როგორ წამოვიწყოთ წარმატებული ბიზნესი

როგორ წამოვიწყოთ წარმატებული ბიზნესი

როგორ წამოვიწყოთ და ვაწარმოოთ წარმატებული ბიზნესი. რა უპირატესობა ენიჭება მცირე ბიზნესს საქართველოში. როდის უნდა იფიქროს პიროვნებამ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე. რა უნდა ვიცოდეთ და რა არის ბიზნესში წარმატების მიღწევის საიდუმლო. კითხვებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, მერაბ ჯანიაშვილი პასუხობს.

გიორგი:

რა თანხით შეიძლება დაიწყოს პიროვნებამ მცირე ბიზნესი?

-ბიზნესის დაწყებაზე, რამდენადაც მცირე ბიზნესი არ უნდა იყოს, კონკრეტულ თანხას ვერ დაასახელებ, გამომდინარე იქიდან თუ რა სფეროში აპირებს ადამიანი მოღვაწეობას და როგორი ბიზნესის დაწყებას. მცირე, ანუ მინიმალურ თანხად შეიძლება განვიხილოთ კომპანიის დარეგისტრირებას რაც ჭირდება საქართველოში, ანუ 100 ლარი. თუმცა შეიძლება ბიზნესი ისე დაიწყოს, რომ არც ფართის დაქირავება დასჭირდეს, არც მუშახელის, მხოლოდ იურიდიული ფირმის სტატუსი აიღოს და იმითაც აწარმოოს მცირე ბიზნესი. ანუ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბიზნესის წარმოებას აპირებს გიორგი.

ლაშა:

ბიზნესის დაწყებიდან, რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ საქმიდან მოგება ვნახო?

-გააჩნია ბიზნესს. არის სფეროები, სადაც მოგება ყოველი თვის ბოლოს ამოიღება, მაგალითად არის სფეროები სადაც ჩადებულ თანხას მთლიანად იბრუნებენ და მოგებასაც იღებენ- თუნდაც ვაჭრობა, თუნდაც იმპორტი. როდესაც ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ ტანსაცმელი, ისინი სწრაფ მოგებაზე მუშაობენ და მოგებას მაშინვე იღებენ. თუმცა არის სფეროები, რომელსაც რამოდენიმე წელი უნდა ელოდო იმას, რომ მოგება გაჩვენოს. მაგალითად სოფლის მეურნეობაში- მევენახეობა, ღვინის წარმოება, თხილის ექსპორტი, ასევე კავშირგაბმულობა და მსხვილი ბიზნესები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესზე, არის ბიზნესის სახეობები, რომელსაც ჯერ ცნობადობის ამაღლება სჭირდება იმისთვის, რომ მოგება მიიღოს. გამომდინარე აქედან ყველა ბიზნესისთვის სხვადასხვა პერიოდი არსებობს.

ლელა:

რომელი სფეროში არის წარმატებული მცირე ბიზნესის წარმოება?

-წარმატებული შეიძლება ნებისმიერ სფეროში იყოს ადამიანი, თუ სწორად შეარჩევს ბაზარს და იმ სეგმენტს, სადაც აპირებს თავისი პროდუქციის გაყიდვას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროდუქციას გაყიდის, შესაბამისად შეიძლება ერთი ადამიანისთვის წარმატებული იყოს კონკრეტულ ბიზნესში მოღვაწეობა, მეორესთვის კი წარუმატებელი. ამიტომ მოდელი რომ რომელიღაც კონკრეტულ სფეროში წარმატებულია საქმიანობა და მარტივია, არ არსებობს.

ანა:

რომელ ბაზარს მოაქვს დღეს მცირე ბიზნესში ყველაზე დიდი შემოსავალი?

-ყველაზე დიდი მოგება როგორც წესი იმ ბიზნესებს მოაქვთ, რომლებსაც ახალი პროდუქტი შემოაქვთ ბაზარზე. მაგალითად, რაიმე ახალს თუ შემოიტანენ, თუნდაც ისეთს რაც საქართველოში არ არსებობს, მასზე მაღალი მოგების მარჟა შეიძლება დააწესო, იმიტომ, რომ ბაზარზე სხვა არ იქნება, შესაბამისად შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის მაღალ ფასად გაყიდვა. ისეთი სფერო, სადაც კონკურენცია ნაკლებია, უფრო მეტიც თუ კონკურენცია არ არსებობს, ის შესაბამისად მაღალ შემოსავლიანია. სფეროები, რომლებიც უკვე აპრობირებულია და კონკურენტებიც არსებობენ, იქ ძნელი იქნება მაღალი მოგების მარჟაზე მუშაობა.

ხათუნა:

ბიზნესი არასდროს მქონია. ძალიან მაინტერესებს, გავხსნა საცხობი. რა დამჭირდება ამისთვის? (ვგულისხმობ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებს).

-პირველ რიგში ფირმა უნდა დაარეგისტრიროს, შემდეგ უნდა გადაწყვიტოს რას აირჩევს, იქნება ეს ინდმეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, თუ სააქციო საზოგადოება. შემდეგ უნდა მოიძიოს ადგილი, სადაც გახსნის საცხობს. სასურველია ისეთი ადგილი იყოს, სადაც მიზნობრივი აუდიტორია ახლოს იყოს ამ პროდუქტთან. შემდეგ უკვე დასჭირდება საცხობისთვის საჭირო ატრიბუტიკა, მუშახელი და ფინანსები რაც მთავარია, იმისთვის რომ საცხობმა შეიძლება რამოდენიმე თვე მოგება ვერ მოიტანოს და აუცილებელია განსაზღვრული იყოს გარკვეული პერიოდი იმაზე, რომ მხოლოდ ინვესტირება მოუწევს თავიდან და მხოლოდ შემდგომ მოგება

სალო:

როგორ შევარჩიოთ პარტნიორი ბიზნესში?

-რა თქმა უნდა სანდო პარტნიორი უნდა ავარჩიოთ და რომელიც ისეთ ელემენტებს შემოიტანს ბიზნესში, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია, ანუ ერთმანეთის კომპენსირება მოახდინონ ამ ადამიანებმა. არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორი იქნება ნათესავი, თუ მეგობარი, მასთან ურთიერთობა უნდა იყოს იურიდიულად და დოკუმენტურად დადასტურებული ფორმით და არა ზეპირად. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები პარტნიორებთან შეთანხმებას დებენ ზეპირად და შემდეგ გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება. ეს იმიტომ, რომ არ ასრულებენ ისინი თავიანთ ვალდებულებებს. თუ სწორად იქნება ადამიანებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება, პარტნიორი რამდენად საიმედოა, თუ არასაიმედოა დაზღვეული იქნება ამისგან ყველა ბიზნესმენი.

2) რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ ბიზნესს დავიწყებთ, თუ მხოლოდ იდეის დონეზე გვაქვს პროექტი?

-პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, თუ საიდან მოვიძიებთ ფინანსებს ამ ბიზნესის დასაწყებად. შემდეგ უნდა ვიცოდეთ რა ბაზარზე გვიწევს შესვლა და როგორია კონკურენცია. უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას შევთავაზებთ მომხმარებელს ახალს და კონკურენტებთან შედარებით რით ვიქნებით უკეთესი, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრება შევძლოთ. პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ იდეა გაქვთ ეს სამი რამ იქნება აუცილებელი.

3) როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი შცდომა რა შეიძლება მოგვივიდეს, როცა ბიზნესი "ახალია" და სულ რამოდენიმე თვეა რაც ვარსებობთ ბაზარზე?

-ძირითადად შეცდომები შეიძლება იყოს დაკავშირებული ბუღალტრულ აღრიცხვასთან და ადმინისტრირებასთან, შემოსავლების სამსახურმა შემდგომ შეიძლება ისეთი ჯარიმა დაგაკისროთ მცირე შეცდომის გამო, რომ ჩანასახშივე ბიზნესს გაუქრეს განვითარების შანსი და კომპანიამ შეწყვიტოს წარმოება. ამიტომაც აუცილებელია სუფთად აწარმოოთ ბუღალტერია, ამით დაზღვეული იქნებით სახელმწიფოს მხრიდან ჯარიმებისგან. ახალი ბიზნესისთვის ასევე გასათვალისწინებელია რეპუტაცია. რეპუტაცია არ შეულახონ სხვებმა, ან თვითონ არ გააკეთონ ისეთი რამ, რომ მომხმარებლის თვალში რეპუტაცია შეელახოთ.როდესაც ახალი ბიზნესია და ბაზარზე თავს იმკვიდრებს, პირველ რიგში მომხმარებლის ნდობაა მთავარი. თუ დასაწყისშივე დაკარგავთ მომხმარებლის ნდობას, ძალიან გაუჭირდება შემდგომ რეპუტაციის და ნდობის აღდგენა.

4) უნდა გავითვალისწინოთ თუ არა კონკურენტი პროდუქციის ფასები, და თუ მაინც ვერ ვახდენთ ფასების დაკლებას, ხელმისაწვდომობით თუ ვერ ვახერხებთ კლიენტის მოზიდვას, მაშინ რა ხერხს უნდა მივმართოთ?

-ფასები აუცილებლად გასათვალისწინებელია, თან საქართველოში, როდესაც საზოგადოების მყიდველობითუნარიანობა დაბალია და ადამიანები ორიენტიორებულები არიან დაბალ ფასიანი პროდუქციის შეძენაზე. თუ ვერ ახერხებთ კონკურენტთან საფასო კონკურენციას, მაშინ აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე, ან მომსახურების ხარისხზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და სამწუხაროდ საქართველოში დიდ ყურადღებას არ აქცევენ. განსაკუთრებით ეს იმ სფეროებს ეხება, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა უწევთ. თუ ადამიანებს კარგად მოექცევიან და კარგად მოემსახურებიან, შეიძლება მათ მცირეოდენ ფასში სხვაობას ყურადღება აღარ მიაქციონ. ხარისხიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ელემენტია კონკურენციის დროს.

5) როდის უნდა შევწყვიტოთ და გავაუქმოთ ჩვენი ბიზნესი?

-როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენს ბიზნესს ვეღარაფერი გადაარჩენს. როგორც წესი არ ხდება ესე მარტივად ბიზნესის შეწყვეტა, როდესაც წაგებაზე მიდის კომპანია, მისი დამფუძნებლები მაინც ცდილობენ, რომ კომპანიის გადარჩენას და სხვადასხვა ვალდებულებებს იღებენ, იგივე ბანკიდან სესხებს და ა.შ. კარგი იქნება მცირე მარკეტინგული ან სოციოლოგიური კვლევა რომ ჩაატარონ მათ პროდუქტზე. თუ აღმოჩნდა, რომ მათი პროდუქტის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად არის შეცვლილი, იმასთან შედარებით, როდესაც კომპანია წარმატებით მუშაობდა და არ არის ინტერესი მომხმარებლის მხრიდან, რომ გაიზარდოს ამ პროდუქტზე მოთხოვნა, მაშინ დროა რომ შეწყვიტოს ბიზნესმა არსებობა, უფრო მეტი დანახარჯების თავიდან აცილების მიზნით.

6) როდის არის საუკეთესო დრო ჩვენი ბიზნესის გაფართოებისათვის?

-ბიზნესი უნდა გააფართოვოთ მაშინ, როდესაც ამისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი და ადამიანური რესურსი გაგაჩნიათ. ამასთან ერთად გაფართოებაც გარკვეული კვლევის ჩატარების შემდგომ ხდება. უნდა შეისწავლონ როგორია იმ ბაზარზე კონკურენციის დონე, ვინ არიან კონკურენტები, სადაც აპირებს გაფართოებას იქ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას. მხოლოდ წინასწარ კარგი დაგეგმვის შემდეგ უკეთესი იქნება რომ გააფართოვოს ბიზნესი და არა სპონტანურად.

7) რას გვეტყვით ბიზნესისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის შესახებ? რა კრიტერიუმებით ხდება ადგილმდებარეობის შერჩევა? მაგალითად , თუ მინდა სავაჭრო ობიექტის გახსნა.

-მცირე ბიზნესისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობის შერჩევას. როდესაც საუბარია საცხობის გახსნაზე, უკეთესი იქნება თუ ისეთი ადგილი შირჩევა, სადაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ, მაგალითად უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტები არიან მთელი დღის განმავლობაში. ამ ადგილებში სწრაფი კვების ოპიექტები ძალიან პოპულარულია და კარგად მუშაობს. თუ ადამიანი ხსნის მაღაზიას ჯერ ის უნდა გაითვალისწინოს სად გახსნას და შემდეგ ის ამ გარემოში თუ არსებობს სხვა მსგავსი ტიპის მაღაზიები, თუ ასეთები არსებობს მაშინ ამათგან განსხვავებულს რას შესთავაზებს მომხმარებელს. მომხმარებელი მალე ეჩვევა სავაჭრო ობიექტში მისვლას და შესაბამისად მომხმარებლის ახალ მაღაზიაში გადმოყვანა ცოტა ძნელია. ამიტომ რაიმე სიახლე უნდა იყოს შეთავაზებული- აქციები, რეკლამა და ა.შ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას