რამდენი უმაღლესი სასწავლებელია აკრედიტირებული და რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო

რამდენი უმაღლესი სასწავლებელია აკრედიტირებული და რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო

მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. მღელვარება და კითხვები აქტიურ ფაზაში შედის. რამდენი უმაღლესი სასწავლებელია აკრედიტირებული, რომელი ფაკულტეტებია უფასო და რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეთ სასურველ სასწავლებელში, კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს.

ეკა ძაბრიძე:

რა დავაშავეთ იმ სტუდენტებმა ვინც  გამოცდები ჩავაბარეთ სკოლებში შარშან და პლუს მისაღები გამოცდები. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩავაბარე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და ავიღე სკალირებული ქულა 1990.9 .  ვერ მოვიპოვე დაფინანსება, რადგან მხოლოდ ასიანი იყო, ხომ შეიძლება გადაიხედოს მაღალქულიანი ბავშვების საქმე და რაღაც შეღავათები ჩვენც გვქონდეს? მეტყვით გადი საგრანტო გამოცდაზე და გაიუმჯობესე გრანტიო, მაგრამ თქვენ თვითონვე წერთ ,რომ საგრანტო გამოცდა უტოლდება სამაგისტრო გამოცდებს სიძნელით და რა აზრი აქვს გასვლას, გთხოვთ გაითვალისწინოთ უამრავი სტუდენტი, რომლის ოჯახებიც გვერდით გედგათ არჩევნებში და იმედით შეყურებდა მომავალს.

-არჩევნებში, მე მგონი ერთმანეთს ვედექით მხარში, და საქართველოს, საბოლოო ჯამში. ეს ისე, ცნობისთვის, მაგრამ რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, არასდროს არ მითქვამს ის, რომ სირთულით ის სამაგისტრო გამოცდების ტოლფასია, ნამდვილად არ არის ასე. სტუდენტების საგრანტო კონკურსი არის, მოდით, ასე ვთქვათ, გამარტივებული ვარიანტი სამაგისტრო გამოცდისა, ასე რომ, ბუნებრივია, აქ ისეთი სირთულის დავალებები ნამდვილად არ შეხვდებათ, როგორც მომავალ მაგისტრებს და მოგვწონს ეს თუ არა, ნამდვილად უნდა მივიღოთ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, თუ გრანტის გაუმჯობესება გვინდა.

ილონა ბოდოკია:

რატომ არის სამაგისტრო გამოცდების დაფინანსება მხოლოდ 100%  და რატომ არ არის ნაწილობრივი, ხომ შეიძლება განაწილდეს დაფინანსება, ისე რომ მსურველებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში. თუ მაღალი გადასახადის გამო დავრჩეთ უსწავლელნი?

-მაგისტრატურაში დაფინანსების გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღო მთავრობამ, რაც მე მგონი, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. ადრე მაგისტრატურაში სწავლება საერთოდ არ ფინანსდებოდა, ეს არის უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, მოდით ასე ვთქვათ, და აქ მთავრობის გადაწყვეტილებით სრული დაფინანსებაა და არა ნაწილობრივი. ასე რომ, მთავარი და მნიშვნელოვანი, ალბათ, იმედი გვქონდეს და მე ამ იმედს ვიტოვებ და ნამდვილად მჯერა რომ ეს ასე იქნება, მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება თანხა შამაგისტრო პროგრამების დაფინანსების.

მკითხველი გოჩა:

თუ შეგვიძლია გავიგოთ ქულათა როგორი რაოდენობით მოვხდებით სხვადსხვა სასწავლებელში, რამდენად შესაძლებელია ამის წინასწარ განსაზღვრა?

-წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ჩვენ აქ კონკურსთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია იმაზე, რომ აბიტურიენტები თავისი ცოდნით და შესაძლებლობებით ერთმანეთს ეჯიბრებიან, მარტივად რომ ვთქვათ, დავუშვათ, წარმოვიდგინოთ ასეთი ვარიანტი, რომ წელს აბიტურიენტები ძალიან კარგად მომზადებულები მოვიდნენ გამოცდაზე, ბუნებრივია, მაშინ კონკრეტულ ფაკულტეტზე ბარიერი, ანუ ჩასარიცხი ბარიერი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე წინა წელს, შესაძლებელია პირიქიტაც, ბუნებრივია. ასე რომ, საკონკურსო ქულა, ანუ ის ბარიერი, რომელიც დადგინდება კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად, მხოლოდ და მხოლოდ გვეცოდინება მას შემდეგ, როდესაც ჩარიცხვების პროცედურა დასრულდება.

ზურა მაისურაძე:

თუ აბიტურიენტმა აირჩია ჩასაბარებლად 5 საგანი, აქედან 4 (სავალდებულო) ჩააბარა, მე-5 საგანში ჩაიჭრა. მაინტერესებს ეს ფაქტი მოახდენს თუ არა გავლენას გრანტის მიღებაზე?

-კი, მოახდენს ნამდვილად, იმიტომ, რომ არსებული დებულებით, და ალბათ ლოგიკაც არის ამაში, არსებული დებულებით აბიტურიენტმა უნდა გადალახოს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ხაზს ვუსვამ ამას - კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მის მიერ არჩეულ საგანში იმისათვის, რომ მიიღოს შემდეგ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა.

ავთო ტაბატაძე:

2009 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულზე, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე. 2 წელი ვისწავლე და შემდეგ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შემიჩერდა სტატუსი. რამდენად არის შესაძლებელი რომ მობილობა გავაკეთო უფასო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე?

-არ არის შესაძლებელი ნამდვილად, თავი დავანებოთ უფასო საგანმანათლებლო პროგრამას, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ სტუდენტი ჩაირიცხა პროფესიულ პროგრამაზე, აკადემიურ მიმართულებაზე გადასვლა არ შეუძლია, თუ არ ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდას. ასე რომ, ყველა შემთხვევაში მოუწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა, ჩარიცხვა კონკრეტულ ფაკულტეტზე და შემდეგ უკვე სწავლის გაგრძელება.

მკითხველი ზურა:

ვარ ბიზნესის ადმინისტრირების 1-ლი კურსის სტუდენტი. ამ ფაკულტეტზე გაიცემოდა მხოლოდ 100%-იანი გრანტი ახლა კი დამატებულია თანადაფინანსებებიც. მსურს გავიუმჯობესო გრანტი მაინტერესებს მოქმედი კონონმდებლობით შესაძლებელია თუ არა 50%, 70%-იანი დაფინანსების მიღება.

-სტუდენტთა საგრანტო კონკურსში ყველა სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას თანაბარი პრინციპით, მათ შეეძლებათ, მიიღონ თანადაფინანსება, ასე ვთქვათ, 50%-იანი ან 70%-იანი განურჩევლად იმისა, თუ რა მიმართულებაზე სწავლობენ.

ბექა ხაჩიძე:

ექნებათ თუ არა შეღავათი იმ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ეროვნული გამოცდები შარშან და ვერ მიიღეს დაფინანსება, რადგან სახელმწიფოს მიერ მთელი რიგი ფაკულტეტები ფინანსდებოდა მხოლოდ 100% -ით, ქულა კი საკმარისი ქონდა იმისათვის რომ აეღო 50 ან 70 % - იანი გრანტი.

-სამწუხაროდ კანონი, სახეცვლილი კანონი, მოდით, ასე ვთქვათ, ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც 2013 წლიდან ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებელში, დაწყებული 2013 წლიდან, მოდით ასე ვთქვათ, და ეს კანონი არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ წინა წელს, ან დავუშვათ, უფრო ადრე.

ხათუნა ხუციშვილი:

გორის სასწავლო უნივერსიტეტში თუ იგეგმება მომავალში უფასო სწავლება და რატომ ვერ მოხდა ახლანდელი სიაში?

-დოქტორანტურა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც შეირჩა უმაღლესი სასწავლებლები კონკრეტული პროგრამებით. აუცილებელი მოთხოვნა გახლდათ ის, რომ ამ მიმართულებაზე მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი საფეხური ანუ დოქტორანტურა. სავარაუდოდ გორის სასწავლო უნივერსიტეტს ეს მესამე საფეხური არ აქვს.

გიორგი ბუჯიაშვილი:

ვარ, უმაღლესი სასწავლებელ (ჯორჯიას) ბიზნესის ადმინისტრირების 1-ლი კურსის სტუდენტი. ამ ფაკულტეტზე გაიცემოდა მხოლოდ 100%-იანი გრანტი ახლა კი დამატებულია თანადაფინანსებებიც. მსურს გავიუმჯობესო გრანტი მაინტერესებს მოქმედი კონონმდებლობით შესაძლებელია თუ არა 50%, 70%-იანი დაფინანსების მიღება.

-შესაძლებელია. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში ყველა სტუდენტი თანაბარ პირობებში ღებულობს მონაწილეობას.

რუსა ზარქუა:

სამაგისტრო პროგრამებზე თუ იქნება გარკვეული მიმართულებები ,რომლებზეც სწავლება დაფინანსდება და როგორ მოხდება ეს?- პროცენტული სახით, თუ როგორც აბიტურიენტების შემთხვევაშია?

-ამ შემთხვევაში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება ფინანსდება სრულად; იქ არ გვაქვს ნაწილობრივი დაფინანსება - ეს ერთი. მაგისტრობის მსურველს შეუძლია მოიპოვოს დაფინანსება, განურჩევლად იმისა თუ რა მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. თანხა - 2 000 000, რომელიც მაგისტრატურაში სწავლებისთვის არის გამოყოფილი, განაწილებულია 11 მიმართულების მიხედვით. დეტალური ინფორმაცია დევს ჩვენს ვებ-გვერდზე და შეუძლია კითხვის ავტორს გაეცნოს ამ ინფორმაციას. ანუ 2 000 000 ნაწილდება სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობით, მიმართულებების მიხედვით. ბუნებრივია, კონკურსში ღებულობს ნებისმიერი მაგისტრობის მსურველი მონაწილეობას და ამ თანხის ფარგლებში, თუ მას საკმარისი შედეგი ექნება მიიღებს დაფინანსებას.

მკითხველი რუსა:

თუ არის სასწავლებლები, სადაც უფასო იქნება სამაგისტრო პროგრამები? რუსულის ცოდნით თუ შევძლებ ჩაბარებას უმაღლესებში, თუ ევროპული ენის ცოდნაა საჭირო ყველა აკრედიტებულ სასწავლებელში?

-რუსული ენა ერთ-ერთი უცხოური ენაა, ოთხიდან; ჩამონათვალი გვაქვს: ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული. ასე რომ თუ აბიტურიენტზეა საუბარი, მას შეუძლია აქედან ნებისმიერი ენა აირჩიოს და ის ჩააბაროს - ეს ერთი. უფასო პროგრამები მაგისტრატურაში არ არის. ასეთ შემთხვევაში, მაგისტრობის მსურველს მოუწევს კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი შედეგებით მოიპოვოს უფლება ისწავლოს სახელმწიფოს ხარჯზე.

მკითხველი რუსა:

თუ მაქვს მიღებული ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი,მაქვს თუ არა უფლება განვაგრძო ტექნიკურ სპეციალობაზე სწავლა?და რამდენი უნივერსიტეტისა თუ ფაკულტეტის ჩაწერის უფლება მაქვს რეგისტრაციის დროს?

-საბოლოო ჯამში, ეს უმაღლესი სასწავლებლის გადასაწყვეტია, ბუნებრივია. კანონის მიხედვით, მას ეს არ ეკრძალება. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ მას სპეციალობაში მოუწევს გამოცდის ჩაბარება.ფაკულტეტს საერთოდ არ უთითებს მაგისტრობის მსურველი. რეგისტრაციისას, ჩვენ მაგისტრობის მსურველს არ ვეკითხებით, რომელ უმაღლეს სასწავლებელში ან სპეციალობაზე სურს სწავლის გაგრძელება. ამას აკეთებს შემდეგ, როდესაც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდას. ამის მერე უნდა მიაკითხოს მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელს და იქ შეიტანოს განაცხადი. ასე რომ არც ერთი ფაკულტეტის მითითება არ მოუწევს, მან უნდა აირჩიოს მხოლოდ და მხოლოდ გამოცდის ტიპი, მიმართულების მიხედვით.

ანი მეგრელიშვილი:

ვარ თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი და მაქვს 70-%იანი დაფინანსება. მინდა, რომ გადავიდე ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ გადავალ, მომეხსნება თუ არა ჩემს მიერ მოპოვებული დაფინანსება.

-ამაზე მუშაობს აკრედიტაციის ცენტრი, ეს მისი პრეროგატივაა. საბოლოო ჯამში, მე თუ მკითხავთ, სრულიად ლოგიკურია ის დაფინანსება რაც მოიპოვა ეკონომიკის ფაკულტეტზე, სიტყვაზე ვამბობ, და გადადის ისეთ ფაკულტეტზე, სადაც ადრე მხოლოდ და მხოლოდ 100%_იანი დაფინანსება იყო, აუცილებლად გაყვეს ეს თანხა, ანუ 70%_იანი დაფინანსება.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მიიღებენ ამ ცვლილებას. თუმცა მკითხველს მაინც ვურჩევდი ამ კითხვით მიმართოს აკრედიტაციის სამსახურს.

მკითხველი თემური:

თუ ერთზე მეტი არჩევითი საგანი აქვს მითითებული აბიტურიენტს, საგრანტო კონკურსისთვის ძირითად 3 საგანს მეოთხე საგნად რომელი საგანი დამატება, რომელშიც უფრო მეტი ქულა აქვს მიღებული, თუ ის, რომელ საგანსაც ითხოვს მისი პროგრამა, სადაც ის სწავლას გააგრძელებს?

-რა თქმა უნდა, მხედველობაში მიიღება შედეგი იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად. სიტყვაზე ვამბობ, მე ავირჩიე ორი გამოცდა დამატებით, მათემატიკა და ისტორია, ვაბარებ მათემატიკის ფაკულტეტზე, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, მათემატიკის შედეგი იქნება გათვალისწინებული და არა ისტორიის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას