცხვების პროცესი განხორციელდება. ანუ სტუდენტი ჩაირიცხება კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ თუ ვერ მოიპიოვა დაფინანსება, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს . იქ არის გარკვეული კატეგორიები გამოყოფილი. მაგ. დევნილები , ეთნიკური უმცირესობები და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი კატეგორია გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახები ,მაგრამ მე მაინც ვურჩევდი განცხადებით მიმართოს განათლების სამინისტრროს მას შემდეგ როცა დამთავრდება გამოცდების პროცესი და დაიწყება ჩარიცხვები.

ანა ჭანტურიძე:

მაინტერესებს, საგრანტო დაფინანსება მარტო 100%იანი იქნება მაგისტრობის მსურველებზე თუ წილობრივი დაფინანსებაც შეგვეხება?

-მაგისტრობის მსურველებზე მხოლოდ 100% დაფინანსება იყო და ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა.

გია მარტყოფიშვილი:

სკოლის დამთავრებისას მედალი ისევ იმ ძველი წესით იქნება, თუ თვითონ სკოლა გადაწყვეტს ვინა არის ღირსი? ხომ შეიძლება ბავშვს პირადი ინტერესის გამო ძალით გაუფუჭა ნიშანი "ვაი პედაგოგმა". თუ მხოლოდ ერთ წელს, ან დამამთავრებელ კლასში მოსწავლემ თუ სულ ათიანებზე ისწავლა, ხომ შეიძლება დაჯილდოვდეს მედლით.

ქალბატონო მაია, იქნებ ეს გაითვალისწინოთ. ასეთი ბავშვები ხომ ბევრი არ იქნება და ვინც არიან, მათთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება.

-მედალი გაიცემა თუ არა მოსწავლეზე, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლა. თქვენ იცით რომ მედალს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. იქ მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების შედეგების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. მედალი გახლავთ ასე საჩუქარი სკოლიდან იმის აღსანიშავად რომ მოსწავლე წარმატებული იყო წინა წლების განმავლობაში როცა სკოლაში სწავლობდა. მე პირადად მაინც მიმაჩნია რომ სკოლამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე , მიუხედავად იმისა რომ ვაი პედაგოგები გარკვეულ როლს თამაშობენ ამაში რაც ძალიან ცუდია. მე პირადად არ მიმაჩნია მართებულად რომ განათლების სამინისტრო ჩაერიოს იმაში თუ ვისზე უნდა გასცეს სკოლამ მედალი.

შალვა სარდალიშვილი:

რა სისტემით მოხდება გრანტების გაცემა, ისე როგორც შარშან იყო, თუ მეოთხე საგნის მიხედვით?

წელს დაახლოებით რამდენი აბიტურიენტი აიღებს გრანტს, როდის გამოქვეყნდება საგამოცდო ცნობარი?

-ცნობარით დავიწყოთ. რეგისტრაცია ისევ ვიმეორებ წელს ცოტა მოგვიანებით დაიწყება და მოგახსენეთ მიზეზი ამისა. ბუნებრივია რეგისტრაციის დაწყებამდე ცნობარი უნდა გამოქვეყნდეს რომ ქონდეს აბიტურიენტებს შესაძლებლობა დეტალური ინფორმაცია მიიღონ უმაღლესი სასწავლებლების თაობაზე და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ასე რომ ცნობარი აუცილებლად იქნება და ის სანამ რეგისტრაცია დაიწყება მანამდე გამოქვეყნდება. პირველ რიგში ჩვენს ვებ გვერდზე განთავსდება და ექნებათ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიიღონ მათთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია.

გრანტები გაიცემა 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე , ეს მემგონი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და არ შეიცვლება ნამდვილად. არ იყო სამართლიანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოცდის საფუძველზე გაიცეს გრანტი. გათვალისწინებული იქნება 4 გამოცდის შედეგი ნამდვილად.

ოლიმპიადის შედეგები როდის გახდება ცნობილი?

-ოლიმპიადის შედეგებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მეორე ტური დასრულდა. შედეგები უკვე გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერდზე, ახლა მიმდინარეობს აპელაციის პროცესი და სულ მალე უკვე დაიწყება მესამე გადამწყვეტი ტური.

ნანა შენგელია:

თუ მეთორმეტე კლასელი ბავშვი უცხოეთში წავიდა სასწავლებლად 1 სექტემბრიდან, ანუ პირველი სემესტრის საგნები ექსტერნის წესით უნდა ჩააბაროს, შესაძლებელია თუ არა განცხადების საფუძველზე-როგორც გამონაკლისი მარტის ბოლოდან აპრილის პირველ დეკადაში (როცა ჩამოვა)დაშვებულ იქნას სკოლაში გამოცდებზე(ვგულისხმობ პირველი სემსტრის საგნების ჩაბარებას ექსტერნის წესით)? ხომ არ გაითვალისინებთ გამონაკლისს საზღვარგარეთ პროგრამით წასულ ბავშვებზე, რომლებიც მისაღები გამოცდებისათვის საქართველოში იქნებიან და აქვთ თუ არა რაიმე შანსი ასეთ ბავშვებს წელს ჩაირიცხონ უნივერსიტეტში ექსტერნის წესით გამოცდების ჩაბარების შედეგად?

-უმაღლეს სასწავლებელში ექსტერნის წესით ჩარიცხვა ეს პირველად მესმის. შეღავათი არ ექნებათ ბუნედბრივია მათ საერთო კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ სანამ მიიღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, აუცილებლად უნდა აიღონ ატესტატი სკოლის. ექსტერნის წესით მე ვვარაუდობ, რომ მარტში და აპრილში ექნებათ საშუალება ჩააბარონ გამოცდა. რამდენადაც მე მახსოვს სწორედ ამ პერიოდში ცხადდება ვადა ექსტერნად ჩამბარებლებისათვის. ამაზე ინფორმაცია უნდა მოიძიონ ან განათლების და მეცნიერების სამინისტროში ან ადგილობრივ რესურს ცენტრში სადაც მისი სკოლა ეკუთვნის.

ბექა კაცაძე:

როდის გამოქვეყნდება 2013 წლის ოქტომბრის საატესტატო გამოცდების პროგრამა?

-ეს ალბათ საუბარია იმ 4 გასმოცდაზე პირველ რიგში რომელსაც ვთავაზობთ 12 კლასელებს უკვე შემოდგომაზე. ეს გახლავთ ქიმია, ფიზიკა , გეოგრაფია და ბიოლოგია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. რაც შეეხება 2013 წლის საგამოცდო პროგრამას, რომლიოთაც უნდა ჩააბარონ მოსწავლეებმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები ეს ჩვენს მიერ არ არის შემუშავებული, რამდენადაც პასუხისმგებლობას ჩვენ არ ვიღებთ წელს და მე რამდენადაც ვიცი ეს პროგრამებიც გამოქვეყნებულია. კითხვის ავტორს მხედველობაში აქვს ალბათ ის გამოცდები რომელსაც ეროვნული ცენტრი ჩაატარებს შემოდგომაზე და პროგრამები უახლოეს მომავალში დაიდება ჩვენს ვებ გვერდზე.

ირინა ნიკოლაძე:

მაინტერესებს, იმის შემდეგ რაც დავრეგისტრირდები გორის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, თუ მექნება უფლება აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა შეფასების ქულებს გავიგებ, ავირჩიო სხვა უმაღლესი სასწავლებელი. 2)ვარ მე-12 კლასელი, ვსწავლობ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მაქვს თუ არა უფლება დავრეგისტრირდე სხვა უმაღლეს სასწავლებელში, გარდა გორის ეროვნული აკადემიისა.

-თუ სამხედრო აკადემიას გულისხმობს სადაც სწავლის გაგრძელება სურს, იქ მათ გარკვეული წესები აქვთ. წესებში მე ვგულისხმობ ნორმატივებს და ამას რათქმაუნდა თავად უმაღლესი სასწავლებელი ადგენს. მსგავსად სხვა შემოქმედებითი უმაღლესი სასწავლებლებისა, გახლავთ ეს კონსერვატორია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი თუ სამხატვრო აკადემია და ა.შ. მათ აქვთ წინასწარ შემოქმედებითი ტურები და ძირითადად შემოქმედებითი ტურის საფუძველზე ირიცხებიან ეს მოსწავლეები ამ უმაღლეს სასწავლებლებში. მათ შორის გახლავთ ასევე სამხედრო აკადემია , სადაც თავად აქვთ დადგენილი ნორმატივები ჩასაბარებელი . ეს უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად და შემდგომში უკვე თავის სურვილზეა რომელ უმაღლეს სასწავლებელს შეარჩევს. ოღონდ თუ აკადემიაზეა საუბარი არ უნდა გამორჩეს რომ ნორმატივები ჩააბაროს მანამდე სანამ დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. შეცვლა ბუნებრივია შეუძლია.

ეკა გოგოტიშვილი:

მაგისტრატურაში დაფინანსება როგორ მოხდება ? ისევ იქნება პრიორიტეტული ფაკულტეტები თუ შეიცვალა რამე?

-პრიორიტეტულ მიმართულებებს გულისხმობს ალბათ . საკვალიფიკაცო ჩარჩოში 11 ძირითადი მიმართულებაა და ყოველ წელს მთავრობა ადგენს პრიორიტეტულ მიმართულებებს . ეს პრიორიტეტები გამოიხატება იმაში რომ 2 მილიონია გამოყოფილი მაგისტრატურის დასაფინანსებლად სახელმწიფო გრანტის სახით, ეს თანხა სხვადასხვაგვარად არის მიმართულებების მიხედვით გადანაწილებული . ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ყველაზე მეტი თანხაა გამოყოფილი ვიდრტე ნაკლებად პრიორიტეტულზე. ისევ ვიმეორებ პრიორიტეტულ მიმართულებებს ადგენს მთავრობა ყოველწლიურად და წელსაც მპოხდება თაბვიდან ამ პრიორიტეტების დადგენა. მთავრობაზეა დამოკისებული დატოვებს თუ არა უცვლელად ამ მინმართულებებს თუ რაიმე კორექტივებს შეიტანს.

ირაკლი კილაძე:

ჩვენი ოჯახი 12 წელია ემიგრაციაშია ისრაელში. უახლოეს მომავალში ვაპირებთ საქართველოში დაბრუნებას. გვაინტერესებს, რა პირობებით იქნება შესაძლებელი ჩვენი 17 და 20 წლის შვილების უმაღლეს სასწავლებელში მიღება.(გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ ისინი სრულყოფილად ვერ ფლობენ ქართულ დამწერლობას).

-რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს რომელიც უცხოეთში ცხოვრობენ და ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობენ იქ , აქვთ შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ. ბუნებრივია საგრანტო კონკურსში ისინი არ ღებულობენ მონაწილეობას. სწავლის საფასურს რაც მათთვის არის დადგენილი თავად ფარავენ. სწორედ ასეთი ფორმით შეუძლიათ ჩაბარება და ამ პრივილეგიით სარგებლობა. ასევე შეუძლიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა და მათთვისაც გავრცელდება გრანტის გაცემის წესიც.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას