არის თუ არა ძალადობა ოჯახში სისხლის სამართლის დანაშაული და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ მსგავს შემთხვევაში

არის თუ არა ძალადობა ოჯახში სისხლის სამართლის დანაშაული და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ მსგავს შემთხვევაში

არის თუ არა ძალადობა ოჯახში სისხლის სამართლის დანაშაული, რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ მსგავს შემთხვევაში.

ბოტკოველი:

არის თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლეზე სისხლის სამართლის დანაშაული?

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი არის, რა ითვლება ოჯახში ძალადობის დანაშაულად. ამ შემთხვევაში კანონი განმარტავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას და იმავდროულად, სახეზე არ გვაქვს სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, შეიძლება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობის დანაშაულად.

ნათია ხელაძე:

კონკრეტულად რა ფაქტორებით განსაზღვრავთ, რა არის ძალადობა?

-რა არის ოჯახში ძალადობა განისაზღვრება კანონით: ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და დახმარების კანონის მესამე მუხლით, რომელიც ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა, ეს არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობით, ან იძულება.

დალი ფეიქრიშვილი:

მაქვს ასეთი შეკითხვა: არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აცხადებენ, რომ კვლევის საფუძველზე დადგინდა ამდენი და ამდენი ძალადობის მსხვერპლი. სად ტარდება ეს კვლევა და ხდება თუ არა რეაგირება ამ ფაქტებზე.

-ჩვენს ორგანიზაციას აღნიშნული კვლევა ბოლო წლების განმავლობაში არ აქვს ჩატარებული, თუმცა ჩემთვის ცნობილი არის, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კუთხით მუშაობს. რაც შეეხება შედეგებს, ჩემთვის აღნიშნული ცნობილი არ არის, ალბათ, სჯობს, რომ ამ კუთხით ვინც მუშაობს, მას მიმართოთ.

მკითხველი ფიქრია 123:

მეც იგივე მაინტერესებს რაც ქალბატონ დალის. კვლევა ეს გასაგებია, მერე რა , რომ კვლევა ჩატარდა, რა აკეთდება ამ ფაქტების აღმოსაფხვრელად? სამწუხაროდ მე კონკრეტული პასუხი ჯერ არავისგან მიმიღია.

-თუკი დარღვევები გამოვლინდება კანონმდებლობის დონეზე, მაშინ ხდება დამუშავება კონკრეტული დარღვევების გამოძიება, თუ რა იწვევს ამას, ხელშემშლელი მიზეზები რა არის და კანონის დონეზე ხდება ცვლილებების შეტანა. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე უწყების გამართულად მუშაობის პრობლემაა, მაშინ ალბათ, უნდა მოყვეს რეაგირება ამ უწყების ხელმძღვანელობის მხრიდან. თუმცა, რეალურად, კონკრეტულად რა კეთდება, ამასთან დაკავშირებით მე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს.

მკითხველი თინათინი:

სკოლებში ძალიან ხშირად მესმის, რომ კაი მამიკოს შვილებს დაჩაგრული ჰყავთ ჩვეულებრივი ოჯახის შვილები, ესეც ხომ ძალადობაა, ვინ არის პასუხისმგებელი ასეთ შემთხვევებზე?

-ამ შემთხვევაში, მეტი სიზუსტეა საჭირო - რა იგულისხმება დაჩაგვრაში. თუმცა თუ აქ სახეზე გვაქვს დაჩაგვრის ფაქტები, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება სკოლაში რეაგირება უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან და შესაბამისად, ამას უნდა მოყვეს გარკვეული პასუხისმგებლობა მოძალადეების მიმართ.

მარიამ ღლონტი: ვინ არის დამნაშავე ოჯახში, როცა ბავშვი თავის თავში ჩაკეტილი იზრდება. არის თუ არა ეს არამყარი ოჯახის მიზეზი და ვის შეუძლია დაეხმაროს ასეთ დროს ბავშვებს? -ალბათ კითხვის პირველი ნაწილი უფრო ფსიქოლოგის კონპედენციას მიეკუთვნება. რაც შეეხება კითხვას, ვის შეიძლება მივმართოთ ამ შემთხევაში ბავშვის დახმარების კუთხით, მინდა განგიმარტოთ, რომ საქართველოში ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირებას ახორციელებს მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო; შესაბამისად აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეტყობინების სახით უნდა შევიდეს სწორედ იქ და მათ ევალებათ ფაქტის გადამოწმება, შესწავლა და სათანადო რეაგირება.

მარიამი:

რატომ არის ძალადობა, თუ დედა დასჯის შვილს არასწორი საქციელის გამო. სამწუხაროდ დღეს ბავშვებს შთააგონეს, რომ მშობელი თუ გაუწყრება ეს ძალადობაა, ამ საკითხთან დაკავშირებით რას იტყვით?

-მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა, ბუნებრივია, გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. რა თქმა უნდა, მშობლის მიერ ბავშვის არასწორ საქციელზე გაბრაზება, გაწყრომა არ არის ძალადობა და არ შეიძლება ეს უარყოფითად იყოს შეფასებული. აქ საუბარია როდესაც სადამსჯელო მექანიზმები სცდება ჩვეულებრივ ფორმებს და გადადის ფიზიკურ ძალადობაში, გადადის შეურაცხყოფაში და გადადის ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

მაკა ციხისელი:

რამდენად უწყობს ხელს გარემო, მოძალადის ჩამოყალიბებას, როგორია დამოკიდებულება გარემოებით გამოწვეული  დანაშაულის მიმართ?

-შესაძლებელია კონკრეტული გარემოება ხელს უწყობდეს პიროვნების მოძალადედ ჩამოყალიბებას, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამოდგება მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად. ეს შესაძლებელია გამოყენებული იყოს შემდგომში, სასჯელის დანიშვნის ნაწილში შემამსუბუქებელ გარემოებად. ზოგადად, პირი, რომელიც მსგავს სიტუაციაში ჩაიდენს სისხლის სამართლებრივ ქმედებას არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას