როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის

როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის

მშობლები, ვისი შვილიც პირველად მიდის სკოლაში, ფიქრობენ, როგორ შეაჩვიონ ისინი სკოლის რეჟიმს. როგორ შეეგუება  ბავშვი პედაგოგებს და თანაკლასელებს. რა მოეთხოვება მას თავის ასაკში, რისი ცოდნაა საჭირო, ან როგორ მოვამზადოთ ცვლილებებისთვის, თქვენს კითხვებს ფსიქოლოგი, ნინო სხირტლაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლალი:

ბავშვს არ უვლია საბავშვო ბაღში, მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ბავშვი ან რა ტესტით შეიძლება შემოწმდეს მისი მზაობა სკოლისთვის?

-ბავშვის სკოლისათვის მზაობას რამდენიმე ასპექტი აქვს. ერთი მხარე ეს არის ინტელექტუალური უნარები: მაგალითად რამდენად შეუძლია დაძლიოს სხვადასხვა სასწავლო საგანი შემეცნებითი თვალსაზრისით. მეორე მხარეა ნებელობითი მხარე, ანუ რამდენად შეუძლია ბავშვს შეეგუოს გაკვეთილის რეჟიმს. ეს გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომას ანუ გარკვეულ სისტემას, ჩარჩოს. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალ ადამიანებთან. ეს არის სრულიად ახალი გარემო, სადაც მეტი მოთხოვნებია, რომელსაც ჩვეულებრივ ბავშვები მიჩვეულები არ არიან. ის რომ ბაღში დადის პატარა ასაკში, ეს თავისთავად გარკვეულ უნარ-ჩვევებს მასში ანვითრებს და მზაობას ქმნის. თვითონ მშობელს შეუძლია დააკვირდეს აი ამ სამი პერსპექტივიდან ბავშვის შესაძლებლობებს და თუ განსაკუთრებულად სპეციფიკური შემთხვევა არ არის თვითონ მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

თინიკო:

ჩემმა შვილმა ანბანის ყველა ასობგერა იცის, მაგრამ ვრანაირად ვრ ვასწავლე გადაბმულად კითხვა, 6 წლის არის უკვე და ძალიან ვნერვიულობ.

-თავდაპირველად ბავშვები ხშირად იწყებენ კითხვას ნაწილ-ნაწილ, შემდეგ ხდება მარცვლებად გაერთიანება, შემდეგ სიტყვებად გაერთიანება. თუმცა ამ შემთხვევაში, მაინც დასაკონკრეტებელია, რა სირთულის პრობლემაა, რამდენი ხანია რაც სწავლა დაიწყო. თუ განსაკუთრებულ სირთულეს ხედავთ, რომელიც რეალურად სწავლის პროცესში ბავშვისთვის ხელის შემშლელია, მაშინ ჯობია სპეციალისტს მიმართოთ. ასეთი ზოგადი რჩევა, არ იქნება ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი. თუმცა თვითონ ფაქტი: ჯერ ასოებით დაწყება და შემდეგ გამთლიანება, ეს არის მიმართულება, რომლითაც მიდის ხოლმე კითხვის პროცესის დაუფლება.

მაიკო:

რა შემთხვევაში მივცეთ ბავშვს თავისუფლება სწავლაში, რა მეთოდი უფრო ამართლებს, რომ წიგნის კითხვა შევაყვაროთ?

-ის რომ რაღაც შევაყვაროთ, არ უნდა იყოს ძალდატანებითი ან დასჯითი ფორმით; ეს ზეწოლად არ უნდა განიცდებოდეს. კითხვა და სწავლა არის პროცესი, რომელშიც ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს სიამოვნება; მას შემეცნებითი ინტერესი უნდა გაუღვივდეს. ამიტომ მშობლის მიდგომა უმჯობესია, მაქსიმალურად კეთილგანწყობილი იყოს და არა ძალდატანებითი. თუ მკითხველი მეთოდში ამას გულისხმობს, ეს რჩევა შემიძლია მივცე.

ემილი:

როგორ შევაჩვიო ბავშვი სკოლის რეჟიმს, რომ სწავლის პროცესი შევაყვარო?

-შეჩვევის ფაქტორი გათვალისწინებულია, იგივე სკოლებში სწავლების პროცესის აგებისასაც: თავდაპირველად დატვირთვა არც ისე დიდია - მოკლე გაკვეთილებია და გარკვეულწილად, ასე თანდათანობით ბავშვი სწავლას ეჩვევა. თუ მეცადინეობას გულისხმობს მკითხველი, ამ შემთხვევაში სწავლის პირველ კლასებში, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტი ჩართულობაა მშობლისგან საჭირო, რადგან ბავშვს თვითკონტროლი ნაკლებად აქვს. შემდეგ გარედან ამ სიტუაციის მართვა თანდათან უნდა შემცირდეს. ანუ ალბათ ფსიქოლოგიურად მართებული არ იქნება, თუ მშობელი ამას არ ითვალისწინებს. მშობელი უნდა ეცადოს, რომ თანდათან ბავშვზე გადავიდეს მთავარი პასუხისმგებლობა, სხვადასხვა საგნის მომზადებისას.

მშობელი:

როგორ ვუშველოთ ბავშვის გონებაგაფანტულობას?

-გონებაგაფანტულობა ზოგადი მდგომარეობაა და ასე რეცეპტის მიწოდება, როგორც წესი არ არის მიზანშეწონილი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა სირთულე იგულისხმება ამაში, ან კონკრეტულად რაში უშლის ეს ბავშვს ხელს. თუ ამ გონებაგაფანტულობაში იგულისხმება ყურადღების ხშირი გადანაცვლებადობა, მოუსვენრობა და ა.შ. - ეს არის გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თუ ეს ძალიან უშლის ხელს ყოველდღიურ სასკოლო საქმიანობაში, ან სწავლაში ჩემი აზრით კარგი იქნება თუ სპეციალისტს მიმართავენ და უფრო კონკრეტულ რჩევებს მიიღებენ; აუცილებლად უნდა გაიგონ როგორ დაეხმარონ ბავშვს და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

ქეთევანი:

რა სიტყვით ბავშვის სკოლაში გახანგრძლივებულ ჯგუფში სწავლაზე. რამდენად სასარგებლო და ეფექტურია.

-გააჩნია, ეს გახანგრძლივებული სწავლება როგორი ხარისხითაა, ანუ რამდენადაა ბავშვი ჩართული ამაში, როგორ არის სიტუაცია ორგანიზებული. ერთი ზოგადი პრინციპი ამ მიმართულებით ალბათ არ არსებობს; გააჩნია სიტუაციას. დღეს ცხოვრების რეჟიმი ისეთია, რომ მშობლისათვის ბავშვის გახანგრძლივებულ ჯგუფში მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გამოსავალია; სამუშაოს რეჟიმს არ უშლის ხელს ამ დროს ბავშვიც არ რჩება ყურადღების გარეშე. თუმცა მშობელი ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დააკვირდეს კონკრეტული სკოლის სიტუაციას, გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, ეფექტურია და ღირს თუ არა ბავშვის გახანგრძლივებულ ჯგუფში მიყვანა.

მშობელი:

ჩემი შვილი უკვე 6 წლის არის, მაგრამ ძალიან უჭრის კონცენტრაცია როცა რაიმეს ვასწავლი, რა ფაქტორებია ამის გამომწვევი და როგორ შევუწყო ხელი მის სწორად განვითარებას?

-გააჩნია რა ასაკის ბავშვს თხოვთ ხანგრძლივად კონცენტრაციას, ან ის დავალება, რომელსაც ვაწოდებთ მის შესაძლებლობებს ხომ არ აღემატება. მეორე მხრივ, ინდივიდუალურადაც განსხვავდებიან ბავშვები: არიან ბავშვები, რომელთაც მართლა სირთულე აქვთ ზოგადად და ყურადღების სწრაფი გადანაცვლებადობა ახასიათებთ. ისევ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ თუ ეს ბავშვისთვის საკმაოდ ხელისშემშლელია, მიმართონ სპეციალისტს და მიიღონ კონკრეტული შეფასება და შემდეგ დაგეგმონ როგორ შეიძლება ამასთან გამკლავება.

- გამართლებულია თუ არა პირველი კლასიდან ბავშვის დატვირთვა სხვადსხვა საგნებით და სპორტით?

-სხვადასხვა საგნებით დატვირთვაში, ალბათ იგულისხმება სკოლის გარეშე კიდევ ბევრი სხვა აქტივობის მიწოდება. ეს თუ ბავშვს არ უტოვებს თავისუფალ დროს, გარკვეულწილად ჰქონდეს თამაშის დრო და სივრცე ეს ნაკლებად მიზანშეწონილია. ხშირად ბავშვების გრაფიკი გამოიყურება რთულად: ანუ სასკოლო რეჟიმიდან გადადიან ისევ სხვა მასწავლებლებთან, მერე ისევ გაკვეთილებია სამეცადინო და საერთოდ არ რჩებათ რელაქსაციის დრო. ასეთი რეჟიმით ბავშვის პირველი კლასიდანვე დატვირთვა არ არის მიზანშეწონილი. სპორტი გარკვეულწილად სხვა ტიპის აქტივობაა; აქ ბავშვი ფიზიკურად ერთვება, ზოგიერთ შემთხვევაში სახალისოა და ა.შ. თუმცა ეს მაინც რეჟიმია და გარკვეული ჩარჩოა, რომელშიც ბავშვია. სწავლის გარდა, თუნდაც სულ სპორტით იყოს დატვირთული, თუ ბავშვს სივრცე და დრო არ რჩება თავისუფლებისთვის, რათა ის აკეთოს რაც უნდა, არ არის კარგი და ჯობია ეს დაგეგმვისას გავითვალისწინოთ.

- როგორ ვასწავლოთ ბავშვს დაძალების და დასჯის გარეშე?

-აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უდგება მშობელი მეცადინეობის საკითხს. სტრესის შემცვლელია ზოგადად ყოველდღიურობა და მშობელს ხშირად არ აქვს ნებისყოფა, რომ მეთოდები შეცვალოს, რათა ისე მიუდგეს რომ ბავშვიც არ იყოს მეცადინეობისას დაძაბული; ხშირად ძალიან მკაცრად უდგებიან ხოლმე ამ თვალსაზრისით მშობლები, ძალიან ბევრს ითხოვენ და საკმაოდ არაეფექტურ გზებს მიმართავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სირბილე იყოს ამ მიდგომებში; თუმცა აუცილებელია რომ გარკვეული რეჟიმი არსებობდეს. მეორე მხრივ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ იყოს მუდმივად ძალდატანებაზე და ზეწოლაზე ეს ურთიერთობა, რათა სწავლის პროცესი ცალსახად არ იყოს დაკავშირებული რაღაც უსიამოვნებასთან, სტრესთან და ცუდ განწყობასთან. ანუ მაინც მშობლის პასუხისმგებლობაა, რომ დასაწყის ეტაპებზე ეს დაარეგულიროს.

სოფო:

-რას ურჩევდით მარტოხელა დედებს, რომლებიც საღამომდე სამსახურში არიან და სახლში დამხმარე არ ჰყავთ, როგორ შევუწყოთ ბავშვს სწავლაში ხელი. როგორ მოვახერხოთ დროის გადანაწილება.

თავისთავად მნიშვნელოვანია დროის რაოდენობაც, მაგრამ არა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხისაა, თუნდაც ის მცირე პერიოდი, რასაც მშობელი ბავშვთან ერთად ატარებს. ანუ მშობელი ხშირად სახლში რომ ბრუნდება, ფსიქოლოგიურად კვლავ სამსახურის სიტუაციაშია და ნაკლებად ურთიერთობს ბავშვთან, იზიარებს მის შთაბეჭდილებას, მის ემოციებს და ა.შ. მთავარია არა ურთიერთობის რაოდენობა, არამედ ხარისხი. თუ ბავშვი თუნდაც ერთი საათის მანძილზე თვლის, რომ მშობელი მისით არის დაკავებული, ჩართულია მის საქმეებში და აინტერესებს მისი ცხოვრება - ეს თავისთავად, აკომპესირებს დროის ფაქტორს, იმ დროს, რომელსაც ბავშვი მშობლის გარეშე ატარებს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას