როგორ მოვუაროთ ოთახის და ბაღის ყვავილებს

როგორ მოვუაროთ ოთახის და ბაღის ყვავილებს

გაზაფხულზე გამოზამთრებული ყვავილების მოვლის ახალი ეტაპი იწყება. რა უნდა ვიცოდეთ ოთახის და ბაღის ყვავილების მოვლისას, კითხვებს ბიოლოგი ზურაბ შევარდნაძე პასუხობს.

ლილი-ლილიკო:

როდის უნდა დავთესოთ ბაღში ყვავილის თესლი და რა პირობები უნდა შევუქმნათ რომ მალე და კარგად აღმოცენდეს?

-ერთწლოვანი საზაფხულო ყვავილები ითესება 15 აპრილიდან ღია გრუნტში, პირველი თებერვლიდან ვთესავთ საორანჟერიო პირობებში ოთახის ან ფანჯრის რაფაზე ან დახურულ სივრცეში, სათბურში. პირველი თებერვლიდან ვიწყებთ საგაზაფხულო და საზაფხულო ყვავილების თესვას, ღია გრუნტში ყვავილების თესვა კი 15 აპრილიდან. კარგად დამუშავებულ ნიადაგში, რწყვის რეჟიმი შერჩეული უნდა იყოს, გააჩნია რომელ ჯიშს და რომელ სახეობაზეა საუბარი იმის მიხედვით. ძალიან ზოგადი შეკითხვაა და ამიტომ მომიწია ზოგადი პასუხი გამეცა.

თამარი:

ეზოში მაქვს ვარდის ნერგები, რომლებსაც ძირები უხმება, რით ვუშველო?

-ვარდები ძალიან ადვილად ბერდებიან და იმისთვის, რომ ვარდი უხვად, თანამიმდევრულად და ზოგადად, სულ ყვაოდეს, ამისთვის მას გასხვლა სჭირდება, 80%-ით ვარდის ყვავილობა ამ პროცედურაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვარდი კარგად უნდა გაისხლას, და ამ გასხვლასთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა. სწორედ ვარდის გასხვლაა საწინდარია, რომ შემდეგ ის კარგად იყვავილებს.

ირმა ირემაძე:

საშობაოდ შევიძინე ქოთნით საშობაო ყვავილი (წითელი ფოთლები)თეფშზე ვუსხავდი წყალს კვირაში ერთხელ როგორც მირჩიეს,მაგრამ აღარ გამყურება ისე, როგორიც თავდაპირველად იყო. როგორ მოვქცე, ჩვეულებრვი მიწით სავსე ქოთანში გადავრგო? რა ინტენსივობით მოვრწყა, რომ შემდეგ შობასაც ისევე ლამაზად გამოიყურებოდეს.

-პუანსეტიაზეა საუბარი, ეს მცენარე არის ტორფში გამოყვანილი და ერთჯერადი მცენარე, ერთჯერადად ხარობს. რომც გადაარჩინოს ეს მცენარე და შეეცადოს, ნიადაგში გადაიტანოს, სხვა ქოთანში გადარგას, ეს მცენარე მაინც ვერ გაიხარებს და ფოთლები არ გაუწითლდება საშობაოდ ისევ, მისი მწვანე ფოთლები კი ნაკლებად მიმზიდველია. ჰოლანდიური წარმოშობისაა, იქ გამოჰყავთ ეს მცენარე, ტროპიკულია, პუანსეტია ჰქვია, რძიანაა და მას სპეციალურად ამრავლებენ საშობაოდ, ამიტომ ამ მცენარის შემდეგ გამოყენება და გამრავლება შეუძლებელია. როგორი ფორმითაც ქალბატონმა შეიძინა, ამ ფორმით გამოყვანილი პუანსეტია, არ გამოადგება. ვერ გაამრავლებს და ვერ შეინარჩუნებს.

ლიკა მორჩილაძე:

ეზოში მაქვს წითელი მიწა (გურიაში), ამიტომ ძალიან მიჭირს ყვევილების მოშენება. მირჩიეთ, როგორ მოვახდინო მიწის განოყიერება, რომ ბაღი გავაშენო.

-გადამწვარი ნაკელი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ნაკელი მოიპოვება, სხვა მიწის გამანოყიერებელი და მიწის სტრუქტურის შემქმნელი სასუქების ძებნა არ იქნებოდა სწორი. გადამწვარი, დამწვარი, რამდენიმე წლის ნაკელი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა და ნაკელით გაანოყიეროს. შეიძლება ქვიშის დამატებაც იმისთვის, რომ მიწამ სტრუქტურა გაიუმჯობესოს. გააჩნია, თუ თიხნარია ნიადაგი და წყალს ნაკლებად ატარებს, მაშინ ქვიშის შერევაც შეიძლება. გადამწვარი ნაკელი თითქმის ყველა მცენარეს ძალიან მოუხდებოდა.

ნათია და ლიკა:

გვაქვს ოჯახში ქოთნის ყვავილები, რომლებიც წლებია უკვე ამ ქოთნებში გვაქვს, მინდა დიდ ქოთნებში გადავიტანო, რადგან აღარ იზრდებიან. როგორი წესით მოვახერხო გადარგვა, რომ ყვევილი არ დავაზიანო და არ "მოიწყინოს".

-საუკეთესო პერიოდი, როდესაც ქოთნის ყვავილების გადარგვა ხდება, არის თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი. აპრილამდე შეიძლება მათი გადარგვა, განახლება და ქოთნების შეცვლა. ქოთნის შეცვლა ავტომატურად სუბსტრატის, ქოთნიდან ნიადაგის შეცვლასაც ნიშნავს, ამიტომ ქოთნის ნიადაგი, მიწა, სუბსტრატი უნდა შევაზავოთ სამი წილი ტყის მიწით, ერთი წილი გადამწვარი ნაკელით, ერთი წილი ქვიშით და ამ სუბსტრატში შევუცვალოთ მას მიწაც, განვაახლოთ, ძველი ტოტები და ფოთლები მოვაცალოთ, გავაახალგაზრდავოთ და ახალ ქოთნებში გადავრგათ.

ქეთევან კაპანაძე:

სახლში მაქვს "ბარაქის ხე" 7 წლის. ამ ზამთარში ძალიან მოიწყინა და ფოთლები სულ დასცვივდა, რაც ადრე არ ემართებოდა. მირჩიეთ, როგორ გავაცოცხლო (ბარაქის ხის მოვლის წესები).

-კრასულას, როგორც უწოდებენ, ბარაქის ხეს, რა შუაშია ბარაქასთან, მე დღემდე ვერ ამოვხსენი ეგ ამბავი, აუცილებლად სჭირდება წელიწადში ორი თვე მოსვენების პერიოდი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი წლიდან ყველაზე უფრო ცივი ორი თვე უნდა ამოვარჩიოთ ჩვენს ბინაში, სახლში და ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ მოვრწყათ. ერთი წვეთიც არ დავასხათ, თუ გვინდა, რომ წლის დანარჩენი პერიოდი ხარობდეს და კარგად გრძნობდეს თავს, მაშინ არ უნდა მოვრწყათ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში მთელი ზამთარი. არ სჭირდება კრასულას ისეთი სითბო და სიცხე, როგორიც ჩვენს ოთახებში არის ხოლმე. ურჩევნია უფრო გრილ ოთახში, შესანიშნავად გრძნობს თავს მოურწყავად. ამიტომ გამოზამთრებისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მას შევურჩიოთ ადგილი, სადაც არ იქნება ტემპერატურა +10 გრადუსზე უფრო მაღალი.

ნოდარი ცისკარიძე:

ეზოში მინდა გავაკეთო მოსასვენებელი ზაფხულისთვის, რომელი მცენარე გავაშენო, რომ ტალავერი ლამაზი გამოვიდეს?

-ბევრი ხვიარა მცენარე შეიძლება, გააჩნია, სად. აღმოსავლეთ საქართველოში კარგად ხარობს გლიცინია, ტეკომა, პართენოცისუსი. ხვიარა ვარდის ფანჩატურიც წარმომიდგენია, რომ სასიამოვნო იქნება. საერთოდ ამ დროს, როცა აკეთებენ მოსასვენებელ კუთხეს, ანუ ფანჩატურს, ქართული სიტყვა რომ ვიხმაროთ, ცდილობენ, რომ კომბინირებულად დარგონ ეს მცენარეები. გაზაფხულზე აყვავდება გლიცინია, ახლა უკვე ყვავის აპრილის თვეში, შემდეგ ივნისის თვიდან ტეკომა აყვავდება, ტეკომა დაამთავრებს ყვავილობას, შემდეგ აყვავდება უკვე ზაფხულში მოყვავილე მცენარეები, ხვიარა ვარდი ყვავილობას გაიმეორებს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შემოდგომაზე გაწითლდება პართენოცისუსის ფოთოლი და ზამთარში დარჩება მწვანე ცუროს ფოთოლი. ამიტომ, ამ პერგოლის თუ ფანჩატურის ირგვლივ ცდილობენ, რომ ბევრი ხვიარა მცენარე დარგან, რომ სულ ეფექტური იყოს ეს ფანჩატური და არა წლის ერთი, რომელიმე მონაკვეთი.

მადონა მადონა:

ზაფხულში რა სიხშირით უნდა მოვრწყოთ ყვავილები?

-ძალიან ინდივიდუალურად. ამისი რეცეპტი არ არსებობს, თუ რამდენ დღეში ერთხელ, ეს არასწორად დასმული შეკითხვაა. ყველაფერი ხელით უნდა გაისინჯოს, ხელით უნდა ვნახოთ მიწის ზედაპირი, მიწა უმრავლეს შემთხვევაში მცენარეების უმეტესობას უნდა ჰქონდეს ნესტიანი და არა სველი. აი, ამ პრინციპით უნდა მივუდგეთ და ყველა მცენარეს ინდივიდუალურად სჭირდება მორწყვა. გააჩნია, სად დევს, როგორ სუბსტრატშია, როგორ ქოთანშია თუ მიწაშია, მზე რამდენად უდგება, ქარი რამდენად უდგება, როგორ შრება. აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ამაზეა დამოკიდებული. მცენარემ თვითონ უნდა გვიკარნახოს, თუ როგორ სჭირდება მორწყვა.

მარინა ნინიძე:

როგორ მოვუაროთ ოთახის იას?

-ოთახის, უზუმბარის ია რთული მოსავლელია. მას, ვისაც შეუძლია, რომ უზუმბარის იას გაუგოს და მისი პრეტენზიები გაითვალისწინოს, ყველა მცენარესთან ურთიერთობა შეუძლია უკვე. ერთი მთავარი პრინციპი, რაც არის უზუმბარას იებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ფოთოლზე არ უნდა მოხდეს წყალი, არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები და აუცილებლად დღის ერთ მონაკვეთში უნდა ხვდებოდეს მზე. მსუბუქი ნიადაგი სჭირდება და ქოთანი, რაც შეიძლება, დაბალი უნდა იყოს. დიდი მიწა მას არ სჭირდება და ცდილობენ, რომ ჩადგან თხელ, დაბალ ქოთანში. მიწა უნდა იყოს კარგად განოყიერებული და კარგად შეზავებული, წყლის კარგად გამტარი, ნახევრად ჩრდილი და ფოთლებს არ უნდა მივაკაროთ წყალი.

თინათინი:

რას გვეტყვით კაქტუსის შესახებ და რამდენად კარგია გვქონდეს ის ეზოში დარგული?

-არ ვიტყვით ახალს, თუ ვიტყვით, რომ კაქტუსები უპრეტენზიო მცენარეთა ჯგუფს განეკუთვნებიან. მთავარი პრინციპი კაქტუსებთან დაკავშირებით, რაც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ ზამთარში მოსვენებულები უნდა იყვნენ და შეიძლება, კაქტუსები საერთოდ, მთელი ზამთრის განმავლობაში არ მოვრწყათ და ბნელ, გაუთბობელ ოთახში, თუნდაც სარდაფში შევინახოთ, საერთოდ მოურწყავად. ღია გრუნტში რომ ხარობდეს, ასეთი კაქტუსი საქართველოს პირობებში სულ რამდენიმეა, ოპუნციები, აგავებიც კაქტუსებს და სუპულენტებს განეკუთვნებიან. ცოტაა ისეთი კაქტუსი, რომელიც შეიძლება, ღია გრუნტში დაიდგას, ამიტომ ამაზე ბევრი არაფრის თქმა შეიძლება. დასავლეთ საქართველოში შეიძლება, გარეთ 7-8 ჯიში ხარობდეს, აღმოსავლეთში კი ძალიან ცოტა, ოპუნცია და კიდევ 1-2.

მარიამ ბათიაშვილი:

საგარეჯოს რაიონში მაქვს 10 წლის აგავა, ზომით საკმაოდ დიდია და მინდა ეზოში გადავრგო ქოთნიდან, მაინტერესებს ხომ არ გაიყინება ზამთარში კარგად შეფუთვის შემთხვევაში?

-ჩვენთან გავრცელებული აგავებიდან სულ ორი სახესხვაობა არსებობს: ერთი ჭრელი ფოთლებით და მეორე - მწვანე, მოცისფრო, თრთვილით დაფარული ფოთლებით. აღმოსავლეთ საქართველოში, მწვანეფოთლებიანი აგავა, თუ არ იქნა განსაკუთრებით ცივი ზამთარი, მაშინ უპრობლემოდ ხარობს, თუ ძალიან ცივია ზამთარი, მაშინ გაიყინება აუცილებლად, დაცვა სჭირდება ყინვისგან. შეფუთვა თუ არა, დაფარება მაინც სჭირდება, ტოტების დაფარება შეიძლება, ან წიწვიანი ტოტები დავადოთ, ან ჩალით, ან თივით შეიძლება მისი შეფუთვა. ზამთარში დაცულ ეზოებში ხარობს, აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოში, ალბათ, გაუჭირდება. არა მგონია, რომ ჯობდეს მისი ეზოში გადარგვა და თუ გადარგავს, მაშინ ისეთი ეზო უნდა იყოს, სადაც მყუდრო ადგილია და ყინვისგან და ქარისგან დაცული იქნება ეს მცენარე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას