რა იწვევს უძილობას და სისუსტეს

რა იწვევს უძილობას და სისუსტეს

ზაფხულში ბევრი უჩივის უღონობასა და მოთენთილობას. ყველაზე ხშირად ამას ვიტამინების ნაკლებობას და გარემოში ტემპერატურის მატებას აბრალებენ, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის დროს დასმულ შეკითხვებს მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ყანდაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლალი:

ვარ 25 წლის, მუდმივად ვგრძნობ სისუსტეს, "მეძინება", მაგრამ რომ ვწვები ვერ ვიძინებ. განსაკუთრებული პრობლემები არ მაქვს სტრესს რომ დავაბრალო, რას მირჩევთ, რომ ავყვე ცხოვრების რიტმს?

-ვინაიდან ახალგაზრდა ყოველთვის გრძნობს სისუსტეს, აქვს ძილიანობა და ვერ გარკვეულა რა აწუხებს, არ არის გამორიცხული, რომ მას ჰქონდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ან ეწეოდეს არასწორი ცხოვრების წესს. ამიტომ უკეთესი იქნებოდა უფრო ახლოს გავსაუბრებოდით და უფრო დეტალურად მოეწერა მას თავისი მდგომარეობა, ცხოვრების პირობები, თავისი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეცა ჩვენთვის. მინდა ვურჩიო რომ აქტიურად ჩაერთოს ცხოვრების ორომტრიალში. მიიღოს მონაწილეობა საოჯახო და საზოგადოებრივ საქმიანობებში. ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოს იმ შემთხვევაში თუ უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევს, ხოლო თუ პიროვნება არის გადატვირთული მაშინ მოვუწოდებ, რომ შეზღუდოს დატვირთვა და ზომიერება დაიცვას თავის ცხოვრების წესის დარეგულირების დროს.

გიორგი:

მაქვს საოფისე სამსახური, კარგი პირობებით. ერთადერთი რასაც ვერ ვახერხებ სპორტული ცხოვრებაა, ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც ხშირად კომპიუტერთან მეძინება, რას მირჩევთ?

- მჯდომარე ცხოვრების წესი “გვაჯილდოვებს” სხვადასხვა დაავადებებით- კისრის და გულ-მკერდის ოსტეოქონდროზით. თვითონ ჯდომისას რა პოზასაც იღებს ადამიანი ეს ფიზიოლოგიური არ გახლავთ, ამიტომ ძალიან ხშირი არის კუნთების დაძაბვა, ბუასილის, ნევროზის ჩამოყალიბება, ასე რომ ვეთანხმები კითხვის ავტორს, მან სწორედ შენიშნა. უხასიათობა, ძილიანობა კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარების შედეგად მოდის. მას ვურჩევ, რომ ხშირ-ხშირად წამოდგეს, ყოველ ნახევარ საათში ხუთი წუთი მაინც აქტიური მოძრაობები შეასრულოს. ასევევ შუძლია სხვადასხვა საოფისე ვარჯიშებით დაკავდეს. ხოლო სამსახურის შემდგომ უმჯობესი იქნება თავიდან მოიშოროს ყველა ფიქრი დაკავშირებული თავის სამსახურთან და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს ამხანაგებთან ურთიერთობას. კარგი იქნება თუ ძილის წინ ჰაერზეც ისეირნებს.

სალომე:

რა არის სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება, ჩვეულებრივ, ყოფით პირობებში?

-ზოგადად სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა ურთიერთობა ახლობლებთან, ასევე კითხვის ავტორი უნდა ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, რომ აზროვნება გადაიტანოს სტრესის გამომწვევი ფაქტორებიდან შორს. თუ დაიტვირთება ფიზიკურად ესეც ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად, მაგალითად თუ დაკავდება ცურვით, ან ტრენაჟორებით. სტრესი სხვადასხვა დაავადების წინაფაქტორად შეიძლება მოვიაზროთ, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა. ამიტომ კარგი იქნება თუ კითხვის ავტორი განერიდება სტრესს და განერიდება სწორედ ამ საშუალებებით- ისევ და ისევ ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მიმართოს.

ნათია:

სამწუხაროდ ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი, მუდმივ სისუსტეს და უძილობას უჩივის, როგორია მომართვიანობა ამ კუთხით და რას ურჩევთ?

-მომართვიანობა ნამდვილად არ არის ამ მხრივ გაზრდილი. ახალგაზრდები ნამდვილად წარმოადგენენ ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც ღამის ცხოვრებას აძლევენ უპირატესობას, რეგულარულად არ იკვებებიან, არათანაბარზომიერ დატვირთვას იღებენ. მართალია ახალგაზრდებს უფრო აქვთ სურვილი მოიცვან ესა თუ ის საქმიანობა და უფრო მეტად დაიღალონ და გადაიღალონ, მაგრამ როგორც ასეთი მომართვიანობა ამ მხრივ გაზრდილი არ არის. აქედან ჩემი დასკვნა ასეთი იქნება, რომ ახალგაზრდების უმეტესობა რეგულარულ განრიგს არ მისდევს და უმეტესობა სისუსტეს არ უჩივის.

სალო:

როცა ძალიან ვიღლები და მთელი დღე თითქმის ფეხზე ვარ მაშინ ღამე მიჭირს ძილი, რაც უფრო ვიღლები უფრო ძნელად ვიძინებ, იქნებ ამიხსნათ რატომ, და როგორ მოვიქცე ასეთ დროს, რაიმე დამამშვიდებლის მიღებას ხომ არ მირჩევთ?

-მინდა ვურჩიო კითხვის ავტორს, შეეცადოს თავისი პრობლემების მოგვარებას დასაწყისში მედიკამენტოზური საშუალებების გარეშე. თუ ის შეძლებს და დაარეგულირებს თავის განრიგს თავის ცხოვრების წესს, ის ძალიან არ გადაიღლება. აღარ იქნება აღზნებული და არ გაუჭირდება ძილის ფაზაში შესვლა. ვურჩევ, რომ დაწვეს ადრიანად, დაგენილია, რომ 9 დან 11 საათამდე ტვინი გამომიმუშავებს ძილის ჰორმონს - სეროტონინს. ამ დროს ადამიანის ტემპერატურა შედარებით კლებულობს, ის დუნდება, სწორედ ამ დროს იქმნება არაჩვეულებრივი პირობები ძილისთვის განწყობის შესაქმნელად. ვურჩევ, რომ შეეცადოს დაიცვას ეს რეჟიმი, ნუ აღუდგება წინ ბიოლოგიურ საათს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს გააჩნია. თუ ამ რეჟიმს დაიცავს, შეეცდება რომ ოთახში ჰაერი იყოს მაქსიმალურად განიავებული, სუფთა, იყოს სიჩუმე, რომ ხელი არ შეეშალოს ძილისთვის, თუ ის ძილის წინ ძალიან არ დაიტვირთება ფიზიკურად, ასევე თუ მოერიდება ტელევიზიით ინფორმაციულ და მძიმე ტიპის გადაცემების ყურებას, რასაკვირველია გაუადვილდება, რომ ის დაღლილობა რაც დღის განმავლობაში მიიღო, მოიხსნას და ადვილად დაიძინოს. თუ ამის შემდგომაც მისთვის ძილი იქნება რთული, მაშინ ვურჩევ, რომ გაესაუბროს ექიმს. კარგი იქნება თუ ის ნევროპათოლოგთან გაივლის კონსულტაციას და უკვე ამის შემდეგ გადაწყვეტს თუ რა მედიკამენტოზური საშუალება იქნება მისთვის მიზანშეწონილი.

სალო:

რას გვეტყვით დღისით ძილის შესახებ? მსმენია რომ კარგია ადამიანისთვის, მაგრამ ჩემზე ამას ვერ ვიტყოდი, რადგან შუა დღის ძილის მერე თავს უღონოდ ვგრძნობ, არც ჭამა მინდება და მოთენთილობასაც ვგრძნობ, განსაკუთრებით თუ ნასადილევს ჩამეძინა, იქნებ ამიხსნათ ასე რატომ მემართება, და საერთოდ არის თუ არა კარგი დღისით ძილი?

-ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი ძალიან რთულია. ლიტერატურაში არის ინფორმაციაც, რომ დღისით ძილი არ არის მიზანშეწონილი, თუმცა გვხვდება ისეთი ინფორმაციაც, სადაც კატეგორიული აკრძალვა და უარყოფითი ინფორმაცია დღისით ძილთან დაკავშირებით არ არის. ძილი ეს არის საუკეთესო დასვენების საშუალება, ეს არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობა. ადამიანი თუ კარგად გამოიძინებს, ის მთელი დღის განმავლობაში მხნედ იქნება. უმჯობესია თუ 9-11 საათის ფარგლებში განეწყობა ადამიანი ძილისთვის და შემდგომ უკვე დაიძინებს, იმიტომ რომ თავის ტვინი ფიზიოლოგიურად ძილის ჰორმონს ამ საათებში გამოიმუშავებს. ასე რომ, კითხვის ავტორს არ ვურჩევ დღისით ძილს, მით უფრო, რომ თვითონაც დაადასტურა საკუთარ მაგალითზე, რომ დღის ძილის შემდეგ ძალიან მოთენთილია. უმჯობესია დღისით აქტიური ცხოვრების წესით დაკავდეს, ხოლო საღამოს კი მშვიდი ძილი მინდა ვუსურვო მას.

მარი:

ვარ 15 წლის, ღამით უძილობა მაწუხებს. ასევე მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერთირეოზი და სისტემატიურად ვსვამ წამალს. მაინტერესებს ამ პრობლემის გამო არის გამოწვეული უძილობა თუ საერთოდ არ არის კავშირში?

ამასთანავე ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს ეს ალბათ დიეტის ბრალია. სტრესულ სიტუაციაში ვარ, არაფრის კეთების თავი არ მაქვს. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ყველაფერი?

-მარის ნამდვილად აქვს აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ თავის მკურნალ ექიმთან ენდოკრინოლოგს ვგულისხმობ, ჰქონდეს უფრო მჭიდრო კონტაქტი. მას აქვს ჰიპერთირეოზი, ამ დაავადევისთვის მართლაც არის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების გამო აგზნებადობა, ძილის პრობლემები, სისუსტე, გულის ფრიალი და მრავალი სხვა. თუ მარის ექნება მჭიდრო კონტაქტი თავის ექიმთან, მინდა დავარწმუნო რომ ენდოკრინოლოგი დაურეგულირებს მას ამ მდგომარეობას და აღარც უძილობა შეაწუხებს და აღარც დაღლილობა. ამიტომ ვურჩევ მას მიმართოს ექიმს. ხოლო რაც შეეხება, იმას რომ პარალელურად სტრესულ სიტუაციაშიც ყოფილა მით უფრო მინდა ექიმთან ურთიერთობა ვურჩიო. გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედება და ამ შემთხვევაში სტრესი დაუმძიმებს მას მდგომარეობას. ამიტომ პროფესიონალთან ურთიერთობა ამ დროს აუცილებელია.

2. რა შემთხვევაში ხდება ჰემოგლობინის დაქვეითება?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებაში რკინით ორგანიზმის უზრუნველყოფას. რკინას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ უფრო ხშირი რკინა დეფიციტური ანემიები არის გავრცელებული და ასევე ის ანემიები, რომლებიც ვიტამინების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. თუ არ იქნა ბალანსირებული კვება, თუ არ იქნა მიწოდება საკმარისი რაოდენობა რკინისა ორგანიზმისთვის, ან შესაძლებელია სისხლის დაკარგვით ხდებოდეს ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირება, რაც ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. ეს ყველაფერი კი ჰემოგლობინის დაქვეითებაში აისახება. ასე რომ, მრავალი წინაპირობა არსებობს ჰემოგლობინის დაქვეითების და მარის ამ შემთხვევაშიც დასჭირდება ექიმის კონსულტაცია. ისე ვურჩევ, რომ დაიტვირთოს ხორცით,რკინის შემცველი პროდუქტებით, პარკოსნებით, ილით, ბოსტნეულით, ასევე მიიღოს c ვიტამინიც, მაგრამ როდესაც ამ საკვებს მიირთმევს არ უნდა დააყოლოს ყავა, ჩაი, თხილი, ბურღულეული, ამ შემთხვევაში რკინის შეწოვა მცირდება, ამიტომ აჯობებს რომ ეს საკვები საშუალებები მიიღოს ძირითადი კვებისაგან დამოუკიდებლად ერთი, ან ორი საათის შემდგომ.

თამთა:

თითქმის ყველა კითხვის ანალოგიური პრობლემა მაქვს, უფრო მეტიც, ზაფხულობით მცვივა თმები, (არ ვიღებავ, ფენს არ ვიყენებ)

-კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა თამთას გააკაჟებს და ჯანმრთელობას გაუხანგრძლივებს. თმების ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემას რაც შეეხება, აქ შესაძლოა მრავალი ფაქტორი იჩენდეს თავს და პროფესიონალის ჩართვაა საჭირო. არ არის გამორიცხული რომ წინა შეკითხვის ავტორს თუ ქონდა ჰიპერთირეოზი, თამთას შეთხვევაში ჰიპოთირიოზთან გვქონდეს საქმე. ექიმთან გასაუბრება მას სწორ გზაზე დააყენებს და გაირკვევა ეს თმის ცვენა არის თუ არა ორგანული მიზეზით გამოწვეული,რასაც აუცილებლად დასჭირდება სერიოზული ჩარევა ექიმის მხრიდან.

გიორგი:

ვარ 15 წლის, ვგრძნობ სისუსტეს და მაქვს თავის ტკივილები.რას მირჩევთ?

-15 წლის ახალგაზრდა, რომელსაც განვითარებისთვის და ძალების მოკრებისთვის სჭირდება ბალანსირებული კვება, ასევე ბალანსირებული დღის წესრიგი, ვიტამინებით დატვირთვა. თავის ტკივილი მინდა ვუთხრა გიორგის, რომ მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, შესაძლებელია, რომ ეს შემთხვევაც საჭიროებდეს პროფესიონალის ჩართვას. სამწუხაროდ ამ კითხვაზე ესე ცალსახად პასუხს ვერ გავცემ, რადგან ის არ იქნება სრულყოფილი, გიორგის კი ვურჩევ რომ მოგვმართოს და აუცილებლად დავეხმარებით.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას