რა მდგომარეობაა საქართველოს ციხეებში

რა მდგომარეობაა საქართველოს ციხეებში

ციხეებში არსებული მდგომარეობა დიდხანს იყო ტაბუდადებული თემა. ამ საკითხზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა, რა ხდება საქართველოს ციხეებში, რა პირობებში არიან პატიმრები, კითხვებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნატო გუგავა პასუხობს.

ნანული:

მას შემდეგ , რაც პატიმრების წამების კადრები გავრცელდა. შეიცვალა ხელმძღვანელობა სასჯელაღსრულების სისტემაში. მოხდა თუ არა ციხის ზედამხედველების საქმეების გადახედვა. კიდევ რცებიან დღეს თანამდებობაზე ის ზედამხედველები, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ?

-ცნობილი ფაქტების შემდეგ პირველ ამოცანად დაისახა ის, რომ გადახედილიყო ის ადამიანების საქმეები, რომელიც ამ დროს სისტემაში მუშაობდნენ. თუ ავიღებთ სტატისტიკას, დღეის მდგომარეობით სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულია დაახლოებით 3200 თანამშრომელი. მათგან პატიმრებთან ურთიერთობა 17 თანამშრომელს აქვს შეჩერებული.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე განთავისუფლებული იქნა 59 თანამშრომელი. პირადი განცხადებით განთავისუფლდა 511 ადამიანი და ახლად დანიშნული და მიღებულია 126. გულდასმით იქნა შესწავლილი ყველა საჩივარი და განცხადება, რომელიც იქნა შემოსული. თუმცა ხელაღებით თქმა, რომ ყველა თანამშრომელი არის გათავისუფლებული, ბუნებრივია არ არის სწორი მიდგომა და არც სამართლებრივი.

ის თანამშრომლები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას და არ არიან შემჩნეული მსგავს ფაქტებში, ისინი კვლავაც რჩებიან სასჯელაღსრულების სისტემაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუკი მათი მხრიდან იქნება შეცდომები დაშვებული , რომელიც დადასტურებული იქნება შესაბამისი ფაქტებით დადგება კანონით გათვალისწინებული ზომები.

მამუკა:

როგორ მდგომარეობაში არიან პატიმრები, რამდენი პატიმარია დღეს ერთ საკანში?

-დავიწყოთ იქიდან, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს არის მოქმედი 16 დაწესებულება. მსჯავრდებულები განთავსებულები არიან საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მინიმალური ფართი არსი 2 კვადრატული მეტრი რომლის ფარგლებშიც უნდა იმყოფებოდეს მსჯავრდებული. თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა ამის გადახედვა, მომზადდა კანონპროექტი . გვინდა ევრო სტანდარტებით ვუზრუნველყოთ მსჯავრდებულები და მომზადდა კანონპროექტი რომლის მიხედვითაც თითო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართი არ იქნება 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ასევე ეს განისაზღვრება ტიპების მიხედვით, სადაც შეიძლება ფართის ზომამ მოიმატოს. სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში ფართის ზომა არის სხვადასხვანაირი. მინიმალური მოთხოვნა არის 2 კვმ თუმცა ეს არ არის ევროსტანდარტების შესაბამისი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა ,რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჯერ კიდევ რჩება ბარაკული ტიპის განლაგება, აღნიშნული საკითხების მოგვარება იგეგმება სარემონტო სამუშაოებით , ინფრასტრუქტურის გადაკეთებით. ეს უკვე განხორციელდა ქსნის 15 დაწესებულებაში და ესევე იგეგმება სხვა დაწესებულებებშიც. სისტემა გადავა სასაკნე განლაგებაზე. დღეის მდგომარეობით გვაქვს შემდეგი განთავსება, სადაც არის ერთი მსჯავრდებული, 2, 4, 8 . თუმცა შესაბამისად დაცულია კანონის მოთხოვნა და ყველა მსჯავრდებულს აქვს კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართი.

ლევანი:

აქვს თუ არა პატიმარს მობილურით სარგებლობის უფლება და თვეში რამდენჯერ?

-მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება რა თქმა უნდა მსჯავრდებულს არ გააჩნია, ვინაიდან მობილური ტელეფონი არ გახლავთ ის ნივთი, რომლის ქონის უფლებაც აქვს მსჯავრდებულს. პირიქით ის შედის იმ ჩამონათვალში, რომლის ქონის უფლებაც არ გააჩნია და აღნიშნულის შეტანის შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუმცა სატელეფონო საუბრის უფლება გააჩნია. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ეს გახლავთ შემდეგნაირად. თუ პირი არის არასრულწლოვანი მას აქვს თვეში 5ჯერ ზარის განხორციელების უფლება . ზარი ხორციელდება საკუთარი ხარჯებით და თითო არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს . ასევე წახალისების ფორმით შეუძლია ისარგებლოს მან ულიმიტოდ, თუმცა თითო ზარი ასევე 15 წუთი უნდა იყოს. ქალ მსჯავრდებულებსაც იგივე პირობები აქვთ რაც არასრულწლოვნებს . რაც შეეხება დახურული ტიპის დაწესებულებებს აქ არის თვეში 3ჯერ სარგებლობის უფლება, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში კი 4ჯერ. წახალისების შემთხვევაში აქაც ბუნებრივია ვსარგებლობთ ულიმიტოდ თითო ზარი არაუმეტეს 15 წუთისა.

აქვე დავამატებ, რომ ჩვენ დაგვხვდა მანკიერი პრაქტიკა, შემოდიოდა არა ერთი საჩივარი ზარებთან დაკავშირებით , ვერ კონტროლდებოდა მსჯავრდებულთა ასეთი უფლების რეალიზაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშობა და 2-3 თვეში გვექნება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ მსჯავრდებულების უფლების სრულად რეალიზაციას.

მაია:

შესაძლებელია თუ არა არასრულწლოვანის დაშვება პატიმართან "პაემანზე"

-რა თქმა უნდა შესაძლებელია .უბრალოდ აქ უნდა გამოვყოთ პაემნის სხვადასხვა ფორმა. ჩვენმ გვაქვს ხასნმოკლე პაემანი, ხანგრძლივი პაემანი და ვიდეო პაემანი. არასრულწლოვანი თუ შედის იმ პირთა ჩამონათვალში, რომელსაც აქვს აღნიშნული ჩამონათვალის გამოყენების უფლება, ბუნებრივია იგი დაიშვება, უნდა ავღნიშნოთ, რომ არასრულწლოვან პირთან ერთად სრულწლოვანი პირიც უნდა შედიოდეს იმ პირთა ჩამონათვალში რომელსაც აქვს მსჯავრდებულთან შესვლის უფლება. ამ შემთხვევაში ამ უფლების რეალიზაციის პრობლემა არ დგას.

თენგო:

მას შემდეგ რაც რეორგანიზაცია გატარდა ციხეებში, როგორია სამედიცინო მომსახურების მხრივ სიტუაცია, არიან თუ არა იზოლირებულად ის პატიმრები, რომლებსაც სხვადსხვა დაავადება აქვს.

-სისტემაში ჩვენ გვაქვს 2 დაწესებულება. ერთია სამკურნალო დაწესებულება და მეორე ტუპერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო ცენტრი. ტუბ დაავადებულთა მსჯავრდებულები განთავსდებიან ტუბ დაწესებულებაში . თუკი მსჯავრდებულს შეეყარა ისეთი დაავადება, რომელსაც ესაჭიროება იზოლაცია, გვაქვს ადგილი სადაც ასეთ შემთხვევაში ხდება მისი განთავსება და მკურნალობა. სხვა შემთხვევაში ის იზოლაციას არ საჭიროებს. პატიმრების იზოლირებულად განთავსება არ ხდება.

ქეთინო:

რამდენჯერ შეიძლება ერთი პატიმრის მონახულება ერთ თვეში?

-ქეთინო ალბათ ამ შემთხვევაში გულისხმობს ხანმოკლე შეხვედრის განხორციელების უფლებას , ხანმოკლე პაემანს. ეს დამოკიდებულია დაწესებულების ტიპზე და მსჯავრდებულზე. თუ მსჯავრდებული განთავსებულია დახურული ტიპის დაწესებულებაში, მას შეიძლება ქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი თვეში და წახალისების ფორმით დამატებული იქნას კიდევ ერთი პაემანი. თუ განთავსებულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მაშინ შეიძლება ქონდეს თვეში 2 ხანმოკლე პაემანი და ასევე წახალისების ფორმით დაემატება ერთი ხანმოკლე პაემანი. თუ არის ქალი მსჯავრდებული ამ შემთხვევაში 3 ხანმოკლე პაემანის უფლება აქვს და წახალისები ფორმით შეიძლება დაემატოს 1 პაემანი. არასრულწლოვანის შემთხვევაში კი შეიძლება იყოს 4 პაემანი და წახალისების ფორმით მასაც დაემატოს ერთი პაემანი.

ეთერი:

რა პროდუქტის შეტანა იკრძალება პატიმართან. შესაძლებელია თუ არა წიგნების და პრესის შეგზავნა?

-ეთერს მინდა ვუპასუხო, რომ აღნიშნული დარეგულირებულია მინისტრის ბრძანებით . სადაც ცალსახად არის განსაზღვრული ჩამონათვალი, რომლის მიღების უფლება აქვს მსჯავრდებულს. ასეთი ჩამონათვალი ბრძანებაში არის 4 ტიპის. 1 ტიპი განსაზღვრავს თუ რისი მიღება ეკრძალება მსჯავრდებულს, 2 განსაზღვრულია ყველა ის ნივთი რისი მიღების უფლებაც აქვს მას ამანათის სახით, 3 განსაზღვარავს თუ რისი ყიდვის უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ მაღაზიაში და აფთიაქში და ასევე საფოსტო გზავნილის შედეგად რისი მიღების უფლება აქვს მსჯავრდებულს. ასევე არის ჩამონათვალი რისი მიღების შემთხვევაში აღიძრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ასეთები გახლავთ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთები , ცეცხლსასროლი იარაღი, ფასეულობა, ფულის შეგზავნა, ოპტიკური ხელსაწყოები, საკვები პროდუქტები რომლებიც საჭიროებენ თერმულ დამუშავებას, ბანქო, ალკოჰოლი და ა.შ. ასეთი ჩმონათვალი მინისტრის ბრძანებაში არის 19 და მისი ნახვა ყველას შეუძლია. რაც შეეხება წიგნებს და პერსას, ამის მიღების საშუალება აქვს მსჯავრდებულს, თუმცა აქაც არის კატეგორია ჟანრი რისი მიღებაც არ შეიძლება, ესენია ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ წიგნი, პორნოგრაფიული ლიტერატურა . პატიმარამა შეიძლება ერთდროულად მხოლოდ 3 წიგნი იქონიოს საკანში. პრესის მიღება კი არ ეკრძალება და დაშვებულია.

ამირანი:

სად იხდიან სასჯელს ნარკომომხმარებლები, გადიან თუ არა ისინი სპეციალური სარეაბილიტაციო კურსს, თუ ამაშიც თანხა უნდა გადაიხადოს პატიმრის ნათესავებმა?

-დღევანდელი მდგომარეობით ნარკოდამოკიდებული პატიმრები განთავსებული არიან ჩვეულებრივი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შერეულად. თუმცა შემოსვლისას ხდება მათი დადგენა. დაწესებულებაში კი მუშაობს 2 სარეაბილიტაციო პროგრამა . პირველია მეტადონი და ამის შემდეგ კი გადადიან პროგრამა ატლანტიში. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობისათვის სმჯავრდებული არაფერს არ იხდის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მომზადებულია ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც ნარკოდამოკიდებული პირები განთავსდებიან ცალკე და მოხდება მათი რეაბილიტაცია ამ დაწესებულებაში.

ირაკლი:

რა კომენტარს გააკეთებთ ციხეში ბოლოს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა გამოძიება, რატომ გადაიცვალა პატიმარი. თუ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, მაშინ რა ხდება? - ნუთუ ვერ ხერხდება პატიმრების კონტროლი. ადრე ზედამხედველები აუპატიურებდნენ პატიმრებს, ახლა პატიმრები პატიმრებს ხოცავენ? სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე?

-ეს არის ფაქტი, რომელიც გამოძიებაშია და საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე სანამ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს მე არ მაქვს უფლება გავაკეთო რაიმე კომენტარი. თუმცა ამ შემთხვევიდან გამომდინარე, არ შეიძლება გავაკეთოთ შეფასება სრულიად სისტემაზე. ვინაიდან მიმდინარეობს მსჯავრდებულთა როგორც უფლებების დაცვა, ასევე მათი კონტროლი დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.

ნელი ნაბიაშვილი:

ჩემს შვილს ციხეში არანაირი დარღვევა არ აქვს, არც შენიშვნა მიუღია. სასჯელის 2/3 უხდება აგვისტოში. ეკუთვნის თუ არა უდო?

-პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე განსაზღვრავს კანონი, თუ რომელი ტიპის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება ის., მსჯავრდებულს აქვს უფლება პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ გააკეთოს წარდგინება, კომისია შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს მისი ქცევების, დამოკიდებულების, ხასიათის და ა.შ ყველა თვისების გათვალისწინებით. მაგრამ უფლება და ავტომატურად გათავისუფლება ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. ეს არის მისი უფლება წარადგინოს მისი საქმე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, მაგრამ კომისიას აქვს უფლება შეფასებიდან გამომდინარე ყველა იმ ნიშან-თვისების მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს მიიღოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილოს თუ არა ეს წარდგინება.

ეკა:

შესაძლებელია თუ არა პატიმრების ნახვა შაბათ-კვირას, რა პროცედურები უნდა გაიაროს ამისთვის პატიმრის ახლობელმა და როდის ხდება ნებართვის მიცემა?

-როგორც წესი სამუშაო დღეებში ხდება აღნიშნული უფლების რეალიზაცია თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღნიშნული უფლებით სარგებლობა შაბათ დღესაც შესაძლებელია. მიმართვიდან 5 დღის ვადაში ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ამ შეხვედრის ორგანიზება.

გელა:

თუ შეიძლება, გულწრფელად რომ აგვიღწეროთ რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ციხეებში, რა გამოსწორდა, რა პირობებში არიან პატიმრები და ა.შ.

-თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათთვის მინიჭებული ყველა უფლების რეალიზაცია ხდება აბსოლიტურად. ისინი სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომელიც აქვთ კანონით მინიჭებული. მდგომარეობა რა თქმა უნდა გამოსწორებულია და არ შეიძლება შევადაროთ წინა პერიოდს.

მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგენს როგორ უნდა განვითარდეს სისტემა. იგეგმება სასჯელაღსრუულების დაწესებულებების რეკონსტრუქცუია-რემონტი. ასევე იგეგმება საგანმანათლებლო სიტუაციების ფართის გაფართოება, სარეაბილიტაციო პროგრამების უფრო მეტად ჩართულობა . მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასება რათა მათ შევთავაზოთ ჩვენ ისეთი პროგრამები, რომელიც მათ სურვილზე და საჭიროებაზე იქნება დაფუძნებუული. ასევე ვზრუნავთ იმაზე, რომ შევთავაზოთ მათ დასაქმების საშუალება და ვზრუნავთ რომ მსჯავრდებულის ყველა უფლება იყოს დაცული.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას