როგორ შევქმნათ კარგი ვებ-გვერდი

როგორ შევქმნათ კარგი ვებ-გვერდი

როგორ შევქმნათ კარგი ინტერნეტ საიტი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ინტერნეტ ვებ-გვერდი და რა არის საჭირო, რომ საკუთარი საიტი გვქონდეს. თქვენს კითხვებს კომპანია "ვებსოლუშენსის" აღმასრულებელი დირექტორი, თემურ კევლიშვილი პასუხობს.

გიორგი:

შესაძლებელია თუ არა პრაქტიკულად აგვიხსნათ, როგორ შევქმნათ საიტი?

-იმისათვის რომ ვისწავლოთ საიტის შექმნა, კარგი იქნება თუ დავიწყებთ საწყისებით, როგორიც არის ე.წ. HTML-ის ISS-ის სწავლა რომელიც მთლიანობაში ბაზისს წარმოადგენს საიტის შესაქმნელად. შემდეგში სასურველია, კითხვის ავტორმა უფრო სიღრმისეული სწავლა გააგრძელოს საკითხების PHP-ის და სხვა პროგრამული ენები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინტერაქტიული ვებ-გვერდების დამზადება.

ბექა ჯაყელი:

რა არის აუცილებელი საიტის შესაქმნელად, ვის შეუძლია ის შექმნას და არის თუ არა სპეციალური ნებართვა ამისთვის?

-საიტის შესაქმნელად საჭიროა  ადამიანის სურვილი და ნება. შესაბამისად გასავლელია რამდენიმე პროცედურა. როგორიც არის მაგალითად, დომენის დამზადება და რეგისტრაცია, ასევე შესყიდვა. შემდეგ უნდა შეისყიდოთ ვებ სივრცე ე.წ. "ჰოსთინგი" სადაც განათავსებთ საიტს, ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენს არსებულ სივრცეში განათავსოთ ფაილები, რომელსაც ეწოდება საიტი.

მარტივი და რამდენიმეგვერდიანი საიტის დამზადება შეგიძლიათ თქვენ თვითონაც, ასევე შეგიძლიათ დაუკვეთოთ სხვა კომპანიებს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

ლელა:

ვარ დაინტერსებული პირი, რომ გავაკეთო საინტერესო გვერდი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საიტი, რა თანხაა საჭირო და რამდენი ადამიანი შეიძლება მართავდეს საიტს?

-ძალიან რთულია ვთქვათ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი საიტი. კარგი საიტი არის ის, რომელიც ყიდის ბიზნეს იდეას. აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია ვთქვათ, რა უნდა იყოს კარგი იდეა, რა კუთხით შეიძლება გაიზარდოს ვიზიტორების რაოდენობა და მოიპოვოს პოპულარობა ინტერენეტ სივრცეში.

დანახარჯები იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად რთულია და რა ფუნქციონალურობა აქვს საიტს. ასევე რთულია ვთქვათ რა შეიძლება იყოს საიტის დანახარჯი.

რაც შეეხება ადმინისტრირებას, როგორც წესი საიტი არ არის შეზღუდული, თუ მას აქვს შესაბამისი ფუნქციონალობა და შესაძლებელია რამდენიმე ადამიანმა თავისი პირადი ანგარიშით მართოს ეს სისტემა.

გიორგი:

ქართულ კომპანიებში ძირითადად არ იციან საიტების მართვა. რა რჩევას მისცემდით ასეთ კომპანიებს, რა კუთხით უნდა მიაქციონ ყურადღება საიტის მართვას?

-კომპანიის საიტის მართვა უნდა ემსახურებოდეს მიზანს, რომ შექმნას გარვეული ინტერნეტ აქტივობა კომპანიისათვის და მოუტანოს არაპირდაპირი მოგება მას. უნდა მიიტანოს დიდი რაოდენობით მომხმარებლამდე ინფორმაცია და შესაბამისად პოპულარიზაცია გაუწიოს კომპანიას. თუ კომპანია ვერ ახერხებს ასეთი ფუნქციონალურობის შეძენას საიტისთვის, მაშინ სასურველია, რომ მან დაიქირავოს ვინმე და მათ მიანდოს საიტის გაპიარება, კონტენტის შევსება და შესაბამისი პროცედურები.

ამ პროცედურებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საიტის წარმატებისათვის ინტერნეტ სივრცეში. კომპანიის საიტზე მუდმივი ნაკადის შექმნა ძნელია, მაგრამ როდესაც მომხმარებელი საძიებო სისტემებში ეძებს რაიმე ტიპის ინფორმაციას, სასურველია, რომ ამ დროს თითოეული კომპანიის ინფორმაცია საძიებო რეზულტატის ზედა პოზიციებზე აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორ დავამატებთ კონტენტს.

თამარი:

როგორი საიტის შექმნა არის მომგებიანი დღეს, (ინფორმაციული, გასართობი), რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

-მომგებიანობის თვალსაზრისით ძალიან რთულია ვთქვათ როგორი საიტი შეიძლება გავაკეთოდ დღეს. უმეტეს შემთხვევაში კარგი იქნება თუ გავაკეთებთ საიტს, რომლის შექმნამდეც ჩავატარებთ რაიმე მარკეტინგულ კვლევას. უნდა გაირკვეს რა მოთხოვნები არსეობს ბაზარზე, ასევე გაკეთდეს ბაზრის ანალიზი, გაკეთდეს კონკურენტების ანალიზი და ამის შემდეგ შესაძლებელია მივიღოთ ამ კითხვაზე პასუხი . სხვა შემთხვევაში შეუძლებელია წინასწარ ვთქვათ რომელი სფერო შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის კარგი და მომგებიანი.

ნანა:

საქართველოში არსებული ორგანიზაციების ვებ საიტებიდან რომელია თქვენი ფავორიტი. ვის აქვს დღეს საქართველოში ყველაზე კარგად აწყობილი ეს სისტემა?

-კარგი საიტი არის ის რომელიც ასრულებს თავის დანიშნულებას და ფუნქციებს. ორგანიზაციის საიტი უნდა პასუხობდეს ორგანიზაციიის მოთხოვნებს. ორგანიზაციას შეუძლია ჩათვალოს რომ მას აქვს კარგი საიტი თუ მას ჰყავს ბევრი მომხმარებელი. ბევრი ადამიანი სარგებლობს მისი საიტის მეშვეობით. პირად აზრს ამ შემთხვევაში არ დავაფიქსირებ, რომ არ ჩამეთვალოს რეკლამაში, თუმცა საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომელსაც კარგად აწყობილი საიტის სტრუქტურა და კარგი საიტი გააჩნია.

ოთარი:

რას ნიშნავს კარგი ვებ–გვერდი? რა კრიტერიუმებით უნდა გავნსაზღვროთ ჩვენი საიტების ეფექტურობა?

-კარგი ვებ გვერდი უნდა მოიცავდეს რამდენიმე კრიტერიუმს: 1. იდეა. თუ საუბარია კომერციულ პლათფორმაზე და არა  კომპანიის კორპორატიულ საიტზე, ამ შემთხვევაში უნდა იყოს იდეა, რომელიც მოეწონება მომხმარებელს და შემოვა კიდეც საიტზე.

იდეა შემოიყვანს საიტზე მომხმარებელს, მაგრამ მას უნდა დახვდეს შესაბამისი ინტერფეისი კარგად გაფორმებული დიზაინის სახით. ასევე უნდა ჰქონდეს მთავარი მახასიათებელი და ეს არის მოხერხებულობა. ასევე კარგად უნდა იყოს გაკეთებული ნავიგაცია და უნდა მუშაობდეს სწრაფად, რათა მომხმარებელს არ მოუწიოს ლოდინი და არ შეექმნას დისკომფორტი ამის გამო.

სოფო:

ჩემი ბიძაშვილი ძალიან მარტივად აკეთებს საიტს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, მაგრამ როგორ დავიცვათ უსაფრთხოების გარანტიები?

-კარგი იქნებოდა დაკონკრეტებულიყო რა ტექნოლოგიით აკეთებს საიტს. თუ საიტს აკეთებს HTML CSS-ით, ამ შემთხვევაში იშვიათია განხორციელდეს რაიმე ტიპის შეტევები საიტზე. თუ საუბარია რომელიმე სერვერულ ენაზე და რთულ სტრუქტურებზე, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება საიტის და საერთოდ სისტემის დაცულობას. სისტემის დაცულობა შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან, როგორიც არის კოდის გამართული მუშობა, სერვერის გამართული მუშობა და ე.წ. ხვრელების არ არსებობა, რომლითაც ჰაკერებს საშუალება ეძლევათ რაიმე სახის ზიანი მოუტანონ საიტს. რთულია ზოგად პრინციპებზე საუბარი. კითხვის ავტორს ვურჩევ უფრო საფუძვლიანად გაეცნოს დაცვის სისტემების მონახაზებს, მოდელებს და შესაბამისად იპოვის იმ ერთ სისტემას, რომელიც მის საიტს შეესაბამება და მისცემს შესაძლებლობას დაცული იყოს მაქსიმალურად.

თემო და კახა:

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული საიტის შექმნა და სად შეგვიძლია ეს ვისწავლოთ მოკლე დროში?

-საიტის ღირებულება ძალიან მრავალფეროვანია და დამოკიდებული საიტის ფუნქციონალობაზე.

ამისთვის არსებობს მარტივი პრინციპი: თუ გვინდა კარგი ფუნქციონალობის ადმინისტრირებადი საიტი, მისი ღირებულება საქართველოს პირობებში მინიმუმ იწყება 500-800 ლარიდან. რაც შეეხება ზედა ზღვარს ამ შემთხვევაში არ არსებობს. ეს დამოკიდებულია საიტის ფუნქციონალობაზე და იმაზე, თუ რა არის მოთხოვნილი კონკრეტული საიტის ფარგლებში. საქართველოში ბევრი საშუალებაა, რომ შეისწავლოთ ვებ დიზაინი და ვებ პროგრამირება. რთულია კონკირეტული დაწესებულების ჩამოთვლა და მისი შეფასება, მაგრამ ერთადერთი არის ის, რომ დაინტერესებული პირი იყოს მონდომებული.

თემო:

როგორ დავიცვათ საიტი ხაკერების შემოტევისგან?

-საიტის დაცულობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. პირველი ფაქტორი რაც არის, ყველაზე მთავარია თვითონ კოდი იყოს დაწერილი ისეთი პრინციპით, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შემოტევის არსებობას საიტზე და შემდეგ უკვე სასურველია სერვერული ინფრასტრუქტურა იყოს კარგად გამართული და არ მისცეს საშუალება ჰაკერს მოახდინოს მასზე თავდასხმა. ზოგადად არსებობს სისტემების მონახაზები, სადაც შეიძლება ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი დაცვის სქემა და შეგვიძლია განვახორციელოთ ჩვენი საიტის მაქსიმალური დაცულობა.

ბელა:

როგორი უნდა იყოს საიტი, რომ მომხმარებელისთვის მიმზიდველი და კომფორტული იყოს?

-მომხმარებლისთვის კარგი იქნება თუ უპირატესობას  საიტის ფუნქციონალურობას მიანიჭებს, ანუ ზოგადად რას ემსახურება ვებ-გვერდი. შემდეგ შემოდის მეორეხარისხოვანი ელემენტები, როგორიცაა: დიზაინი, მოხერხებულობა, სიჩქარე და სხვადასხვა დამატებითი ფაქტორები, რომელიც მომხამარებელს საბოლოო ჯამში დადებით ემოციებს უქმნის და შესაბამისად უჩენს სურვილს, ამ საიტის მუდმივი ვიზიტორი გახდეს.

იხილეთ ვიდეო