რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა

რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა

როგორ შევავსოთ რეზიუმე, როგორ გავიდეთ გასაუბრებაზე, როგორ გავცეთ პასუხები დამსაქმებლის კითხვებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს, "პალიტრა მედიის" პერსონალის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი პასუხობს.

სალო-სალო:

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ რეზიუმეში ყველაფერი არ უნდა ჩავწეროთ, თქვენ რას გვირჩევთ?

სტუდენტი:

რა არის რეზიუმე და როგორ შევავსოთ?

- საწყის ეტაპზე უნდა დაიწეროს საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომრები, ელფოსტა. ეს არის ის ძირითადი და ინფორმაცია, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება იცოდეს აპლიკანტის შესახებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპლიკანტს არ შეუძლია გაამდიდროს თავისი რეზიუმე დამატებითი ინფორმაციით.

შემდეგი პუნქტი არის განათლება აუცილებელია განათლება დავალაგოთ ქრონოლოგიურად წლების მიხედვით ზემოდან ქვემოთ, დავიწყოთ უმაღლესი განათლებით და დავასრულოთ საშუალო განათლებით.

შემდეგ იწერება ტრენინგ კურსები, თუ გავლილი გვაქვს, იმავე პრინციპით, ქრონოლოგიურად წლების მიხედვით ზემოდან ქვემოთ. ვუთითებთ კომპანიას, სადაც გავლილი გვაქვს ეს ტრენინგ კურსი, ამ ტრენინგის დასახელებას და თარიღს როდის გავიარეთ.

შემდეგ ვწერთ სამუშაო გამოცდილებას, იმავე პრინციპით ზემოდან ქვემოთ, ბოლო სამუშაო ადგილიდან. რა თქმა უნდა, თუ გვაქვს სამუშაო გამოცდილება; მე არ ვსაუბრობ სტუდენტებზე, რომლებსაც უმეტესწილად სამუშაო გამოცდილება არ აქვთ. რეზიუმეში აუცილებელია მითითებული იყოს კომპანიის დასახელება, სამუშაოს დაწყების და დასრულების თარიღები, პოზიცია და მოკლე სამუშაო აღწერილობა (პუნქტების სახით). სამუშაოს აღწერილობით დამსაქმებელი იგებს რამდენად შეეფერება აპლიკანტი გამოცხადებულ ვაკანსიას.

შემდეგ იწერება ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ფლობს კანდიდატი, აქ აუცილებლად უნდა დაიწეროს ენების ცოდნის დონე და კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

ჩემი რჩევა იქნება, რეზუმეს ბოლოში აღინიშნოს ის პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც ახასიათებს აპლიკანტს და საჭიროა გამოცხედებული კონკრეტული პოზიციისთვის.

ამასთან, რასაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე არის ჰობი. ეს კარგია, რადგან ადამიანზე საკმაოდ დიდ ინფორმაციას გაწვდის.

სტანდარტი არის ეს. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები არის ის აუცილებელი ინფორმაცია რომლითაც უნდა დაიტვირთოს რეზიუმე. დანარჩენი უკვე აპლიკანტზეა დამოკიდებული, ჩემი რჩევა იქნება რეზიუმე იყოს რას შეიძლება კონკრეტული, ეცადეთ რეზიუმის მოცულობამ არ გადააჭარბოს 2 თაბახის ფურცელს.

თათია გაგნიძე:

დღეს რეზიუმეს მიხედვით არჩევენ კადრებს. შეიძლება ჩემი რეზიუმე არ არის სერთიფიკატების ნუსხით სავსე და "მაცდუნებელი", მაგრამ კონკრეტული საქმის კარგი სპეციალისტი ვარ. ხომ უნდა მოვახერხო გასაუბრებამდე მისვლა? ძალიან ხშირია ასეთი სიტუაციები. თქვენთან როგორ არის?

-ჩემი რჩევაა, თქვენი რეზუმე გადაგზავნოთ ისეთ ვაკანსიაზე რომელშიც პრიორიტეტული არ იქნება კონკრეტული ტრენინგ კურსები და დამსაქმებელი მიაქცევს ყურადღებას თქვენს გამოცდილებას. ქალბატონი უნდა ეცადოს ისეთი ვაკანსიის მოძებნას, რომელსაც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს.

ქეთი, II კურსის სტუდენტი:

1)გასაუბრებაზე მისულმა დასაქმების მსურველმა, უნდა გამოავლინოს თუ არა ყველა ის შესაძლებლობა რაც მას საქმის მხრივ გააჩნია, თუ ეს უნდა დარჩეს მის საიდუმლო იარაღად?

-რა თქმა უნდა, დასაქმების მსურველებმა სრულყოფილად უნდა წამოაჩინონ საკუთარი თავი, თვითპრეზენტაბელობას პირველ ინტერვიუზე დამსაქმებელი ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას. პირველი ინტერვიუს დროს ხდება აპლიკანტზე შთაბეჭდილების შექმნა გირჩევთ გასაუბრების დროს აქცენტები გააკეთოთ იმ ძლიერ მხარეებზე, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ და თქვენი აზრით დამსაქმებელს სჭირდება. რადგან კითხვის ავტორი სტუდენტია, გამოცდილებაზე დიდ ხაზგასმას ვერ გააკეთებს; ამიტომ მან უნდა აჩვენოს ენთუზიაზმი, რომელიც მას გააჩნია და აჩვენოს რომ კონკრეტულად ის განათლება აქვს მას მიღებული, რაც ამ პოზიციისთვის გამოადგება.

2)დამსაქმებლები დღეს რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას?

-რაც შეეხება მეორე შეკითხვას, დამსაქმებელს სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს. ძირითადი, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და უნარებ-ჩვევები. ამიტომ გამახვილებაც CV_ს შევსების დროს და გასაუბრებისას, კონკრეტულად ამ პუნქტებზე უნდა მოხდეს.

ლეილა 32 წლის:

ძალიან ბევრ განცხადებაში ვკითხულობთ (სასიამოვნო გარეგნობის), არღვევს თუ არა ამით განცხადების ავტორი ადამიანის უფლებებს, ხომ შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით გამორჩეული, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს მისი სიმაღლე და სიგანე მოდელის სტანდარტებს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

-ეს არის ჩვეულებრივი სტრანდარტი, რომ frontdesk_ის თანამშრომლები ვიზუალურად საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის უნდა იყვნენ. ასეთი ტიპის პოზიციების გარდა ხშირად იდება ვაკანსიები სადაც არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება ვიზუალურ მხარეს. ესეთი პოზიციები უმეტესწილად არის backoffice-ის პოზიციები. ესენი უფრო მაღალი თანამდებობებია. ამ შემთხვევაში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას და სამუშაო გამოცდილებას. ამიტომ დამსაქმებლის ამ მხრივ გამტყუნება არ იქნება სწორი, ანუ იგი ამ შემთხვევაში აპლიკანტის არანაირ უფლებას არ არღვევს.

ბექა:

მე მაინტერესებს რა სიტუაციაა კერძო ორგანიზაციებში დასაქმების მხრივ. ითვალისწინებს თუ არა კანონი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ყველა პირობის წინასწარ შეთანხმებას. (არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები თანამშრომლებთან შეთანხმების გარეშე ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს).

-კერძო კომპანიებში, ისევე როგორც საჯარო სტრუქტურებში, ცვლილებების შეტანა კონტრაქტში ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. დამსაქმებელი სანამ ხელშეკრულებაში შეიტანს ცვლილებას, მანამდე აუცილებლად ხდება გაცნობა ამ ცვლილების და შემდეგ ხდება უკვე ხელშეკრულებაზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის მხრიდან ხელის მოწერა. ანუ დასაქმებულს არავინ არ აიძულებს კერძო კომპანიაში ხელშეკრულების გაუცნობლად და პირობების შეუთანხმებლად მას ხელი მოაწეროს.

გიორგი ლაცაბიძე:

1)რამდენია გამოსაცდელი ვადა, როცა სამსახურის დაწყება გვსურს და რა დროით იდება ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

-შრომითი კოდექსის მიხედვით, საგამოცდო ვადა მაქსიმუმი, რომელიც შეუძლია აიღოს დამსაქმებელმა, არის 6 თვე. მეტ წილად კომპანიები იყენებენ 3 თვიან გამოსაცდელ ვადას. რაც შეეხება ხელშეკრულების ხანგრძლივობას, მას კომპანიიეს შიდა სტანდარტები განსაზღვრავს ან სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლისთვის ინდივიდუალურია.

2)რას ურჩევთ სტუდენტებს, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა გასაუბრებაზე და მომავალში ამის გაკეთება მოუწევთ. რა უნდა იცოდნენ?

-თუ სტუდენტებს უნდათ, რომ დადებითი შედეგი მიიღონ პირველივე გასაუბრების შემდეგ, აუცილებელია გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:

-შეეცადეთ რამდენიმე წუთით ადრე მიხვიდეთ გასაუბრებაზე და აუცილებლად მოწესრიგებულები უნდა იყოთ;

-წინასწარ მიძიეთ ინფორმაცია კომპანიისა და პოზიციის შესახებ;

-ყურადღებით მოუსმინეთ ინტერვიუერის მიერ დასმულ კითხვებს;

-კონკრეტულად უპასუხეთ დასმულ კითხვას;

-გახსოვდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა დაგიმახსოვრონ;

-ვინაიდან სტუდენტებს არ აქვთ მუშაობის გამოცდილება, ყურადღება გაამახვილონ საკუთარ განათლებაზე, აჩვენონ მონდომება.

ნათია ბარბაქაძე:

დასაქმების საიტებმა იმედი გამიცრუა, ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გავაგზავნე cv, მაგრამ არავინ არ დამკავშირებია. როგორ მოვახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას, თუ ერთხელაც არ დამიკავშირდებიან. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ მე არ ვარ. ვფიქრობ, რომ დღესაც ნათესაური კლანები მუშაობენ.

-ძალიან ბევრი კომპანია სწორედ დასაქმების საიტების მეშვეობით იყვანს ახალ კადრებს.ჩვენი რჩევა იქნება, თქვენი რეზუმე გადაგზავნოთ თქვენი კვალიფიკაციის შესაბამის ვაკანსიაზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმების მაძიებელი ვაკანსიის ნახვის დროს ფიქრობს, რომ ამა თუ იმ საქმეს დაძლევს შესაბამისი გამოცდილებისა და განათლების გარეშე. ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. დამსაქმებელი პირველად შერჩევას აკეთებს რეზუმეს მიხედვით, უყურებს შესაბამისობას ვაკანსიის მოთხოვნებსა და თქვენს მიერ დაწერილ რეზუმეს შორის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას