რა სიახლეებია 2013 წელს სკოლებში

რა სიახლეებია 2013 წელს სკოლებში

2013 სასწავლო წლისთვის სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდება. კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს, თქვენს კითხვებს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

მშობელი:

წლევანდელი სასწავლო წლისთვის, როგორ მოხდება პირველ კლასელებისთვის წიგნების გადაცემა, ბუკებსაც მიიღებენ და უფასო სახელმძღვენელოებსაც?

-ნამდვილად მიიღებენ ბუკებსაც და უფასო სახელმძღვანელოებსაც. 2013-2014 წლის დასაწყისში ყველა მოსწავლეს მერხზე დახვდება ეს უფასო სახელმძღვანელოები და პირველკლასელებს გადაეცემათ ბუკები, უკვე განახლებული პროგრამით.

კერძო სკოლებისთვის როგორ მოხდება სახელმძღვანელოების დარიგება?

-კერძო სკოლებში სახელმძღვანელოები გადაეცემათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსა და მათ შვილებს, ვინც 2008 წლის ომში გარდაიცვალა. სხვა მოსწავლეებისთვის წიგნების გადაცემა არ არის განსაზღვრული.

მშობელი:

შარშან სკოლებში საოცარი ამბავი ხდებოდა წიგნებთან დაკავშირებით, ჯერ ავტორები იყო პრობლემა, შემდეგ წიგნების რიგებში დგომა. წელს როგორ მოხდება წიგნების დარიგება, მასწავლებლები დაურიგებენ ბავშვებს თუ ისევ მშობლები უნდა ჩავდგეთ რიგებში?

-სკოლებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემა უკვე დაწყებულია, ძალიან ბევრ სკოლაში უკვე შეტანილია წიგნები. სკოლები წიგნებს უკვე აკომპლექტებენ ან თუ თანამშრომლები ყავს შვებულებაში, ახლო მომავალში დააკომპლექტებენ. ამ პაკეტს კლასებისა და თითოეული მოსწავლის მიხედვით დააკომპლექტებენ და ის პირველი სასწავლო დღეს მოსწავლეს მერხზე დახვდებათ. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ მშობელს სურვილი აქვს და არ აპირებს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას მიბრძანდეს სკოლაში და ეს პაკეტი წინასწარ მიიღოს. მიღება- ჩაბარების აქტით გადაეცემა წიგნების სრული პაკეტი მშობელს.

მშობელი:

ეხება თუ არა ცვლილებები გახანგრძლივებულ სწავლებას სკოლებში, ხომ არ არის რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით?

-გახანგრძლივებული სწავლება, საბჭოური ტერმინია და ამაში სტანდარტს ზემოთ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას გულისხმობენ, რომელიც გააჩნიათ გარკვეულ სკოლებს და ეს თემა აბსოლუტურად სკოლის გადასაწყვეტია. რაიმე სტრატეგიული მიდგომა, რომ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება ჩვენ შევცვალოთ, ამ ეტაპზე ასეთი მიდგომა არ არსებობს, რადგან დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება განისაზღვრება სკოლის მიერ. იმის მიხედვით თუ რა საჭიროება არსებობს სკოლებში, არის თუა არა მშობლების მხრიდან მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა სახის მოთხოვნა არსებობს, რისი გაკეთება შეუძლია სკოლას, რა რესურსები გააჩნია ამისათვის და ა.შ. ეს სკოლის შიდა სამზარეულოა და იქ ხდება გადაწყვეტილების მიღება.

2) თუ შეიძლება გვითხარით, კონკრეტაულად რა სიახლეებია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში?

-მიდგომა მოსწავლესთან და გაკვეთილის პროცესთან მიმართებაში იცვლება და პრიორიტეტული განათლების ხარისხი ხდება. ეს არის არა მხოლოდ შედეგზე ორიენტაცია, რომ რა შედეგები დაიდება და ეს შემოწმდეს ტესტით, არამედ თვითონ საგაკვეთილო პროცესი როგორ მიდის, რამდენად ხარისხიანია ეს პროცესი და რა არის მიზეზი იმ შედეგისა, რაც დღეს გვაქვს. ეს არ იქნება სადამსრჯელო ღონისძიებები ან კონტროლის ბერკეტები, ეს იქნება პროცესის შესწავლა იმისათვის რომ დადგინდეს საჭიროებები და შემდეგ მოხდეს კორექტირება, იმ პრობლემებისა რაც გვაქვს.

პირველად საქართველოში, ჩვენ ვიწყებთ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირებას და ახალი კურსი შეგვაქვს - პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სტრატეგია. კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის კოორდინატორები მუშაობენ თითოეულ მოსწავლესთან და ხდება მათი კვლევა, უნარების, მიდრეკილებების, მათთვის რეკომენდაციების მიცემა და სხვადასხვა პროფესიებზე ინფორმაციის მიწოდება.

კიდევ ერთი სიახლე იქნება ელექტრონული ჟურნალები, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ გზით მშობლის ინფორმირება გაცილებით უფრო მარტივია. ასევე იქმნება პორტალი, სადაც შეუძლია მშობელიც შემოვიდეს და ელექტრონული ვერსია ნახოს ყველა სახელმძღვანელოსი და დამხმარე ლიტერატურის; ასევე მასწავლებლებს, რომელთაც აქამდე წვდომა არ ქონდათ და დავუშვათ ძალიან ძვირი იყო ესა თუ ის სახელმძღვანელო შეუძლიათ ამ პორტალით სარგებლობა.

ლალი:

რას გვეტყვით კერძო სკოლებთან დაკავშირებით, როგორ ხდება განათლების სამინისტროსთან კერძო სკოლების თანამშრომლობა. დარიგდება თუ არა უფასო სახელმძღვანელოები ამ სკოლებში?

-თანამშრომლობა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რაც არის განსაზღვრული. სიახლეები ამ მიმართულებით არ იგეგმება. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ისინი დაურიგდებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსა და 2008 წლის აგვისტომს ომში დაღუპულების შვილებს.

ელენე:

როგორც ვიცით საუბარი იყო სკოლებში ფსიქოლოგების შეყვანასთან დაკავშირებით. როგორ გადაწყდა ეს საკითხი, მანდატურებთან ერთად ფსიქოლოგებიც იქნებიან? - გთხოვთ გაგვარკვიოთ.

-ფსიქოლოგიური ცენტრი შეიქმნა მანდატურის სამსახურთან, სადაც მხოლოდ პროფესიონალები შეირჩნენ. ფსიქოლოგების ცენტრი გვექნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ბათუმში, თელავში და სხვა რეგიონებში. აქ იქნებიან ფსიქოლოგები, რომლებიც მოემსახურებიან სკოლებს და გარდა ამისა ამ პოზიციებისთვის გადაირჩნენ ის მანდატურები, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში და შემდეგ მათი გადამზადებაც ხდება. უკვე დაწყებულია ეს ტრენინგები. ისინი იქნებიან შუამავალი რგოლი სკოლის მანდატურებსა და ფსიქოლოგიურ ცენტრს შორის. ფსიქოლოგიურ ცენტრს შეუძლია მიმართოს სკოლამ, დამრიგებელმა, მანდატურმა და მშობელმა, ბავშვთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ისინი ადგილზეც გაუწევენ მომსახურებას. ისინი სრული მომსახურების პაკეტს აკეთებენ თითოეულ მოსწავლეზე; გარდა ამისა იგივე ცენტრი გვეხმარება ბავშვებში პროფესიული ორიენტაციის გარკვევაში. ეს ფსიქოლოგები ასევე გვეხმარებიან ფსიქოლოგიური ტესტების დამუშავებაში, რომელიც პროფესიის არჩევასთან, უნარებთან და მიდრეკილებების კვლევასთან არის დაკავშირებული. ამოტომ კიდევ უფრო მეტი ფსიქოლოგი გადამზადდება; ჩვენ ასეთი ფსიქოლოგები გვეყოლება, როგორც რესურს ცენტრებში, რომლებიც სკოლებს მოემსახურებიან, ასევე ეს იქნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მსურველს ადგილზეც მოემსახურებიან და მათთანაც შესაძლებელი იქნება მიმართვის გაკეთება.

მარინა:

იქნება თუ არა 2013 სასწავლო წელს ექსტერნი?

-მომდევნო სასწავლო წელზეა ალბათ ლაპარაკი. ექსტერნის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და სხვა დებულებაში არ გვიწერია კონკრეტულად რა ვადებში უნდა ჩატარდეს ექსტერნატის ფორმით გამოცდები. ამიტომ მინისტრი უშუალოდ განსაზღვრავს როდის უნდა ჩატარდეს და ეს გადაწყვეტილება მიიღება გარკვეული საჭიროებების შემთხვევაში, კვლევაზე დაყრდნობით. ამიტომ თარიღის წინასწარ განსაზღვრა არ შეგვიძლია. თუმცა სავარაუდოდ იქნება, რადგან გროვდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც პრობლემები აქვთ და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარება სხვანაირად შეუძლებელი ხდება; ისინი უკვე აღარ არიან სკოლის მოსწავლეები, რომ ჩააბარონ გამოცდები და დაასრულონ სკოლა.

2.გარკვეული მიზეზების გამო ვერ დავამთავრე მე-12 კლასი. როგორ შემიძლია დავამთავრო

მე-12 კლასი და თუ არის შესაზლებლობა ნებისმიერი სკოლა ავირჩიო?

-მე-12 კლასი ვინც ვერ დაძლია, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ მას შეუძლია კიდევ ერთხელ გაიაროს ის სასწავლო წელი, რომელიც არ დაამთავრა ან ექსტერნის ფორმით ჩააბაროს. თუ რამდენჯერმე უნდა გავლა, ეს უკვე სახელმწიფოს მხრიდან აღარ ფინანსდება და მან უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმართველობას განცხადებით, რომ დაუფინანსოს სკოლაში განათლება. არ შეიძლება რომ ბავშვი მუდმივად კლასში იყოს ჩარჩენილი, ვერ დაძლიოს რომელიმე კლასის პროგრამა და ამას სახელმწიფო აფინანსებდეს ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში.

თუ მკითხველს არ უნდა სასწავლო კურსის სკოლაში გავლა და მას უნდა რომ პროგრამა ექსტერნატის ფორმით დაძლიოს, რა თქმა უნდა შეუძლია ამის გაკეთება. უკეთესია და დებულება განიხილავს, რომ მან უნდა ჩააბაროს ეს გამოცდები იმ სკოლაში სადაც ერთი ან რამდენიმე საგანი აქვს დარჩენილი. განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს მინისტრს და მიიღოს გარკვეული შეღავათები.

თიკო ჟღენტი:

მაინტერესებს, რა ბედი ეწევა გერმანულ და ფრანგულ ენებს?ინგლისური ენა ძალიან პრივილეგირებულია და დირექტორის და მოსწავლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა სხვა უცხო ენა სკოლაში. თუ გაუთანაბრდება ინგლისურ ენას?

-ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც ზოგადი განათლების სივრცეში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტია სასწავლო პროცესის წარმართვისათვის პირველ უცხო ენად, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით განსაზღვრულია ინგლისური. ანუ ინგლისური ენა იქნება სავალდებულო. ასევე სავალდებულოა მეორე უცხო ენის სწავლება სკოლაში და სკოლას საშუალება აქვს მესამე უცხო ენაც აირჩიოს. მეორე უცხო ენად რომელს აირჩევს სკოლა, ეს დამოკიდებულია თვითონ სკოლაზე: დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსები აქვს მას, რომელი საგნის მასწავლებლები ყავს, როგორია მოთხოვნა მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან, როგორ რეგულირდება ეს საკითხი სკოლის სასწავლო გეგმით და სხვა. ამრიგად დაჩაგრული არც ერთი ენა არ არის, მათ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ, სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში რომელი კლასიდან დაიწყონ მეორე უცხო ენის სწავლება და ამ გადაწყვეტილების რეალიზებაც დამოკიდებულია თვითონ სკოლაზე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას