რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველებს

რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველებს

ბოლო დროს გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია უმწეოთათვის საარსებო შემწეობის შეჩერების ფაქტმა.

სოციალური მომსახურების სააგენტომ აწარმოა დაკვირვება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბაზაში უმწეოთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, არჩევნებს უკავშირდებოდა.

ვის და რატომ შეუჩერდათ შემწეობა და რას სთავაზობს უწყება სოციალურად დაუცველებს. კითხვებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე პასუხობს.

თეა:

ვცხოვრობ ერთოთახში, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. არჩევნებამდე ვსარგებლობდი სოციალურად დაუცველების სადაზღვევო პოლისით პოლიკლინიკებში, ახლა ექიმთან იმის გამო ვერ მიმყავს შვილი, რომ ფინანსური საშუალება არ მაქვს. რითი დამეხმარება სამინისტრო, რას გვთავაზობთ?

-1. თუ ქონდა დახმარება, შესასწავლია ეს დახმარება; გრძელდება თუ არა ეს პოლისები. იმ შემთხვევაში თუ ეს პოლისი არ გრძელდება, მაშინ ის იქნება უკვე დაზღვევის ახალ სისტემაში მოხვედრილი და შეუძლია თავისუფლად მიმართოს ნებისმიერ პოლიკლინიკას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იქ გაუწევენ სრულ მომსახურებას.

კითხვა რეგიონიდან:

სოციალურად დაუცველთა სიაში არ ვარ, მაგრამ იმათზე უფრო ცუდ პირობებში ვცხოვრობ, ვიდრე ”სოციალურად დაუცველები”. გთხოვთ გვითხრათ, რატომ არ ხდება რეგიონებში მოსახლეობის აღწერა და ნაცნობობით გაკეთებული ოქმების შემოწმება.

-ეს სამუშაოები, რითიც დაინტერესებული ხართ ტარდება. ჩვენ ახლა ვამოწმებთ 18 000 ოჯახს. გვაქვს შემთხვევები, როცა მართლაც უსამართლოდაა დანიშნული ასეთი დახმარებები. პერიოდულად ყველა ოჯახი გადამოწმდება მიმდინარე წლის განმავლობაში და ვისაც ეკუთვნის დახმარება, სწორედ ის პიროვნებები მიიღებენ.

დარეჯანი:

სამღერეთის #5-ში სრული განუკითხაობაა, გთხოვთ ჩაატაროთ აღწერა.

-სამღერეთის #5-ს გპირდებით, რომ ამ მისამართზე ჩვენი წარმომადგენლები მივლენ და ნახავენ რა მდგომარეობაა იქ.

ნანა ნინუა:

სოციალურად დაუცველები, ვინც ვერ მოხვდა ქირით სახელმწიფო დაფინანსების 6 თვიან პროგრამაში -მათთვის თუ მოხდება თავშესაფრით უზრუნველყოფა.

-ეს ექვსთვიანი პროგრამა იყო ერთჯერადი. დამატებითი ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად დამატებითი ბენეფიციარების დაფინანსება არ მოხდება.

თამაზი:

როგორც ვხდები თქვენი უწყება ყველგან არ ყოფილა. რადგან ბევრი ვიცი, ვისაც სამი ბინა აქვს, ერთში ცხოვრობენ და ორი გაქირავებული აქვთ? აპირებთ თუ არა ასეთი საქმეების გამოძიებას?

-ასეთი საქმეების შესწავლა მიმდინარეობს. ჩვენც აღმოვაჩინეთ, რომ სამი კი არა ზოგიერთ მოქალაქეს ათი და ხუთი ბინა ჰქონდა. აღმოვაჩინეთ რომ ზოგიერთ მოქალაქეს შემოსავლები ქონდა. ასეთი საქმეების შესწავლა მიმდინარეობს. თუ მოქალაქეს აქვს რამე კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდოს და ჩვენ შევისწავლით ამ ინფორმაციას უფრო დეტალურად.

მკითხველი მანანა:

მისასალმებელია, რომ სამინისტრომ დროებითი საცხოვრებლებით დააკმაყოფილა სოციალურად დაუცველები და 6 თვის მანძილზე ქირას გადაუხდის, მაგრამ რა იქნება 6 თვის შემდეგ?

-ეს იყო ერთჯერადი პროგრამა. ექვსი თვის განმავლობაში ეს ადამიანები დაკმაყოფილდებიან ქირით, ხოლო შემდეგ მოხდება სოციალური დახმარებების გაზრდა. გაზრდილ სოციალურ დახმარებებს მიიღებენ, მართლაც სოციალურად უმწეო პიროვნებები.

სალომე ქავთარაძე:

დედაჩემი გურიაში ცხოვრობს, მამის გარდაცვალებამდე გვქონდა სოციალურად დაუცველთა დახმარება. შემდეგ მოგვიხსნეს, მე გათხოვილი ვარ, დედა პენსიონერია და მხოლოდ 110 ლარია მისი ყოველთვიური შემოსავალი. 3ჯერ იყვნენ შესამოწმებლად და გვითხრეს რომ მაღალი ქულა გვაქვს, არადა მამის გარდაცვალების შემდეგ არაფერი შეგვიძენია ოჯახში და რამ გამოიწვია ქულების ცვალებადობა ეს ვერ აგვიხსნია.. მიწის ფართობიც ძალიან ცოტა გვაქვს 5500 მეტრი, წლიური შემოსავალი მხოლოდ თხილია 300 კილოგრამის ოდენობით... გთხოვთ მიპასუხოთ რატომ ხდება თქვენს სამსახურში ასეთი განუკითხაობა და თუ აპირებთ გადახედოთ ასეთ პრობლემებს.

-პრობლემების შესწავლა მუდმივად მიმდინარეობს, ყოველშემთხვევაში, ბოლო პერიოდში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას პასუხის გაცემა ძნელია, რადგან არსებობს სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ხდება გადაანგარიშება. კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით მე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ასეთ ფაქტს ქონდა ადგილი: ქალბატონის მამა შეიძლება იყო ან ინვალიდი, რომელიც თავისთავად წევს ქულას დაბლა. დემოგრაფიული ცვლილება როდესაც ხდება ოჯახში, შესაბამისად ქულის გადაანგარისება მიდის. დღევანდელი მეთოდიკა ასეთია. ალბათ დღევანდელ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს ეს ოჯახი იმ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია მთავრობის მიერ.

მკითხველი სალომე:

მაინტერესებს, ადამიანს, რომელსაც შემოსავალი მხოლოდ პენსია აქვს, არის მარტოხელა, ეკუთვნის თუ არა დახმარება და თუ არ ეკუთვნის ვის უწოდებთ თქვენ შეჭირვებულს?

-ეს საკითხიც კონკრეტულად უნდა შევისწავლოთ. რას გულისხმობს? თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს სახლში, მის გვერდით არავინაა - ეს სხვა შემთხვევაა. შეიძლება მარტოხელა იყოს, მაგრამ მას ქონდეს რაღაც დამატებითი შემოსავლები. ან ვთქვათ ოჯახის მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ მოცემული პირობების და მეთოდიკის გათვალისწინებით არ ეკუთვნოდეს დახმარება. კონკრეტული შემთხვევა არის შესასწავლი და მისი შესწავლის შემდეგ შეიძლება გაირკვეს ამ მოქალაქეს ეკუთვნის ტუ არა ის ბენეფიტები, რაც დადგენილია მთავრობის მიერ.

მკითხველი გურიიდან:

მაინტერესებს, გურიის რეგიონში, კერძოდ ლანჩხუთის რაიონში თუ ჩატარდა აღწერა სოციალურად დაუცველების და რა ხდება ამ რაიონში ამ მხრივ? (ბევრს ნაცნობობით ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი მინიჭებული).

-დღეს მიმდინარეობს შემოწმება. თანდათანობით შემოწმდება ყველა ოჯახი, რომლებიც იღებენ დახმარებას. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ რაღაც არასწორად ხდება, რომელიმე ჩვენი მუშაკი არასწორად მუშაობს, არასწორად უნიშნავენ დახმარებას, ყველას ვთხოვ გვაცნობონ და ვპირდებით, რომ შესაბამისი ზომები მიღებული იქნება.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას