რა შემთხვევაში შეიძლება მოგენიჭოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი

რა შემთხვევაში შეიძლება მოგენიჭოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი

სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად  მუშაობს იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე მოხვდა უმწეოთა ბაზაში კონკრეტული ოჯახები.

რა შემთხვევაში შეიძლება მოგენიჭოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, კითხვებს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია პასუხობს.

სოციალურად დაუცველი:

ვცხოვრობ ორ სრულწლოვან შვილთან (ბიჭებთან) ერთად ერთ ოთახში. არცერთი დასაქმებული არ ვართ. გვქონდა სოციალური, მაგრამ მოგვიხსნეს, მაინტერესებს რატომ აღმოვჩნდით ასე მოულოდნელად და ყოველგავრი ახსნა–განმარტების გარეშე „მდიდრები“? (ვცხოვრობთ ლოტკინზე).

-რაც შეეხება კონკრეტულად მოხსნა არ მოსხნის საკითხს, ეს არის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე დამოკიდებული. არცერთ ოჯახს უმიზეზოდ არ უხსნიან. აქ არის რეალურად სიტუაცია შესასწავლი, იმიტომ, რომ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ოჯახი აკეთებს გადამისამართებას და იმ ადგილზე აღარ ცხოვრობს, არის გარკვეული შემთხვევები, როცა ოჯახს უჩნდება შემოსავალი და ამის შესახებ შეტყობინებას არ აკეთებს. ამასთანავე გავამახვილოთ ყურადღება ერთ მომენტზე, რომ სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ცალსახად არ არის დამოკიდებული ოჯახის შემოსავლებზე. საქართველოში დღსდღეისობით შეფასება ხდება ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ სოციალური აგენტი შედის ოჯახში და აფასებს ოჯახის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ოჯახს შემოსავალი აქვს, არ აქვს, ეს მხედველობაში, რა თქმა უნდა მიიღება, მაგრამ ამას დიდი დატვირთვა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვექნება ამ კონკრეტული ოჯახის მომართვა, გვექნება შესაძლებლობა ჩავხედოთ დეკლარაციას და სულ არ არის გამორიცხული ოჯახს შემოსავალი არ ქონდეს და გააჩნდეს საკმაოდ მაღალი ქულები, თუ მას ოჯახში გააჩნია ისეთი ნივთები, რომელიც მას ღატაკს არ მიაკუთვნებს. თუ რაიმე ტიპის გაუგებრობას აქვს ადგილი, ჯობია რომ სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილებაში მივიდეს ეს ოჯახი და კონკრეტულად გაარკვიოს, რა მიზეზები დგას სიღატაკის ზღვარს მყოფი ბაზიდან მისი მოხსნის შესახებ. აქ იქნება ცალსახად კონკრეტული მიზეზები. თუ გვეცოდინება ჩვენ კონკრეტული მიზეზები, აქედან უფრო მარტივად შევძლებთ საკითხის გადაჭრას.

მანანა:

მყავს მამა მეორე ჯგუფის ინვალიდი, დედას ასევ აქვს მძიმე ოპერაცია გაკეთებული, სახლშიც მნიშვნელოვანი არაფერი არ გვაქვს, არც შემოსავალი, გადრა მამის პენსიისა, ვითვლებით თუ არა სოციალურად დაუცველებად.

-როდესაც ოჯახი აკეთებს დეკლარირებას, რომ ის არის ღატაკი, ამის შედეგად სოციალური აგენტი მიდის ოჯახში და ავსებს დეკლარაციას. დეკლარაციაში არის ძალიან ბევრი შეკითხვა, დაწყებული მათი შემოსავლებიდან, დამთავრებული იმით, თუ რა ნივთებია ოჯახში. ამასთანავე, რა თქმა უნდა, პენსია და სხვა სოციალური დახმარებები აისახება ამ დეკლარაციის შევსებისას. ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა რაღაც კოეფიციენტს, რომლის შედეგადაც ჩვენ გავდივართ ქულაზე. თუ ეს ქულა არის 57 000-ზე ქვემოთ, მაშინ ისინი ღებულობენ სოციალურ დახმარებას. აქედან გამომდინარე, თუ ოჯახში არის ნივთები, არის შემოსავალი, ყოველივე ამის შედეგად ისინი ან იქნებიან მიმღები, ან არა. წინასწარ იმის თქმა, რომ გარკვეული ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ხანდაზმული ხალხი იძლევა თუ არა რაღაც ქულას, არის ძალიან რთული, იმიტომ რომ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ ერთიანობაში და მთლიანობაში. ცალსახა ფორმულა არ არსებობს, ადამიანი თუ არის ხანდაზმული, ან შეზღუდული შესაძლებლობების პირი, ეს არ ნიშნავს, რომ ის მიიღებს დახმარებას, რადგან ეს არის კომპლექსური მიდგომა და მთლიანობაში გამოდის ეს ქულა.

მკითხველი თამაზი:

მაინტერესებს ზუსტად, რა შემთხვევაში შეიძლება მომენიჭოს სოციალურად დაუცველის სტატუსი?

-უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას. უნდა დააფიქსიროთ ოჯახის წევრთა რაოდენობა და მათ პირადი მონაცემები, ამის შედეგად მოვა სოციალური აგენტი და შეაფასებს სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას. წინასწარ იმის თქმა, ოჯახს ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის სოციალურად დაუცველის სტატუსი, არის ძალიან რთული. ამისთვის არის მარტივი მექანიზმი, ერთი თვის განმავლობაში მივა სოციალური აგენტი და შესაბამისად ჩვენ გვეცოდინება, რა ქულას ფლობს ოჯახი. ოჯახი, რომელიც არის ღატაკი და თავის თავის იდენტიფიცირებას ახდენს, შესაბამისად იქ უნდა იყოს შედარებით ცუდი სიტუაცია ოჯახში. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, მაგრამ არა უმთავრესი. ამასთანავე, შეიძლება ითქვას, კიდევ რამდენიმე კრიტერიუმის შესახებ, რომელიც ქულას წევს, ეს არის მაგალითად ხანდაზმული ასაკი ოჯახში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ოჯახში, მრავალშვილიანი, იმიტომ რომ ამათ თითოეულს გააჩნია თავისი უარყოფითი კოეფიციენტები და ოჯახის ქულას წევენ. მაგრამ არის ფაქტორები, რომელიც ოჯახის ქულას ზევით წევს. ამიტომ ჩვენ თუ მთლიანობაში არ განვიხილეთ, ცალსახად ამაზე პასუხი არავის არ აქვს.

თინათინი:

მარტოხელა, პენსიონერი ბებია, რომელსაც პენსიის გარდა არაფერი შემოსავალი არ აქვს, ითვლება თუ არა სოციალურად დაუცველად?

-თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხანდაზმულ ქალბატონზე, რომლის შემოსავალი არის მხოლოდ ხადაზმულობის გამო პენსია, მას სხვა არაფერი შემოსავალი არ აქვს და მის ოჯახში ისეთი პირობები არის, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას რომ ვთქვათ: ის ღატაკი არ არის, რა თქმა უნდა, მას ეს პენსია ეკუთვის. მაგრამ ეს არის ყველა ინდივიდუალური შემთხვევა. ყოველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადაფასების დროს ხდება კომუნალური გადასახადების ნახვა. შესაბამისად თუ აღმოჩნდა, რომ კომუნალური გადასახადები საკმაოდ დიდი არის ამ ოჯახისთვის, ესე იგი ამ ოჯახს გააჩნია დამატებით შემოსავალი. ეს შეიძლება იყოს მეგობრების, ახლობლების ან შვილიშვილის დახმარება. ეს არის ყველაფერი მთლიანობაში ასაღები, ცალსახად რომ განვიხილოთ, მარტოხელა, ხანდაზმული ქალბატონი, დიდი ალბათობა არსებობს, რომ არის სიღატაკის ზღვარს მიღმა, თუ მას სხვა ადამიანი არ ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუ სხვა პირობები არ არსებობს და მხოლოდ ერთი პირობა არის, ამასთანავე მის ოჯახში არ არის ნივთები, რომელიც შეიძლება ფუფუნების საგნად ჩავთვალოთ, მას რა თქმა უნდა ეკუთვნის.

ნინო ოთიაშვილი:

ვცხოვრომ 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად, მყავს ავადმყოფი მეუღლე, ისეთი ავადმყოფი, რომ სადმე მუშაობას ვერ ვახერხებ, ყოველწუთს უნდა პატრონი. არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია. სოც აგენტმა მოგვანიჭა ძალიან მაღალი ქულები გასულ წელს. მაინტერესებს მომენიჭება თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი?

-გარკვეული მოსახლეობა თავის თავს მძიმე ვითარებაში თვლის, მაგრამ ეს ყველაფერი არის შედარებითი. შეიძლება იყოს ადამიანი ღატაკი, ღარიბი და შეიძლება ადამიანს თავისი მდგომარეობა არა აძლევდეს იმის საშუალებას, რომ დაიკმაყოფილოს ყოველდღიური მოთხოვნილებები. იგივეს ვაწყდებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. გარკვეული ადამიანები იდენტიფიცირებას ახდენენ, როგორც შშმ პირები, მაგრამ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი სტატუსი. ეს თუ არის ფორმა ასით დამტკიცებული ან სამედიცინო დაწესებულების ცნობით, ცალსახად ეს ქულას დაბლა წევს. მაგრამ ეს თუ არის ადამიანის სულიერი ან მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე მძიმე სიტუაცია და ამას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა არ ადასტურებს, სოციალური აგენტი ამას მხედველობაში არ მიიღებს. თუ ამ ოჯახს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული, რომ მეუღლე იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, და ამასთანავე ოჯახში არის ორი არასრულწლოვანი ბავშვი და მათი ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ ოჯახის სარეიტინგო ქულა იქნება დაბალი. თუ თვლიან რომ მათი ქულა დღეს არის უფრო მაღალი, ვიდრე მათ ეკუთვნით, მაშინ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ, ამასთანავე მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს დადასტურებული ან სამედიცინო ჩანაწერით ან ფორმა ასით.

ნატალი:

ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, არასრულწოლოვან შვილთან ერთად (ვარ განქორწინებული). დამხმარე არვინ მყავს. მაქვს სამსახური, მაგრამ ხელფასით მხოლოდ ბინის ქირას და ბაღის გადასახადს ვიხდი. მაინტერესებს, რომ მივმართო სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოხდება თუ არა რეაგირება. (წინა ხელისუფლების დროს მივმართე, მაგრამ რადგან სამსახური მქონდა და ხელფასი ბანკში მერიცხებოდა არ ჩამთავლეს სოციალურად დაუცველად)

-თუ ოჯახში არის რაიმე შემოსავალი დაფიქსირებული, ამასთანავე დეკლარაციაში ფიქსირდება გასავლებიც, ეს ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. თუ ოჯახის შემოსავალი არის გარკვეული თანხა x და გასავალი არის y, ეს რა თქმა უნდა, ასახვას პოულობს. განქორწინებული თუ არის შეიძლება ალიმენტის ფაქტორიც იყოს, შეიძლება სხვა შემოსავლებიც არის ოჯახში. ეს ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ. მზა ფორმულა ამის შესახებ არ არსებობს. თვითნ მოქალაქე აწერს ხელს დეკლარაციაზე, იმ დეკლარაციაზე, რომელშიც ასახულია ოჯახის ყოველი შემოსავალი ან კონკრეტული ნივთი. თუ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება და მან ამაზე ხელი მოუწერა, ეს შევა ფორმულაში. ფორმულა როგორი იქნება წინასწარ ვერ გეტყვით. თუ ეს ადამიანი თავს თვლის ღატაკად, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას და იქ უკვე ყველაფერი გაირკვევა.

მკითხველი ნანა:

მყავს მამა II ჯგუფის ინვალიდი, მოხდება თუ არა ასეთი ადამიანებისთვის პენსიის გაზრდა?

-მეორე ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსიების გაზრდა მოხდება პირველი სექტემბრიდან და ის გაუთანაბრდება 100 ლარს.

დარეჯანი:

რა პრინციპით ხდება  სოციალურად დაუცველების სტატუის მქონე ოჯახების გადამოწმება და როდისთვის იგეგმება მათი სრული აღრიცხვა?

-ადამიანმა თვითონ უნდა მოახდინოს თავის თავის იდენტიფიცირება. დღესდღეისობით ბაზაში არის დაფიქსირებული მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი, რომელიც თავის თავს თვლის ღატაკად. სიღატაკის სტატუსი მინიჭებული აქვს 400 ათას ადამიანს. დანარჩენ ოჯახებში იყვნენ შესულები სოციალური აგენტები და მათ სარეიტინგო ქულა ქონდა 57000-ზე მეტი. ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება მათი შემოწმება. ამასთანავე სოციალური მომსახურების კონტროლის ჯგუფი შერჩევითად ამოწმებს მათ. აგრეთვე არსებობს გარკვეული ტიპის საჩივრები, რომლებიც შემოდიან ხან მეზობლების მხრიდან, ხან ოჯახის წევრების მხრიდან, ეს შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმია.

თამაზ დვალი:

გთხოვთ, კონკრეტულად აგვიხსნათ, თუ მაქვს სამსახური, მაგრამ სამსახურის ხელფასი არ მყოფნის ქირაში და საჭმლის ფულად (ვგულისხმობ სრულიად ელემენტარულ პირობებს),  რატომ არ მეკუთვნის დახმარება? რა გახდა ეს ყბადაღებული ბანკში გერიცხება ხელფასი (ხელფასი შეიძლება სულაც არ გერიცხებოდეს ბანკში, მაგრამ 2 000 გქონდეს, და იმას უფრო დამალავ)

-აქ ლაპარაკია იმაზე, ადამიანს თუ აქვს ხელფასი და ეს ხელფასი არის კანონიერი, მას ერიცხება ან ბანკში, ან ეძლევა ხელზე. ეს ყველაფერი აღრიცხვას პოულობს შესაბამის საგადასახადო ორგანოებში. ჩვენ თუ ჩრდილოვან ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, იქ უკვე სხვა მექანიზმებია და იმას სხვა სტრუქტურები აკონტროლებენ. შესაბამისად ჩვენ, სოციალური მომსახურები სააგენტო, როდესაც ქულას ვაძლევთ, მხედველობაში მიიღება ამ ოჯახის როგორც შემოსავლები, ასევე გასავლები. თუ ოჯახში არის მძიმე სიტუაცია, არის მრავალშვილიანი და ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან ხანდაზმული ასაკის ადამიანები, რომლებიც არიან შრომის უუნარო პირები, არიან შეზღუდული შესაძლებლობების პირები იმ ოჯახში, ვერ ვიტყვით წინასწარ: რა ოდენობის შემოსავალი უნდა იყოს, შეიძლება შემოსავალი საკმაოდ მაღალიც იყოს საშუალო ხელფასთან მიმართებაში, მაგრამ ამ ოჯახებმა გასავლებიდან გამომდინარე, შეიძლება, მაინც მიიღონ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ქულა. ასე რომ, შემოსავლები პირდაპირ კავშირში არ არის ქულის მინიჭებასთან. კონკრეტულ შემთხვევაში თუ ამ ოჯახში არიან შრომის უნარიანი პირები... ოჯახის ყველა წევრი და მათ აქვთ შემოსავლები დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არსებობს, რომ ამ ოჯახმა სოციალური დახმარება არ მიიღოს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას