ჯარში გაწვევის წესები - რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს

ჯარში გაწვევის წესები - რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს

როგორ ხდება ჯარში გაწვევა, ვის შეუძლია უარი განაცხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს. კითხვებს პასუხობს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა ხარშილაძე.

კაკო ცხადაძე:

ვარ 23 წლის. დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი. ამჟამად მაქვს სამსახური, შესაბამისად ჯარში წასვლა ამ დროისათვის არ შემიძლია, რადგან დავკარგავ სამსახურს და ერთადერთ შემოსავალს... თუ შეიძლება რომ იყოს შეღავათი, ან რაღაც თანხა (ხელმისაწვდომი) ან რაიმე სახის დახმარება... ჩემსავით მსგავს სიტუაციაში, ძალიან ბევრია და თუ შეიძლება დაგვეხმარეთ.

-ჯარში გაწვეული ადამიანი არ კარგავს სამსახურს. ეს იქნება სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი ამას მნიშვნელობა არ აქვს. კანონის შესაბამისად მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი. რაც შეეხება გადასახდელ თანხას, გადავადების მოსაკრებელთან დაკავშირებით, ეს საქართველოს კანონით განისაზღვრება 2000 ლარით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც წვევამდელს შეუძლია 18 თვით, ანუ წელიწადნახევრით ისარგებლოს. სხვა ნორმები ამ მხრივ დაწესებული არ არის.

როზეტა არბოლიშვილი:

ჩემი მეუღლე არის 28 წლის და ჯარში არ არის ნამყოფი. მაინტერესებს, როგორ უნდა აიღოს სამხედრო ბილეთი?

-თუ იგი დგას სამხედრო აღრიცხვაზე, ჩვეულებრივად შეუძლია მიმართოს, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სამხედრო განყოფილებას და აღრიცხვის შემთხვევაში მასზე უპრობლემოდ გაიცემა სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ანუ სამხედრო ბილეთი. იმ შემთხვევაში თუ იგი არ დგას, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, რაც აღრიცხვის პირობებით არის გათვალისწინებული (მაგალითად ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის ქსეროასილი, მშობლების მოწმობის ქსეროასლი), შეუძლია მიმართოს და თან იქონიოს ეს საბუთები. ამ შემთხვევაშიც უპრობლემოდ გაიცემა სამხედრო ბილეთი.

ბექა თეთრაძე:

რამდენიმე წლის წინ ჯამრთელობის გამო ჯარში წასასვლელად შეუსაბამო ვიყავი. თუმცა ვიმკურნალე და ახლა სრულიად ჯამრთელი ვარ და მსურს ჯარში სამსახური. არის თუ არა შესაძლებელი?

-რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ ის არის წვევამდელი, ანუ 27 წლის ასაკამდე მოქალაქე, შეუძლია მიმართოს სამხედრო განყოფილებას და თან იქონიოს ზუსტად ეს ცნობა, დამადასტურებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გაივლის სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიას და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადასტურების შემდეგ ჩვეულებრივად გაწვეული იქნება.

მარიკა ნაჭყებია:

2012 წლის 2 თებერვალს გადავიხადეთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადასავადებელი თანხა 2000 ლარი. მაინტერესებს როდის მოუწევს შემდეგი გაწვევა? შეიძლება თუ არა კვლავ გადავადება და რა საშუალებით?( თანხის გადახდა, მოთხოვნა სამუშაო ადგილიდან, ცნობა რომ აბარებს მაგისტრარურაში,...) ხანგრძლივობა თუ დადგინდა უკვე და რამდენ თვეს შეადგენს?

-როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს დგინდება საქართველოს კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ, რომელიც ერთჯერადად შეადგენს 2 000 ლარს და ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, წვევამდელს გადაუვადდება სამხედრო სამსახურში გაწვევა 18 თვით. აღნიშნული პრივილეგიით მას შეუძლია ისარგებლოს ორჯერ, 25 წლის ასაკის მიღწევამდე. 25 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, კი ვეღარ ისარგებლებს და იქნება საერთო წესით გაწვეული.

გოჩა მაკაძე:

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდა 1 წლამდე? თუ შემცირდა შეეხო თუ არა უკვე 15 თვით გაწვეულებს?

-მიმდინარე ეტაპზე ეს ცვლილება კანონში განხორციელებული არ არის. ანუ დღევანდელ დღეს სამხედრო სამსახურის ვადა კვლავ 15 თვეა, კანონით განსაზღვრული.შემცირებული არ არის, შესაბამისად არც შეეხება არავის.

ეკა გოგოტიშვილი:

პრეზიდენტის ინიციატივით, თუ პირველკურსელი გაივლიდა 12 თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შემდეგ 4 წელი ბაკალავრიატს დაუფინანსებდა სახელმწიფო. მაინტერესებს კიდევ არის თუ არა ძალაში ეს ინიციატივა და ამ სტუდენტებს რომლების ამ პროგრამით წავიდნენ ჯარში დაუფინანსებს თუ არა სახელმწიფო სწავლას?

-რა თქმა უნდა. ეს ბრძანებულება დღესაც ძალაშია. 2012 წლის, 19 სექტემბრის ნომერ 866-ე ბრძანებულების შესაბამისად, სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში, არის პრივილეგირების მინიჭების შესახებ ასეთი ბრძანებულება. რა თქმა უნდა, ამ ბრძანებულების საფუძველზე დაუფინანსდებათ სწავლა. მიმდინარე ეტაპზე მთავრობის დადგენილების მომზადება ხორციელდება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა ძალაშია და დაუფინანსდება.

ირმა დავითულიანი:

ჩემს შვილს გურამ ხინჩიაშვილს 8 წლის ასაკში 2003 წელს,დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე მე–3სტადია. მკურნალობის სრული კურსი გაიარა მოსკოვში. არის მე–2ჯგუფის ინვალიდი,ამჟამად არ მკურნალობს. აგვისტოში ხდება 18 წლის და ეხსნება პენსია. ეკუთვნის თუ არა ჯარში გაწვევა?

-როგორც წესი, მეორე ჯგუფის ინვალიდები სარგებლობენ გადავადების უფლებით. თუმცაღა აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი, აღნიშნული პიროვნება აუცილებლად უნდა იყოს გატარებული სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე, რომლის დასკვნის შედეგადაც, სავარაუდოდ მიჩნეულიიქნება, შეზღუდულად ვარგისად, რის შედეგადაც, შემდეგ გადაუვადდებათ სამხედრო სამსახურში გაწვევა.

ქეთევან ბოჭორიშვილი:

2012 წლის ოქტომბრის თვეში თბილისში ინფექციურში ავიღეთ ანალიზი და აღმოაჩნდა B ჰეპატიტი. როცა ჯარში გაწვევის უწყება მოვიდა, მივიტანეთ ანალიზის პასუხი, ჩააკრეს საბუთებში. 2013 წლის 7 თებერვლისთვის ისევ მოვიდა ამჯერად ფოსტით უწყება.  კითხვა: გვეკუთვნის თუ არა ჯარში გაწვევა და როდემდე უნდა გვიგზავნონ უწყება?

-როგორც წესი, B ჰეპატიტის დადასტურების შემთხვევაში, გაწვევა არ გეკუთვნით. გაწვევა აუცილებლად გადავადდება. თუმცა აქ ერთი მომენტია კვლავ აღსანიშნავი, ცნობების საფუძველზე არ ხდება გადავადების მინიჭება, ეს პიროვნება აუცილებლად უნდა მოხვდეს სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე, რომლის გავლის შემდეგ, B ჰეპატიტის დადასტურების შემთხვევაში მიეცემა გადავადება.

ნინო ურუშაძე:

მაინტერესებს, ეხება სავალდებულო სამხედრო სამსხური 2 შვილის მამას?

-ორი შვილის მამას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ ეხება. მას გადაუვადდება გაწვევა 27 წლის ასაკის მიღწევამდე.

მკითხველი soldier:

მე ჯარს ვიხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის სამსახურში და მაინტერესებს, თუ არის დაგეგმილი ჯარის ვადის შემცირება და მსგავს შემთხვევაში შემეხება, თუ არა?

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადასთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება. თუმცაღა რა პერიოდში მოხდება ეს ცვლილება ვერ გეტყვით. თუ განხორციელდება ეს ცვლილება, სავარაუდოდ შეგეხებათ.

ნიკა:

მაქვს მუხლზე მენისკის ოპერაცია გაკეთებული. მეკუთვნის თუ არა ჯარში გაწვევა?

-ოპერაციის შემდგომ გააჩნია რა პერიოდია გასული. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ. ეს კონკრეტული ექიმის გადასაწყვეტი თემაა. ახლა გამიჭირდება ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა. თუმცაღა გააჩნია პერიოდს. პოსტ-ოპერაციული პერიოდის შემდეგ, როგორც წესი, გადავადების გარკვეული პერიოდით ისარგებლებთ.

მკითხველი გაბრიელი:

მაქვს ორივე თვალის საშუალო ხარისხის მიოპიური ასტიგმატიზმი, რეინოს სინდრომი(დადასტურებულიოა ცნობით) და საეჭვო ვარ კუჭის წყლულზე. ვსწავლობდი მაგისტრატურაში მაგრამ უსახსრობის გამო შემიჩერდა სტუდენტის სტატუსი, ამჟამად ვმუშაობ რათა დავაგროვო სწავლის ფული.... შეიძლება თუ არა რაიმე სახის შეღავათი მომცეს ზემოთ აღნიშნულმა მონაცემებმა?

-რა თქმა უნდა. დადასტურებული რეინოსინდრომით ჯარში არ მიდიან. მათაც გადავადება ეკუთვნით და სარგებლობენ ამ შეღავათით. რაც შეეხება ასტიგმატიზმის ხარისხსს, ეს დამოკიდებულია ზუსტად ხარისხზე და კონკრეტული ექიმის გადაწყვეტილების თემაა

თორნიკე კიკვაძე:

23 აპრილს ვხვდები 26 წლის, მყავს მეუღლე და 2 წლის ბავშვი. შესაბამისად გაწვევა მეხება. ჩემი მშობლები არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ვარ დასაქმებული და ოჯახის ერთადერთი მრჩენელი. მაქვს ბანკებიდან გამოტანილი 5000 დოლარის ღირებულების სესხი. ჩემი ჯარში წასვლის შემთხვევაში თქვენც იოლად მიხვდებით რა დღეში ჩავარდება ჩემი ოჯახი. არ მაქვს დიპლომი და ვარ დასაქმებული რაც საკმაოდ იშვიათია დღეს საქართველოში. ჩემი ხელფასი არის 1500 ლარი. ჩემ ოჯახს დიდი საფრთხე ემუქრება ჩემი ჯარში წასვლის შემთხვევაში. მე ვარ ქვეყნის სამსახურში იმით, რომ მყავს შვილი მყავს ოჯახი, და ვქმნი ძლიერ ქართულ ოჯახს. გთხოვთ მირჩიოთ, იურიდიულად ან სხვა რამე გზები თუ არის, რომელიც მე დამიცავს გაწვევისგან. მგონი ნათლად ავხსენი ჩემი სიტუაცია, იმედი მაქვს ჩემი სამშობლო არ დაუშვებს იმას, რომ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის მომავალი ბედზე ჩამოვკიდო.

-კანონის თანახმად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გაწვევიდან გადავადების უფლებით. ვინაიდან თქვენ გყავთ შვილი, რომელიც არის 2 წლის. კანონი ითვალისწინებს ასეთ შეღავათს შვილის შეძენიდან 3 წლის ვადით. ანუ სანამდე შვილი გახდება 3 წლის თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გაწვევიდან გადავადების უფლებით.

მკითხველი ვანო:

მართალია, თუ არა, რომ შემცირდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და ამ შემთხვევაში შეეხება ეს ვინც უკვე მსახურობს 15 თვიანზე?

-14. როგორც აღვნიშნეთ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა არ შემცირებულა. იმ შემთხვევაში თუ ეს ცვლილება განხორციელდება კანონში, სავარაუდოდ გარდამავალ დებულებაში აისახება პუნქტი, რომლითაც, რა თქმა უნდა, ვინც მსახურობს იმ კატეგორიას შეეხება.

დავით ლოცულაშვილი:

მოგესალმებით. მეც მაწუხებს ანალოგიური პრობლემა რაზეც ისაუბრა თორნიკემ. ერთადერთი შვილის მარჩენალი მხოლოდ მე ვარ.  ოჯახის ყველა წევრი დაუსაქმებელია. მარტო მიწევს შვილის გაზრდა, რადგანაც მეუღლეს გაშორებული ვარ. სამშობლოს წინაშე ვალის მოხდა დიდ პატივად მიმაჩნია, მაგრამ გარემოებები არ მიწყობს ხელს. ჯარში წასვლის შემთხვევვაში არ ვიცი ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო. ჩვენი ქვეყანა სამასხურების სიმრავლით არ გამოირჩევა და რთული მისახვედრი არ არის, რა გამოუვალ სიტუაციაში ჩავვარდები სამასხური რომ დავკარგო. ვარ 25 წლის. იქნებ რაიმე სამართებლივი გზა მირჩიოთ, ან რაიმე შეღავთები დააწესოთ ჩვემს მდგოარებობაში მყოფ ადამიანებზე.

-აქ ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა, წინასთნ შედარებით. საინტერესოა, უბრალოდ რა ხნის არის შვილი. როგორც აღვნიშნე, 3 წლის ასაკამდე შეუძლია ისარგებლოს გაწვევის გადავადების შეღავათით. თუმცაღა, თუ მეუღლეს გაშორებულია და ეს დადასტურებულია დოკუმეტალურად, მან უნდა მიმართოს შესაბამის გამწვევ კომისიას და როგორც ერთადერთ მარჩენალს, კანონის შესაბამისად აქვს სრული უფება მიიღოს გადავადება სამხედრო სამსახურში გაწვევიდან.

მკითხველი დავითი:

შესაძლებელია თუ არა 1 წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური პირდაპირ გადავიდეს საკონტრაქტოზე?

-კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამ შესაძლებლობას თავდაცვის სამინისტრო იძლევა.

გიორგი მანჯავიძე:

ვარ 25 წლის მაქვს თუ არა შესაძლებლობა გამოვიყენო დროებითი გადავადება თანხის გადახდის სანაცვლოდ.

როგორც აღვნიშნე, 25 წლის ასაკის მიღწევისას პირი კარგავს ამ საშუალებას ისარგებლოს აღნიშნული პრივილეგიით, ანუ გადაიხადოს გადავადების მოსაკრებელი. 25 წლის ასაკის მიღწევამდე მოქალაქეს შეუძლია ამ შეღავათით ორჯერ ისარგებლოს მხოლოდ და მხოლოდ.

იხილეთ ვიდეო