რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

დასაქმებული ადამიანების უმეტესობა უკვე ფიქრობს, სად გაატაროს კუთვნილი შვებულება. თუ გაქვთ საოფისე სამსახური, ან  მუშაობთ ფიზიკურად, ალბათ, დაგაინტერესებთ, საქართველოს რომელ კურორტზე ჯობია დასვენება, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. კითხვებს ფიზიოთერაპევტი უპასუხებს.

ნინო შარიქაძე:

მყავს ორი ბიჭი 3 და 4 წლისანი. მარტის თვეში ბავშვები დამყავდა ბაკურიანში, წელს გადავწყვიტე რომ მაისში

წავიყვანო. მაინტერესებს, როდის ჯობია ასეთი ასაკის ბავშვების წაყვანა მთაში და იქნებ დაგვისახელოთ ბაკურიანზე უკეთესი კურორტი. (საპროფილაქტიკოდ–ბავშვები ჯანმრთელები არიან).

-საკურორტო სეზონი უნდა დავიწყოთ მთის კურორტებიდან. კარგია თუ ბავშვი მთის კურორტზე ერთი თვე მაინც იქნება. შემდეგ კი 10-14 დღე ზღვის კურორტზე დავასვენოთ.

რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანი არის მაღალი სარტყელის საშუალო მთის კურორტი, დაახლოებით 1800 მეტრი ზღის დონიდან და ძალიან კარგია ბავშვებისთვის.

მარტი ბაკურიანისთვის ძალიან კარგი სეზონია, რადგან ამ დროს ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობაა და სასიამოვნო კლიმატური გარემოა. მაისში უფრო გრილი ამინდებია. მთის კურორტებისთვის უკეთესია ივნისი, ივლისი, აგვისტო, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია თბილი ტემპერატურული რეჟიმი, არ არის დიდი რაოდენობით ნალექები. ბავშვს შეუძლია მთელი დღის მანძილზე გარეთ იყოს და მაქსიმალურად გამოიყენოს კურორტული ფაქტორი.

მე ქალბატონ ნინოს ვურჩევდი ბავშვები წაიყვანოს თბილისთან ახლოს მდებარე კურორტებზე: კოჯორში, კიკეთში, წავკისში, წყნეთში, თეთრიწყაროს რაიონში და რა თქმა უნდა, ბორჯომის ხეობის კურორტებზე, რომელიც ჩვენი მარგალიტია. ბორჯომის საკურორტო ზონაში ბაკურიანის გარდა შედის: წაღვერი, ლიბანი, დიდი და პატარა ცემი, თვითონ ბორჯომი. კარგია ასევე ახალციხის შემოგარენი, აბასთუმანი და სხვა ასეთი დასასვენებელი ადგილები.

მაიკო ქავთარაძე:

მყავს 6 წლის და 4 წლის შვილი. ბიჭი ალერგიულია ზოგადად. სურამის ჰაერი არ უხდება. ( სუნთქვა უჭირს). რომელ კურორტს გვირჩევთ დასასვენებლად?

-სურამი ალერგიული ბავშვებისთვის ერთ-ერთ კარგ კურორტად ითვლება. თუმცა ალერგია ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგიერთისთვის რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი ამა თუ იმ კურორტზე. ამ შემთხვევაში პარადოქსია და სურამს ვერ იტანს ის ბავშვი. ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონა. ან რომელიმე კარგი სოფელი, სადაც ბავშვი კარგად იგრძნობს თავს.

შორენა თავართქილაძე:

ვცხოვრობთ ბათუმში. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში თბილისიდან აქეთ ჩამოდიან. მინდა რომ  ბავშვებთან ერთად მე აღმოსავლეთში წამოვიდე დასასვენელად. აღმოსავლეთის რომელ კურორტს გვირჩევთ?

-ბათუმში 2100 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის წელიწადში. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო ნალექების რაოდენობა.  წელიწადში არის 400-500-600მმ. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა. ამიტომ მისთვის აუცილებელია აღმოსავლეთის ჰავა თუნდაც წელიწადში 1-2 თვით მაინც. ქალბატონი შორენა სწორად იქცევა, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში მოდის სამკურნალოდ. მისთვის სურამიდან დაწყებული, ბორჯომის ხეობის კურორტები და თბილისის შემოგარენი ყველა კარგია.

ლეილა:

მაწუხებს ვენები, ვარ 26 წლის.  რომელი კურორტია სასარგებლო და რომელი არა? (ვცხოვრობ თბილისში).

-პირველ რიგში, ასეთმა პიროვნებებმა უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასეთი დაავადებისთვის ცურვა და აქტიური მოძრაობები არის ერთ-ერთი პირველი წამალი. ამავე დროს უნდა ჩაიტაროს კურორტული მოძრაობა მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება არის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, სადაც ქალბატონ ლეილას შეუძლია ჩაიტაროს ყველა ის მკურნალობა, რასაც სპეციალისტი დაუნიშნავს. თუ მას ქალაქიდან გასვლა უნდა, მაშინ მისთვის კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშიროჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი,რომელიც არსებობს ამა თუ იმ ადგილზე და რომელიც გამოიყენება აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ. სპეციფიური წყალი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ არ არსებობს, უბრალოდ ყველანაირი წყლის პროცედურები ძალიან კარგია.

სოფიო -სოფო:

რას ურჩევთ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ოფისში მუშაობენ და მთელი წლის განმავლობაში მჯდომარე სამუშაო აქვთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა საბედნიეროდ შანსი გვეძლევა გამოვიყენოთ კუთვნილი შვებულება და დავისვენოთ?

-რადგან ქალბატონი სოფიო მთელი წლის განმავლობაში ოფისში, დახშულ გარემოში მუშაობს მისთვის აუცილებელია შვებულება აქტიურად გაატაროს. რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს სუფთა ჰაერზე, იმოძრაოს, იაროს, იცურაოს, თუ ახალგაზრდაა წავიდეს ტურისტულ ლაშქრობებში და სხვა. უნდა ეცადოს რომ ყველა კუნთი და სახსარი აამოძრაოს და დასვენება აქტიურად გამოიყენოს; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პასიურად, წამოწოლილ მდგომარეობაში იყოს.

ნიკა:

რომელი კურორტია კარგი ასთმიანი ადამიანებისთვის?

-ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობის დროს კარგია: ბაკურიანი, სურამი, შოვი ბახმარო და საშუალო მთის ყველა კურორტი. ყველანაირად უნდა მოერიდონ შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რადგან იქაური ნოტიო სუპტროპიკული კლიმატი ასთმიანებისთვის მძიმე გადასატანია და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ლელა სალუქვაძე:

რამდენად მოუხდებათ 3 და 5 წლის ბავშვებს 1-კვირიანი ინტერვალებით სხვადასხვა რაიონებში ჰაერის გამოცვლა? (დასავლეთში და აღმოსავლეთში)

-ერთკვირიანი ინტერვალით ბავშვის დასვენება თითქმის არ ითვლება დასვენებად. როდესაც ბავშვი გაგყავთ ახალ ადგილზე, მას სჭირდება ადაპტაციის ანუ მიჩვევის პერიოდი, ისევე როგორც ყველას დიდსაც და პატარასაც. ამას რამდენიმე დღე ჭირდება. ამიტომ, წარმოიდგინეთ ერთი კვირა ბავშვი არის ერთ გარემოში, მიეჩვია ამ გარემოს და ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ მას და გადაგვყავს მეორე გარემოში, სხვა კლიმატურ ზონაში; ეს მისთვის დამტვირთველია და ვერ ჩავთვლით რომ მან მკურნალობა ჩაიტარა. ერთი თვე მაინც, ბავშვი უნდა იყოს ერთნაირ გარემო პირობებში. რადგანაც ჩვენს პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან რთულია დიდი ხნით დასასვენებლად წასვლა, ის ორი კვირაც, თუ ერთ კურორტზე წახვალთ, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა შედეგს მოიტანს. თუმცა უკეთესია, თუ ბავშვი ცოტა ხანგრძლივი პერიოდით გავა ქალაქიდან.

თამრიკო:

სად შეიძლება ზაფხულში დავასვენო პატარები ხშირად ცივდებიან, იმუნიტეტი დაბალი აქვთ. უფროსი 6 წლისა, პატარა 4 წლის.

-მთის კლიმატი პატარა ბავშვებისთვის ყველაზე კარგია. იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად კლიმატური მკურნალობა და მითუმეტეს მთის კლიმატი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

ნანა:

მაწუხებს სახსრები ძალიან, მარტივად ვიღლები. ამჟამად ვმუშაობ. მაქვს საოფისე სამსახური. რომელ კურორტზე მირჩევთ დასვენებას?

-ბალნეოთერაპიული ანუ მინერალური წყლის მქონე კურორტებია მისთვის ძალიან კარგი. ასეთია თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც არის ბუნებრივი გოგირდის აბაზანები, ახტალის ტალახი, კუმისის ტალახი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, სხვადასხვა სახის მასაჟი და პარაფინოთერაპია, რაც პირდაპირი ჩვენებაა სახსრების სამკურნალოდ. ამასთან, წყალტუბოში არის რადონის აბაზანები და რადგანაც აღორძინდა, მას შეუძლია იქ ჩაიტაროს ეს მკურნალობა. ასეთივე მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნუნისში, სადაც კაშმჟავა და აზოტიანი წყლის აბაზანებია, უჯარმაში, ახტალაში; ასეთი ადგილი ძალიან ბევრია საქართველოში, მაგრამ რადგანაც ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურა ცოტა შეიცვალა თბილისიდან გაუსვლელად შეუძლია ჩაიტაროს მკურნალობა; რა თქმა უნდა, ექიმი-რევმატოლოგის მეთვალყურეობით.

ანა:

მეორე წელია ვცხოვრობ ქობულეთში. მაწუხებს თირკმელები. მაინტერესებს მიზანშეწონილია თუ არა საერთოდ ჩემთვის ზღვის კურორტი? შარშან მთელი ზაფხული ზღვაზე ყოფნის შემდეგ სექტემბერში ძალიან მომემატა ტკივილები. ეს რამით უკავშირდება ერთმანეთს თუ ვცდები?

-თირკმელით დაავადებულთათვის მიზანშეწონილია მშრალი კლიმატი. სამწუხაროდ ქობულეთში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია, რაც ძალიან დამტვირთველია თირკმლების დაავადებების მქონე პიროვნებებისთვის. მე არ მიკვირს, რომ ანას ცოტათი გაურთულდა სიტუაცია. მისთვის ძალიან კარგია, კახეთის რაიონში მდებარე კურორტი არხილოს კალვა, რომელიც გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული კლიმატით; წვიმა თითქმის არ მოდის. ეს მშრალი ჰავა ძალიან სასარგებლოდ მოქმედებს თირკმელის ფუნქციონირებაზე. ამიტომ თუ აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოვა და აქაურ მშრალ კლიმატურ ზონაში გაატარებს გარკვეულ პერიოდს მისთვის კარგია. რაც მთავარია, კურორტი საირმე და მისი მინერალური წყალი თირკმელით დაავადებულთათვის ერთ-ერთი პირველია. თუმცა თირკმელის დაავადებებიც სხვადასხვაა. ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, რადგან არ ვიცით ანას რომელი დაავადება აქვს. ვფიქრობ, ქობულეთში ცხოვრება მისთვის ცოტა დამტვირთველია და თავის თირკმელს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ან შეიცვალოს გარემო.

მკითხველი ანი:

მყავს 1,7  და 4წლის პატარები.ზაფხულში ვაპირებთ სიონში დასვენებას.მაინტერესებს თქვენი აზრი ამ კურორტის შესახებ,რამდენად იქნება სასარგებლო ბავშვებისთვის?

-სიონი ორია: ერთი - ყაზბეგის რაიონში და მეორე - თიანეთის რაიონში. მე ვფიქრობ, რომ ალბათ თიანეთის რაიონს გულისხმობს ქალბატონი ანი. ძალიან კარგი საკურორტო ადგილია. მითუმეტეს იქ არის სიონის წყალსაცავი, რომელიც გამოიყენება საბანაოდ და წყლის სხვადასხვა პროცედურების მისაღებად. მშვენიერი ადგილი აურჩევია, მითუმეტეს ახლოსაა ქალაქთან და რადგან პატარა ბავშვი ყავს 1,7 წლის, ვურჩევ რომ წავიდეს სიონში. როდესაც პატარა ბავშვები ყავთ, შორ მანძილზე მათ წაყვანას უნდა მოერიდონ და უფრო ახლოს იყვნენ საცხოვრებელ გარემოსთან, რომ ბავშვისთვის არ იყოს დამტვირთველი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას