როგორ მოვუაროთ კანს - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები

ლამაზი სახის კანი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორ მოვუაროთ კანს, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ. კითხვებს ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი ია დარსაველიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

სალომე:

ბევრჯერ მსმენია რომ ცხიმიანი კანისათვის სარეცხი საპნით დაბანა არის სასარგებლო, ბევრი ვიცი რომლებიც სწორედ ამ ხერხს მიმართავს, იქნებ აგვიხსნათ თუ არის ამაში რაიმე სიმართლის მარცვალი, და საერთოდ, საპნით სახის დაბანა არის თუ არა რეკომენდებული?

-ზოგადად სარეცხის საპნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს; ცნობილი ფაქტია, რომ ეს არის კარგი სადეზინფექციო საშუალება. ძირითადად ვისაც ცხიმიანი კანის პრობლემა აქვს, ისეთი პაციენტები მოიხმარენ, რათა მოხდეს ცხიმის განეიტრალება. სარეცხის საპონი დიდი რაოდენობით სოდას შეიცავს და ამის გამო ხდება ცხიმის განეიტრალება. თუმცა თანამედროვე კოსმეტოლოგიაში არსებობს იმდენი საშუალება, რომ შესაძლებელია თანამედროვე მეთოდებით ვებრძოლოთ ჭარბ ცხიმს სახეზე და არ გამოვიყენოთ ის სარეცხის საპონი, რომელიც დიდი რაოდენობით სოდას შეიცავს და შეიძლება რაღაც კუთხით მავნებელი იყოს კანისთვის.

2. სახეზე ფერიმჭამელებისგან დარჩენილი ლაქები როგორ მოვიშოროთ? იქნებ გვირჩიოთ რაიმე საშუალება, თუნდაც ხალხური მედიცინიდან...

-პირველ რიგში ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ხოლმე ე.წ. ქიმიურ პილინგს. ქიმიური პილინგი არსებობს სამი სახის: ზედაპირული, საშუალო და ღრმა; ამ შემთხვევაში საჭიროა საშუალო და ღრმა პილინგს მივმართოთ. პილინგის დროს ქიმიური მჟავების საშუალებით ხდება კანის ზედაპირული დამწვრობა, შემდეგ ხდება ამ ეპიდერმისის განახლება რის ხარჯზეც აკნეს შემდგომი წარმოქმნილი ნაწიბურები გაუფერულდება. მაგრამ ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა, ეს არ არის ერთჯერადი პროცედურა, რომ პაციენტმა ერთხელ ჩაიტაროს და ამისგან განიკურნოს.

არსებობს ძალიან ბევრი ხალხური მეთოდიც. სხვადასხვა ბალახეული, ხილი და მცენარეები შეიცავენ მჟავებს; თუმცა გამოყენებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მომზადებისა და მოხმარების წესი, რადგან რომელიმე მათგანი შესაძლებელია ისეთ ნივთიერებებს შეიცავდეს რომ მისმა წასმამ დამწვრობა ან ღრმა ჭრილობები გამოიწვიოს.

ყველაზე მარტივია სუფთა ლიმონის წასმა სახეზე. თუმცა ზაფხულში არ შეიძლება, რადგან ლიმონი შეიცავს მჟავას და მზეზე ლიმონმჟავა უფრო მეტად ჩაჯდება კანში და პრობლემის გაღრმავებას გამოიწვევს. ვისაც აქვს პიგმენტური ლაქები, ვურჩევ რომ მზისდამცავი კრემის გარეშე მზეზე არ გავიდნენ.

3.რას გვეტყვით კოსმეტიკური ყინულების შესახებ, რამდენად ეფექტურია მათი გამოყენება სახის კანისთვის? რა დადებითი თვისებები გააჩნიათ და ასევე, იქნებ დაგვისახელოთ მშრალი და ცხიმიანი კანისთვის როგორი კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ და როგორ წავისვათ სახეზე?

-კოსმეტიკურ ყინულს პირველ რიგში დამატენიანებელი ეფექტი აქვს. მეორე ძალიან უხდება ვისაც გაფართოებული სისხლ-ძარღვები აქვს სახეზე, ასევე ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს განსაკუთრებით ზაფხულში კოსმეტიკური ყინულით მკურნალობა ძალიან კარგია.

ყველაზე მარტივი რაც შემიძლია გირჩიოთ, წინაპრებისგან შემორჩენილი რეცეპტი, არის მაწონი. მაწონი უნდა გაყინოთ პატარა კუბიკებად, ჩადოთ დოლბანდში და წრიული მოძრაობით სახეზე წაისვათ, სანამ ბოლომდე არ დადნება. ამას დამატენიანებელი ეფექტიც აქვს, ფორებს კარგად კრავს და კაპილარების სისხლძარღვებს ავიწროვებს.

ნანა:

მაქვს მშრალი კანი, ზაფხულში სულ აჭრელებული მაქვს სახის კანი, რას მირჩევთ, რომ სახეზე ერთიანი ფერი შევინარჩუნო და სახის კანი ლამაზად გამოიყურებოდეს? (ვერ ვიყენებ ტონალურ კრემებს).

-გირჩევთ, რომ პირველ რიგში დაატენიანოთ სახის კანი. შეიძლება მას სწორად არ აქვს შერჩეული სახის კრემი. არსებობს სუპერ, ჰიპერ დამატენიანებელი კრემები, რომლებიც მაქსიმალურად ატენიანებს კანს. გარდა დამატენიანებელი საშუალებებისა, თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიაში არსებობს სხვა საშუალებები: მეზოთერაპია, პლაზმო-ლიფტინგი, ოქროს ნიღაბი და სხვა. აუცილებლად უნდა მიმართოთ, დერმატო-კოსმეტოლოგს, რათა სწორად შეირჩეს მისთვის დამატენიანებელი კრემი და ჩაუტარდეს მკურნალობის კურსი.

თეა:

როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას სახეზე, ლაზერული ეპილაციის გარეშე? და კიდევ მაინტერესებს, რა თანხა დაჯდება ტუჩისზედა ნაწილის ეპილაცია, რამდენად ეფექტურია და რამდენ ხანში?

-სახეზე ჭარბი თმის მოცილება რასაკვირველია შესაძლებელია თუ პაციენტს არ აქვს ჰორმონალური დისბალანსი. თუ ქალბატონს ჰორმონალური დისბალანსი აქვს ან გენეტიკურად ჭარბთმიანობისკენ მიდრეკილება, პროცედურების რაოდენობა იზრდება. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში უამრავი მეთოდი არსებობს ჭარბთმიანობის მკურნალობის, მაგრამ მე როგორც ამ აპარატზე და ამ მეთოდით მომუშავე ექიმი ყველას ვურჩევ ალექსანდრიტის ლაზერს. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რჩევები. ზედა ტუჩზე ეპილაცია ჩვენთან 15 ლარი ღირს.

ლიკა:

შეგიძლიათ თუ არა გვირჩიოთ სახის კანის გაწმენდის რამდენიმე მეთოდი სახლის პირობებში?

-ყველა ტიპის კანს სჭირდება სხვადასხვანაირი მოვლა. თუ არის ნორმალური ტიპის კანი, სავსებით საკმარისია 6 თვეში ან თუნდაც, წელიწადში ერთხელ სახის გაწმენდა. შეიძლება ეს ვიღაცას დიდ დროდ მოეჩვენოს, შუალედი ძალიან დიდია, მაგრამ თუ არ არის ამის საჭიროება, რა აუცილებელია. სახლის პირობებში შესაძლებელია მკვდარი ეპიდერმისის ე.წ. "სკრაბებით" მოცილება. ასევე მნიშვნელოვანია რამდენად ხშირად ირუჯება პაციენტი., რადგან როცა ხდება რუჯის მიღება იქ კანის ზედაფენა პრაქტიკულად იწვება; შემდეგ ხდება აქერცვლა ე.წ. ბუნებრივი პილინგი და შემდეგ ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

სახლის პირობებში, ძალიან ძველი მეთოდია ჭადის ფქვილით სახის გაწმენდა. თუ ცხიმიანი კანია, ზოგიერთი მარილს იყენებს. თუმცა მე მაინც ვურჩევ თქვენს მკითხველს აუცილებლად მიმართოს დერმატოლოგს, რომ სწორად დადგინდეს გაწმენდის მეთოდი და სიხშირე. თუ არის ძალიან ცხიმიანი სახის კანი, ფორები, ჭარბი ცხიმი, ასეთ შემთხვევაში სამ თვეში ერთხელაც ვიბარებთ და თვეში ერთხელაც, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

სოსო:

ვარ 33 წლის მამაკაცი, მაქვს მშრალი კანი, რა თქმა უნდა ვიყენებ დამატანენიაბელ კრემებს, მაგრამ მაინც აჭრელებული მაქვს სახე. განსაკუთრებით ზაფხულში და ზამთარში, რას მირჩევთ?

-მშრალ კანს ყოველთვის აქვს ეს პრობლემა. ზაფხულში მზეზე ჩვენი სახის კანიდან თავისთავად ხდება წყლის აორთქლება და უფრო მეტად შრება კანი. თუმცა აქვე არის ის პრობლემა, რომ კაპილარები ანუ სისხლის მიმოქცევა არის უფრო გააქტიურებული და ამის გამო აქვს სიჭრელე. სოსომ აუცილებლად უნდა მიმართოს კანის სწორ დატენიანებას.

თათული:

შეიძლება თუ არა, სახლის პიროებებში მოვუაროთ თვალების ირგვლივ არსებულ კანს?

-არსებობს უამრავი ნიღაბი. მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს თვალის ირგვლივ წასასმელი კრემი. ანუ ყურადღება უნდა მიექცეს როგორი ტიპის კანი აქვს, რა რაოდენობის საოჭები. არ უნდა შეიცავდეს ბევრ კონსერვანტს და დანამატს თვალის კრემი. უნდა იყოს გაჯერებული ჰიალორონის მჟავით: ეს არის ნივთიერება, რომელსაც სახის კრემი აუცილებელად უნდა შეიცავდეს, რადგან ის ატენიანებს და ბუნებრივ ელფერს აძლევს ჩვენს თვალებს.

სახლის პირობებში არსებობს უამრავი ხილისა და ბალახეულის ნიღაბი. მე საოჯახო მედიცინასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც დერმატოლოგი გირჩევთ რომ ცოტა ფრთხილად მოიქცეთ. ოცდამეერთე საუკუნე არის ალერგიების საუკუნე და თუნდაც რომელიმე ხილმა და მისმა ნიღაბმა, შესაძლებელია ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს რომ მისთვის არ არის მავნებელი რომელიმე ხილის, ბოსტნეულისა თუ სხვა ნიღაბი; ზოგი მაგალითად არაჟანსაც იყენებს.

თვალის ირგვლივ კანის მოვლა აუცილებლად უნდა მოხდეს კარგი დამატენიანებელი საშუალებით. თქვენს მკითხველს ერთ საიდუმლოს გავუმხელ, რომ რასაც გამოიყენებთ ქალბატონებო თვალებზე, იგივე გამოიყენეთ ყელის მიდამოებზე. მესმის რომ ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თვალი და ყელი არის პირველი რაც უბერდება ქალს და ასაკი სწორედ ამ მიდამოებში ეტყობა. ამიტომ ყელსაც ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც თვალებს.

ნანი:

როგორ მოვუაროთ ცხიამიან კანს?

-თუ არის გამონაყარი, პირველ რიგში უნდა მივმართოთ დერმატოლოგს და ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი. ამ გამონაყარისგან ბოლომდე ხანგრძლივი პერიოდით გათავისუფლება თითქმის შეუძლებელია. გაქრება, მაგრამ პერიოდულად შეიძლება ისევ გაჩნდეს გამონაყარი. მკურნალობა შეიძლება ხანგრძლივი იყოს, მაგრამ შედეგს ნამდვილად მიიღებთ.

ცხიმიანი კანის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს სახის გაწმენდას. ცხიმიანი კანის მქონე პაციენტებს ვურჩევ, რომ სახლის პირობებში მინიმუმ ერთხელ მაინც სკრაბით დაიბანონ სახე.

სალომე:

რამდენადაც ვიცი კავკასიაში უმრავლესობას შერეული ტიპის სახის კანი გვაქვს, რომლის მოვლაც საკმაოდ ძნელია, იქნებ გვირჩიოთ როგორ მოვუაროთ შერეული ტიპის სახის კანს,რა დამატენიანებელი კრემები წავისვათ, ან როგორ დავიბანოთ, რაიმე სპეციალური ნიღბების გაკეთებაც ხომ არაა საჭირო...

-კომბინირებული ტიპის სახის კანი უფრო ხშირია. ამ შემთხვევაში, ე.წ. თ ზონა ანუ ცხვირის, წარბებს შორის მიდამო, შუბლი და ნიკაბის მიდამო არის გაცხიმიანებული; ხოლო ლოყები და დანარჩენი ნაწილები არის გამომშრალი, ამიტომ ეძახიან კომბინირებული ტიპის კანს. რასაკვირველია, ამასაც განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. სასურველია სწორად შეირჩეს დამატენიანებელი იქნება თუ მკვებავი საშუალება. ყველა ტიპის კანისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოვლა. ზამთარში განსხვავებული მოვლა ჭირდება კანს, რადგან ცივა და ყინვაა და არ შეიძლება დამატენიანებელი კრემის დილას წასმა. ზაფხულში პირიქით, დღე უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემი, ხოლო ღამე მკვებავი. ასე რომ შერეული ტიპის კანის შემთხვევაშიც, რაც თქვენს მკითხველს აინტერესებს, მნიშვნელოვანია როგორ კრემს შეარჩევს და როგორ მოიხმარს მას.

და რადგან ზაფხულის სეზონია, ყველას ვურჩევ, რომ მზის დამცავის გარეშე არ მიიღოს მზის სხივები, რადგან მზეს ძალიან აქტიური გამოსხივება აქვს და შეიძლება სხვა პრობლემები წარმოიქმნას კანზე, თუნდაც ისეთი როგორიც არის ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, რასაც შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა და მოვლა ჭირდება.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას